fbpx
საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა – მახე თუ სარგებელი 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთია იმ 6 ქვეყნას შორის, რომელმაც “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ცნო. პრეზიდენტმა სი ძი პინმა ყაველაშვილს მისალოცად დაურეკა და აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა წარმატებით ვითარდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 იანვარს გაავრცელა.

ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში ასე დაიწყო: 31 ივლისს საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ოთხგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს. დოკუმენტს ხელი მხარეებმა ჩინეთში მოაწერეს, მაშინ როდესაც საქართველოს იმჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას ესწრებოდა.

“გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე ბრძენი ადამიანია… ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინ პინთან”, – უთხრა ღარიბაშვილმა ჩინურ ტელევიზიას 2023 წლის 11 აგვისტოს.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება წინაააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროინტეგრაციასთან, რომელიც ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის 85% სურს. 

ამას ადასტურებს “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე: “თუ ევროკავშირია შენი საბოლოო ნავსაყუდელი, მაშინ უნდა ითამაშო იმ წესებით, რა წესებიც აქვს ევროკავშირს, რომლისთვისაც ჩინეთი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საფრთხე.”

არადა, ჩინეთის პრეზიდენტი გვარწმუნებს, რომ საქართველო-ჩინეთის ახალი პარტნიორობა საიმედო და ხანგრძლივი იქნება: “ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების მხრივ არ შეიცვლება”

ბოლო პერიოდში დასავლეთისგან მიღებული სანქციების ფონზე, “ქართული ოცნება” ეკონომიკის წინსვლის იმედსაც ჩინეთზე ამყარებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, რამდენად რეალურია ეს მოლოდინები და რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ახალი სტრატეგიული კავშირი.   

ეკონომიკური პარტნიორობის დილემები

ჩინეთთან სტრატეგიული დოკუმენტი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს, მათ შორის ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაში. ასევე ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და კადრების გადამზადებას.

ჩამონათვალი შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ჩნდება კითხვა, განხორციელდება ეს პროექტები, თუ მათაც იგივე ბედი ეწევათ, რაც ქუთაისში დაპირებულ ელექტრომანქანების ქარხანას, ან ტყიბულში ქურთუკების სამკერვალოს, რომლებიც ჩინური ინვესტიციით უნდა აშენებულიყო.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი წლებია საქართელოში ჩინეთის საქმიანობას იკვლევს. მიუხედავად ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადებისა, მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელისუფლება “ქართულ ოცნებას” ეჭვის თვალით უყურებს და ამიტომ, საქართველოში დიდი ინვესტიციებისგან თავს იკავებს.

“როგორი იქნება მათი [“ქართული ოცნების”] მომავალი, ეს ბევრისთვის გაურკვეველია, მათ შორის პეკინში. ამიტომ რეალური ნაბიჯები არ ჩანს. მთავარი პრობლემა, რაც ამ დეფაქტო ხელისუფლებას აქვს, არის ის, რომ ისინი ვერ ახერხებენ იმ ფულის შოვნას, რომელიც სჭირდებათ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის”, – ამბობს ხიდაშელი. მისი შეფასებით, ინვესტიციების განხორციელების ნაცვლად, ჩინური კომპანიები საქართველოში ბიუჯეტის ფულით მოქმედებენ და სამუშაოებს ხშირად უხარისხოდ და ძვირად ასრულებენ. 

ამაზე “აი, ფაქტს” წარსულში არაერთი გამოძიება მოუმზადებია:

“რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ჩინეთს უფრო ვიწრო ჭრილში, მხოლოდ ეკონომიკურ პარტნიორად ხედავს.

“სტარტეგიულ პარტნიორად მოვიაზრებ აშშ-ს და ევროკავშირს. ჩინეთი უზარმაზარი პოტენციალის ქვეყანაა, მაგრამ ჩვენთან ჩინური ინვესტიციები ამ მომენტისთვის საკმაოდ მცირეა. ჩინელებს უფრო აინტერესებთ, მონაწილეობა სხვადასხვა მშენებლობის ტენდერებში. რამდენად კარგია ეს ჩვენთვის? არა მგონია, რომ ჩინელების მიერ აშენებული ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ჯობდეს ევროპულ, თურქულ ხარისხს.”

საქართველოსა და ჩინეთს შორის 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. თუმცა, ამ პროცესმა დადებითად უფრო ჩინეთისთვის იმოქმედა, ვიდრე საქართველოსთვის. ამ სტატისტიკაზე ვერც ახალგამოცხადებულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ იმოქმედა. 

2023 წლის ზაფხულში, მაშინ როცა ღარიბაშვილი ჩინეთში იმყოფებოდა, ისაუბრა მისი და სი ძინ პინის შეხვედრის შესახებ, რა დროსაც განხილვის საგანი ჩინური კომპანიების საქართველოში საქმიანობაც იყო. ამ განცხადებაში საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ჩამოთვალა სხვადასხვა გარემოებები, რის გამოც საქართველო ჩინური ბიზნესისთვის საინტერესო და მიმზიდველი უნდა ყოფილიყო.

მათ შორის ახსენა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. “მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს ქარხნებს ან საწარმოებს საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში”, – ამბობდა ღარიბაშვილი.

ამ მოწოდების კვალდაკვალ, საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი მართლაც გაიზარდა. თუმცა, რამდენად აქტიურები არიან ეს კომპანიები, რამდენი ადამიანი დაასაქმეს და აწარმოებენ თუ არა რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას, გამოკვლეული არაა.

ჩინეთსა და ევროპას შორის ყოველწლიურად 200 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება ხდება. ამ მოცულობის დაახლოებით 96% გადაიზიდება საზღვაო, ხოლო 4% სახმელეთო/საგზაო სატრანსპორტო დერეფნებით. ჩინეთს ევროპასთან სამი დერეფანი აკავშირებს: ჩრდილოეთის დერეფანი, შუა დერეფანი და ოკეანის გზა. ამ სამიდან კი საქართველოზე შუა დერეფანი გადის.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შუა დერეფნის გავლით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ გზაზე ტვირთის მოძრაობა უფრო ძვირი ჯდება და დიდი დრო სჭირდება. ამის გამო ეს მარშრუტი აქამდე კონკურენციას ვერ უწევდა ჩრდილოეთის დერეფანს, რომელიც რუსეთზე გადიოდა. 

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ფაქტი, რომელზეც ჩვენთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა კახა გოგოლაშვილმა. კერძოდ, თუ ჩვენ ევროკავშირში გაწვერიანებას მივუახლოვდებით, ეს ავტომატურად ნიშნავს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაუქმების მოთხოვნას. “ტექნიკურად არის შეუძლებელი, რომ ევროკავშირის წევრი იყო და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გქონდეს, როცა ევროკავშირს არ აქვს”. 

ამის ბოლოდროინდელ ილუსტრაციად გოგოლაშვილს სერბეთის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც 2023 წლის ოქტომბერში დადო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იმის ფონზე, რომ უკვე საკმაოდ ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან. სერბეთის ეს ქმედება ევროპარლამენტმა გააკრიტიკა და გააფრთხილა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა „კითხვებს აჩენს ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით“ და აფერხებს მის „ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას.“

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სერბეთის სავაჭრო შეთანხმების შესახებ კომენტარი გააკეთა და მას პოლიტიკური კურსის ცვლილებისკენ მოუწოდა: „ჩვენ გვინდა, რომ სერბეთი შეუერთდეს ევროკავშირს. კავშირის წევრობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც ვერავინ შეედრება. სერბეთმა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები ჩვენსკენ, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში.“

ვენდოთ ჩინურ სესხებს? – “ვალის ხაფანგის დიპლომატია”

“ქართული ოცნებასა” და ევროკავშირს შორის რომ ურთიერთობა იძაბებოდა, ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულზე გამოჩნდა. მაშინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა. საუბარია 75 მილიონი ევროს დახმარების პროგრამაზე. უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირების დაწყება დაასახელა და ასევე დაამატა, რომ ამ სესხმა “პოლიტიკური დატვირთვა” შეიძინა.

არადა, ამის შემდეგ საგარეო ვალი არ შემცირებულა, პირიქით.

გაზრდილ საგარეო ვალში გაიზარდა აზიური ფონდებისა და ბანკებისგან მიღებული თანხების მოცულობაც. მაგალითად, თუ 2020 წელს აზიის განვითარების ბანკისგან და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან, ჯამში, 1.6 მილიარდი დოლარი გვქონდა ვალად აღებული, 2024 წლის ნოემბრის მონაცემით 2.5 მილიარდი დოლარი გვაქვს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ძველი პარტნიორია, მისგან სესხებს 2008 წლიდან ვიღებთ ხოლმე, ხან ინფრასტრუქტურის გასამართად, ხან სხვა სამთავრობო პროგრამების დასაფინანსებლად. შედარებით ახალი მსესხებელია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (aiib). 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ამ ბანკისგან საქართველოს მთავრობას ნასესხები აქვს 212 640 000 დოლარი. 2020 წელს კი 159 524 000 დოლარის სესხი გვქონდა.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) მძლავრი ჩინური კავშირების მქონე ორგანიზაციაა. ის ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა 2015 წელს, მისი სათავო ოფისი ბეიჯინგში მდებარეობს და მისი წილების უმსხვილესი მფლობელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიაა – 26-პროცენტიანი პორტფელით. 

“სამოქალაქო იდეა” ქართული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც ჩინურ კაპიტალსა და ჩინეთის გავლენებს სწავლობს. ორგანიზაციის შეფასებით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ქვეშაა და რეალურად ჩინური ბანკია.

“AIIB არის “ეჭვმიტანილი” ისეთი პროექტების დაფინანსებაში, რომელიც თავის დროზე დაიბლოკა, მაგალითად, გარემოს აყენებდა ზიანს. ამის გამო, პროექტები სხვა ბანკებმა დაბლოკა, ამან კი დააფინანსა”, – გვეუბნება ანი კინწურაშვილი, “სამოქალაქო იდეის“ მკვლევარი. 

ჯერ-ჯერობით სხვა ჩინური წარმომავლობის ორგანიზაციებისგან საქართველოს მთავრობას სესხი არ მიუღია. თუმცა, ეს “ქართული ოცნების” გეგმაშია. 2023 წლის ივლისში, როცა ჩინეთთან სტრატეგიულ დაახლოებაზე ალაპარაკდნენ, ერთ-ერთ მოსალოდნელ სიკეთედ ჩინური კრედიტების ზრდას ასახელებდნენ.

თუმცა, ჩვენ ვერ ვიპოვეთ რაიმე განცხადება, რომელშიც მთავრობის მეთაურები მსჯელობდნენ იმ რისკებზე, რასაც ჩინეთთან “ვალში ყოფნა” ქართულ ეკონომიკას უქადის. საერთაშორისო გამოცდლება და ჩინური კრედიტების ბუნება მოწმობს, რომ ჩინეთი არც ისეთი ლოიალური გამსესხებელია, როგორც “ქართული ოცნება” გვაჯერებს.   

თინა ხიდაშელს სტრატეგიული შეთანხმების ერთ-ერთ სარისკო მუხლად მიაჩნია, ისიც რომ ჩინეთი საქართელოსთან მიმართებაში პრეფერენციული საკრედიტო სისტემის გამოყენებას იწყებს. “ეს პრეფერენციული, ერთგვარი კოდური სიტყვა, რომელიც ნიშნავს, –  “ვალებში დაგახრჩობ.”

საქართველო ჩინეთის პარტნიორობა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან შეხვედრისას

უფრო ზუსტად კი ეს ნიშნავს, გრძელვადიან, დაბალი საპროცენტო განაკვეთით სახელმწიფო  სესხებს, რომელსაც ჩინეთის რესპუბლიკა 1995 წლიდან განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს.

 “სამოქალაქო იდეა” გამოყოფს იმ ძირითად გართულებებს, რასაც სახელმწიფოები ჩინეთიდან საკრედიტო რესურსების მიღების შემდეგ აწყდებიან, მათ შორის:

კონფიდენციალობა – გასაიდუმლოებულია კონტრაქტის პირობებიც და ზოგჯერ მისი არსებობაც. კონფიდენციალობის პუნქტის შესრულება მკაცრად კონტროლდება. მაგალითისთვის, 2016 წელს, ეკვადორელმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, რომ ჩინეთის განვითარების ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულება უმეტესწილად ჩინეთის ინტერესებს ითვალისწინებდა. ბანკმა კონფიდენციალობის პუნქტი გამოიყენა, მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი გააპროტესტა და ეკვადორის ფინანსთა სამინისტროს დაემუქრა კიდეც – თუ ინციდენტს არ გამოიძიებთ, დათქმულ თანხას ვერ მიიღებთო.

“არა პარიზის კლუბს” – “პარიზის კლუბი” არის არაფორმალური ორგანიზაცია, ერთგვარი შუამავალი, რომელსაც კლუბის წევრი ქვეყნები [კრედიტორებიც და მოვალეებიც] ვალის რესტრუქტურიზაციისთვის მიმართავენ, შეცვლილი პირობების შესათანხმებლად. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ კლუბის წევრი არ არის. მეტიც, ხელშეკრულებებში დებენ ასეთ მუხლს – “არა პარიზის კლუბს”. ეს ნიშნავს, რომ თუ მოვალე ქვეყანას, თუნდაც საქართველოს, ვალის გადახდა გაუჭირდება, იძულებული იქნება ახალ პირობებზე ისევ ჩინეთის მთავრობას მოელაპარაკოს.

რითი მთავრდება ხოლმე ეს მოლაპარაკებები? გადახდისუუნარო ქვეყნებმა ჩინეთს ვალის “პატიების” სანაცვლოდ ტერიტორიებიც კი დაუთმეს. ასე მოხდა შრი-ლანკის, ტაჯიკეთის, მონტენეგროს შემთხვევაში. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გობრონიძეც გვიყვება, რომ ჩინეთის მიერ დაკაბალებული სახელმწიფოები, მათ შორის ყაზახეთი, მონტენეგრო, იძულებულები გახდნენ, ის ინფრასტრუქტურა, რაც ჩინეთმა შექმნა, მისთვის გადაეცათ. ფიქრობს, რომ ჩვენთანაც ასე მოხდება, თუ აქ ფული საგარეო ვალების გასტუმრებას არ მოახმარეს.

ვალის დაბრუნების მექანიზმები – ჩინურ სესხებს ახლავს “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტი. ეს ნიშნავს, რომ თუ მოვალე ქვეყანა სესხის მიღმა სხვა ვალდებულებებს არ შეასრულებს, დეფოლტის [გაკოტრების] წინაშე აღმოჩნდება. ეს “სხვა ვალდებულება” შეიძლება იყოს პოლიტიკური ან საკანონმდებლო ცვლილებები.

სესხის უზრუნველყოფის სარისკო პირობები – შეიძლება იყოს სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელსაც ჩინური მხარე გააკონტროლებს. 2010 წელს სწორედ ეს მოსთხოვეს ეკვადორს დაუბრუნებელი ვალის სანაცვლოდ. 2015 წელს კი უგანდამ ჩინეთთან დადო სასესხო ხელშეკრულება, რომელიც დეფოლტის შემთხვევაში, აეროპორტის [თავის შემოსავლიანად] ჩინეთისთვის გადაცემას გულისხმობს.

კომერციულობა – ჩინეთი, როგორც გამსესხებელი, ემიჯნება ისეთ რეპუტაციულ და ანგარიშგასაწევ ინსტიტუტებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ეს აისახება იმაზეც, რომ ჩინური სესხების განაკვეთი 2-3 პროცენტია, მაშინ როცა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი დაბალი შემოსავლის ქვეყნებს ბევრად ხელსაყრელ, 0%-ან სესხებს აძლევენ.

ვინ არის ჩინური სესხების სამიზნე? ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” წერს, რომ 2013 წლიდან ჩინეთმა აქტიურად დაიწყო სესხების გაცემა განვითარებადი სახელმწიფოებისთვის და 2013-2017 წლებში მათი დაფინანსების მასშტაბებით აშშ-საც გაუსწრო. 2022 წლის ბოლოს კი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებითვის გაცემული ფინანსების ჯამი 180 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

ამ ქვეყნებს ეს ფინანსური მხარდაჭერა “თავის ტკივილად” ექცათ, რადგან ვალს ვერ ისტუმრებენ. ჩინეთის მოვალე დაბალ და მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა უკვე ძირითადი თანხა უნდა დააბრუნონ, მაგრამ მათი უმრავლესობა გადახდისუუნაროა. ჩინეთი კი “ვალების შემგროვებლად” იქცა. 2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის მოვალე ტოპ 5 ქვეყანაა: პაკისტანი, ანგოლა, შრილანკა, ეთიოპია და კენია.

როგორ გამოუვა საქართველოს ორი კურდღლის დევნა?

“ჩინეთი არ არის დემოკრატია, ის არის ჩაკეტილი რეჟიმი. იქ ყველა და ყველაფერი ექვემდებარება ტოტალურ კონტროლს. მაგრამ ეს ჩაკეტილობა ხელს უშლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ექსპანსიას… “ ამიტომ, ჩინური ექსპანსიონიზმი არის არა სამხედრო, არამედ ეკონომიკური”, – გვითხრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ. 

მისი თქმით, სწორედ ეკონომიკური სიძლიერე არის ჩინეთის ერთადერთი ბერკეტი, რითიც შეუძლია ამერიკას კონკურენცია გაუწიოს: “შედის ყველა ბაზარზე და იპყრობს ყველა ბაზარს უპრობლემოდ.”

რონდელის ფონდის მკლევარი, მედეა ივანიაძე, რომელიც  ჩინეთის პოლიტიკას იკვლევს, გვიხსნის, რომ ჩინეთის მოსალოდნელი გაზრდილი გავლენის გამო, მასთან ახლო პოლიტიკურმა ურთიერთობამ შესაძლოა ქვეყანის სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნას. მისივე თქმით, კომუნისტურ ჩინეთს სურს დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის პირველობის ჩანაცვლება და ესწრაფვის, რომ მსოფლიოში პირველი ძალა გახდეს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.

ჩინეთს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ან გეგმავს სამშენებლო პროექტებს
წყარო: theguardian.com

ჩანს, რომ ჩინეთი განსაკუთრებით ცდილობს გავლენა გაზარდოს სუსტ დემოკრატიულ ან ავტორიტარულ ქვეყნებთან, რათა დასავლეთთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან მეტოქეობის ფონზე მარტო არ იყოს. შესაბამისად, ის ქვეყნები, რომლებსაც მასთან საკმაოდ ახლო პოლიტიკური, ზოგს კი პრაქტიკულად ვასალური ურთიერთობა აქვთ, ხშირად არ და ვერ ეწინააღმდეგებიან ჩინეთს ამა თუ იმ საკითხზე“, – ამბობს ივანიაძე. 

ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის კონტექსტში ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად შეძლებს საქართველო ჩინეთთან ურთიერთობა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან დააბალანსოს. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საქართველო ვერ ახერხებს პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებას: “ჩვენ ვერაფერს ვერ დავაბალანსებთ. ჩვენ არ ვართ ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი, რომელთა მიმართაც არსებობს თავისთავადი რესურსული ინტერესი და ამიტომ ბევრ რამეზე შეიძლება სახელმწიფოებმა ან თვალი დახუჭონ, ან გვერდიდან შემოუარონ პრობლემებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, ლიტვის და ლატვიისნაირი, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს და მერე ამ არჩევანის მიხედვით იმუშაოს, იცხოვროს და იბრძოლოს”.

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძეც ფიქრობს, რომ ბალანსის დაცვა ევროპასა და ჩინეთს შორის, რთული იქნება. “ეს მცდელობები, იქაც იყო და აქაც, არ მუშაობს. ვნახეთ ეს ჩვენი უშუალო მეზობლის, სომხეთის მაგალითზე, რომელიც ერთგვარად ცდილობდა, დაბალანსების პოლიტიკა ეწარმოებინა. იქეთ მხარეს რუსეთთან ჰქონოდა კარგი ურთიერთობები, აქეთ შეთანხმება გაეფორმებინა ევროკავშირთან, მაგრამ დარჩენილიყო რუსეთის ორბიტაზე უსაფრთხოების მხრივ, იმედი ჰქონდა რუსეთის გარანტიის. ბევრია ასეთი ფაქტი, რომ ვერ მუშაობს, არ მუშაობს, როცა ცდილობ რომ დააბალანსო”.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ ხედავენ ქართული ოპოზიციური პარტიები, რომელთაც კოალიციური მთავრობის შექმნის და ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვთ, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხს. დავუკავშირდით ოთხ პარტიას: “გახარია საქართველოსთვის”, “ლელოს”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “ახალს”. მათგან მხოლოდ “ახალისა” და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა გვიპასუხეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ დაბალანსების პოლიტიკა რთულად მისაღწევი იქნება და საჭიროა უკვე არსებული სტარტეგიული პარტნიორების შენარჩუნება.

“ჩინეთთან პარტნიორობა იმგვარად უნდა მოხდეს, რომ არ დაზიანდეს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობა, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. როდესაც ევროინტეგრაცია და ნატოში ალიანსი კონსტიტუციურად არის გაცხადებული, სხვა ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი არ შეიძლება მოხდეს უკვე არსებული პარტნიორების გვერდის ავლით”, – ამბობს ანა ბუჩუკური, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი.

პარტია “ახალის” წევრი დათა ნიჟარაძე ფიქრობს, რომ ეკონომიკური კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკის გათვალისწინებით, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ნაწილში.  მისი შეფასებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს თავისუფალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებაზე და არა უშუალოდ სახელმწიფო პროექტების წარმოებაზე.

“უნდა ვაღიაროთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობის მთავარი ქვაკუთხედი დასავლეთისთვის არის ეკონომიკა. ეკონომიკიდან გამომდინარე ხდება შემდეგ პოლიტიკის ფორმირებაც. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკაც უნდა აეწყოს ევროკავშირის და ამერიკის პოლიტიკასთან”, – გვითხრა დათა ნიჟარაძემ. “ჩვენ ვემხრობით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც ერთმნიშვნელოვანი არის ეკონომიკური ბიზნეს ურთიერთობების განვითარებისთის. ჩვენ შეიძლება გვქონდეს თავისუფალი ბიზნეს ურთიერთობები და განვითარება, მაგრამ სახელმწიფოს როლი სახელმწიფო პროექტებში ძალიან საფრთხილო არის. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ჩინური კომპანიების დასანქცირება აქტიურად ხდება დასავლეთის მიერ”.

საქართველოს დელეგაცია ჩინეთის დელეგაციას ხვდება
საქართველოში ჩინეთის ელჩი ჭოუ ციიენი და “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პრემიერი ირაკლი კობახიძე. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 10 იანვარს

ჩინურ-ქართულ პარტნიორობას არაერთი გამოწვევა აქვს საერთაშორისო ურთიერთებების ჭრილშიც. ჩინეთი არასდროს დათანხმებია გაეროს იმ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო დაბრუნებას ეხება. ჩინეთი წინა წლებში რეზოლუციის წინააღმდეგი იყო, გასულ წელს კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ქვეყნის ამჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეს ფაქტი თავის მიმართვაშიც გამორჩეულად ახსენა:

„შარშან პირველად, ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა. მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია“.

ჩინეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში არის ჩანაწერი იმაზეც, რომ საქართველო ვალდებულია, საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილებები ჩინეთთან შეათანხმოს. ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” შეფასებით, ეს ჩანაწერი პრობლემურია ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისთვის. 

თინა ხიდაშელის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ასევე ხელისშემშლელი იქნება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაც: “უვიზო მიმოსვლა ფორმალურად არის წინააღმდეგობაში ევროინტეგრაციასთან. საქართველო იქნება საინტერესო იმიტომ, რომ თუ ევროკავშირის წევრი გახდება, ის ევროკავშირის ბოლო საზღვარი იქნება. ამიტომ ვიღაცის უვიზოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა, ავტომატურად გამოიწვევს მის ავსტრიაში, ან საფრანგეთში უვიზოდ ჩასვლას. ამიტომ ეს ჩინეთი იქნება, თუ სხვა ქვეყანა, თუ ევროკავშირთან არ აქვს ასეთი სტანდარტი, საქართველოსთანაც არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს მთლიანი საზღვარი იქნება ევროკავშირის გარე საზღვარი და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას გვანიჭებს, ამ საზღვრის სპეციფიკურად დაცვისთვის”.

ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არაერთხელ გააკრიტიკეს ამერიკელმა კონგრესმენებმა. მათ შორის ლიდერობს რესპუბლიკელი სენატორი ჯო ვილსონი, რომელიც აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საჯაროდ მოუწოდებს, გაითვალისწინოს ივანიშვილის დამთბარი ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან. რა ზომებს მიიღებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” ჩინური გეზის წინააღმდეგ, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მოუშორებელი ფაროსანა იმერეთში, მთავრობის 8-წლიანი უშედეგო ბრძოლა  
მოუშორებელი ფაროსანა იმერეთში

მოუშორებელი ფაროსანა იმერეთში, მთავრობის 8-წლიანი უშედეგო ბრძოლა  

მავნებელი იმერეთში ისევ მრავლადაა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share