fbpx
რატომ არ შესრულდა იმერეთის საჯარო მოხელეების დაპირებები

რატომ არ შესრულდა იმერეთის საჯარო მოხელეების დაპირებები ?

ავტორები: შორენა ლაღაძე და თამუნა ქიმაძე

ჩვენ უკვე ორი წელია გიყვებით, რა აწუხებთ იმერლებს და როგორ ზრუნავს მათზე ადგილობრივი მთავრობა. ჩავედით 30-ზე მეტ სოფელში, რომ გაგვეგო, რატომ უწევთ უგზოდ, უწყლოდ თუ უხიდოდ ყოფნა. მოსახლეობასა და მერიებს შორის ერთგვარი შუამავალიც ვიყავით, რომ პასუხისმგებელი პირები შეგვეფხიზლებინა და ინფრასტრუქტურისთვის დროულად მიეხედათ.

ზოგან ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ზოგან კი მერიებმა ფუჭი დაპირებები გასცეს, საბოლოოდ, პრობლემა მაინც მიივიწყეს და ხალხი იმედის თუ მოლოდინის ამარა დარჩა. ამ სტატიაში მოგიყვებით სწორედ იმ ამბებზე, სადაც ადგილობრივი მთავრობების გულგრილობა და უმოქმედობა ჩანს.

უწყლო სოფლები იმერეთში

სამტრედიაში, ილორის უბანში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. შარშან იანვარში გიყვებოდით, რომ აქ წყალგაყვანილობის სისტემა არ აქვთ, სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალს საკუთარი ჭებიდან იღებენ. ზაფხულობით კი, როცა ჭები შრება, მეზობელი სოფლის, ხუნჯულაურის წყაროებიდან უწევთ ზიდვა.

შარშან ვერც მერიაში გვითხრეს და ვერც წყალმომარაგების კომპანიაში, როდის ეღირსებოდა ამ უბანს წყალი. ზუსტ ვადებზე ლაპარაკი, თითქმის ორი წლის შემდეგაც უჭირთ. ილორის მკვიდრმა რამდენიმე დღის წინ გვითხრა, მერია წყალს ამ წლისთვის დაგვპირდაო, მაგრამ კონკრეტულად როდის, ისევ უცნობია.

სამტრედია, ილორის უბანი 2022 წელი
სამტრედია, ილორის უბანი, 2022 წელი

სამტრედიის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ გოგიამ გვითხრა, გერმანიის დაფინანსებით, წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე არხების პრობლემა მთელს ქალაქს მოუგვარდება, პროექტირება დასრულების ფაზაშია და სამუშაოები წელს თუ არა, გაისად აუცილებლად დაიწყებაო.

“მერიამ რომ დაიწყოს ახლა სამუშაოები, გაორება გამოვა. ამიტომ, ველოდებით მის გაკეთებას. ოფიციალურად მიდის დაპროექტებაზე მუშაობა უკვე 5 წელზე მეტია და როგორც ვართ სიტყვიერად ინფორმირებული, სამუშაოები წლის ბოლოს თუ არა, მომავალ წელს მაინც უნდა დაიწყოს.”

დაპირება არც ქორეთის მოსახლეობას შეუსრულეს. საჩხერის ამ სოფელში შარშან აგვისტოში რომ ვიყავით, ადგილობრივები უწყლობას უჩიოდნენ. მაშინ მერის წარმომადგენელი ვაკო ფარქოსაძე გვეუბნებოდა, წყალგაყვანილობის სამუშაოები ამ წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო კომპანია, რომელსაც ეს საქმე ევალება, თურქეთიდან ტუმბოებს ელოდებაო. 2022 წლის ბოლოც გავიდა და 2023-ის ბოლოც მოდის. ქორეთში კი სასმელი წყალი ისევ არ აქვთ. როგორც ირკვევა, სამუშაოები უხეიროდ გაკეთდა, სისტემა ზიანდება და წყალი მაინც წყდება.

“არის კიდევ ხარვეზები, მაგრამ წყალი მიეწოდება სოფელს. წყალკანალს უნდა გადაეცეს, დაქლორილი და ამნაირი რაღაცები არ არის, მიეწოდება ტექნიკურ წყლად – სარწყავად, სარეცხად… დაახლოებით ორ თვეში იქნება მზად. ახლა, ძირითადად, ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე მუშაობენ, ზოგან სკდება ხოლმე [მილები] და მზადდება გადასაცემად,”- გვითხრა ნელი ქამუშაძემ, ქორეთის მერიის ადმინისტრაციის სპეციალისტმა.

წყლის შემოყვანის დაპირება ფუჭი გამოდგა ტყიბულის სოფელ გურნაშიც. აქ წელს თებერვალში ვიყავით და მარანში ასეც გვეხუმრნენ – თუ გინდათ, ღვინოს დაგალევინებთ. ოღონდ, წყალი არ გვაქვსო. გურნას მოსახლეობას უწყლობა განსაკუთრებით აწუხებს ზაფხულში, როცა წყაროები შრება და საკმარისი აღარ არის. სოფელში გვითხრეს, რომ სულ ექვსი წყარო აქვთ და თითოს 10-15 ოჯახი იყენებს.

გურნა 2023 წლის თებერვალი
კისორეთის გზა, 2023 წლის თებერვალი

დალხენილად ვერ არიან ვერც სოფელ კისორეთში. იმერეთის ბევრი სოფლის მსგავსად, აქაც წყალს და გზას ნატრობენ. ახლა სასმელ წყალს სოფლის ჭებიდან ეზიდებიან, რომელსაც ცუდი გემო აქვს, ზაფხულობით კი ესეც შრება.

აშკარაა, რომ პირობების არქონის გამო სოფელი თანდათან იცლება. სოფელში 13 ოჯახია დარჩენილი. ცუდი გზის გამო დროულად ვერ მოდის სასწრაფოც.

თებერვალში სოფელში რომ მივდიოდით, დასახლებულ პუნქტამდე მისაღწევად მოუხრეშავ, ორმოებით სავსე გზაზე ვიარეთ. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რომ არა, მგზავრობას ვერც გავაგრძელებდით.

“ჩვენისთანა გაძაღლებული სოფელი არ ვიცი, თუ არის კიდე სადმე. გზა არაა, მაღაზია ჩვენ არა გვაქვს. ხალხი ვერ მიდი-მოდის, კაციშვილი ჩვენკენ არ იხედება,” – გვეუბნებოდა კისორეთის მკვიდრი ირა ლომთაძე.

გურნასა და კისორეთში ტყიბულის მერის წარმომადგენელი გიორგი ჩივაძეა. მას 26 ოქტომბერს ვესაუბრეთ, თავი შევახსენეთ და მოვიკითხეთ, რა გააკეთეს რვა თვის განმავლობაში ამ ორი სოფლისთვის. წყლის პრობლემის მოგვარებაზე ისევ მომავალ დროში გვესაუბრა.

“გურნაში პროექტი გამზადებულია და მომავალი წლისთის აპირებენ დაწყებას, როგორც არის ინფორმაცია. კისორეთში, ჯერჯერობით, არა. წელს სოფლის პროგრამით გაკეთდა სანიაღვრე არხები რამდენიმე ადგილზე და გზები დაიხრეშა.”

უგზოდ დარჩენილი სოფლები

ხონის მუნიციპალიტეტის მთიან სოფელ ნოღაში, ჯურხაძეების უბანს უვარგისი გზის გამო “ბერმუდის სამკუთხედიც” შეარქვეს. “ისეთი გზაა, ყველას ეშინია და ამოსვლა არავის უნდაო” – ხუმრობდნენ ადგილობრივები შარშან ნოემბერში, როცა მათთან პრობლემების მოსასმენად ჩავედით.

უბანში, წლებია, გზაზე ბეტონის დაგებას ითხოვენ. მოსაწყობია მხოლოდ 900-მეტრიანი გზა, თუმცა, ჯერჯერობით, ყურადღებას არავინ აქცევთ. ადგილობრივებმა გვითხრეს, შარშანწინ გზა მოხრეშეს, მაგრამ დაიტკეპნა და წყალმა წაიღოო. ახლა უბნის გზა ქვებით და კლდოვანი ნატეხებითაა სავსე.

“წვალებით ამოდის მძღოლი ასეთ გზაზე. ბევრჯერ ვიყავით მერიაში მისულები, ბევრჯერ წამოვედით დაპირებებით. ერთადერთხელ, სოფლის პროექტით მოგვიხრეშეს აგერ-ეგერ და დაუდევრად რომ იყო გაკეთებული, ძლიერმა წვიმამ ჩაიტანა ხრეში მთავარ გზაზე,”- გვეუბნებოდა ჯურხაძეების უბნის მოსახლე ნონა ფანცულაია გასულ წელს.

ნოღაში ხონის მერის წარმომადგენელი არსენ უგულავა შარშან გვეუბნებოდა, მე კი ვცდილობ ყველანაირად, მაგრამ მუნიციპალიტეტს გზის შესაკეთებლად საკმარისი ბიუჯეტი არ აქვსო. ჯურხაძეების უბნის ამბავი წელს ოქტომბერშიც მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაციისთვის საკმარისი თანხა ისევ არ აქვთ.

ჭენჭეხის უბნის გზა
ჭენჭეხას უბნის გზა სოფელ ზვარეში, ფოტო: 2022 წლის ოქტომბერი

“ნაწილობრივ მოგვარდა. ბეტონი დავასხით, კილომეტრი კიარა, სადღაც 70-80 მეტრი, იმ ადგილას, სადაც ვერ ადიოდა მანქანა. დანარჩენი მოიხრეშა, მეტი არაფერი. ჯურხაძეების უბანში ბოლოში კიდევ ახალი გზაა გასაჭრელი. ამას მე მარტო ვერ ვწყვეტ, მერის დონეზე წყდება, დიდი სამუშაოები და დიდი ფული უნდა. პატარ-პატარა რაღაცები კი გავაკეთეთ. ინფრასტრუქტურული პროგრამებია დიდი, კილომეტრიანი გზა რომ გაკეთდეს და მაგხელა ფული ჩვენს მერიას ცოტა უჭირს,”- გვითხრა არსენ უგულავამ.

გზა არ აქვთ არც ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ ზვარეში, ჭენჭეხის უბანში, სადაც 15 ოჯახი ცხოვრობს.

“გამგებელი ჩრდილელია. ჩრდილში საერთოდ ასფალტი დააგეს. ამ უბანს კი არ ექცევა ყურადღება. წვიმიან ამინდში მანქანებიც ვეღარ ამოდიან,”- გვითხრეს შარშან “ჭენჭეხას” უბანში.

მაშინ ეს ამბავი ხარაგაულის მერის წარმომადგენელ ბესო დალალიშვილთან რომ მოვიკითხეთ, გვითხრა, გზის დაგება წელს ვერ მოესწრება, მაგრამ თათბირზე უკვე განხილული გვაქვს ეს საკითხი და მომდევნო წლის ბიუჯეტში აუცილებლად ჩავსვამთო.

ოქტომბერში ბესო დალალიშვილს ეს დაპირება რომ შევახსენეთ, ასე გვიპასუხა: “უკვე არის გამოყოფილი 200 ათასი ლარი, მომავალი წლიდან დაიწყება, ტენდერები გამოცხადდება.” გამოდის, პრობლემის მოგვარება კიდევ ერთი წლით გადავადდა.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს რეგიონში ინფრასტრუქტურის პრობლემებზე წერა, გახდით ჩვენი სპონსორი

ბუეთის ჩატეხილი ხიდი

ბუეთი ქალაქ ტყიბულიდან 16 კილომეტრში მდებარეობს. შარშან ზაფხულში სოფლის ერთადერთი ხიდი ადიდებულმა წყალწითელამ წაიღო. “ბონდის ხიდი” საფეხმავლო იყო, აი ისეთი, ბეწვის ხიდს რომ ეძახიან. ახლა კი მისი ბაგირები გაწყვეტილია, ფიცრები კი ჩავარდნილი.

ბუეთის დაზიანებული ხიდი
ბუეთის დაზიანებული ხიდი 2023 წლის თებერვალში

სოფელში 30-მდე მოსახლეა. მათთვის ეს ხიდი მდინარის მეორე მხარეს გადასავლელად ერთადერთი საშუალება იყო. მის გარეშე მეზობელი სოფლის, ხრესილის გავლა მოუწევთ. გაღმა ნაპირას საქონლებს საძოვრებზე უშვებენ, მათ მოსაყვანად კი მდინარეს რეზინის ბოტებით გადალახავენ ხოლმე. ისიც მხოლოდ მაშინ, როცა კარგი ამინდია და წყლის დონე დაკლებულია.

სოფელში ტყიბულის მერის წარმომადგენელი უჩა გაბრიაძე თებერვალში დაგვპირდა, ტენდერს დღე-დღეზე გამოვაცხადებთო. თუმცა, ხიდი ისევ არ აღუდგენიათ და ტენდერი 2023 წლის 5 ოქტომბერს გამოაცხადეს. საინტერესოა, როგორ ესმით ტყიბულში სიტყვის “დღე-დღეზე” მნიშვნელობა.

გაბრიაძეს კიდევ ერთხელ 26 ოქტომბერს ვესაუბრეთ და დაგვიდასტურა, ახლა ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, პრობლემა ფაქტობრივად მოგვარებულიაო.

გამოდის, სოფელი უკვე რვა თვეა ერთადერთი ხიდის გარეშეა და ლოდინი კიდევ მოუწევთ.

ამ სტატიის მიზანია საჯარო მოხელეებს შევახსენოთ, რომ მათ სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს და დაპირებას ქმედებაც მოჰყვებოდეს ხოლმე. იმედი გვაქვს, ისევ გულგრილობას არ გამოიჩენენ და უწყლოდ თუ უგზოდ დარჩენილ მოსახლეობას დროულად მიაქცევენ ყურადღებას.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს რეგიონში ინფრასტრუქტურის პრობლემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
მოუვლელი სკვერები ქუთაისში
მოუვლელი საბავშვო სკვერები ქუთაისში

მოუვლელი სკვერები ქუთაისში

ქუთაისში ორი წლის წინ მოწყობილი 23 სკვერიდან 7 დაზიანებულია

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share