fbpx
verifikacia

როგორი ვერიფიკაციის აპარატი დაგვიცავდა “კარუსელით” გაყალბებისგან?

ავტორები: მანანა ღოღობერიძე და ეთო მიდელაშვილი

26 ოქტომბრის არჩევნებზე არაერთ უბანში ტრიალებდა “კარუსელი” – ზოგიერთი ამომრჩეველი ერთზე მეტ ხმას აძლევდა, უბანზე განმეორებით შედიოდა და ბიულეტენს სხვის ნაცვლადაც აფერადებდა. რეგისტრირდებოდნენ სრულიად სხვა გარეგნობის, სხვა ასაკის, ან სულაც – სხვა სქესის ადამიანის დოკუმენტით. ამ აშკარა შეუსაბამობაზე კი რეგისტრატორი “თვალს ხუჭავდა”.

ცესკოს “ნეიტრალური” კომისიის წევრები არც იმას იმჩნევდნენ, რომ პასპორტებში სახელდახელოდ, წებოვანი ლენტით იყო ჩაკრული ნაგლეჯი ფურცელი, რომელზეც სხვისი პირადი ნომერი ეწერა.

მარნეულის საარჩევნო უბანი
მარნეულის 50-ე უბანი, ფოტო: wevote.ge

წესით, ეს დარღვევა დამკვირვებლების თვალს უნდა შეემჩნია, მაგრამ მათ რეგისტრაციის მაგიდას არ აკარებდნენ. ამიტომ, “კარუსელის” აღმოჩენა კომისიის წევრების კეთილსინდისიერების იმედად დარჩა. რამდენად კეთილსინდისიერად იმუშავებდნენ ისინი, თავად განსაჯეთ. ჩვენ იმერეთის მაგალითზე გიყვებოდით, რომ ცესკოს მიერ არჩეულ “ნეიტრალურ” წევრთა რიგებში, ძირითადად, მმართველი პარტიის მომხრეები იყვნენ

რეგისტრატორების მსგავსად, “ბრმა” იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეძენილი ვერიფიკაციის აპარატებიც. არ შეეძლოთ დადგენა, უბანზე იმ ამომრჩეველმა მოიტანა თუ არა პირადობა/პასპორტი, ვისაც ის ნამდვილად ეკუთვნოდა. 

ჩვენ გავარკვიეთ და ამ ჟურნალისტური გამოძიებით გიყვებით, რა ნაბიჯები არ/გადადგა ცესკომ იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე სანდო და მანიპულაციებისგან დაზღვეული ვერიფიკაციის აპარატი გვქონოდა. 

შევისწავლეთ შესყიდვის დოკუმენტები, ტექნოლოგიური არჩევნების საერთაშორისო მოდელები, ვესაუბრეთ 20-მდე ადამიანს – არჩევნების მკვლევრებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომლებს, ასევე ოპოზიციონერებს როგორც ცესკოში, ისე მის გარეთ, პროგრამისტებს და პერსონალურ მონაცემთა ექსპერტებს. ჩვენი სტატიიდან გაიგებთ:

  • რისგან დაგვიცავდა ვერიფიკაციის აპარატის ალტერნატიული მოდელი – სახის/თვალის ბადურის/ თითის ანაბეჭდის ამომცნობი;
  • შეეძლო თუ არა ცესკოს ისეთი აპარატის ყიდვა, რომელიც ID ბარათთან ერთად, პასპორტსაც თავისუფლად წაიკითხავდა;

აღიქვამდა თუ არა “სმარტმატიკის” აპარატები ID ბარათსაც და პასპორტსაც? 

26 ოქტომბრის პროპორციულ არჩევნებზე გაყალბების მთავარი სქემის მთავარი ატრიბუტი პასპორტი და მასში ჩაკერებული პირადი ნომრები იყო. ცესკო გვეუბნებოდა, ვერიფიკაციის აპარატი მხოლოდ ID ბარათს კითხულობს და თუ პასპორტით მიხვალთ, რეგისტრატორმა მონაცემები ხელით უნდა აკრიფოსო. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ რეგისტრატორებს ხელით შეჰყავდათ უბრალოდ ზეპირად ნაკარნახევი, ან ფურცლის ნაგლეჯიდან ამოკითხული პირადი ნომერიც. 

ცესკოს დატრენინგებული კომისიის წევრები

ცესკოს მიერ დატრენინგებული კომისიის წევრები იქცეოდნენ ისე, როგორც ასწავლეს – ვერიფიკაციის აპარატის მარცხენა ვერტიკალურ ჭრილში ათავსებდნენ მხოლოდ ID ბარათს. ამ ჭრილში განთავსებულია ე.წ. MRZ წამკითხველი, ანუ  Machine Readable Zone. ეს ერთგვარი სკანერია, რომელიც ლაზერული სხივით აფიქსირებს და ამოიცნობს პერსონალურ მონაცემებს, კონკრეტულად კი MRZ კოდს. ეს 2-3 ხაზიანი უნიკალური კოდი ყველა ადამიანის პირადობის ბარათისა და პასპორტის ქვედა მხარესაა და შეიცავს სიმბოლოებს, ასოებს, ციფრებს. 

ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, თუ ასეთი კოდი პასპორტსაც აქვს და ID ბარათსაც, მაშინ რით აიხსნება, რომ ცესკოს შეძენილი აპარატის MRZ წამკითხველი მხოლოდ ID ბარათს აღიქვამდა?

ეს შეზღუდვა Smartmatic International-ის ჩანაფიქრი არ არის. აპარატის ფუნქციური მახასიათებლები ცესკომ გადაწყვიტა. სურვილის შემთხვევაში, კომპანია ჩვენც მოგვაწვდიდა პასპორტის “წამკითხველ” აპარატებს, ზუსტად ისე, როგორც, მაგალითად, ალბანეთს და სომხეთს მიაწოდა. 

[რეგისტრატორი ასკანერებს პასპორტს სომხეთის არჩევნებზე, 2017 წელი. ფოტო: სომხეთის ცესკო ]

ახლა დაწვრილებით მოგიყვებით, როგორი ვერიფიკაციის აპარატი დაუკვეთა ცესკომ და რა ალტერნატივებზე თქვა უარი. ცესკომ Smartmatic International-ისგან  შეიძინა VIU desktop 800 სერიის ვერიფიკაციის აპარატი, კონკრეტულად კი ამ სერიის ახალი მოდელი – VIU desktop 818-100. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ ცესკო თავიდან ისეთი აპარატების შესყიდვასაც მოიაზრებდა, რომელსაც პასპორტის “წაკითხვა” არ გაუჭირდებოდა. 

“[შემოთავაზებული] აპარატი ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს, როგორც ციფრული, ასევე მანუალური ძებნის სისტემის საშუალებით, კერძოდ: MRZ წამკითხველის საშუალებით შესაძლებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტისა ან/და ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) გატარება/წაკითხვა. საჭიროების შემთხვევაში, აპარატი შესაძლებლობას იძლევა, რომ ამომრჩევლის მონაცემები ხელით იქნეს შეყვანილი…”, – ვკითხულობთ ცესკოს მიერ მომზადებულ ტექნიკურ დავალებაში.

პასპორტის დასკანერება რომ შეუძლებელი ამოცანა არ იყო და ნების შემთხვევაში, Smartmatic International-ი ამ ფუნქციასაც უზრუნველყოფდა, მათი ოფიციალური ვებგვერდიდანაც დასტურდება:

“VIU Desktop 800” სერიის აპარატებს შეუძლიათ ამოიკითხონ მონაცემები როგორც ID ბარათიდან, ასევე პასპორტიდან… ყველა ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია სახელისუფლებო ორგანოებისთვის და შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ…”. ჰოდა, ცესკომაც გადაწყვიტა.

სმარტმატიკის სქრინი
სქრინი “სმარტმატიკის” ვებგვერდიდან

ამ მოდელის აპარატს პასპორტის “წაკითხვის” შესაძლებლობა რომ ჰქონდა, ეს 13 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაადასტურა თავად ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსმა და Smartmatic-ის შესყიდვაში ტექნიკურ-საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა, გიორგი სანტურიანმა. 

“ამგვარი შესაძლებლობა ვერიფიკაციის აპარატს აქვს, მაგრამ ჩვენი პასპორტები არ ტარდებოდა იქ და თავიდანვე იყო ეს გაცხადებული. ახლა კი არ შეიცვალა, დადგენილებაში თავიდანვე იყო ჩაწერილი ასე”, – თქვა სანტურიანმა. კითხვაზე, მაშინ, რა აქვს ჩვენს პასპორტს ისეთი, რაც სხვა ქვეყნებისას არ აქვსო, უპასუხა – პასპორტების სპეციფიკას არ ვიცნობო. ეს სპეციფიკა ჩვენ გავიცანით და მოგიყვებით, რასთან გვაქვს საქმე.

როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, ცესკოს პასპორტის ამოცნობის შეზღუდვა შეეძლო, თუ MRZ სკანერს მხოლოდ პირადი ნომრის “წაკითხვას” დაავალებდა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ID ბარათის და პასპორტის MRZ კოდები განსხვავებულია: პირადობის 11-ნიშნა კოდი დატანილია მხოლოდ ID ბარათის MRZ-ში. პასპორტის MRZ კი მხოლოდ ჩვენს დაბადების თარიღს და პასპორტის ნომერს მოიცავს. 

passport mrz
სომხეთის ვერიფიკაციის აპარატი, ფოტო: 2017 წლის 30 მარტი, სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერ გიორგი ლუბარეცის აზრით, რადგან ცესკოს ვერიფიკაციის აპარატები ჩიპის წამკითხველით არაა აღჭურვილი და MRZ-ზეა მორგებული, პასპორტსაც მშვენივრად წაიკითხავდა, მცირე პროგრამული ცვლილებების შედეგად:

“არც აპარატულად იქნებოდა პრობლემა და არც პროგრამულად. აპარატებში პირად ნომრებთან ერთად, პასპორტის ნომრებიც უნდა შეეყვანათ. მონაცემთა ბაზაში უბრალოდ ერთ-ერთ დამატებით სვეტში იქნებოდა პასპორტის ნომრები. სავარაუდოდ, ეს ადმინისტრაციულ ხარჯებს გაზრდიდა, მაგრამ სკანერის შეცვლა, ალბათ, არ იქნება აუცილებელი. ის უბრალოდ MRZ-ს კითხულობს, იმისდა მიუხედავად, რა არის დოკუმენტი. ამიტომ, აპარატში კი არ იქნება შეზღუდვა, პროგრამულ უზრუნველყოფაში იქნება”. 

ამ ვერსიას ადასტურებს ცესკოც. პრესსამსახურს ვკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ ვერიფიკაციის აპარატში პირად ნომრებთან ერთად პასპორტის ნომრებსაც ჩატვირთავდით, ხომ ჩვეულებრივად აღიქვამდა-თქო? რაზეც გვიპასუხეს,  ამომრჩეველთა სიები როგორც ფორმირდება, ისეა ფორმირებული სკანერიც, სიაში მთავარი იდენტიფიკატორი კი პირადი ნომერიაო. 

პასპორტის სკანირება სმარტმატიკით
პასპორტის სკანირება “სმარტმატიკის” აპარატზე ალბანეთში, 2023 წელს

“სმარტმატიკისგან” შეძენილი ვერიფიკაციის აპარატებით ტექნოლოგიური არჩევნები 2021-2023 წელს ჩატარდა ალბანეთში, იქამდე, 2017 წელს კი ჩვენს მეზობელ სომხეთში. ორივე მათგანმა გამოიყენა იმავე, VIU-800 სერიის აპარატები, კონკრეტულად კი შემდეგი მოდელები: VIU-desktop 818 და VIU-815. ორივე მოდელი კითხულობდა ID-ის, პასპორტს და ამომრჩევლის თითის ანაბეჭდს.

ალბანეთის და სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიების ვიდეომასალაში ნათლად ვხედავთ, რომ რეგისტრატორი პასპორტის ერთ ფურცელს ვიწრო ჭრილში ათავსებს და ასკანერებს.

სომხური და ალბანური პასპორტები ქართულისგან იმით განსხვავდება, რომ შედარებით მყარი და ლამინირებულია ის ერთი გვერდი, რომელზეც პირადი მონაცემები, მათ შორის, MRZ კოდია დატანილი. შესაძლოა, ვინმემ არგუმენტად მოიყვანოს, რომ ჩვენი პასპორტები აპარატის ჭრილში თავისუფლად ვერ გაივლიდა, არაპლასტიკურობის გამო.

თუმცა, ამ შემთხვევაში, გაგახსენებთ, როგორ ვათავსებთ სწორედ საქართველოს არალამინირებულ, ქაღალდის პასპორტებს თურქეთის აეროპორტში, WI-FI-ის ჯიხურის ვიწრო სკანერში. შედეგად კი პასპორტის ფურცლები არც ზიანდება და არც იხევა.

passport verification

გარდა ამისა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, არც სომხური პასპორტის ფურცლებია ისეთი მყარი, რომ პლასტიკურ ID ბარათს უდრიდეს. [ვიდეოში 07:20 წუთზე ჩანს, როგორ ფრიალებს და იდრიკება პასპორტის ერთი ფურცელი სკანერში მოთავსებისას]

როგორც ირკვევა, ცესკომ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, თუ როგორი აპარატები შეეძინა – საქმის კურსში არც ოპოზიცია ჩაუყენებია, არც სხვა დაინტერესებული მხარეები. გაუმჭვირვალობის პრობლემას სტატიის სხვა თავებშიც ბევრჯერ წააწყდებით.

“როცა კანონი მაძლევს უფლებას, რომ პასპორტითაც მივიღო მონაწილეობა და მანქანა ციფრულად ამ დოკუმენტს ვერ აიდენტიფიცირებს, უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ეს კანონის კი არა,  ცესკოს ბრალია, რომ არ შეიძინა ისეთი მანქანა, რომელიც პასპორტსაც აღიქვამდა. ანუ, აქ “ლუფტი”[ხვრელი] ძალიან დიდი გახდა… სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს მომენტი როდის გადაწყდა… ვფიქრობ, რომ ეს ცესკოს მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. ვისთან შეთანხმდა და როგორ, სახელისუფლებო ვერტიკალში, არ ვიცი. თუმცა, საჯარო განხილვები რომ არ ყოფილა, ეს ზუსტად ვიცი”, – გვითხრა “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” დამფუძნებელმა კოკა კანდელაკმა, რომელიც არჩევნებს 1990-ანი წლებიდან სწავლობს და აკვირდება.

როგორც ჩანს, საარჩევნო ადმინისტრაციას პასპორტის სკანირება აუცილებლად არ მიაჩნდა, რადგან ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც გვიმტკიცებს, რომ პასპორტის გამოყენებით დარღვევებზე არაფერი სმენია. 

“არ ვიცი, არ ვფლობ ინფორმაციას რა ჰქონდათ ჩაკრული, რატომ ჰქონდათ ჩაკრული. პროცედურა უნდა განხორციელებულიყო კანონით დადგენილი წესით. შესაბამისი გადამზადება ჰქონდა გავლილი საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს… როგორც მე ვიცი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებსაც ჰქონდათ შესაბამისი გადამზადება გავლილი. შესაბამისად, იქ  რატომ, რისთვის ჰქონდათ აღნიშნული ფურცლები ჩაკრული, ამაზე ჩემი პასუხი იქნებოდა ძალიან არასერიოზული”. 

როგორ ვიყიდეთ “სმარტმატიკის” ვერიფიკაციის აპარატები?

სმარტმატიკის დასაწყობებული ვერიფიკაციის აპარატი
“სმარტმატიკის” ვერიფიკაციის აპარატი საწყობში, ფოტო: სატენდერო დოკუმენტაცია

არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენება, ეტაპობრივად, 2018 წლიდან დავიწყეთ – შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დროს. რეფორმის ფარგლებში, ცესკომ ჯერ ელექტრონული ხმის მთვლელები შემოიტანა – გამჭვირვალე ყუთი ბიულეტენის სკანერმა და შავმა ყუთმა ჩაანაცვლა. ოთხი წლის შემდეგ კი უბნებზე ვერიფიკაციის აპარატებიც გამოჩნდა, რომელმაც ტრადიციული, ქაღალდის სიების ფუნქცია შეითავსა. 

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ვერიფიკაციის აპარატები Smartmatic-მა მოგვაწოდა. ცესკომ ამ კომპანიას, ჯამში, 62 მილიონი ლარი გადაუხადა. ამ თანხით, კომპანიას  აპარატების მოწოდებასთან ერთად, პროგრამული უზრუნველყოფაც დაევალა. 2023 წლის ივნისში გამოცხადებულ ტენდერში Smartmatic ერთადერთი მიმწოდებელი იყო, კონკურენტი არ ჰყოლია. 

სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული ფასების ცხრილიდან ვიგებთ, რომ ცესკო-მ 6 686 ვერიფიკაციის აპარატი შეისყიდა. ერთი მათგანის ღირებულება 1 003 დოლარია.  ჯამურად კი მხოლოდ ამ აპარატებში 6.7 მილიონ დოლარზე მეტი გადავიხადეთ. 

Smartmatic International-ის წინადადების შესაფასებლად შექმნეს სპეციალური ტექნიკურ-საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც შესყიდვების სააგენტოს და ცესკოს ორ-ორი თანამშრომელი შედიოდა: ცესკოდან – გიორგი სანტურიანი და გიორგი სტურუა, შესყიდვებიდან – ხარიტონ შალამბერიძე და ნინო გამრეკელი. იმ დოკუმენტაციიდან, რაც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არის ატვირთული, ვიგებთ, რომ Smartmatic International-მა დააკმაყოფილა ცესკოს შემდეგი მოთხოვნები:

  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული ორი ტექნოლოგიური არჩევნები, რომელშიც არანაკლებ 3.1 მილიონამდე ამომრჩეველი მონაწილეობდა;
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შემოთავაზებული აპარატების ანალოგის მინიმუმ ერთხელ გამოყენება რომელიმე ქვეყნის ეროვნულ, მუნიციპალურ, ან რეგიონულ არჩევნებში;
  • ამ აპარატების წარმატებული მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი დამკვეთი საარჩევნო ადმინისტრაციებისგან;
  • აპარატურის წარმატებული მუშაობის დამადასტურებელი აუდიტის დასკვნა.

Smartmatic International-ი 1985 წელს ნიდერლანდებში დაფუძნდა, მისი მშობელი კომპანია კი დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული SGO corporation limited-ია. კომპანიის წარმომადგენლები ჰოლანდიის, ესპანეთის, ვენესუელის, ეგვიფტისა და ბულგარეთის მოქალაქეები არიან, სამუშაო ოფისები კი აქვთ აშშ-ში, ტაივანში, ლონდონში, ნიდერლანდებში, ესტონეთსა და პანამაში. მათი ტ ექნოლოგიების გამოყენებით 70-ზე მეტი არჩევნები ჩატარდა, როგორც აშშ-სა და ევროპის, ისე აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოში “სმარტმატიკის” ტექნოლოგიები გამოვიყენეთ 2021 წლის თვითმმართველობისა და 2022-2023 წლის შუალედურ არჩევნებშიც.

როგორც გავარკვიეთ, Smartmatic International-ის წარმომადგენლობა აქვს ირაკლი ხორბალაძეს. ის აპარატების პოპულარიზაციისთვის პრეზენტაციებსაც აწყობდა. ხორბალაძე გახლავთ ელექტრონული არჩევენების პროექტის ავტორი. ის 2021 წლის საცდელ არჩევნებს ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ხორბალაძე - საარჩევნო ტექნოლოგიების პრეზენტაცია
ირაკლი ხორბალაძე “სმარტმატიკის” ტექნოლოგიების პრეზენტაციისას, 2020 წლის დეკემბერი

“სანამ Smartmatic-ი ცესკოს ტენდერში გაიმარჯვებდა, იქამდე, ამ აპარატების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციასაც და ყველას გაგვაცნო ირაკლი ხორბალაძემ, რომელიც ახლა უკვე ცესკოსთან მუშაობს. დადიოდა პარტიებში და აცნობდა ყველას დადებით მხარეებზე. ეს იყო, დაახლოებით, 2020-ის არჩევნების შემდეგ”, – გაიხსენა ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა ანა კობახიძემ. 

ირაკლი ხორბალაძე “კარგი მმართველობის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. 10 წელზე მეტია მუშაობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებაზე, 2012-2016 წლებში იყო ცესკოს კომისიის წევრი “ქართული ოცნების” კოალიციიდან, კონკრეტულად, “რესპუბლიკური პარტიიდან”, ხოლო 2013 წელს, თამარ ჟვანიას თავმჯდომარედ არჩევასაც დაუჭირა მხარი. 

როგორც ჩანს, ხორბალაძე ცესკოში ყოფნისას მმართველ პარტიასთანაც კომფორტულად იყო. იმის მიუხედავად, რომ “რესპუბლიკურ პარტიას” 2012-2015 წლებში 11 200 ლარი შესწირა, შემდეგ “ქართული ოცნების” დაფინანსებაზე გადავიდა და 2015 წლის ოქტომბერში, ერთჯერადად, 10 000 ლარი ჩაურიცხა. 

ბიომეტრიის ამოცნობა, როგორც “კარუსელის” დამზღვევი 

26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული იყო სამი ტიპის მანქანა – ვერიფიკაციის აპარატი, ხმის მთვლელი და პლანშეტი. არც ერთ ამ ხელსაწყოს არ ჰქონია ამომრჩევლის ამოცნობის უნარი – სახით, თვალით ან თითის ანაბეჭდით, ანუ ბიომეტრიული მონაცემებით. ეს ფუნქცია მხოლოდ ცესკოს “ნეიტრალურ” კომისიის წევრს მივანდეთ. 

“ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას”, – ვკითხულობთ საქართველოს საარჩევნო კოდექსში. 

“აი, ფაქტთან” საუბარში საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი წევრები და პოლიტიკის ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ არჩევნებზე ბიომეტრიის ამომცნობი რომ გვქონოდა, “კარუსელით” გაყალბების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

2021 წლის ივნისში, ერთ-ერთ სიმულაციურ კენჭისყრაზე ცესკომ ეს თავადაც გამოსცადა, საპილოტე არჩევნებისას. მოქალაქის იდენტიფიცირება ჯერ პირადი ნომრით ხდებოდა, შემდეგ კი სახის სკანერით. 2021 წელს როცა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, “ქართულ ოცნებასთან”  მემორანდუმი გააფორმა, სადაც ნახსენები იყო თითის ანაბეჭდის მექანიზმიც. როგორც ჩანს, ცესკომ ეს ვერსიები დაიწუნა და საბოლოო არჩევანი “ბრმა” აპარატებზე შეაჩერა, რომელიც “კარუსელის” რისკებს არ გამორიცხავდა. 

ამომრჩევლის თითის ანაბეჭდით ვერიფიკაცია ხდებოდა სომხეთში, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ალბანეთში, 2021-2023 წლების არჩევნებზე. ორივეგან Smartmatic-ის ტექნოლოგია გამოიყენეს. მაშინ, რატომ იყო შეუძლებელი, იგივე პრაქტიკის საქართველოში გადმოტანა? 

“ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი – შემოწმება მოხდეს იმით, რაზეც ხელი არ მიუწვდება ადამიანს… სანამ ამომრჩევლის ვერიფიკაცია არ მოხდება ბიომეტრიით, ყოველთვის გააყალბებენ არჩევნებს. მაგალითად, არის აპარატები, როცა ბიულეტენს ვერ აიღებ ისე, თუ თითს არ დაადებ, მანქანა ადასტურებს ანაბეჭდს, გაძლევს ბიულეტენს და მიდიხარ კაბინაში. არსებობს ისეთი ვარიანტებიც, როცა ყუთში ბიულეტენს ვერ ჩააგდებ, თუ ეს ბიომეტრიული შემოწმება არ გაქვს გავლილი”, – გვითხრა პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა. მას არაერთი საერთაშორისო მოდელი აქვს შესწავლილი და ელექტრონული არჩევნების შემოღებას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ითხოვდა.

სომხეთის არჩევნები - 2017 წელი
სომხეთის 2017 წლის არჩევნები, ფოტო: სომხეთის ცესკო

კოტე კანდელაკი სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია, არჩევნებს 1990-ანი წლებიდან აკვირდება და საარჩევნო კოდექსის შემუშავებაშიც მონაწილეობდა. კანდელაკი გვეუბნება, რომ ცესკოს მიერ შეძენილმა ვერიფიკაციის აპარატმა მხოლოდ ერთი კომპონენტი გაამარტივა – ქაღალდის სამაგიდო სიები ციფრულმა სიებმა შეცვალა. გაყალბებისთვის ყველაზე დელიკატური საკითხი, ამომრჩევლის ვინაობის დადგენა კი ისევ პრობლემური დარჩა.

“სხვა მოლოდინები გაჩნდა ვერიფიკაციის აპარატის მიმართ, რაც არ მესმის, რადგან სიახლე არაფერი ყოფილა, გარდა იმისა, რომ ამომრჩეველი სწრაფად რეგისტრირდება. თვალსაჩინო იყო, რომ ეს აპარატი “კარუსელის” პრევენციას ვერ შეძლებდა. შენარჩუნდა რისკები, რაც მანამდე იყო, ვთქვათ, სხვის ნაცვლად და მრავალჯერადად ხმის მიცემა… იქეთა მხრიდან არგუმენტი იყო, რომ აი, მარკირება ხომ არის? იმ არგუმენტსაც იშველიებდნენ ეკრანზე ამოვა მთლიანი ფოტო და დამკვირვებელიც დაინახავსო. თუმცა, წელს დამკვირვებლებისთვის ამის საშუალება რომც მიეცათ, ძალიან რთული იქნებოდა ვინაობის დადგენა, მთელი დღე გაუნძრევლად უნდა იდგე… ამიტომ, ბიომეტრია არის იდეალური საშუალება… როგორც, ვთქვათ, საზღვრის კვეთის დროს…”, – გვიხსნის კოტე კანდელაკი.

biometric voter

იმავეს ფიქრობს აკაკი ხუსკივაძეც. ის არჩევნებს 1995 წლიდან აკვირდება. 2007-2019 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,  ორი წლის განმავლობაში კი ცესკოს სწავლების მთავარი სპეციალისტი იყო. ამჟამად, “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” თავმჯდომარეა. 2024 წლის არჩევნებზე კი საინიციატივო ჯგუფ “დააკვირდის” ტრენერი იყო და 1 000-მდე დამკვირვებელი გადაამზადა. 

“საჯაროდ ვწერდით, რომ არ შეიძლებოდა ამ თამაშში შესვლა – წინასწარ იყო ათით ნული. თითქოს ხმას გვიკმენდნენ, რომ ხალხში მოტივაცია არ დავარდნილიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცესკო, ეს არის – ერთი ადამიანი, ერთი ხმა. ამას უზრუნველყოფს თითის ანაბეჭდი ან სახის სკანირება. ანაბეჭდი უნიკალურია და ასეთ შემთხვევაში, შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ორჯერ მისცეს ხმა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ყველა შეხვედრაზე აფიქსირებდა, ეს ჩამორჩენილი აფრიკული მეთოდიაო. ეს გაუკუღმართებული შეხედულება და ხალხის შეცდომაში შეყვანაა. იმასაც ამბობენ, ევროპის ქვეყნებში ამას არ იყენებენო… უკაცრავად, ევროპაში ადამიანს არც ის მოუვა თავში აზრად, რომ ვიღაცას ბიულეტენში ჩახედოს…” – გვიყვება ხუსკივაძე, რომელიც ჩვენთან საუბარში იმასაც იხსენებს, რომ ვერიფიკაციის აპარატები ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და უცხოელი პარტნიორების შეთავაზება სულაც არ ყოფილა, ის ცესკოში  “ქართული ოცნების” მესვეურებმა “დიდი ხალისით დაამატეს.” 

იმავეს გვიდასტურებს კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა. ის არჩევნებს ოც წელზე მეტია აკვირდება და არჩევნების ადმინისტრირების პროცესებსაც კარგად იცნობს. 

“თავიდან ვერიფიკაციის აპარატი ოპოზიციის მოთხოვნაში არ შედიოდა, თვითონვე შემოაგდეს ეს თემა და ვფიქრობ, მაშინვე განსაზღვრული ჰქონდათ, რაშიც გამოიყენებდნენ. საპილოტე არჩევნებში, მაგალითად, ცაიშში, ვერიფიკაციის აპარატები არ ყოფილა, ჩვეულებრივი სამაგიდო სია იყო ამობეჭდილი. შემდეგ ან ამათ მოიფიქრეს, ან ვიღაცამ ურჩია, რომ დაემატებინათ… ყველაზე კარგი იქნებოდა, ვერიფიკაცია თვალის გუგით, მაგრამ მაშინ დათვალეს და ძალიან ძვირი გამოდიოდა. თუ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მოინდომებდნენ, უკეთესი, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ რაც სჭირდებოდათ, თავიდან ბოლომდე ის მოირგეს…” . 

ამომრჩევლის ბიომეტრიულ შემოწმებას მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. მათი უმრავლესობა აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებია. ევროპასა და ამერიკაში კი ხმის მიცემა, ძირითადად, ტრადიციული, ქაღალდის ბიულეტენების მეთოდით, ფოსტით, ან დისტანციურად ხდება.

ჰაიტის 2010 წლის არჩევნები
ჰაიტი, smartmatic-ის აპარატზე თითის ანაბეჭდით ვერიფიკაცია 2010 წლის არჩევნებზე

ცესკოს ოპოზიციონერი წევრი და თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი სიორიძე გვიხსნის, რომ “კარუსელის” 100-პროცენტიანი გამორიცხვის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, არც ერთი სისტემით. თუმცა, გაყალბების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა ისეთი ხელსაწყო, რომელიც უბანზე მოსული ამომრჩევლის ვინაობასა და პირადობაზე/პასპორტზე დატანილ მონაცემებს ბიომეტრიის დახმარებით შეადარებდა. 

“ამომრჩევლის ვერიფიცირებაა, როცა მოწმდება, მაგალითად, თითის ანაბეჭდით, ან სახის ამომცნობი ტექნოლოგიით, ან თვალით, რომ უბანზე გამოცხადებული ამომრჩეველი არის სწორედ ის, ვინც არის სიაში… ეს [26 ოქტომბერს გამოყენებული] აპარატები კი ამოწმებს კონკრეტული პირადი ნომერი არის თუ არა ჩატვირთული სიაში. ამ შემთხვევაში, რეგისტრატორი ატყუებს აპარატს და ხელით შეჰყავს სიაში მყოფი ადამიანის პირადი ნომერი. თუმცა, ის არ ეკუთვნის უბანზე გამოცხადებულ ადამიანს” , – ამბობს პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი გიორგი სიორიძე. 

თუ ცესკო ამ მეთოდის დანერგვას მომავალში მაინც მოინდომებს, საჭირო იქნება ორი რამ: რამდენიმე მცირე ცვლილება კანონმდებლობაში და ამომრჩეველთა ბიომეტრიული მონაცემების თავმოყრა ერთიან ბაზაში [ახლა ასეთი არ არსებობს]. რა სირთულეებს წავაწყდებით ამ სისტემის დანერგვისას, ვკითხეთ პერსონალურ მონაცემთა ექსპერტებს – ლონდა თოლორაიას და გიორგი გაბრიელაშვილს. ორივე მათგანი თანხმდება, რომ სურვილის შემთხვევაში, ბიომეტრიული ამომცნობის დანერგვა არც ძალიან რთული იქნებოდა და არც ძალიან ძვირი. 

“ბიომეტრიული მონაცემი განსაკუთრებული კატეგორიისაა და მისი დამუშავება შესაძლებელია, თუ დასაცავია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი. არჩევნებზე დიდი და მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი რა შეიძლება იყოს? შესაბამისად, ამ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება ცესკოს შეეძლო კანონისმიერი საფუძვლით. ასეთი მონაცემის გამოყენების საფუძველია დანაშაულის თავიდან აცილებაც. თუ მოსალოდნელი იყო, რომ ‘კარუსელებით’ მიეცათ ხმა, ეს, რა თქმა უნდა, არის დანაშაული”, – გვიხსნის ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი 2019-2022 წლებში.

ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია იოსელიანიც გვიდასტურებს, რომ საპილოტე არჩევნებისას ბიომეტრიის ამომცნობი მოდელები გატესტეს. თუმცა, ნაკლოვანებები აღმოაჩინეს და აღარ დაინერგა. ვკითხეთ, კონკრეტულად რა სირთულეებს გულისხმობდა, ან თუ მოამზადეს სხვადასხვა ტიპის ვერიფიკაციის აპარატის კვლევა, რის საფუძველზეც შეადარებდნენ და გადაწყვეტდნენ, რომელი მოდელზე შეეჩერებინათ არჩევანი. 

“ყველა ჩართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება იყო სამართავად რთული. ვიცი, რომ დიდ დროს მოიცავდა და იწვევდა ძალიან დიდ შეყოვნებას… ცესკომ ჩაატარა არაერთი საპილოტე არჩევნები, როგორც მცირე მასშტაბით, ასევე  სხვადასხვა რეგიონებში, შუალედურად… ბუნებრივია, იყო დადებითი მხარეები და ასევე იყო გამოწვევები”, – გვპასუხობს ნათია იოსელიანი. თითის ანაბეჭდების ვერიფიკაციაზე კი გვითხრა – ამ ვერსიის დანერგვა განხილული არ ყოფილა, იქედან გამომდინარე რომ აღნიშნული ანაბეჭდების ბაზა არ არსებობდაო. 

ერთპიროვნულად, დახურულ კარს მიღმა – როგორ შეარჩია ცესკომ “სმარტმატიკის” ვერიფიკაციის აპარატები

ვესაუბრეთ ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებს, არჩევნების მკვლევრებს და საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილ თანამდებობის პირებს. ყველა მათგანი გვიყვება ერთსა და იმავეს, რომ “სმარტმატიკის” ვერიფიკაციის აპარატების შეძენა ცესკოში “ქართული ოცნების” ხალხმა გადაწყვიტა – დამოუკიდებლად და  საკუთარი სურვილისამებრ. ამ საკითხის გარშემო რაიმე ფართო მსჯელობა არ გაუჩაღებიათ. 

არჩევნები რეგისტრატორი

“ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამდე, სათანადო დრო უნდა დაეთმოს საჯარო დისკუსიებსა და ტექნოლოგიების შესწავლას, რაც გავლენას იქონიებს პროცესის მიმართ სანდოობის ხარისხზე”, – ამბობდა ეუთო/ოდირი 2021 წელს.

 “მოულოდნელი”, “უცაბედი”, “მათზე მორგებული” – ჩვენი რესპონდენტები ამ სიტყვებით აღწერენ ცესკოს ინიციატივას, რომ 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის რეგისტრაციაც ციფრული ყოფილიყო.

  • 2018 წლის შუალედური არჩევნები – ზუგდიდში, ცაიშის 3 უბანზე, გამოიყენეს ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები;
  • 2019 წლის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები – ტყიბულისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქებშიც გამოიყენეს მხოლოდ ხმის მთვლელი აპარატები;
  • 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები – კრწანისის ოლქში გამოიყენეს მხოლოდ ხმის მთვლელი აპარატები;
  • 2022 წლის ოქტომბრის შუალედური არჩევნები – სენაკში, ხმის მთვლელ აპარატებთან ერთად, პირველად გამოიყენეს ვერიფიკაციის აპარატები;
  • 2023 წლის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები – აპრილსა და ოქტომბერში გამოიყენეს ხმის მთვლელებიც და ვერიფიკაციის აპარატებიც. 
საარჩევნო აპარატურასთან ხელმისაწვდომობა

“აპარატურასთან ხელმისაწვდომობა საერთოდ არ იყო. ამაში არავინ ჩაახედეს, მე ვამბობ ნეიტრალურ ადამიანებს და არა ქოცებს და ქოცურ ცესკოს… ცესკოში რომ ოპოზიციური კომისიის წევრები არიან, ისინიც დააყენეს ფაქტის წინაშე,  “ქართულმა ოცნებამ” ღობე შემოღობა და იქ არავის უშვებდა…” , – გვიხსნის აკაკი ხუსკივაძე, საბურთალოს საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. 

“აი, ფაქტი” ესაუბრა ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს “სტრატეგია აღმაშენებლიდან” და “ლელოდან”. ორივე მათგანს ვთხოვეთ გაეხსენებინათ, როგორ დატოვეს “თამაშგარე” მდგომარეობაში და ვეფრიფიკაციის აპარატების შესყიდვაში არ ჩარიეს. როგორც ანა კობახიძე გვიყვება, ცესკო ისეთი ჩაკეტილი იყო, რომ ოპოზიციას ოფიციალურ შეხვედრებზეც  არ ეპატიჟებოდა, ეს აპარატები კი პოსტ-ფაქტუმ, მისი შესყიდვის შემდეგ გააცნეს, ფორმალური პრეზენტაციებით, რომელსაც ირაკლი ხორბალაძე აწყობდა. ოპოზიციის თქმით, “პროცესებს გამოთიშულები” არიან 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა ცესკოს დაკომპლექტების წესში ცვლილებები შევიდა. 

“საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა “სმარტმატიკისთვის” გაცემულ დავალებაში, რომ აი, უთხრა კომპანიას, რა შეასრულოს ტექნოლოგიამ. თავიდან, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და თითქოს იყო მცდელობა, რომ ოპოზიციის ნათქვამს გაითვალისწინებდნენ… მერე 2022 წლიდან მთლიანად გამოგვრიცხეს… მთლიანი სურათი რომ დაგანახოთ, ცესკოს კომისიაში ნეიტრალურ წევრებს სულ სხვა ფუნქციები აქვთ – ჩართული არიან ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ საქმეებში, 8 ოპოზიციური წევრი კი არსად არააა… მთლიანად მოწყვეტილია…”, – გვიყვება ანა კობახიძე.

საარჩევნო ყუთები

ტენდერის გამოცხადებაში, ხელშეკრულების მოთხოვნების შემუშავებაში და ყველა სხვა მომიჯნავე პროცესში მხოლოდ ცესკო იყო ჩართული. არავინ იყო სხვა, არც ცესკოს ოპოზიციური წევრები და არც არასამთავრობო სექტორი. ყველაფერი, ასე, ცენტრალიზებულად გაკეთდა… საკანონმდებლო დონეზე ჩვენ ვემხრობოდით კენჭისყრაში ტექნოლოგიების შემოტანას, მაგრამ არ ვყოფილვართ ჩართული იმაში, თუ როგორ მოხდა კონკრეტული აპარატის შერჩევა, ტექნიკური სპეციფიკაცია და ა.შ… “, – გვითხრა გიორგი სიორიძემ, ისიც ცესკოს ოპოზიციური წევრია, პარტია “ლელო საქართველოდან”. 

როგორც ირკვევა, მხოლოდ “ნეიტრალურმა” ცესკომ და იქ “ქართული ოცნების” მესვეურებმა გადაწყვიტეს, როგორი და რომელი კომპანიის ვერიფიკაციის აპარატები გვჭირდებოდა. შესყიდვის დეტალები უცნობია შემდეგი ოპოზიციური ჯგუფებისთვის – “დროა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “გახარია საქართველოსთვის”, “ლელო-საქართველოსთვის”, “კოალიცია ცვლილებისთვის”.

“ჩვენ არ ვიყავით საპარლამენტო პარტია, მაგრამ ცესკოს, ამის მიუხედავად, მაინც უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია… “სმარტმატიკის” აპარატები რომ უნდა ყოფილიყო, ამაზე ძალიან ისე, საჯაროდ ლაპარაკობდნენ. სხვა ალტერნატივა, რამდენადაც მე ვიცი, არ განუხილავთ. ამ კომპანიაზე ჰქონდათ აქცენტი და კამპანია, რომ აი, დიდი გამოცდილების მქონეა…არ მგონია, ოპოზიციის შეთავაზება ყოფილიყო, თვითონ ცესკო აპელირებდა სულ ამაზე“, – ამბობს პარტია “დროას” იურისტი ქეთი ბარბაქაძე. 

“ცესკოში პარლამენტის მიერ არჩეული, ვითომდა, ნეიტრალური წევრები არიან. წლებია ვიცნობ და ვიცი მაგათი “ნეიტრალურობა”…  ეს არის “ოცნების” მსახურება და მეტი არაფერი. ამ ადამიანებმა დანერგეს სისტემა… ჩვენ, ცესკოს და მმართველ პარტიას მივეცით გაყალბების ბევრად ფართო შესაძლებლობები. სად ქაღალდის სია, რომელსაც ვხედავდით და სად პროგრამა, რომელსაც მარტო შენ ქმნი. საბოლოოდ, მივიღეთ სიტუაცია, რომ ტექნიკური დავალება შეიმუშავა “ოცნებამ”, კომპანია მოიძია “ოცნებამ”, დაუკვეთა “ოცნებამ,” ფაილები შექმნა “ოცნებამ”, აუდიტორი ჩამოიყვანა “ოცნებამ” [იცინის] და შეკითხვებიც დაუსვა “ოცნებამ”. შედეგად, სამივე აპარატზე სრული კონტროლი ჰქონდა ‘ოცნებას’ და არავის ჰქონდა საშუალება, მონიტორინგი გაეწია თუ რამდენად ზუსტად მუშაობდა ისინი”, – ამბობს ვანო ბურდული. ის 2009-2017 წლებში დიდუბის საოლქო კომისიის თავმჯდომარე იყო, 2017-2020 წლებში ცესკოში მუშაობდა, თბილისის ოლქების კოორდინატორად,  ახლა კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია. 

სმარტმატიკის ხმის მთვლელი
“სმარტმატიკის” ხმის მთვლელი საწყობში, ფოტო: სატენდერო დოკუმენტაცია

ცესკო ამ ბრალდებებს არ იზიარებს და ოპოზიციას იქეთ ადანაშაულებს, რომ დაინტერესებულიყვნენ, ყველაფერი საჯარო იყო და გაურკვეველი არაფერი დარჩებოდათო. ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს სამჯერ გავუმეორეთ შეკითხვა, რატომ ვერ მოხერხდა, რომ Smartmatic-ისთვის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ოპოზიციური წევრებიც ჩარეულიყვნენ. იოსელიანი თავიდან კითხვას ირიბად პასუხობდა და ოპოზიციის ჩართულობის მაგალითად 2018-2022 წლების საპილოტე არჩევნები მოჰყავდა. ვკითხეთ, თუ ჰქონდათ რაიმე მტკიცებულება, ფოტომასალა ან ოქმი, საიდანაც გამოჩნდებოდა, რომ ტექნიკური დავალება მხოლოდ ცესკო-ს წარმომადგენლებს არ მოუმზადებიათ, რაზეც გვითხრა: 

“საკანონმდებლო მოთხოვნით, რომელიც 2022 წლის 22 დეკემბერს ამოქმედდა, საქართველოში არჩევნები რომ ელექტრონული საშუალებებით უნდა გამართულიყო,  ეს ხომ დამალული არ იყო? შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის კვლევას. [ჟურნალისტის კითხვა: კონკრეტულად, რომელ დეპარტამენტს ევალებოდა ტექნიკური დავალების მომზადება?] – შესაბამისს, შესაბამისი…ეს არის საფინანსო და შესყიდვების  განყოფილება… თქვენ, იცით როგორ წარმოაჩენთ? რომ წევრებს წვდომა არ ჰქონდათ ამაზე. ჩვენთან ყველა ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომი. ვერავინ იტყვის, რომ დაინტერესდნენ, გამოითხოვეს რაიმე ტიპის ინფორმაცია და არ გადასცეს. მაშინ, პირიქით, მოგიტრიალებთ და გეტყვით –  წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულება რომ ჰქონდათ დაინტერესება და სურვილი ყოფილიყვნენ ჩართული პროცესში…საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც კანონმორჩილი ინსტიტუცია, კანონის ფარგლებში აწესრიგებს აბსოლუტურად ყველა საქმიანობას. ამაზე დავამთავრებ საუბარს, იმიტომ რომ ჩემი პასუხი ამაზე გახლავთ  – იყვნენ ინფორმირებულნი.

საბოლოოდ, ვერიფიკაციების აპარატების ალტერნატივებზე მსჯელობისას, ყველა ჩვენი რესპონდენტი თანხმდება, რომ მთავარი იყო ნება, თორემ არჩევნების კეთილსინდისიერად ადმინისტრირება არც რთული იყო და არც წარმოუდგენლად ძვირი. 

“ამ ჩვენი სავალალო დემოკრატიის პირობებში, როცა არჩევნები ამხელა პოლიტიკურ რყევებს იწვევს… რას ჰქვია წარმოუდგენელი თანხა? ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, 5 მილიონი დოლარიც ღირს ეგ ამბავი. ძვირი გვიჯდება და…ეგ ხომ სინამდვილეში მოგონილი არგუმენტია – ათას სისულელეში იხარჯება ფული. ეგ არ არის 10-მილიონიანი ამბავი, რომ თქვა, ვერ გადაიხდი…”, – გვეუბნება გიორგი გაბრიელაშვილი, რომელიც 2007-2014 წლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მუშაობდა და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კიდეც. 

კვლევაზე მუშაობდნენ: ნანუკა ბრეგაძე, აიდან იუსიფი, ნინო ბაქრაძე, ნათია მიხელიძე და მარიამ კაჭკაჭაშვილი

Untitled 1 01

მასალა მომზადებულია EU4IM პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კონტენტზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს ევროკავშირის ხედვას.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები 

 ​​

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ასურეთში 6 წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი ინგრევა
6 წლის წინ აშენებული ასურეთის საბავშვი ბაღი ინგრევა

ასურეთში 6 წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი ინგრევა

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი სექტემბერში ასურეთის საბავშვო ბაღმა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share