11 წლის საბას გონებრივი ჩამორჩენის და ქცევითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ის დედასთან, ნათია ლომიძესთან ერთად მარტო ცხოვრობს და თავი სოციალური შემწეობით გააქვთ.
საბა წონით დედაზე გაცილებით დიდია და თავისი აქტიური ხასიათის გამო ერთ ოთახში ყოფნას ვერ იტანს – მუდმივად გარეთ, ხალხთან ყოფნა უნდა. ნათია შვილის საქციელს ვერ აკონტროლებს, ამიტომ ბავშვი გარეთ ვერ გაყავს, რაც საბას აგრესიას იწვევს და დედას ფიზიკურადაც უპირისპირდება. საბა ხშირად ხვდება მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში.
ფსიქიატრიული საავადმყოფოების დაფინანსების ახალი წესის გამო ნათია შიშობს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც მისი შვილი თავს მშვიდად გრძნობს მალე დაიხურება. ბავშვთა ერთადერთი ფსიქიატრიული განყოფილების დახურვის შესახებ მას არაოფიციალური ინფორმაცია კლინიკის მედპერსონალისგან აქვს.
დაფინანსების ახალი წესი და დავა რეჰოსპიტალიზაციის გამო
2015 წლის მონაცემებით ფსიაქიატრიული საავადმყოფოები ქვეყნის მასშტაბით 86,497 პაციენტს ემსახურებოდნენ. წლების მიხედვით ბიუჯეტი იცვლებოდა, თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში რეალური ხარჯი დამტკიცებულ ბიუჯეტზე ყოველთვის, თითქმის მილიონი ლარით მეტი იყო. წელს დაავადების მქონე პირების მომსახურებისთვის ბიუჯეტში 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
დაფინანსების ახალი წესის მიხედვით (განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №638 დადგენილებით) მწვავე პაციენტებს მოაკლდათ, ქრონიკულ პაციენტებს კი გაეზარდათ დაფინანსება. ასევე შემცირდა ყველა იმ განყოფილებისა და კლინიკის ბიუჯეტი, რომლებისთვისაც მწვავე პაციენტის მომსახურება პრიორიტეტული იყო.
მას შემდეგ რაც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სფეროს ექსპერტებისა და პაციენტების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით (მესამეჯერ) შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში იმისათვის, რომ ამ კლინიკებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოეწერათ ზედმეტი თანხა.”
საეჭვო რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო განიხილავს. თუ სააგენტო დაადგენს, რომ პაციენტის ხელმეორედ სტაციონარში მოთავსება დაუსაბუთებელია, საავადმყოფოს მკურნალობის ხარჯები არ უნაზღაურდება.
“აი, ფაქტისთვის” სააგენტოს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ სააგენტომ გასულ წელს 61 სადავო შემთხვევა განიხილა და დაადგინა, რომ “ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა “ფსიქიკური ჯანმრთელობის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განმეორებით განთავსებას.”
წერილში საუბარია 7 დღის განავლობაში ერთი და იმავე პაციენტის რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევაზე. თუმცა, ინფორმაცია ერთი თვის განმავლობაში პაციენტების განმეორებით ან მესამედ ჰოსპიტალიზაციაზე არ არის მოცემული. ასევე არ არის ნახსენები სააგენტომ რამდენ შემთხვევაში გაამტყუნა ექიმი ან საავადმყოფო პაციენტის არასწორი რეჰოსპიტალიზაციის გამო.
ფსიქიატრი მანანა ელიაშვილი ამბობს, რომ 2016 წელს სააგენტომ ღუდუშაურის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის 6 ფაქტი განიხილა და ექვსივე შემთხვევაში მაკონტროლებელმა ორგანომ ექიმების გადაწყვეტილება მართებულად ჩათვალა.
ცვლილებები დაფინანსების წესში
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში წინა წლების მსგავსად, წელსაც ცალ-ცალკეა გაწერილი მწვავე და ქრონიკული პაციენტების დაფინანსები წესი. სწორედ ამ ორი პუნქტის გამო დღემდე მიმდინარეობს არგუმენტების გაცვლა და დავა სამინისტროსა და ფსიქიატრებს შორის.
ქრონიკული პაციენტების დაფინანსების წესი: ცვლილება N1
2016 წელს ქრონიკული პაციენტის მკურნალობისთვის თვეში ვაუჩერით 450 ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო დღეში ერთი პაციენტისთვის გამოყოფილი იყო 15 ლარი. წელს თვიური ვაუჩერული სისტემა გაუქმდა და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ხარჯი დღიურად 19 ლარით განისაზღვრა. რამაც გამოიწვია ის, რომ თანხის მატებასთან ერთად გაიზარდა დიდი ინსტიტუციების გაძლიერების ტენდენციაც.
11 წლის საბა ქრონიკულ პაციენტად ითვლება, ამიტომ ერთი შეხედვით მისთვის ეს ცვლილება მომგებიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნათია, საბას დედა თვლის, რომ ინსტიტუციების ნაცვლად სათემო სერვისების განვითარებაა უმჯობესი. “საბასთვის მთავარი პრობლემა სწორედ გამოკეტილ სივრცეში ყოფნაა და მისი განვითარებისთვის აუცილებელია ჰქონდეს წვდომა მისი მოთხოვნილების შესაბამის დღის ცენტრებზე,” ეუბნება ნათია ლომიძე “აი, ფაქტს.”
ფსიქიატრი მანანა ელიაშვილი ამბობს, რომ ქრონიკული პაციენტების მკურნალობის ხარჯები მწვავე პაციენტების დაფინანსების შემცირების ხარჯზე გაიზარდა. რითაც სამინისტრომ ინსტიტუციების გაძლიერებას შეუწყო ხელი, ვინაიდან ქრონიკული პაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდით მეტი ფული გამოუყო მონოპროფილურ საავამდყოფოებს, სადაც ქრონიკული პაციენტები იღებენ მომსახურებას.
მანანა გეგეშიძე უკვე 20 წელია აშშ-ში ფსიქიატრად მუშაობს. ის თვლის, რომ დიდი ფსიქიატრიული კლინიკების დაფინანსების ხელშეწყობა უკან გადადგმული ნაბიჯია: “რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიული განყოფილებების ინტეგრაცია ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში იყო წინგადადგმული ნაბიჯი. 21-ე საუკუნეში ფსიქიკური ავადმყოფების სეგრეგაციისკენ დაბრუნება სირცხვილია და საშიშიც – დამსჯელობითი ფსიქიატრიის გამოყენება ზოგ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ისევ ხდება და ასეთ იზოლირებულ დაწესებულებებში უფრო იოლია ნაკლები კონტროლის გამო.”
მწვავე პაციენტების დაფინანსების წესი: ცვლილება N1
2016 წელს სახელმწიფო კლინიკას მწვავე შემთხვევის მკურნალობისთვის (ანუ ერთი პაციენტისთვის) 840 ლარს უხდიდა, 2017 წელს კი 150 ლარით ნაკლებს ანუ 690 ლარს გადაუხდის.
ცვლილება N2
2016 წელს მწვავე შემთხვევის ერთი დღის მკურნალობის თანხა არ იყო განსაზღვრული. 2017 წელს კი ერთი დღის მკურნალობისთვის ლიმიტი დაწესდა 46 ლარის ოდენობით. რადგან თვეში 690 ლარი, ხოლო დღეში 46 ლარია მკურნალობისთვის გამოყოფილი, გამოდის, რომ მწვავე პაციენტს შეუძლია მხოლოდ 15 დღის მანძილზე იმკურნალოს.
ექიმები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ეს სისტემა რამდენიმე პრობლემას ქმნის. მანანა ელიაშვილის თქმით, ახალი რეგულაციების საფუძველზე სტაციონარის ადმინისტრაცია, შესაძლოა, იძულებული გახდეს პაციენტი მე-16 დღეს გაწეროს, ან განყოფილებაში იმაზე მეტ ხანს დააყოვნოს ვიდრე საჭიროა. ასევე მწირი დაფინანსების პირობებში კლინიკები, შესაძლოა, იძულებული გახდნენ პაციენტებს დაბალი ხარისხის მედიკამენტებით უმკურნალონ.
დაფინანსების გამო ფსიქიატრიულ კლინიკებში სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს მანანა გეგეშიძეც. “საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიატრიისთვის ფული არ ემეტება. საყოველთაო ჯანდაცვამ ჩაყლაპა ყველაფერი. 2017 წელს ფსიქიატრიულ ამბულატორიულ სამსახურებს თანხა არ გაუზარდეს. 18 დისპანსერი ცუდ დღეშია. უღარიბეს ავადმყოფებს აძლევენ უხარისხო ფსიქოტროპულ წამლებს და იმასაც არასაკმარისი რაოდენობით. დისპანსერი ქავთარაძის ქუჩაზე დღეში 100 ვადმყოფს იღებს – ექიმებს დრო არ ყოფნით. კარგი იქნება ეს დისპანსერი დაიშალოს და რამდენიმე ფსიქიატრიული კაბინეტი გაიხსნას თბილისის სხვადასხვა რაიონში – პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში ინტეგრირებული. ვერ მიდის ადამიანი გარეუბნებიდან ქავთარაძემდე და ან რატომ უნდა მიდიოდეს.”
როგორ აისახება დაფინანსების წესის შეცვლა მოსახლეობაზე
მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებიდან მალევე ღუდუშაურის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა უარი თქვა 2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაზე. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა თემქის მე-5 კლინიკურმა საავადმყოფომაც და გააუქმა მოზრდილების განყოფილება, ხოლო ბავშვთა სტაციონარი დროებით დატოვა.
რადგან 2017 წლის იანვარში თბილისში მოქმედმა ორმა (სულ სამი იყო) მულტიპროფილურმა საავადმყოფომ ფუნქციონირებაზე უარი თქვა, ახლა დედაქალაქში მყოფ პაციენტებს მხოლოდ მონოპროფილურ სავამდყოფოებში მკურნალობის ალტერნატივა აქვთ. მაგრამ დღეს, როგორც მანანა შარაშიძე და მანანა ელიაშვილი ამბობენ, მონოპროფილური საავადმყოფოები სავსეა და ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ.
ამ მხრივ არაფერი შეცვლილა რეგიონებში, სადაც ისედაც მხოლოდ მონოპროფილური საავადმყოფოები იყო.
*რუკაზე მოცემულია ინფორმაცია მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულებების შესახებ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სტაციონარების გარდა, 18 ამბულატორიული დაწესებულებაც მოქმედებს.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მდგომარეობა არასდროს ყოფილა სახარბიელო საქართველოში.
სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ საავამდყოფოებში პაციენტების მიმართ დამოკიდებულება და იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც მათ უწევდათ ყოფნა უტოლდებოდა დამამცირებელ მოპყრობას. იმავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უკეთესი პირობები პაციენტებისთვის შექმნილი იყო მრავალპროფილურ საავამდყოფოებში, თუმცა, ასეთი საავამდყოფოები დაფინანსების ახალი წესის გამო აღარ ფუნქციონირებენ.
მანანა გეგეშიძე ამერიკის გამოცდილებას გვიზიარებს და განმარტავს, რომ ფსიქიატრიული სამსახურის ძირითადი დატვირთვა საქართველოსგან განსხვავებით იქ სათემო ფსიქიატრიულ სამსახურზეა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრებს, დღის გასართობ-სამუშაო ცენტრებს, სომატური სამედიცინო დახმარების კლინიკებსა და თვითდახმარების ჯგუფებს მოიცავს. ასეთი სამსახურების მიზანია დაავადების პროფილაქტიკა, მისი დროულად გამოვლენა და მკურნალობა.
“სტაციონარში პაციენტის დიდ ხანს დაყოვნება ანაქრონიზმია და ამის თავიდან აცილებას ვცდილობთ ყველანაირი საშუალებით. ეს ადვილი არაა და ამ საქმეში ფასდაუდებელია ე.წ. ინტენსიური სათემო მკურნალობა, რაც საქართველოში უკვე დაინერგა, მაგრამ უსახსრობის გამო სულს ღაფავს.”
მანანა შარაშიძე და მანანა ელიაშვილი თვლიან, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2015-2020 წლებისთვის, რომლის მთავარი მიზანიც დეინსტიტუციონალიზაცია იყო, დაფინანსების ახალი წესის გამო ვერ განხორციელდება. “არსებული სისტემა კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩაკეტილი ინსტიტუციების გაძლიერებას და საზოგადოებაში სტიგმის გაზრდას.”
გეგმის და დაფინანსების მიღმა კი დგანან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარ თავზე გრძნობენ სხვადასხვა გადაწყვეტილების სიმძიმეს. მალე საბა მე-5 კლინიკური საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდება, სადაც ერთ ოთახში მოუწევს ყოფნა და როდესაც ჩაკეტილობის გამო მდგომარეობა გაუმწვავდება, ისევ დაბრუნდება უკან, საავადმყოფოში. ნათია დღესაც ვერ მუშაობს, რადგან მის შვილს 24 საათიანი ზრუნვა სჭირდება.