fbpx

რატომ ეძახიან უბანს “ბერმუდის სამკუთხედს”?

გზა scaled 1

“აი, ფაქტი” აგრძელებს იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს, რომ ჯერ ჩვენ მოვისმინოთ რა სჭირდებათ, შემდეგ ადგილობრივ მთავრობას გავაგებინოთ და ვეცადოთ, დავაჩქაროთ საქმის კეთება. ამჯერად ჩავედით სოფელ ნოღაში, ხონის მუნიციპალიტეტის მთიან სოფელში.

აქ ჯურხაძეების უბანს “ბერმუდის სამკუთხედი” შეარქვეს. ისეთი გზაა, ყველას ეშინია და ამოსვლა არავის უნდაო. ამ გზას რომ დავადექით, ჩვენც ვიფიქრეთ, შეგვეშალა ალბათ, დასახლებულ პუნქტს არ ჰგავსთქო.

უბანში, წლებია, გზაზე ბეტონის დაგებას ითხოვენ. მოსაწყობია მხოლოდ 900-მეტრიანი გზა, თუმცა, ჯერჯერობით, ყურადღებას არავინ აქცევთ. ადგილობრივებმა გვითხრეს, ბოლოს ხრეში შარშანწინ დაყარეს, მაგრამ ხრეში დაიტკეპნა და წყალმა წაიღოო. ახლა უბნის გზა კლდოვანი ნატეხებით და ქვებითაა სავსე.

ნოღა ხონის მერის, ლადო ჯურხაძის მშობლიური სოფელია. აქაურ პრობლემებზე სოციალური ქსელიდან გავიგეთ. ადგილობრივები წერდნენ, მხოლოდ დაპირებები გვესმის და გზა არ ჩანსო. ნოღას ცენტრალური გზა 2021 წელს მოასფალტდა. ჯურხაძეების უბანი კი კვლავ უყურადღებოდ დარჩათ. 

1 scaled
ჯურხაძეების უბნის გზა

უბანში რომ მოხვდე, ცენტრალური გზიდან ხელმარჯვნივ, ტყეში უნდა აუხვიო და 900 მეტრში სახლებიც გამოჩნდება. ჯურხაძეების უბანი უგზობის გამო თანდათან იცლება კიდეც. 

“ორი ოჯახი იყო ზევით, ორივე წავიდა, დედა ვერ გაასვენა იქიდან და მამა, ადგა და წავიდა. ათი ოჯახი იყო და დარჩა ხუთი,”- გვითხრა ნოღელმა ნიკოლოზ ჯურხაძემ.

“დღევანდელ დღეს მე არ მგონია ასეთ უკანასკნელ დღეში იყოს [რომელიმე გზა]. მოწყვეტილი ვართ ყველაფერს, გული გვწყდება უბრალოდ. რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ მარა არ გვაქვს წასვლის საშუალება, არც გვინდა დავტოვოთ. ყველა კუთხე- კუნჭულში, გორდის ტერიტორიაა თუ ძეძილეთია, ყველგან შევიდა გზა. ეგებ აღწეროთ კარგად, ზუსტად რაც არის, ვერ ხედავენ ალბათ,’’- გვითხრა ნათელა ჯურხაძემ.

scaled
უბნის გზა

უბანში ასვლა სასწრაფო დახმარების მანქანასაც უჭირს. ხანდახან ვერც კი აგნებს, რადგან უბნის ასასვლელში მანიშნებელიც არ დგას.

“წვალებით ამოდის მძღოლი ასეთ გზაზე. ბევრჯერ ვიყავით მერიაში მისულები, ბევრჯერ წამოვედით დაპირებებით. ერთადერთხელ, სოფლის პროექტით მოგვიხრეშეს აგერ-ეგერ და დაუდევრად რომ იყო გაკეთებული, ძლიერმა წვიმამ ჩაიტანა ხრეში მთავარ გზაზე. სანიაღვრე არაა და რა აზრი აქვს მოხრეშვას? ეს იყო რვა წლის წინ. შემდეგ კიდევ 2-3 მანქანა [ხრეში]დაგვიყარეს. მის შემდეგ მომლოდინე ვართ, იქნებ გამოეღვიძოთ და მოგვხედონ-თქო,”-გვითხრა ნონა ფანცულაიამ ჯურხაძეების უბნიდან. 

სოფლის მოსახლეობისათვის ადგილობრივი პროდუქტის გაყიდვას რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია. ჯურხაძეების უბნის მაცხოვრებლებიც დადიან ბაზარში ყოველ ოთხშაბათს. თუმცა, ესეც ბევრ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული. 

“მარშუტკას აქ არ უნდა ამოსვლა, ეზარება. ვერ ამოვალ გამიფუჭდება რაცხა და დევიღუპებიო. ღამე 5 საათზე უნდა ადგე, ბაზარში რომ წახვიდე. რომ იყოს გზა, ლარიანს დაუმატებ და ამოვა აქ,”- გვეუბნება ნიკოლოზ ჯურხაძე.

მოსახლეობას ნოღაში მერის წარმომადგენელი არსენ უგულავაც ეთანხმება. გვითხრა, მოხრეშვა ვერაფერს უშველით, ბეტონის დაგებაა საჭიროო. თუმცა, როდის აპირებენ ამას, არ იცის. ფული არ გვაქვს მთავრობაშიო.

“მარტო ჩემზე არაა ეგ დამოკიდებული. მე კი ვიბრძვი ამისთვის, მაგრამ მერიას რა საშუალებაც ექნება, იმის მიხედვით… შეიძლება ინფრასტრუქუტურული პროექტით მოხდეს რაღაცა. ძალიან მონდომებულია ეს ხალხი, მეც და ყველა, მაგრამ მუნიციპალიტეტს ამდენი ბიუჯეტი არ აქვს,”- გვითხრა არსენ უგულავამ.

მუნიციპალიტეტები რომ ბიუჯეტს არამიზნობრივად ფლანგავენ, სრულიად უსარგებლო შესყიდვებში, ამაზე არაერთხელ მოგიყევით. საქმე ხალხის რეალურ საჭიროებებზე რომ მიდგება, მაინცდამაინც მაშინ შემოაკლდებათ ხოლმე ფინანსები. ამიტომ, ხონის მერის წარმომადგენლის პასუხი არ გაგვიკვირდა. 

“ისეთ ხელზე დაგეწეროთ, გამოეხედოთ ვინმეს ჩვენთვის, ამაზე მეტი მადლი არ იქნებაო” – გვითხრეს სოფელში. “აი,ფაქტი” ყურადღებით დააკვირდება, ხონის მერიის მიერ შემდეგი წლის ბიუჯეტის განკარგვას, იქნებ დავეხმაროთ პრიორიტეტების დალაგებაში და ჯურხაძეების უბანსაც ეშველოს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ აპირებს ვანში ჰესის აგებას და როგორ ურთიერთობს ხალხთან? 
vani cover

ვინ აპირებს ვანში ჰესის აგებას და როგორ ურთიერთობს ხალხთან? 

რა უნდა იცოდეთ იმერეთში ახალი ჰესის პროექტზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share