იგეგმება თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, რაც გულისხმობს 12 სადგურის განახლებას. ამისთვის, 55,6 მილიონი ევრო უნდა დავხარჯოთ. 50,6 მილიონი “იბიარდმა” გვასესხა, 5 მილიონი კი “მწვანე კლიმატის ფონდმა” გვაჩუქა, გრანტის სახით.
ჯერჯერობით, ბუნდოვანია, როგორ აპირებს თბილისის მერია ამ თანხის განკარგვას. ვიცით მხოლოდ ის, რომ 2029 წლამდე უნდა რეაბილიტირდეს 12 სადგური, მაგრამ კონკრეტულად რომლები ან როდის, უცნობია.
მერიას ჯერ არ აქვს რეაბილიტაციის გეგმა, სამუშაოების ჩამონათვალი, მეტროსადგურების დაკეტვის და მოქალაქეებისთვის ალტერნატიული ტრანსპორტის შეთავაზების სტრატეგია. აქამდე, არც ტენდერი გამოცხადებულა.
სატრანსპორტო კომპანიაში გვეუბნებიან, რომ შეიმუშავეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მაგრამ ეს დოკუმენტი არ მოგვაწოდეს.
თბილისის მეტრო მგზავრთა ნაკადს რომ ვერ ატარებს და ფეხით მოსიარულეებიც საცობებში დგანან, ამ პრობლემას უფუნქციო ამოსასვლელების განახლება მოაგვარებდა. მაგალითად, “ახმეტელის თეატრთან” და “მარჯანიშვილთან”, სადაც გვირაბები უკვე გაყვანილია. ამ ეტაპზე, მერია იკვლევს, ღირს თუ არა ამ ამოსასვლელების გაცოცხლება.
“აი, ფაქტის” ჟურნალისტები თვენახევრის განმავლობაში სწავლობდნენ, რა პრობლემები აქვს თბილისის მეტროს ახლა და რაში წაგვადგება 12 სადგურის მოდერნიზაციის პროექტი, ესაუბრნენ ქალაქის მთავრობას და ურბანული ტრანსპორტის დაგეგმვაში გარკვეულ სპეციალისტებს. მთავარი სირთულე კი საჯარო ინფორმაციებზე დროული და ამომწურავი პასუხის მიღება იყო.
ამ ამბავზე სრულ მასალას ქვემოთ მოცემულ ბმულზე წაიკითხავთ.