fbpx
baghlinjo

რატომ ვერ ივარგა მთავრობის ბრძოლამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – შეჯამება

აზიური ფაროსანა, იგივე ბაღლინჯო, სოფლის მეურნეობის მტერია, რომელმაც ჩვენამდე 2016 წელს მოაღწია – მასიურად მოედო ჯერ დასავლეთ, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს. 

2017 წლიდან დღემდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ მავნებელ მწერთან ბრძოლას ბიუჯეტიდან 180 მილიონი ლარი დაახარჯა. მათი მიზანი ფაროსანას შემცირება და სოფლის მეურნეობის კულტურების გადარჩენა იყო. 

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის 35 სოფლის მაგალითზე ჩანს, რომ მთავრობის ბრძოლა რვა წლის თავზეც უშედეგოა. მოსახლეობის უმრავლესობა გვიყვება, რომ ეს მწერი არათუ არ გამქრალა, არც კი შემცირებულა. 

ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რატომ ვერ ივარგა მთავრობის მიერ შერჩეულმა ბრძოლის მეთოდებმა, რომელიც მილიონები დაგვიჯდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თუ დავუჯერებთ, „…მინიმუმამდე არის შემცირებული ის ზარალი, რაც უნდა მიეყენებინა ფერმერებისთვის ამ მავნე მწერებს”. 

ამ ფონზე, სრულიად საპირისპიროს ვისმენთ იმერეთის მოსახლეობისგან – ფაროსანას ვერაფერს უხერხებენ და ყოველწლიურ მოსავალს ისევ ზარალობენ. ყველაზე ხშირად, თხილის გაფუჭებას უჩივიან. მოსავალი არც სახლისთვის რჩებათ და არც გასაყიდად. 

სტრატეგია, რომლითაც მთავრობა აზიურ ფაროსანას ებრძვის, 2016-2017 წლებში შემუშავდა და სამი მიმართულება აქვს – საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი და ქიმიური ღონისძიებები, ანუ ხე – მცენარეების შეწამვლა. 

იმერეთში სტრატეგიის შექმნიდან რვა წლის თავზე:

  • საინფორმაციო კამპანიამ არ იმუშავა – მოსახლეობა ვერ ერკვევა, როგორ ებრძოლოს მავნებელს სახლის პირობებში;
  • 35 სოფელში ბაღლინჯო არ მოისპო, უმრავლესობაში – არც შემცირდა;
  • მოსავალი ისევ ზიანდება – ფაროსანა აფუჭებს თხილს, ხეხილს და მარცვლოვან კულტურებს;
  • ზოგიერთ სოფელში, ქიმიურმა ღონისძიებებმა ფაროსანას ნაცვლად სასარგებლო მწერები გააქრო;
  • შემწამლავი მანქანა მხოლოდ ძირითად გზაზე დადის, რის გამოც წამალი ეზოებში, ბოსტნებში, ყანებსა და სავარგულებში ვერ ხვდება. 

სტრატეგიიდან ყველაზე სუსტი, საინფორმაციო კამპანია აღმოჩნდა. იმერეთის 6 მუნიციპალიტეტის 24 სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ არ იციან როგორ ებრძოლონ მავნებელ მწერს. გვიყვებიან, რომ ეს მათთვის არავის უსწავლებია, სატელევიზიო რეკლამები კი უნახავთ, მაგრამ დიდად არც ის გამოადგათ. ვერც საინფორმაციო შეხვედრებს იხსენებენ. ინფორმაციის მისაღებად ისინი არც საიტს იყენებენ და არც “STOP ფაროსანა” ფეისბუქ გვერდს. იმერეთის 13 სოფელში ვერ ვიპოვეთ ერთი ადამიანიც კი, ვინც იტყოდა, რომ აღნიშნული ფეისბუქ გვერდი ან საიტი farosana.ge გაუგია და გამოსდგომია.

ფაროსანას სრულად მოსპობა შეუძლებელია, თუმცა მისი რაოდენობის შემცირება ისე, რომ მოსახლეობა ნაკლებად დააზარალოს – შესაძლებელი. ამისთვის, გამოსავალია: 

  • ინტენსიური კვლევები: მავნებელთან ბრძოლის მეთოდის დასადგენად, უნდა გამოვლინდეს ბუნებრივი მტრები; სრულფასოვნად ამუშავდეს ბიოლოგიური ლაბორატორია;
  • ინფორმირებულობა: სოფლის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ცოდნა და ინსტრუმენტები, რომ მავნებელს საკუთარი ძალებითაც გაუმკლავდნენ;
  • კომბინირებულად, ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა: ქიმიური შეწამვლა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენონ, რათა არ დაზიანდეს გარემო და ბუნებისთვის სასარგებლო მწერები;
  • სპეციალისტების მომზადება: ახალი თაობის ჩართვა აგრარული სფეროს განვითარებაში, მათი დატრენინგება და თანამედროვე ცოდნით აღჭურვა.

საბოლოოდ, აშკარაა, რომ სოფლის მეურნეობის მტერი აზიური ბაღლინჯო იმერეთში ისევ მრავლადაა და მოსახლეობა ზიანის შემცირებას რვა წლის თავზეც ვერ გრძნობს. სტრატეგია გადასახედია, არსებობს გამოსავლის გზებიც. ახლა, ჯერი სურსათის ეროვნულ სააგენტოზეა, შეისმენს კრიტიკას და შეცვლის ბრძოლის მეთოდებს თუ გააგრძელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტიან ხარჯვას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რატომაა მეწყრის საფრთხე ქუთაისში, გაფრინდაშვილის ქუჩაზე? 
მეწყერის საფრთხე ქუთაისში

რატომაა მეწყრის საფრთხე ქუთაისში, გაფრინდაშვილის ქუჩაზე? 

რას აპირებს ქუთაისის მერია საფრთხის გასანეიტრალებლად

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share