“ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელიო” ხომ მოგისმენიათ? სიმღერის ეს ტექსტი შემთხვევითი არ არის. საბჭოთა პერიოდში ამ ქალაქს ფაბრიკა-ქარხნების სიმრავლის გამო სამრეწველო დანიშნულება ჰქონდა. დამოუკიდებელ საქართველოში ქუთაისის საპარლამენტო ცენტრად გარდაქმნა ჩაიფიქრეს, მაგრამ არ გამოვიდა და ახლა ქალაქი ისევ ფუნქციის ძიებაშია. როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისი, ამას იტყოდა გენერალური გეგმა, რომელიც ჯერ არ არსებობს.
2021 წლის აპრილში ქუთაისის მერიის დაკვეთით, შპს “გეოგრაფიკმა” მოამზადა ამ გეგმის კონცეფცია, ერთგვარი წინასწარი სახელმძღვანელო. თუმცა, არ ვიცით ვინ და როდის გაწერს ქალაქის გენერალურ გეგმას სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით.
სტატიაში მოგიყვებით, წავიდა თუ არა საქმე წინ ორი წლის განმავლობაში, ბოლოსდაბოლოს, როდის ვიხილავთ ან რა შინაარსის იქნება ქუთაისის გენ.გეგმა და ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს ქალაქის მომავლისთვის.
რატომ სჭირდებათ ქალაქებს გენერალური გეგმა?
გეოგრაფები და ურბანისტები მიიჩნევენ, რომ გენ.გეგმა არის ერთგვარი მომწესრიგებელი და თავიდან გვარიდებს ქალაქების ქაოტურად განვითარებას. სპეციალისტების თქმით, ეს დოკუმენტი ხელსაყრელი უნდა იყოს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ისე ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის. ეს იმიტომ, რომ ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას, გენ.გეგმით იხელმძღვანელებენ და არა თვითნებურად.
“ქალაქს გენ.გეგმა სჭირდება იმიტომ, რომ ურბანული და სივრცითი განვითარება, ასე ვთქვათ, შეთანხმებული სცენარით მიდიოდეს. როცა შემოდის შემოთავაზება ამა თუ იმ ტერიტორიის განაშენიანების, რეკონსტრუქციის შესახებ, გენ.გეგმა ძალიან ეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობასაც, რომ მიიღოს გადაწყვეტიელება და იცოდეს, შემოთავაზება სტრატეგიულად გამართლებული და სასურველია ქალაქისთვის თუ არა,”- გვიხსნის სოსო სალუქვაძე, თსუ-ს პროფესორი, ურბანული გეოგრაფიის სპეციალისტი.
ამ აზრს იზიარებს ურბანისტი ელენე დარჯანიაც. მისი თქმით, გენერალური გეგმის არსებობა უნდა აწყობდეთ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსაც, რადგან ამით საქმე გაუმარტივდებათ – ყველასთან ერთიანი სტანდარტით იხელმძღვანელებენ და არ იქნება საშიშროება, რომ ვინმეს უსამართლოდ მოექცევიან. ის ფიქრობს, რომ გეგმის დოკუმენტი წაადგება ბიზნესსაც, რომელიც წინასწარ გათვლის, რა აკრძალვებს უნდა ელოდეს ამა თუ იმ ქალაქში.
“გენ.გეგმა გაძლევს საშუალებას, შენ, როგორც საჯარო მოხელე, იყო დაზღვეული რაღაცა გადაწყვეტილების მიღებისას. როდესაც ეს დოკუმენტი არ გაქვს, იქმნება რისკები, რომ ვიღაცა გიჩივლებს – რის საფუძველზე მიშლი ან მიკრძალავ?… გენერალური გეგმა, პირველ რიგში, არის თამაშის წესები ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც გაძლევს გარანტიას, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება საკრებულოში, ვინ იქნება მერი, რა და როგორ იქნება პოლიტიკურ არენაზე, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ქალაქის ძირითადად განვითარებას ,”- თქვა ურბანისტმა ელენე დარჯანიამ.
“ასეთი ტიპის დოკუმენტები საჭიროა გეგმაზომიერი განვითარებისთვის, სამშენებლო პროცესების მოწესრიგებისა და დაბალანსებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მან ხელი შეუწყოს ინტერესების შეჯერებას სხვადასხვა აქტორებს შორის. მაგალითად, კერძო სექტორი ან სამეზობლოები… ,“- ამბობს ურბანისტი ნანო ზაზანაშვილი.
რას ამბობს გენერალური გეგმის კონცეფცია?
ქუთაისის მერიამ ქალაქის გენერალური გეგმისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმა 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. კონკურსი გამოაცხადეს და სექტემბერში, გამარჯვებულ კომპანია “დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკს” 600,000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.
მათ დაევალათ სტრატეგიული დოკუმენტების შედგენა, რომელშიც აისახებოდა ქალაქის დაგეგმარების, ტერიტორიული გაფართოების და პოპულარიზაციის კონკრეტული ხედვა. უშუალოდ, გენ.გეგმის კონცეფცია კი 270,000 ლარი დაჯდა.
კონცეფციაზე “გეოგრაფიკთან” ერთად მუშაობდნენ კერძო და დამოუკიდებელი ექსპერტები. მათ შორის იყვნენ არქიტექტორები, ქალაქმგეგმარებლები, გეოგრაფები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ინჟინერ-გეოლოგები, ეკონომისტები და ტრანსპორტის სპეციალისტები.
რამდენიმე საჯარო უწყებიდან რეკომენდაცია/შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, მერიას ამ კონცეფციის საბოლოო ვერსია 2022 წლის 9 თებერვალს ჩაბარდა. საბოლოოდ, გენ.გეგმა სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა გაიწეროს. თუმცა, როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით, უცნობია.
ერთ-ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, შპს “ურბანიკას” ქალაქმგეგმარებელი ირაკლი მურღულია გვეუბნება, რომ მერიასთან გენ.გეგმის ამბავი ერთი თვის წინ მოიკითხა და როგორც მან იცის, დოკუმენტის შესამუშავებლად კონკურსის გამოცხადებას მიმდინარე წელს აპირებენ.
გვსურდა “გეოგრაფიკისგანაც” მოგვესმინა, თუ დაინტერესდნენ, რა გააკეთა მერიამ მათი გაწეული სამუშაოს, ანუ კონცეფციის ჩაბარების შემდეგ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, “გეოგრაფიკის” დირექტორთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა. მისი მობილურის ნომერი გათიშულია, ცხელ ხაზზე კი ჩვენი საკონტაქტო ჩაიწერეს და სულ ტყუილად დაგვპირდნენ, დაგიკავშირდებითო.
რაც შეეხება ქუთაისის მერიას, მათთან კომუნიკაცია ამჯერადაც გაგვიპრობლემდა. ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ გვითხრა, თქვენს კითხვებს კი ვუპასუხებ, მაგრამ ჯერ პრესსამსახურთან შეათანხმეთო. პრესსასახურისგან კი ეს ნებართვა ვერ მივიღეთ. თეონა გიორგაძე ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა.
“თანამედროვე გამოწვევებისა და რეალობის წინაშე, ქალაქმა უნდა მოახერხოს განახლებული, რეალისტური და ამბიციური იდენტობის შექმნა,” – ვკითხულობთ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის შესავალში. მოგიყვებით, უფრო კონკრეტულად, რა იდენტობის შექმნას გულისხმობდნენ ამ დოკუმენტის ავტორები.
კონცეფციაში დაწვრილებითაა განხილული ქალაქის ისტორიული არეალები, კულტურული მემკვიდრეობა, ტურისტული მარშრუტები, მიწათსარგებლობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. დოკუმენტში ქუთაისის ახალი საზღვრების კონტურსაც ადგენს.
მაგალითისთვის, ქალაქმა შესაძლოა შემოიერთოს გუმათის დასახლება, სოფელი ბანოჯა, ყოფილი აეროპორტის და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ქუთაისი-წყალტუბოს მაგისტრალამდე, რიონჰესის დასახლების კერძო სახლების განაშენიანება და რიონის დასახლება ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს მსგავს თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
კონცეფცია ქუთაისის კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურიზმზე?
ორი წლის წინ შემუშავებულ გენ.გეგმის კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მთავრობა უფრო მეტად ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში:
“სასურველია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ისტორიულ-კულტურული კვლევის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის ზონების განსაზღვრა და სხვა.”
შემოთავაზებული აქვთ ასეთი იდეაც, რომ თბილისის მსგავსად ქუთაისშიც დაარსდეს კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომელშიც შედიან დარგის სპეციალისტები, სამინისტროს, მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
რაც შეეხება ტურიზმს, დოკუმენტში ჩამოთვლილი და აღწერილია ქუთაისსა და მის შემოგარენში მდებარე მიმზიდველი ადგილები, რომელთაც განვითარება სჭირდებათ. მაგალითად, წყალწითელას კანიონზე წერენ, რომ მარშრუტი შესაძლოა გახალისდეს ხელოვნური ლანდშაფტით (გადმოსახედები, ბაქნები, მოსასვენებლები) და ექსტრემალური გართობის ობიექტებით (ზიპლაინი, მეკლდეურობა…).
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქუთაისის ცენტრალური მოედანს სჭირდება ჰუმანიზაცია, მაგალითად, საფეხმავლო სივრცეების გაზრდა. პრობლემად მიიჩნევენ ტრანზიტულ მოძრაობას, განსაკუთრებით კი სატვირთო გადაზიდვებს ქალაქის ისტორიულ უბნებში. კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ ჟონეთიდან და რიონის ხეობის კარიერებიდან გადაიზიდება ხოლმე ქვა, რაც უარყოფითად მოქმედებს გარემოზეც და შენობებზეც, ამის მოსაგვარებლად კი აუცილებელია ალტერნატული, ქალაქის ცენტრს აცდენილი ტრაექტორიის დაგეგმვა.
რას ამბობს კანონი გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე?
პარლამენტმა “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” 2018 წელს მიიღო. სწორედ ეს კანონი ადგენს, როგორი გენერალური გეგმა უნდა ჰქონდეთ ქალაქებს.
მაგალითად, კოდექსის მიხედვით, გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს – ფუნქციურ ზონებს; ტერიტორიებს სოციალური, (სკოლა, ბაღი, სოირტის, კულტურის, ჯანდაცვის დაწესებულებები), სატრანსპორტო და ტექნიკური ინფრასტრუქტურისთვის; ბუნებრივი კატასტროფებისთვის საშიშ, არასამშენებლო ტერიტორიებს და კულტურული მემკვიდეობის დამცავ ზონებს.
კანონის მიხედვით, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისას ძირითადი პრინციპია საზოგადოების კეთილდღეობა, სოციალურად სამართლიანი მიწათსარგებლობა, ღირსეული და უსაფრთხო გარემო, არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობითი და ლანდშაფტური სახის ესთეტიკური ხარისხი.
2019 წელს ამოქმედდა კანონი “სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესების შესახებ”, რომელიც ამბობს, როგორ მტკიცდება ქალაქების გენერალური გეგმა.
დოკუმენტის მიხედვით, გენერალური გეგმა მტკიცდება ორ სტადიად. ჯერ, არაუმეტეს 90 სამუშაო დღეში განიხილება და მტკიცდება გეგმის კონცეფცია, მეორე სტადიაზე კი, ასევე არაუმეტეს 90 სამუშაო დღეში უშუალოდ გენერალური გეგმა.
პროცედურები დეტალურად ასეთია – კონცეფციის შემდეგ დგება სკოპინგის ანგარიში, შემდეგ გენ.გეგმა და შემდეგ სგშ (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში). ბოლოს, გენ.გეგმის პროექტსა და სგშ-ზე რეკომენდაციებს გასცემენ გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროები. გენ.გეგმა დამტკიცებულებად ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ ჩაითვლება.
მერიასთან გვქონდა კითხვები, გადავიდა თუ არა გენ.გეგმის მომზადება მეორე სტადიაზე, როდის გამოაცხადებენ კონკურსს საბოლოო დოკუმენტის შესადგენად და ზოგადად, რატომ გაჭიანურდა საქმე ასე, როცა კონცეფცია ორი წლის წინ ჩაიბარეს.
თუმცა, მერია ჩვეულ რეჟიმში გვესაუბრება – პრესსამსახურიდან შემოგვითვალეს, შეგიძლიათ სტატია ჩვენი პასუხის გარეშე გამოაქვეყნოთო.
მასალაში გამოყენებული წყაროები