“მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ ალბათ ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შეიქმნა მტრობა. მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება რაც გამოიჩინა პრეზიდენტმა პუტინმა, იყო განსაკუთრებული და იმედისმომცველი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში და გამთლიანდება საქართველო,” – ამბობდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთში ვიზიტისას, 2013 წელს.
მისი კოლეგა, პატრიარქი ამბროსი ხელაია კი 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას ამ სიტყვებით მიმართავდა:
“ჩემი სამშობლო 117 წელი რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიზმს და აუტანელ შევიწროებას, ამიტომ 1917 წელს დაირღვა თუ არა რუსეთის იმპერიის ხელოვნური მთლიანობა, ქართველმა ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა… რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი, მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს პატარა უსწორო ბრძოლაში სისხლისაგან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია მრავალ საუკუნეთა ისტორიაში.”
ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით როგორ იცვალა პატრიარქებმა და საპატრიარქომ ფერი ბოლო საუკუნის განმავლობაში და როგორ ჩადგა ქართული ეკლესია რუსული ინტერესების სამსახურში.
“მას შემდეგ, რაც საქართველოს სამეფო შეუერთდა რუსეთის სახელმწიფოს, 1801 წელს, რუსეთის წმიდა სინოდი ვერ შეეგუა, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავდა დამოუკიდებელი კათოლიკოსი. დარღვეულია საეკლესიო კანონები. ჩადენილი იქნა ჯერ არ გაგონილი უსამართლობა, რომლის ანალოგი ეკლესიის ისტორიაში არ მოიძებნება. ისმის კითხვა: “ჰქონდა კი კანონიკური უფლება წმიდა სინოდს ასე მოქცეოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას?”-ამბობდა ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი 1906 წელს.
ასეთი გამბედავი ნაბიჯების გამო რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება კირიონს საფრთხედ აღიქვამდა, რის გამოც მისი დევნა და შევიწროება დაიწყეს. ჯერ ეპისკოპოსის ხარისხი ჩამოართვეს, შემდეგ რუსი ეგზარქოსის მკვლელობა დააბრალეს და სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს. მომავალი პატრიარქი სულიერად მაინც ვერ გატეხეს.
1917 წელს ის საქართველოს დამოუკიდებელი ეკლესიის პირველი პატრიარქი გახდა. 1918 წელს კირიონ მეორე გარდაცვლილი იპოვეს.
კირიონის შემდეგ, 1919-1921 წლებში საქართველოს პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძე იყო. მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში, ლეონიდე ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლებას და კირიონ მეორესთან ერთად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდა.
1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობამ ძალიან იმოქმედა ეროვნული ინტერესებით მოქმედ პატრიარქზე. 1921 წლის ივნისში ის შავი ჭირით გარდაიცვალა და სიონის საკათედრო ტაძარშია დაკრძალეს.
პატრიარქი ამბროსი ხელაია საქართველოს ეკლესიას 1921-27 წლებში მართავდა. ის რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური მთავრობის მიერ. ხელაიას გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქოს სათავეში ქრისტეფორე მე-3 ჩაუდგა. მას სურდა საბჭოთა ხელისუფლებას ეკლესიასთან საერთო ენა გამოენახა. 1927 წელს მიტროპოლიტმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა განცხადებით, სადაც წერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს აცხადებდა საბჭოთა ხელისუფლებასთან კონფრონტაციაზე და მხარს უჭერდა მასთან თანამშრომლობას.
ეს დოკუმენტი იმ დეკლარაციის ასლი იყო, რომელიც 1927 წელს რუსეთის ეკლესიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა სერგი სტრაგოროდსკიმ გამოაქვეყნა. მან სრული მორჩილება გამოუცხადა საბჭოთა ხელისუფლებას. ამბობდა, საბჭოთა ხელისუფლების მტრები ჩვენი მტრები არიან და საბჭოთა ხელისუფლების წარმატება ჩვენი წარმატებააო.
ქრისტეფორე მესამე საქართველოს საპატრიარქოს 1932 წლამდე მართავდა. მის შემდეგ საპატრიარქო ტახტი კალისტრატე ცინცაძეს ერგო. პატრიარქი სტალინის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, მას 1948 წელს მადლობის წერილიც გაუგზავნა. Ადრეულ წლებში, კალისტრატე ცინცაძე კირიონისა და ამბროსის თანამოაზრე იყო და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდა. Ის საპატრიარქოს 1952 წლამდე მართავდა.
კალისტრატედან ილია მეორემდე საქართველოს საპატრიარქოს სამი მეთაური ჰყავდა: მელქისედეკი (1952-60 წლები), ეფრემ II (1960-72 წლები) და დავით VI (1972-77 წლები).
მელქისედეკი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ დიდი წინააღმდეგობით არ გამოირჩეოდა. მაშინდელი რელიგიის საქმეთა რწმუნებული, მოსე მექვაბიშვილი მელქისედეკს პარტიასა და მთავრობის მიმართ ლოიალურად მოიხსენიებს და წერს, რომ პატრიარქი მხარს უჭერს საბჭოთა კავშირის მთავრობას მშვიდობის დაცვის საქმეში.
თავდაპირველად, ეფრემ II საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელ, ე.წ. რეაქციულ სასულიერო პირთა რიგებში მოიაზრებოდა. ეპისკოპოსმა ეფრემმა რვა წელი ციმბირში, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა. დაბრუნების შემდეგ მთავრობის მიმართ წინააღმდეგობრივი საქმიანობა შეწყვიტა.
დავით VI-მ მელქისედეკის გზა გააგრძელა და მთავრობასთან კონფლიქტი არ ჰქონია. ის საბჭოთა კავშირის მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრიც კი იყო.
თავის მხრივ, საბჭოთა ხელისუფლების მაღალჩინოსანი და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეც ამბობდა, რომ მაშინ კომუნისტური პარტია წყვეტდა, ვინ დაინიშნებოდა პატრიარქად. ამიტომ, პატრიარქების კეთილგანწყობა მაშინდელი მთავრობის მიმართ გასაკვირი არც უნდა იყოს.
პატრიარქი ილია მეორე
ილია (ერისკაცობაში ირაკლი) შიოლაშვილი 1933 წელს ვლადიკავკაზში დაიბადა. ოჯახი სასულიერო პირებთან დაახლოებული იყო. მომავალი პატრიარქის ნათლია კათოლიკოს კირიონის მდივანი, არქიმანდრიტი ტარასი იყო. ილიამ 3 წლის ასაკში გაიცნო მაშინდელი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე.
ირაკლი შიოლაშვილმა 1952 წელს ვლადიკავკაზის სკოლა დაასრულა და 20 წლისამ სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (ზაგორსკში) მდებარეობს.
ირაკლი შიოლაშვილი ბერად 1957 წელს, 24 წლის ასაკში აღიკვეცა. იმავე წელს იეროდიაკვანი, 1959 წელს კი რუსეთის პატრიარქის ხელდასხმით მღვდელმონაზონი გახდა.
1960 წელს, სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ, მოსკოვში დარჩენა და ლექციების წაკითხვა შესთავაზეს, მაგრამ ის საქართველოში დაბრუნდა. ღვთისმსახურება ბათუმის საკათედრო ტაძარში დაიწყო.
იმავე წელს იღუმენის, 1961 წელს კი არქიმანდრიტის ხარისხი მიიღო. 1963 წლიდან ის პირველ სასულიერო სასწავლებელს, “საღვთისმეტყველო კურსებს” ხელმძღვანელობდა.1963 წელს ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსის სტატუსი მიიღო და პატრიარქის ქორეპისკოპოსი გახდა. 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად დანიშნეს, 1969 წელს კი მიტროპოლიტობა ებოძა. 1963-72 წლებში ირაკლი შიოლაშვილი მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.
1977 წელს პატრიარქ დავით vi-ის გარდაცვალების შემდეგ ილია შიოლაშვილი პატრიარქის მოსაყდრე გახდა. 1977 წლის 23 დეკემბერს მას ილია II ეწოდა, 25 დეკემბერს კი ახალ პატრიარქად აირჩიეს. 1979-83 წლებში ილია მეორე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი იყო.
ილია მეორეს შეეძლო, საბჭოთა წარსულისა და რუსული გავლენისთვის თავიც დაეღწია და საპატრიარქოს კურსიც შეეცვალა. თუმცა, შემდეგ განვითარებული მოვლენები სხვა სურათს გვიჩვენებს.
- 1997 წელი – საქართველო გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან (ეკუმენური საბჭო). თეოლოგების აზრით, ეს იგივეა, საქართველო გაეროდან გამოვიდეს. ეკუმენური საბჭოს დატოვება რუსეთის ინტერესში იყო, რადგან მათი მიზანია რუსული ეკლესიის გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის დამტკიცება;
- 2016 წელი – კრეტის კრება, სადაც საქართველომ წასვლამდე ორ კვირაში შიეცვალა გადაწყვეტილება და არ წავიდა, რაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო ეკლესიის საწინააღდეგო და რუსეთის ეკლესიის სასიკეთო ქმედება იყო. კრეტის კრებაზე ნათლად გამოჩნდებოდა მართლმადიდებლურ სამყაროში კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიაქის ლიდერობა. არადა, რუსეთს თავად აქვს პირველობის ამბიცია. დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ ამ დროს მართლმადიდებლობა ორ ფლანგად გაიყო, პრომოსკოვურად და პროკონსტანტინოპოლურად. კრებაზე არწასვლა მსოფლიო პატრიარქის უპატივცემულობას და რუსეთის ეკლესიის მხარეს ყოფნას ნიშნავდა: “მოსკოვმა სცადა კრების ჩაშლა, რადგან საჩინო იქნებოდა მსოფლიო საპატრიარქოს პირველობა. რუსეთის ეკლესიისთვის კი ეს ყველაზე აუტანელია. საქართველოს ეკლესიაში გაიმარჯვა იმ ფლანგმა, რომელიც ემხრობოდა არწასვლას, კონსტანტინოპოლის ტახტის უგულებელყოფას, მსოფლიო საპატრიარქოს ისტორიული და კანონიკური უფლებების მიმართ უპატივცემულობას, ეს, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის სასიხარულო იყო.”
- 2018 წელი – საქართველომ არ აღიარა და ჯერ კიდევ არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. 2019 წელს რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი ილარიონ ალფეევი ამბობდა, რომ საქართველოს ეკლესიას კარგად უნდა ესმოდეს, რა ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს.
გარდა იმისა, რომ საპატრიარქო დროდადრო რუსეთის ინტერესში მყოფ გადაწყვეტილებებს იღებდა, თავად პატრიარქიც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა როგორც რუსულ ეკლესიასთან, ისე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.
- 2007 წლის 4 მარტი – ილია მეორე მოსკოვში მართლმადიდებლური ენციკლოპედიის ტომის პრეზენტაციას დაესწრო. ოფიციალურ შეხვედრაზე პატრიარქი ამბობდა: “ჩვენ ჩამოვედით ფრიად საპასუხისმგებლო დროს, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საგრძნობლად გართულდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება და მივხვდებით, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უნდა იყოს სტაბილური და მეგობრული. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. არსებობს შესანიშნავი ბრძნული გამონათქვამი: დილით, ამომავალ მზეზე ადრე ხედავ მეზობელს… საქართველოს სჭირდება ერთიანი მეგობრული რუსეთი, მასაც უნდა სჭირდებოდეს ერთიანი მეგობრული საქართველო… “
- 2008 წლის 9 დეკემბერი – ილია მეორე მოსკოვში მედვედევს შეხვდა. პატრიარქი ამბობდა, პრეზიდენტი კეთილგანწყობილია, რომ მოვაგვაროთ პრობლემები ურთიერთობებში, ვფიქრობ კარგ შედეგს მივაღწევთ;
- 2008 წლის 25 დეკემბერი – საქართველოში იმყოფებოდა მედვედევის სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ შვიდკოი. მან პატრიარქის იუბილეზე მედვედევის მილოცვა გააჟღერა და ილია მეორეს ლავროვის გამოგზავნილი საჩუქრებიც გადასცა;
- 2011 წლის 28 ივლისი – ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად უკრაინაში, კიევში იმყოფებოდა, სადაც კიევის რუსეთის გაქრისტიანების დღე აღნიშნეს. ქართულ დელეგაციას თან ახლდა ცნობილი პრორუსი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე;
- 2011 წლის 19-20 ნოემბერი – საქართველოს პატრიარქი რუს კოლეგას იუბილეზე ეწვია და პრეზიდენტ მედვედევსაც შეხვდა;
- 2013 წლის 22 იანვარი – ილია მეორე ვიზიტით იყო რუსეთში, შეხვდა ვლადიმერ პუტინს, რა დროსაც 2008 წლის ოკუპაცია მოიხსენია სიტყვა “შეცდომით”, თქვა რომ ერთმანეთს ყველაფერი უნდა ვაპატიოთ და იმედოვნა, რომ რუსეთი და საქართველო კვლავ მოძმე ერებად დარჩებიან. ამავე ვიზიტის დროს რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობდა, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილების შედეგად შეიცვლება ურთიერთობა ჩვენს მოძმე ერებსა და სახელმწიფოებს შორის. ილია მეორემ პატრიარქ კირილთან ერთად წირვა ჩაატარა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც ერთი წლით ადრე, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართა.
- 2013 წლის ივლისი – პატრიარქი რუსეთს მეორედ ეწვია. ის რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილეს დაესწრო.
- 2016 წლის ნოემბერი – ილია მეორეს ვიზიტი რუსეთში, პატრიარქ კირილს პირადად მიულოცა დაბადების დღე.
საქართველოს პატრიარქი იშვიათად სტუმრობდა სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებს. ილია II 90-იან წლებში ეწვია რუმინეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1987, 2000 და 2012 წლებში იმყოფებოდა იერუსალიმში. იშვიათად, თუმცა იღებდა დელეგაციებს საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, იერუსალიმიდან, რუმინეთიდან, ალბანეთიდან, გვსტუმრობდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქიც.
სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისგან განსხვავებით, რუსეთის საპატრიარქოს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელიც ჰყავს – დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი. ამ პოზიციაზე ის 2018 წლის 14 მაისს დაინიშნა. რუსი სასულიერო პირი თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს.
რუსული ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში 2009 წლიდან ინიშნებიან. Პირველად, არქიმანდრიტი რომან ლუკინი გამოაგზავნეს. ის თბილისში, რუსულენოვანი მრევლის მოძღვარი უნდა ყოფილიყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, რუსული ეკლესიის პოზიციები გაეჟღერებინა.
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტისას, რუსეთს ქართული ეკლესიის პოზიციების კონტროლი დასჭირდა და ვლადიმერ ალექსანდროვის დანიშვნაც ამას უკავშირდება:
“თავიდანვე დიპლომატიურად წარმოგზავნილის შეფერილობა ჰქონდა. ერთი შეხედვით, ის იყო კირილის თვალი და ყური საქართველოში და ეგზარქოსი. რუსეთის საპატრიარქოში ფიქრობდნენ, ვაიდა, გარისკოს საქართველომ და მხარი დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიასო. ამ მღვდლის ერთ-ერთი ფუნქცია იყო, შიდა მდგომარებისთვის კარგად ედევნებინა თვალი. ამ კაცის ამოცანა საქართველოში პრორუსული ქრისტიანობის ქადაგება არ არის, ამას თავად ეკლესია აკეთებს. ამაზე მეტ რუსოფილიას ვეღარ იქადაგებ უბრალოდ.”
პატრიარქის მსგავსად, რუსეთისადმი კეთილგანწყობილია სინოდის წევრების ნაწილი და სასულიერო პირები, რომლებიც რუსულ გზავნილებს ამბიონიდან ქადაგებისას ავრცელებენ ხოლმე.
რუსეთისადმი კეთილგანწყობამ გამოიწვია ისიც, რომ ჯერ მეფის რუსეთისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული გავლენა ქართულ ეკლესიაზე ილია მეორის დროს გაგრძელდა და ეს ეკლესიის ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელ დეტალებშიც აისახება. თეოლოგები რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ, რომელიც ქართული და რუსული ეკლესიებისთვის საერთოა.
დაფინანსება რუსული ბიზნესიდან
ქართული ეკლესია რუსული ფულითაც ფინანსდება. ტაძრების მშენებლობაში რუსი ბიზნესმენები იღებენ მონაწილეობას. ბათუმში, სამების საკათედრო ტაძარი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, შალვა ბრეუსის დაფინანსებით აშენდა.
შალვა ბრეუსს რუსეთში სამთავრობო თანამდებობები ჰქონდა. 2000-2003 წლებში ის რუსეთის ქონების მართვის მინისტრის მოადგილე, 1998-99 წლებში კი კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრ ლებედის მოადგილე იყო. გენერალი ლებედი თბილისში 1989 წლის 9 აპრილის დარბევას მეთაურობდა. ის საბჭოთა არმიის დივიზიის მეთაური იყო.
2002 წელს ბრეუსი ილია მეორემ უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
2015 წელს, ტაძრის კურთხევისას, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ შალვა ბრეუსს ეკლესიის მშენებლობისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, სოსო ორჯონიკიძემ ააშენა ტაძარი ბორჯომის ცენტრში. სოსო ორჯონიკიძე 1992-2007 წლებში მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის მოადგილე იყო.
ქართული ეკლესიის საჭიროებებს აფინანსებს ივანე (შენგელია) საველიჩიც. მან თბილისში სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარი ააშენა. საველიჩი რუსეთში ნავთობისა და გაზის ბიზნესშია ჩართული.
ელგუჯა (ბუბა) ქებურია კიდევ ერთი ქართველია, რომელმაც ქონება რუსეთში საქმიანობით დააგროვა. მას მოსკოვში სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი აქვს. ქართულ ეკლესიას ისიც აქტიურად ეხმარება. ელგუჯა ქებურიამ 2009 წლის მაისში პარიზში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა დააფინანსა. მას ილია მეორემ მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
ილია მეორეს ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვთან. ისინი ერთმანეთს ორჯერ, 2009 და 2013 წელს მოსკოვში შეხვდნენ. 2013 წლის იანვარში გამართულ შეხვედრას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ანატოლი პლიევიც ესწრებოდა.
2009 წელს გოჩა ძასოხოვი “აგვისტოს ომზე” ამბობდა: “შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი იყო. მათ არჩეული ისტორიული გზიდან გადაუხვიეს. რუსეთთან კონფრონტაცია დამღუპველი იქნება. რუსეთთან პარტნიორობა და კეთილმეზობლობა კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი გარანტს წარმოადგენს”.
ბიზნესმენი ძასოხოვი რუსეთში “საქართველოს ხალხთა ასამბლეის” პრეზიდენტია. ის 2013 წელს ამბობდა, რომ საქართველოში რუსული სკოლების პოპულარიზაციისთვის აქტიურად იმუშავებდა. 2018 წელს კი მისმა მეუღლემ ნატალია ძასოხოვამ თბილისში რუსული სკოლა “ინტელექტ პლიუსი” გახსნა. სკოლას შენობა და 4,683 კვ.მ. მიწა მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. აქ 2015 წელს ასწავლიდნენ სახელმძღვანელოთი, რომელშიც აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო აღნიშნული.
გოჩა ძასოხოვმა 2013 წელს პატრიარქს აღსაყდრების იუბილე ღია წერილით მიულოცა და მის საზოგადოებრივ ღვაწლზე ისაუბრა. ძასოხოვმა ილია მეორეს “საქართველოს ხალხთა ასამბლეის” დაფუძნებისას ლოცვა-კურთხევისთვის მადლობა გადაუხადა.
რას აკეთებს საპატრიარქო დღეს საქართველოში?
დღევანდელი საპატრიარქოს წარმომადგენლები ღიად უჭერენ მხარს საქართველოში მოქმედ პრორუსულ ჯგუფებს. მხარდაჭერა გამოიხატება მათ მიერ გამართულ აქციებზე ფიზიკურად დგომით ან მორალურ-სიტყვიერი თანადგომით. მაგალითად, გვინახავს ქართული მარშის ან ლევან ვასაძის დაჯგუფების მიერ გამართულ აქციებზე სიტყვით გამოსული სასულიერო პირებიც, რომლებიც არ შეწინააღმდეგებიან აქციების ორგანიზატორების მხრიდან სხვებზე ფიზიკური ძალადობის მოწოდებასაც კი.
ამ ბოლო დროს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა რუსეთიდან მართულ და დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიას, “პატრიოტთა ალიანსს” პარტაქტივთან შესახვედრად ბაგრატის ტაძრის ეზოც დაუთმო.
ზუგდიდის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ კი იქ ჩასულ ლევან ვასაძესა და მის თანმხლებ პირებს ეკლესიის ეზოშივე გაუშალა “სეფა.”
მარნეულისა და ჰუჯაბის მიტროპოლიტი გიორგი ჯამდელიანი ხშირად მასპინძლობს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც საქართველოში რუსული მთავრობის მიერ შექმნილ პრიმაკოვის ფონდს ხელმძღვანელობს. ჯამდელიანთან ხშირად იმყოფებიან “ქართული მარშის” წევრებიც.
სინოდის მაღალ იერარქებს არც პატრიარქი ჩამორჩება, რომელიც “ქართული მარშის” ლიდერებს თავის მშობლიურ სოფელ სნოში მასპინძლობს ხოლმე. ესტონეთის დაზვერვის ცნობით, “ქართული მარში” რუსეთიდან მართული ძალაა.
“ქართული მარშიც,” “პატრიოტთა ალიანსიც” და ლევან ვასაძეც საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიას ეწევიან და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად გამოდიან “ნატოსა” და ევროკავშირის წინააღმდეგ, ავრცელებენ რუსეთისთვის სასურველ გზავნილებს და დეზინფორმაციას.
მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე საპატრიარქო სწორედ ამ ძალებს უჭერს მხარს. ქართველები კი რუსეთისადმი კეთილგანწყობილ საპატრიარქოსა და მის მაღალ იერარქებს ნდობას უცხადებენ.
Საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საპატრიარქოს მეთაურთა ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ ფერისცვალებას ახლო მომავალშიც არ უნდა ველოდოთ.
პატრიარქმა 2017 წელს თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩია. მუჯირს სასულიერო განათლება რუსეთში აქვს მიღებული. სწორედ ამიტომ, თეოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ შიო რუსეთისთვის მისაღები კანდიდატი იყო.
გარდა რუსული განათლებისა და მოსკოვის ტაძარში გატარებული წლებისა, შიო მუჯირს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს პრორუს ბიზნესმენთან, ლევან ვასაძესთან. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან. ვასაძემ დააფინანსა შიო მუჯირის წიგნის გამოცემა და ღონისძიებებს ხშირად ერთადაც ესწრებიან.