ციცინო სამადაშვილმა 2012 წელს ორ ოთახიანი ბინის შესაძენად ამხანაგობა “ნაძალადევი 2008-ს” ანგარიშზე 30,000 აშშ დოლარი ჩარიცხა. ამხანაგობა იმ დროს თბილისში, ნაძალადევში, ზესტაფონის ქუჩაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებდა. რამდენიმე თვეში სამადაშვილმა აღმოაჩინა, რომ მისი ფული საეჭვო გარიგებას ემსხვერპლა და დღემდე ვერც ბინას იბრუნებს, ვერც ფულს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს პროკურატურა იძიებდა და მათ პრობლემაზე ორი ინსტანციის სასამართლომაც იმსჯელა. სამადაშვილის ბედს კიდევ 20 ოჯახი იზიარებს.
ამხანაგობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაპო დიხამინჯიაც დაზარალებულია. მან 1,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა ამხანაგობას ბინის ასაშენებლად, სანაცვლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ 900 კვ.მ. ფართი უნდა მიეღო. 2013 წელს აუდიტორული კომპანიის შეფასებით დიხამინჯიასთვის გადასაცემად განკუთვნილი 900 კვ.მ. 568 ათასი აშშ დოლარი ღირდა.
ამხანაგობა (მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება) “ნაძალადევი 2008” 2007 წელს დაფუძნდა და თბილისში, ნაძალადევში, ზესტაფონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. ამხანაგობა თავდაპირველად ექვსი წევრის შენატანით დაფუძნდა და შემდეგ ბინების ყიდვის მსურველთა ფინანსებით აგრძელებდა მშენებლობას, მანამ სანამ შპს “აგის ჯორჯიასთან” ქონებრივი დავა არ დაიწყო.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ პროკურატურამ მათი საქმე კარგად გამოიძია და ყველა საჭირო მტკიცებულება მოაგროვა. მიუხედავად ამისა გამოძიების დასრულება ჭიანურდება.
დაზარალებულებისა და მათი ადვოკატების თქმით, პროკურორი ვანო ოქროპირიძე ამხანაგობის წევრებს თხოვს საქმის გარშემო ხმაური ატეხონ, რათა პროკურატურა იძულებული გახდეს გადაწყვეტილება მიიღოს. ამხანაგობის ამჟამინდელი წევრები ამბობენ, რომ საქმის სწორად წარმართვას ხელს “ქართუ ჯგუფის” იურისტი, ალა კახნიაური უშლის.
ალა კახნიაური და მისი გავლენა გამოძიების პროცესზე
ალა კახნიაური რევაზ კახნიაურის მეუღლეა. სწორედ რევაზ კახნიაურს ედავებიან ამხანაგობის წევრები მათი ქონების მითვისებას.
“ალა კახნიაური თავის სამსახურს იყენებს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაშია და “ქართუ ჯგუფის” იურისტია. პროკურატურაში რამდენჯერ მივედით და ალაც იქ იყო, ან შემდეგ მოვიდა. იყენებს მის გავლენას და პროკურატურაც აჭიანურებს ამ გამოძიებას,” – გვეუბნება სამადაშვილი.
რევაზ კახნიაური კატეგორიულად უარყოფს მისი მეუღლის გავლენას გამოძიების პროცესზე.
პროკურორისა და პროკურატურისგან ჩვენ კითხვაზე, თუ რატომ ფერხდება გამოძიების დასრულება, რამდენიმე თვის მანძილზე პასუხი ვერ მივიღეთ. დავუკავშირდით პროკურორ ვანო ოქროპირიძეს, რომელმაც გვთხოვა ჩვენი კითხვები საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის გაგვეგზავნა. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან კი პასუხებს დღემდე ველით.
რა მოხდა “აგის ჯორჯიას,” რევაზ კახნიაურსა და ამხანაგობას შორის?
ამხანაგობის წევრებსა და კახნიაურს შორის დავა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო. იმჟამად რევაზ კახნიაური შპს “აგის ჯორჯიას” დირექტორი იყო. კომპანია ფერადი და შავი ლითონის რეალიზაციითაა დაკავებული. ამხანაგობა “ნაძალადევი 2008-ს” შპს “აგის ჯორჯიასგან” მშენებლობისთვის საჭირო არმატურა უნდა შეეძინა.
გელა ტაბატაძე, ამხანაგობის იმდროინდელი ხელმძღვანელი 2011 წლის მარტში დაუკავშირდა შპს “აგის ჯორჯიას,” რომელსაც მაშინ რევაზ კახნიაური მართავდა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ამხანაგობა კომპანიისგან 2011 წლის 25 აპრილიდან 25 დეკემბრამდე მიმდინარე მშენებლობისთვის შეიძენდა 480 ტონა არმატურას 436,800 აშშ დოლარად. მხარეებმა 2012 წლის მაისში ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს, რომლითაც ნასყიდობის ფასი 80 ათასი დოლარით გაიზარდა და ამხანაგობას ამ ვალდებულების დაფარვა 2012 წლის 15 ივნისამდე შეეძლო. ამავდროულად მშენებარე კორპუსი იპოთეკით დაიტვირთა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ამხანაგობა არმატურის ფასს ვერ გადაიხდიდა, მაშინ კომპანიას უფლება ექნებოდა მათი მშენებარე კორპუსი გაესხვისებინა და დავალიანება ამ გზით დაეფარა.
ამხანაგობის თავმჯდომარეს, გელა ტაბატაძეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესში ქონების იპოთეკით დატვირთვაზე თანხმობა ამხანაგობის სხვა წევრებისგან არ ჰქონდა. მას კი ერთპიროვნულად მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
ტაბატაძე ამბობს, რომ რევაზ კახნიაურისთვის ეს გარემოება ცნობილი იყო, თუმცა მან ხელშეკრულების გაფორმება მაინც მოინდომა.
კახნიაური ტაბატაძის ბრალდებას ასე პასუხობს: “გელა ახლა ამბობს, თითქოს მე მაწყობდა მარტო მას მოეწერა ხელი იპოთეკის ხელშეკრულებაზე. როგორ შეიძლება ადამიანს აწყობდეს ამდენი საქონელი გასცეს არასრულყოფილი საბუთით და მერე გახდება ეს სადაო. რატომ უნდა წავიდეს ადამიანი ამაზე? ეს ხომ მთლად აბსურდია?”
ტაბატაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მასსა და რევაზ კახნიაურს შორის სხვა გარიგებაც არსებობდა, რომლის მიხედვითაც ამხანაგობას უნდა მიეღო არმატურა, სანაცვლოდ კი საცხოვრებელი და კომერციული ფართები გადაეცა კახნიაურისთვის. შემდეგ კახნიაური ფინანსურად თავად გაუსწორდებოდა კომპანიის მფლობელებს.
კახნიაური მსგავს გარიგებას უარყოფს, თუმცა ტაბატაძეს აქვს მათი საუბრის ჩანაწერი, სადაც კახნიაური მისთვის სასურველ ბინებსა და კომერციულ ფართებს არჩევს და ამბობს, რომ მათ სანაცვლოდ ამხანაგობა მიიღებს არმატურას და ფული გადასახდელი აღარ ექნებათ.
2011-2012 წლებში ამხანაგობამ შპს “აგის ჯორჯიასგან” შეიძინა 363,478 ლარის ღირებულების 237 ტონა არმატურა, სანაცვლოდ კი გადაიხადა 30,042 ლარი. როგორც რევაზ კახნიაური ამბობს, ამხანაგობამ დარჩენილი თანხის დაფარვა ვერ შეძლო და კომპანია იძულებული გახდა თავისი საქონლის ღირებულების მისაღებად ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა მოეყვანა სისრულეში.
კახნიაურმა ამხანაგობის თავმჯდომარეს 2011-2012 წლებში სხვადასხვა დროს ოთხჯერ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება ამხანაგობის სახელზე არსებული დავალიანების შესახებ. წერილებს ახლავს ტაბატაძის მინაწერი, რომ ამხანაგობა კონკრეტულ ვადებში აუცილებლად დაფარავს დავალიანებას.
2012 წლის 27 სექტემბერს ნაძალადევში, ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე სახლი აუქციონზე 163 ათას ლარად გაიყიდა და იგი “აგის ჯორჯიას” იურისტმა, ლექსო ასპანიძემ შეიძინა. დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ასპანიძის უკან კახნიაური იდგა და ქონება რეალურად რევაზ კახნიაურის ოჯახის საკუთრება გახდა. როგორც კახნიაური “აი, ფაქტთან” საუბრისას აცხადებს, ასპანიძემ მშენებარე კორპუსი ბიზნეს-მიზნებისთვის შეიძინა. “ყველაფერში დავეხმარე ლექსო ასპანიძეს, მე შევედი მასთან საქმიან ურთიერთობაში. მე ვიყავი ამ პროექტის მენეჯერი, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ფასში შენობა დამთავრებულიყო, ჩემი ვალებიც დაებრუნებინა, რომელიც ტაბატაძემ მაზარალა და არ დაფარა”, – გვეუბნება კახნიაური.
ამხანაგობის ბრძოლა დაკარგული ქონებისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილებები
აუქციონზე ქონების გასხვისების შემდეგ ამხანაგობის წევრებმა დავა სასამართლოში დაიწყეს და საკუთარი ქონების დაბრუნებას ითხოვდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე წააგეს, სააპელაციო სასამართლომ კი მათი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო იპოთეკის ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილება, ვინაიდან ამხანაგობის თავმჯდომარეს, გელა ტაბატაძეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესში ქონების იპოთეკით დატვირთვაზე თანხმობა ამხანაგობის სხვა წევრებისგან არ ჰქონდა. მას კი ერთპიროვნულად მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელიც, რომლის საფუძველზეც კერძო აღმასრულებელმა ქონება გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. 2012 წლის 28 ნოემბერს იუსიტიციის სამინისტროში შექმნილმა დისციპლინურმა კომისიამ ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილს საქმიანობის უფლება შეუჩერა და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მან გარიგების ნამდვილობის დასადგენად არ გაიარა ყველა პროცედურა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება. (საუბარია იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომელზეც ხელმოწერის უფლება ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე არ ჰქონდა).
პროკურატურა ტაბატაძეს ცნობს დამნაშავედ და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნავს, რომ მან ამხანაგობის ქონება მიითვისა. თუმცა დაზარალებულები განმარტავენ, რომ მათ პრეტენზია მხოლოდ ტაბატაძის მიმართ არ აქვთ. “ტაბატაძემ რა მიიღო ამ გარიგებით? ქონება ხომ კახნიაურმა და ასპანიძემ წაიღეს. რა ვედავოთ ტაბატაძეს?” ეუბნება სამადაშვილი “აი, ფაქტს.”
ამხანაგობა პროკურატურისგან პასუხს ელის
მიუხედავად დაზარალებულად ცნობისა, დღეს ამხანაგობა ქონებას მაინც ვერ იბრუნებს. “კანონში წერია, რომ თუ ყველა დოკუმენტი ბათილად იქნება ცნობილი, მაშინ პირვანდელი მდგომარეობა უნდა აღდგეს. სხვა კანონი არსებობს, რომელიც იცავს კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესებს. ამიტომ წავედით პროკურატურაში, თორემ სასამართლო მოგებული იყო. ახლა პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს რომ ასპანიძე არ იყო კეთილსინდისიერი შემძენი და იქ არსებობდა გარიგება. ფაქტიურად ქონება უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ქონება არის სხვის სახელზე. “აგის ჯორჯიას” სახელზე რომ ყოფილიყო, მაშინ პრობლემა არ გვექნებოდა,” ამბობს სამადაშვილი.
სამადაშვილი გულისხმობს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისად პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.
ამხანაგობა “ნაძალადევი 2008”-ის თანადამფუძნებელ და დაზარალებულ ნაპო დიხამინჯიას ბინის აშენების შემდეგ უნდა მიეღო 900 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართი 700 კვ.მ. და კომერციული ფართი 200 კვ.მ., რომლის საერთო ღირებულებად დამოუკიდებელმა აუდიტორმა შპს “ჯი ელ კონსალტინგმა” 2013 წელს 568 ათასი აშშ დოლარი განსაზღვრა. 2015 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გელა ტაბატაძეს, შპს “აგის ჯორჯიას” და ნარგიზ მინდიაშვილს უნდა აენაზღაურებინათ ნაპო დიხამინჯიასთვის მიყენებული ზიანი 326,742 აშშ დოლარის ოდენობით.
“მე ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები და გავასაჩივრე, რადგან ჩემი ქონების ღირებულება მეტი იყო. სასამართლო დავა დღემდე მიმდინარეობს. თუ მე მტყუანი ვარ, მაშინ არ დააკისრებდა სასამართლო შპს “აგის ჯორჯიას” ჩემი ზიანის ანაზღაურებას,” ეუბნება დიხამინჯია “აი, ფაქტს.”
უკვე მესამე წელია ამხანაგობის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ციცინო სამადაშვილი სხვა დაზარალებულებთან ერთად საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობასთან იკრიბებიან და საქმის გადაწყვეტას ითხოვენ. ამჟამად პროკურატურაში გამოძიება იმის დასადგენად მიმდინარეობს, არის თუ არა ლექსო ასპანიძე, ქონების ახლანდელი მეპატრონე და “აგის ჯორჯიას” ყოფილი იურისტი კეთილსინდისიერი შემძენი. პროკურორები ვითარებაში გასარკვევად ერთ ან ორ კვირას ითხოვენ, თუმცა დაპირებას არ ასრულებენ და ვადის ამოწურვის მიუხედავად ამხანაგობის წევრებს არ პასუხობენ.