fbpx
ნაგავი ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში

ნაგვის ბუდედ ქცეული ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელები

2018 წელს, ქუთაისის იმდროინდელი მერი გიორგი ჭიღვარია მიწისქვეშა გადასასვლელების კაპიტალურ მოწესრიგებას დაგვპირდა. თუმცა, ეს პირობა არც მას შეუსრულებია და არც მის შემდგომ მოქმედ ორ მერს. გადასასვლელები დაპირებიდან შვიდი წლის თავზეც მოუვლელია – ანტისანიტარიის, გაუსაძლისი სუნის და გარშემო მიმოფანტული ნაგვის გამო მოქალაქეები იქ ან იშვიათად, ან საერთოდ არ ჩადიან.

“განათება, კამერები, სისუფთავე, რომ ჩადიხარ გამოსვლა აღარ გინდა. მადლობა ეფექტური მუშაობისთვის”, – ხუმრობდა ქუთაისის ერთი მოქალაქე 2020 წელს სოციალურ ქსელში. 

გადასასვლელი ახალგაზრდობის გამზირზე
გადასასვლელი ახალგაზრდობის გამზირზე

ქუთაისში სულ სამი მიწიქვეშა გადასასვლელია. აქედან ერთში სავაჭრო ობიექტებია გახსნილი, დანარჩენი ორი კი, წესით, მოქალაქეების გადაადგილების საშუალება უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ისინი ხალხმრავალ, საავტომობილო მოძრაობით გადატვირთულ ქუჩებზეა და გზის უსაფრთხოდ გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია. 

“მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩასული და ძალიან ცუდი სიტუაციაა. არ არის გაწმენდილი, ცუდი სუნი დგას, ასე რომ ვთქვათ და საშინელებაა, ვერ გაივლი ნორმალურად. არც არავინ დამინახავს, რომ ესარგებლოს ოდესმე. “ზებრაზე” გადასვლაც არაა აქ მაინცდამაინც უსაფრთხო, ხშირი მოძრაობის გამო”, – გვითხრა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ანანო სილაგაძემ. ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე ეს მიწისქვეშა გადასასვლელი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენს თავზე გამოვცადეთ, რომ იქ სუნთქვაც ჭირს. 

[ახალგაზრდობის გამზირის მიწისქვეშა გადასასვლელი, ფოტო: 1 აპრილი]

არადა, ეს მიწისქვეშა გადასასვლელი რომ მოვლილი იყოს, ყოველდღიურად ასობით სტუდენტი და ლექტორი გზის სავალ ნაწილს არ გადაკვეთდა. მით უმეტეს, ეს ადგილი სწრაფი მოძრაობით და საფრთხეებითაა ცნობილი. წელს აქ ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა და ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

“შიგნით არავინ ჩავდივართ. მოწესრიგებული რომ იყოს, კი ვისარგებლებდი”, – გვითხრა სტუდენტმა მამუკა გუნავამ. 

“ნამდვილად გვჭირდება, თუ გასუფთავდებდა და გარემონტდება, ახლა გადაქცეულია ტუალეტად. ვითომ დაიწყეს გაწმენდა, მაგრამ ისევ ჩაოხრებულია იქაურობა. თუარა ისეთი მოძრაობაა აქ, იმდენი ავარია მოხდა…”, – გვითხრა ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელმა მანანა მესხმა.

ჭავჭავაძე-ნიკეა-ასათიანის მიწისქვეშა გადასასვლელი,
1 აპრილის მდგომარეობით
ჭავჭავაძე-ნიკეა-ასათიანის მიწისქვეშა გადასასვლელი, 1 აპრილის მდგომარეობით

შედარებით მოვლილია ჭავჭავაძე-ასათიანი-ნიკეას ქუჩების კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი. ადგილზე რომ ვიყავით, ნაგავსაყრელი არ დაგვხვდა, შუქიც ენთო. თუმცა, მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გვეუბნება, სულ ასე არ არის, ძირითადად, დაბინძურებულიაო. მოქალაქეები იმასაც უჩივიან, რომ ამ გადასასვლელში შშმ პირის ან ბავშვის ეტლით ვერ გაივლი, რადგან პანდუსი არ არის. 

“ყოველდღიურად ვსარგებლობ, ასევე 8 წლის შვილს ვუშვებ მარტო, რაც ყველაზე მეტად მანერვიულებს. გადასასვლელში ანტისანიტარიაა, ჩამსხვრეულია მინები, დღეების განმავლობაში სრულად ჩაბნელებულია. ცუდი ამინდის დროს კიდევ უფრო საშიში ხდება გადაადგილება. ველოსიპედი მყავს და ვერც იმით ჩავდივარ. საფრთხეს შევუქმნი საკუთარ თავს და ამიტომ გადამყავს ზემოდან, “ზებრაზე”, – გვითხრა ამ უბნის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, ვინაობის გამხელის გარეშე. 

იმავეს ფიქრობს თეა ცქიფურიშვილიც, ასევე ჭავჭავაძე-ასათაინი-ნიკეას გზაჯვარედინის  მიმდებარე ქუჩიდან. გვიყვება, რომ ნახევარი წლის წინ ეს მიწისქვეშა დროებით მოაწესრიგეს, მაგრამ მერე ისევ გაპარტახდა. 

“ახლა აღარ არის ხოლმე შუქი ხშირად. ჩაამტვრიეს და მინები აღარ აქვს კარებს. კიბეც ძალიან ცუდი ჩასასვლელია, მოხუცი ადამიანი ძნელად ჩადის. მაგას თავი დავანებოთ, მაინც ვსარგებლობდით, იმიტომ რომ ძალიან საშიშია “ზებრაზე” გადასვლა. მაგრამ რას ჩახვალ? ჩავედი და ტელეფონის შუქით, ჩქარ-ჩქარა გავიარე, სუნს რომ თავი დაანებო. მანამდე კიდე იმნაირი სუნი და ისეთი ანტისანიტარია იყო, მოსახლეები ფანჯარას ვერ ვაღებდით”. 

საქმე ისაა, რომ 2020 წელს მერიამ ჭავჭავაძე-ასათაინი-ნიკეას ქუჩის კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი 20-წლიანი იჯარით გადასცა კერძო პირ დიმიტრი ალავიძეს და იქაურობის მოვლა-პატრონობა მას მიანდო. თუმცა, ეს იჯარა წელს, ნაადრევად გაუქმდა და მიწისქვეშა გადასასვლელი ისევ მერიის ბალანსზე დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაბრუნდა იქ ანტისანიტარიაც. 

თუმცა, დიმიტრი ალავიძე გვიყვება, რომ იქაურობა მოუვლელი რომ არის, დიდწილად, მოქალაქეების დაუდევრობის ბრალიცაა. 

მოიჯარე ალავიძემ ჭავჭავაძე-ასათაინი-ნიკეას მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწესრიგა – მოხატა კედლები, დაამონტაჟა კამერები და განათებები. წინ კიდევ ბევრი იდეა და გეგმა ჰქონდა, თუმცა არ დასცალდა. როგორც გვიყვება, ვერაფერი გააწყო მოქალაქეების ვანდალიზმთან. რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მერიაშიც უჩივლა და საბოლოოდ, ეს იჯარა გაუქმდა. 

ჭავჭავაძე- ნიკეა ასათიანის მოხატულობა, ფოტო, 1 აპრილი
ჭავჭავაძე- ნიკეა ასათიანის მოხატულობა, ფოტო, 1 აპრილი

“ვინმეს კი არ ვახვეტინებდი შვილო, მე თვითონ მოვრეცხე იქაურობა, 15 წლის ნაგვით სავსე. ერთადერთი მერიისგან ვითხოვე კერხერი, შადრევნებს რითიც წმენდენ… ყველაფერი სახეში მესხმებოდა, სამი დღე ჯაგრისით ვიხეხავდი სახეს და ყოველდღე 700 კვადრატს ვგვიდი მე თვითონ, ჩემი ნებით. […]არაფერ შუაში არ არის მერია. ეს ყველაფერი მერიამ კი არ გააუქმა, ხალხმა გააკეთა ყველაფერი. ჩამოვიყვანე მხატვრები, მოვხატე, შუქი გავანათე, კამერები დავაყენე. დალეწეს და დაფშვნეს. ახლა რო ჩახვიდეთ, რა მდგომარეობაშია რომ ნახოთ, სულ დალეწილია ყველაფერი, იქამდე ვიყავი მისული, რომ სიგარეტის მოწევასაც კი ვუშლიდი ხალხს. თუ თქვენ ჩამოხვალთ და დალეწავთ, მე ყოველდღე ხომ ვერ გავაკეთებ ამას? შესაბამისად, ისინიც [მერია] იძულებული გახდნენ რომ შეეწყვიტათ ხელშეკრულება. 60 ათასი ლარი მაქვს დახარჯული. 5 ათასი გადავიხადე აკადემიის დამწყები სტუდენტებისთვის. 15 სტუდენტი მყავდა თბილისიდან ჩამოყვანილი. ვაჭამე, ვასვი, დავახატინე, დავასვენე, დავაბინავე, რაღაცას დავამსგავსეთ იქაურობა და რათ გინდა… ,” – გვიყვება ალავიძე. 

მისივე თქმით, მერიას კვლავ სურს იჯარის გაგრძელება და ამაზე მოლაპარაკებაც მიმდინარეობს, თუმცა არ იცის როგორ დასრულდება. 

ქუთაისის მერიასაც მოვკითხეთ, რატომ შეწყდა ალავიძესთან დადებული იჯარის ხელშეკრულება, თუ იგეგმება მისი კვლავ გაიჯარება, ასევე, რა პერიოდულობით ასუფთავებენ ამ გადასასვლელებს და რა თანხა იხარჯება ამ მიზნით. ფაქტია, რომ ბიუჯეტში მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობაზე თანხა გამოყოფილი არ აქვთ, შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ უვლიან მათ. როგორც სჩვევიათ, მერიამ საჯარო ინფორმაციის წერილზე პასუხი არ დაგვიბრუნა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ბიუჯეტის ნაშთები: რაში ვერ დახარჯეს ფული იმერეთის მუნიციპალიტეტებმა? 
რაში ვერ გახარჯეს იმერეთის მუნიციპალიტეტებმა ფული

ბიუჯეტის ნაშთები: რაში ვერ დახარჯეს ფული იმერეთის მუნიციპალიტეტებმა? 

მოუგვარებელი პრობლემები ქალაქებსა თუ სოფლებში

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share