fbpx
bidzina

OCCRP-ის განცხადება  საქართველოს მთავრობის თავდასხმების საპასუხოდ 

ტექსტის ორიგინალი, ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე

9 აგვისტოს, OCCRP-მ რამდენიმე ქართულ  და რუსულ მედია პარტნიორთან ერთად განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის  მეუღლე რუსეთში ქონებებს ფლობს.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ,,ქართულმა ოცნებამ”, რომლის საპატიო თავმჯდომარის პოსტსაც ბიძინა ივანიშვილი იკავებს, გამოაქვეყნა განცხადება და გამოქვეყნებულ ინფორმაციას “ყალბი” უწოდა. პრო-სახელისუფლებო ტელევიზიებმა და მედია ორგანიზაციებმა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადეს, რომ საგამოძიებო სტატიაში მოყვანილი ფაქტები არასწორი იყო და გააკრიტიკეს OCCRP და მისი ადგილობრივი პარტნიორები.

OCCRP კარგად იაზრებს ამ საკითხის პოლიტიკურ სენსიტიურობას, თუმცა ჩვენი მისია და ვალდებულებაა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის გასაჯაროება. OCCRP არ არის ქართული ორგანიზაცია და არავითარი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. OCCRP არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მედია ორგანიზაცია და მისი მიზანია აუდიტორიის დროული და ზუსტი ინფორმირება.

“ეს არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და არა პოლიტიკური საკითხი”, – განაცხადა OCCRP-ს რედაქტორმა დრიუ სალივანმა. “ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთ. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რაც გამოვაქვეყნეთ, რადგანაც ეს ფაქტები სწორია”.

მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება 1990 -იან წლებში რუსეთში დააგროვა, 2011 წელს, ,,ქართული ოცნების” პარტიის დაფუძნების დროს, განაცხადა,  რომ იგი უარს იტყოდა მის რუსულ პასპორტზე და გაყიდდა რუსეთში არსებულ მის ბიზნესებს. 2013 წელს ივანიშვილმა, როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, შეავსო ქონებრივი დეკლარაცია, სადაც მითითებული იყო მისი ოჯახის ქონებები რუსეთშიც: სახლი მოსკოვის ერთ-ერთ უბანში და სამი მიწის ნაკვეთი პერედელკინოს მახლობლად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დასახლებაა მოსკოვის გარეუბანში (სახლს ფლობდა როგორც მისი მეუღლე – ეკატერინე ხვედელიძე, ასევე მისი შვილი, უტა ივანიშვილი. მიწის მესაკუთრედ მხოლოდ მისი მეუღლე იყო მითითებული).

თუმცა, OCCRP-იმ გამოაქვეყნა ახლად გამოვლენილი ფაქტები ივანიშვილის ოჯახის ქონებებთან დაკავშირებით:

ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, თავისი უძრავი ქონებების სიას 2021 და 2024 წლებში ახალი ქონებები დაამატა. კერძოდ, დაირეგისტრირა ორი მიწის ნაკვეთი და კიდევ ერთი სახლი პერედელკინოს უბანში –  ოჯახის საკუთრებაში მანამდე არსებული უძრავი ქონების მახლობლად. მიწის ნაკვეთების და სახლის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 14.7 მილიონი აშშ დოლარია.

რუსეთში რეგისტრირებული კომპანია Aqua Space LLC, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ივანიშვილის ოჯახთან, საპროცენტო სარგებელს იღებს მრავალ მილიონ დოლარიანი მოკლე-ვადიანი დეპოზიტების განთავსებით რუსულ Sberbank-ში, რომელიც აშშ-მ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაასანქცირა. 

Aqua Space LLC ასევე მართავს ივანიშვილის ოჯახის მთავარ საცხოვრებელ სახლს მოსკოვში, იღებს ქირას მოიჯარეებისგან და ურიცხავს ამ თანხის უდიდეს ნაწილს ივანიშვილის მეუღლეს.

2023 წელს, ახალი კანონით, რუსეთში უძრავი ქონების რეესტრზე საჯარო ხელმისაწვდომობა გაუქმდა. თუმცა, უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ხშირად წარდგენილია სხვა სახელმწიფო  უწყებებში ან კომერციულ სააგენტოებში. OCCRP-მ უძრავი ქონების რეესტრიდან მოიპოვა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და გადაამოწმა მისი სისწორე სხვადასხვა წყაროებთან, რომლებსაც წვდომა აქვთ სამთავრობო მონაცემთა ბაზებზე.

წყაროს ანონიმურობის დაცვის მიზნით, ჩვენ ვერ შევძლებთ დამატებით რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებას, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ და რა გზებით მოვიპოვეთ ეს დოკუმენტები. თუმცა გვსურს,  რომ გავასაჯაროოთ აღნიშნული დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტების სისწორეს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი,  რაც ადასტურებს,  რომ ერთ-ერთი ზემოთ ხსენებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) ეკატერინე ხვედელიძეს ამ წლის დასაწყისში გადაუფორმა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა – უჩა მამაცაშვილმა.

bidzina property
რუსული ოფიციალური წყაროდან მიღებული დოკუმენტის ფოტოასლი
კომენტარები
Total
0
Shares
Next
თერჯოლის ორი სოფლის, გოგნის და ჩხარის პრობლემები
მაცხოვარი1

თერჯოლის ორი სოფლის, გოგნის და ჩხარის პრობლემები

როგორ რეაგირებს ადგილობრივი მთავრობა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share