fbpx
sadakhlo

ქართულ-ჩინური თანამშრომლობა საზღვრის დაცვის საქმეში

ავტორი: ანი ჭიჭინაძე 

“Nuctech Company ltd” 1997 წელს დაარსდა. დღეს კომპანია მსოფლიოს 170 ქვეყანაში საქმიანობს, მათ შორის საქართველოშიც. ის დაინტერესებულ პირებს საბაჟო-გამშვები პუნქტების, აეროპორტების, რკინიგზების, მაგისტრალებისა და სხვა სტარტეგიულად მნიშვნელოვან ადგილებისთვის საჭირო  სტაციონალური რენტგენული კონტროლის სკანერებით ამარაგებს. 

საქართველოს შემოსავლების სამსახურმა კომპანიასთან თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ 10 ხელშეკრულებაც გაუფორმა, ჯამში, 39 მილიონი ლარის ღირებულების. ათიდან ცხრა შემთხვევაში გარიგება პირდაპირ, კონკურსის გამოცხადების გარეშე შედგა.   

2014 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ანგარიშში წერდა, რომ შემოსავლების სამსახურს 2012 წლის დასაწყისიდან საკმარისი დრო ჰქონდა ყაზბეგისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად. თუმცა, მათ ტენდერის გამოცხადების ნაცვლად “Nuctech Company ltd”-სთან 2012 წლის 3 აპრილს მაინც გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ამ გარიგებით ბიუჯეტმა 215 ათასი აშშ დოლარით იზარალა. 

თუ შემოსავლების სამსახური “Nuctech Company ltd”-თან გამარტივებულ შესყიდვას არ აფორმებს, ტენდერში ისეთ მოთხოვნებს აწესებს, რისი დაკმაყოფილებაც მხოლოდ ამ კომპანიას შეუძლია. ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” თავის მეექვსე ანგარიშში წერს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2013 წელს შემოსავლების სამსახურის გამოცხადებული ტენდერის  მახასიათლებლები პირდაპირ იყო მორგებული “Nuctech Company ltd”-ს აღწერილობას. მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა ტენიანობის მინიმალური პარამეტრი იყო. ეს პარამეტრები “Nuctech Company ltd”-ს პირდაპირ აქვს თავის კატალოგში მითითებული და მისი (ნესტიანობის) შემოწმება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს გარემოება სხვა კომპანიამ გაასაჩივრა და შემოსავლების სამსახურმა მოთხოვნა შეცვალა. ტენდერში მაინც “Nuctech Company ltd”-მ გაიმარჯვა, რადგან  ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.  

შემოსავლების სამსახურს კომპანიისგან 7.6 მილიონ ლარად სამი სტაციონალური რენტგენული დათვალიერების აპარატის მიწოდება და მონტაჟი უნდა შეეძინა. თავდაპირველად ეს აპარატები ნინოწმინდის, ვალესა და სადახლოს საბაჟოებისთვის უნდოდათ. მოგვიანებით, ამავე წლის 11 სექტემბერს, სადახლოს საბაჟო პუნქტი ლაგოდეხით ჩაანაცვლეს. ამის მიზეზი დოკუმენტაციაში მითითებული არაა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2015 წელს უნდა დასრულებულიყო. 6 წლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს კომპანიისთვის გადახდილი აქვს მთლიანი თანხის 82 პროცენტი, ანუ 6.2 მლნ ლარი. თუმცა, შესყიდვების სისტემა გვიჩვენებს, რომ ”nuctech company limited”-ს ნაკისრი ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია. 

ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ჩინური კომპანიისთვის არც ჯარიმა დაუკისრებიათ და არც კონტრაქტი შეუწყვეტიათ. არდა ამის უფლება შემოსავლების სამსახურს კონტრაქტის მიხედვით აქვს. ნაცვლად ამისა, შემოსავალების სამსახური “Nuctech”-თან მაინც აქტიურად თანამშრომლობს. 

ამ კომპანიასთან შემოსავლების სამსახურმა 2015 წლის შემდეგ 8.9 მლნ დოლარის ღირებულების 6 ხელშეკრულება გააფორმა. 

აღმოჩნდა, რომ საჯარო მოხელე, რომელმაც კონტრაქტს ხელი მოაწერა, შემოსავლების სამსახურში აღარ მუშაობს. მის ნაცვლად ვესაუბრეთ შესყიდვების სამმართველოს უფროსს, გიორგი ყენიას. მან გვითხრა, რომ “Nuctech”-თან შეწყვეტილი არცერთი ხელშეკრულება არაა, მეტიც “ყველა ხელშეკრულება შესრულებულია, მაგრამ შესყიდვების საიტზე ჩახურული არ არის.”

ჩვენ დავუკავშირდით შესყიდვების სააგენტოს და ტენდერის ნომრით ვთხოვეთ, გადაემოწმებინათ მათგან ხომ არ იყო რაიმე ხარვეზი, თუ “Nuctech”-ს დღემდე არ შეუსრულებია ვალდებულება. შესყიდვების სააგენტოში გვითხრეს, რომ მათგან შეფერხება არაა და რომ ისინი სისტემაში ასახავენ შემსყიდველისგან მიღებულ ინფორმაციას. “ტენდერს ამ სტატუსებს შემსყიდველი ანიჭებს. ანუ საბოლოო სტატუსიც შემსყიდველს უნდა მიენიჭებინა.”

აქ ჩნდება კითხვა, თუ სამუშაოები ბოლომდე შესრულდა და მას შემდეგ ექვსი წელიც გავიდა, ამ დროში შემოსავლების სამსახურმა ამ ტენდერს რატომ არ მიანიჭა დასრულებულის სტატუსი? თანაც “სამოქალაქო იდეამ” ამ კომპანიის საქმიანობასა და  შემოსავლების სამსახურის დარღვევებზე ანგარიში 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა. თუკი ეს ხელშეკრულება მართლაც დასრულებულია, ამ ანგარიშის გამოქვყნების შემდეგ მაინც რატომ არ აისახა ეს სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ საიტზე?

ამ კითხვების გარდა კიდევ რამდენიმე დეტალის დაზუსტება გვინდოდა, რაზეც გიორგი ყენიამ გვიპასუხა, რომ სხვა კითხვებზე პასუხს საჯარო ინფორმაციის სახით გამოგვეთხოვა. წერილზე პასუხი კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაც არ მიგვიღია. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი კი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ზღვარგადასული ვალი
vali

ზღვარგადასული ვალი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
სოციალურად დაუცველების შანტაჟი წინასაარჩევნოდ

სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი – როგორ ემზადება “ქართული  ოცნება” არჩევნებისთვის

ავტორები: ნინო აფაქიძე და ეთო მიდელაშვილი ქმარი: ის უფრო ყურადღებიანი მთავრობა

Total
0
Share