fbpx

უსინათლოთა ქონების მოურავი

უსინათლოთა კავშირი

ანუ როგორ სხვისდება უსინათლოთა ქონება დაკეტილ კარს მიღმა?

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი

სტატიის აუდიოვერსია – 40 წუთი

ესმას ავლაბრის მეტროსთან იმისთვის შევხვდი, რომ უსინათლოთა კავშირში დაგეგმილ სხდომაზე მიმეყვანა. დაზიანებულ ტროტუარებზე სიარულისას მუდმივად ვკარნახობდი, სად იყო ჩაღრმავება, სად ამობურცული, სად უნდა ყოფილიყო ყურადღებით ან კიდევ უფრო მეტი ყურადღებით. ვცდილობდი, მეპოვა ტროტუარზე მდგარი მანქანებისთვის გვერდის ასაქცევი გზა ისე, რომ ესმას მანქანების სავალ ნაწილზე ჩასვლა არ დასჭირვებოდა.

გრაფიკა

გზის ამ მონაკვეთის გავლას, რომელიც 1.5 კმ-ა, ესმასთან ერთად 25 წუთი მოვანდომე. ბევრი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ კი მივადექით შენობას, რომელიც უსინათლოთათვის, წესით, ყველაზე ადაპტირებული და მოსახერხებელი უნდა იყოს.

“საქართველოს უსინათლოთა კავშირი” – აწერია კედელს ჟანგიანი, მოშლილი ჭიშკრის გვერდით. საბჭოთა დროს აშენებული, გადახუნებული შენობა ზუსტად გამოსახავს იმას, რაზეც ამ სტატიაში უნდა გიამბოთ.

ეზოდან უსინათლოთა კავშირის მთავარ ოფისში რომ მოხვდეთ, ოცზე მეტი, ძველი, სრიალა, ქვის საფეხურისგან ნაგები ვიწრო კიბე უნდა აიაროთ. აქ ორი უსინათლო ერთმანეთს გვერდს ფიზიკურად ვერ აუვლის. ორსართულიან შენობას ხის დაზიანებული ფანჯრები და ჩამოშლილი ფასადი აქვს. გახუნებულ კედლებიანი შენობის შიდა სივრცეები იმათ საჭიროებებზეც კი არაა მორგებული, ვის ინტერსსაც უნდა იცავდეს.

უსინათლოთა კავშირის სათაო ოფისში ასასვლელი კიბე

შიდა კარები მინიშნებებისა და ბრაილის შრიფტის წარწერების გარეშეა. უსინათლომ რომ სასურველ კაბინეტს მიაგნოს, კარები ხელით უნდა ითვალოს და ზუსტად იცოდეს, მარჯვნიდან მესამე კარში უნდა შევიდეს თუ მეხუთეში. ყველაზე მოთხოვნადი აქ თავმჯდომარის კაბინეტია, რომელშიც გამგეობის სხდომები ტარდება. თავმჯდომარის კაბინეტს ორი ტყავის კარი აქვს, რომელშიც არც ხმა აღწევს და არც მომლოდინეთა ლანდი.

სწორედ აქ, ორმაგი, ხმაგაუმტარი კარის მიღმა ტარდება გამგეობის სხდომები, რომელზეც ხმათა უმრავლესობით წყდება კავშირის წევრებისთვის აქტუალური საკითხები. პროცესი ისეთივე გაუმჭვირვალეა, როგორც კარი, რომელიც თავმჯდომარის კაბინეტს იცავს. 

კავშირის შენობაში 31 მარტს, 12 საათზე მივედით. აქ ესმა გამგეობის სხდომას უნდა დასწრებოდა. თავმჯდომარის კაბინეტის მოსაცდელში ელოდა, დაუშვებდნენ თუ არა შეხვედრაზე, რომელზეც დასწრების კანონიერი უფლება ჰქონდა. ამ ლოდინისას ადმინისტრაციის წევრები ესმას კითხვებს ან აგდებულად პასუხობდნენ, ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებდნენ.

ესმა გუმბერიძე 28 წლისაა და დაბადებიდან უსინათლოა. კავშირის წევრი რომ გახდა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მოგვიანებით კავშირის საქმიანობით უფრო მეტად დაინტერესდა და გამგეობის სხდომებზე სიარულსაც მოუხშირა. სჯეროდა, რომ საქართველოში მცხოვრები უსინათლოებისთვის სასარგებლო საქმეს ასე უკეთ გააკეთებდა.

ორსაათიანი ლოდინის მიუხედავად, ის სხდომას არ დაასწრეს. მოქმედმა თავმჯდომარემ, სოფიკო ხუციშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ არ ჰქონდა ვალდებულება აეხსნა, რატომ არ უშვებდა და წასულიყო და სასამართლოში ეჩივლა, თუ ფიქრობდა, რომ უფლებები დაერღვა.

ესმას თქმით, ეს ყველაფერი 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო, როცა მან ღია მხარდაჭერა გამოუცხადა კავშირის მოშიმშილე წევრებს, რომლებიც ორგანიზაციის მართვის პრობლემებს აპროტესტებდნენ. ამ პერიოდში ესმამ კავშირში არსებულ მდგომარეობაზე ღიად დაიწყო ფეისბუქზე წერაც.

თავმჯდომარის კაბინეტის ორმაგი კარი

“მანამდე უპრობლემოდ ვესწრებოდი სხდომებს, მაგრამ 2021 წლის ზაფხულის მერე მესამედ გამაბრუნეს კიბიდან, ახსნის გარეშე. არ უნდათ და არ მიშვებენ. პოლიცია რომ გამოვიძახე, ყოფილმა თავმჯდომარემ, რევაზ მაისურაძემ მითხრა, იმიტომ არ დაგასწარით, რომ ყველაფერს ფეისბუქზე წერო,” – გვიყვება ესმა.

რას წერდა ესმა ფეისბუქზე ასეთს?! ღიად აკრიტიკებდა უსინათლოთა კავშირის მენეჯმენტს და იმას, თუ როგორ განკარგავდნენ ისინი საერთო ქონებას. 

ქონება კი კავშირსა და მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს მილიონობით ლარის ღირებულების აქვს. 90-ანი წლებიდან მოყოლებული ათასობით ჰექტარი მიწა და მათზე განთავსებული ნაგებობა დაირეგისტრირეს და სახელმწიფოსგან ქონების გადაცემის პროცესი ახლაც გრძელდება. მაგალითად, 2022 წელს მთავრობის განკარგულებით უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცათ 4,900 კვ.მ მიწა სენაკში.

ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, რატომ და რამდენ ქონებას გადასცემს სახელმწიფო ამ ორგანიზაციას. ეს მონაცემები ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ, თუმცა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

2023 წლის მდგომარეობით, კავშირი 52 სხვადასხვა კომპანიისა თუ ა(ა)იპის მეწილე ან დამფუძნებელია. ეს კომპანიები უძრავ ქონებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობენ. თუ კავშირის 2018-2020 წლის ბიუჯეტის დოკუმენტებს ვენდობით, ამ სამი წლის განმავლობაში კავშირს ამ კომპანიებმა 794,000 ლარის ფინანსური სარგებელი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ კავშირს ქონება აქვს, ეს ქონება მის უსინათლო წევრებს თანაბრად არ ხმარდება. წლებია, ამ აქტივებს რევაზ მაისურაძე და მისი გარემოცვა პირადი სარგებლის მისაღებად იყენებს. ის ორგანიზაციაში დაფუძნების დღიდან, ანუ 1998 წლიდან მუშაობს. ჯერ ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო, შემდეგ კი სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. 2001 წლიდან სამჯერ გახდა კავშირის თავმჯდომარე, ახლა კი თავმჯდომარის მრჩეველია.

უსინათლოთა კავშირის ოფისი
უსინათლოთა კავშირის სათაო ოფისი თბილისში

როგორც კავშირის წევრმა, ზურაბ გურჩიანმა გვითხრა “რევაზ მაისურაძე უფრო საშიშია, როდესაც თავმჯდომარე არ არის. როცა თავმჯდომარეა, მაშინ თავს იკავებს.”

ყველა ადამიანი, რომელსაც მასალის მზადებისას ვესაუბრეთ, ერთხმად გვიდასტურებს, რომ სინამდვილეში გადაწყვეტილებებს, ფორმალური თავმჯდომარის ნაცვლად, ახლაც მაისურაძე იღებს.

რევაზ მაისურაძეს თანხების გაფლანგვასა და ორგანიზაციისთვის არამომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაში კავშირის წევრთა ნაწილი ჯერ კიდევ 2007 წელს ღიად ადანაშაულებდა. მაშინაც აცხადებდნენ, რომ უკანონოდ იყიდებოდა კავშირის უძრავი ქონება, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გაფანტული.

კავშირის ქონების გასხვისების პარალელურად, 2016 წლიდან იზრდებოდა მაისურაძის ოჯახის პირადი ქონება. ახლა მისი და მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული 14 ბინა თბილისში, სასტუმროს ერთი ნომერი და ერთი ბინა ბაკურიანში, ერთი ბინა ბათუმში, კომერციული ფართი თბილისში, კერძო სახლი თხინვალასა და მიწის ნაკვეთი ადიგენში.

მაისურაძემ ბოლო ქონება 2023 წლის თებერვალში, 52,000 დოლარად ბაკურიანში შეიძინა. 2017-2018 წლებში ჯამში 66 ათას დოლარად იყიდა ორი ბინა თბილისში. სოფელ თხინვალაში კი 42,336 ლარად შეიძინა მიწა, სადაც კერძო სახლი აქვს აშენებული.

თითოეულ ქონებაზე დეტალებს ინტერაქციული რუკიდან შეიტყობთ.

მაისურაძის ხელფასი, რომელსაც კავშირის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას იღებდა, 950 ლარი იყო. ახლა კი, თავმჯდომარის მრჩეველია და მისი ანაზღაურება 930 ლარია.

მაისურაძე თავადაც უსინათლოა, თუმცა, ის პრივილეგიებით სარგებლობს. ესმასავით ქუჩებში მოძრაობისას ათასი დაბრკოლების გადალახვა არ უწევს. გამგეობის სხდომებსა თუ სამსახურში მაისურაძე პირად მძღოლს დაჰყავს, საშუალოდ, 13,000 აშშ დოლარის ღირებულების ტოიოტას მარკის მანქანით.

როგორ დააგროვა უსინათლოთა კავშირმა ქონება?

უსინათლოთა კავშირი 1926 წელს შეიქმნა. საბჭოთა დროს გაერთიანება სახელმწიფო ქონებით კი სარგებლობდა, მაგრამ მის საკუთრებაში რეგისტრირებული არაფერი იყო. 1998 წელს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებასთან ერთად, კავშირი ხელახლა დარეგისტრირდა და გახდა ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირი, იგივე “სუ კავშირი.”

ახალი რეგისტრაციის შემდეგ კავშირი მის სარგებლობაში არსებული ქონების საკუთარ სახელზე რეგისტრაციას შეუდგა. როგორც წევრები გვეუბნებიან, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე. ზუსტ ღირებულებას კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ფრიდონ ლობჟანიძეც კი ვერ გვისახელებს. ვერც ჩვენ დავთვალეთ, თუ რა მასშტაბის იყო და არის კავშირის ქონება, რადგან 1998 წლის შემდეგ რეგისტრირებული ავლა-დიდების ნაწილი უკვე გასხვისებულია.

უსინათლოთა ორგანიზაცია ფლობდა სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ბინებს, სასტუმროებს, გასართობ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დასასვენებელ სახლებსა და სამშენებლო ბიზნესსაც კი. მაგალითისთვის, ე.წ. სამთო ქიმიის შენობაც (დიდუბეში) სწორედ კავშირის სამშენებლო ბიზნესის აშენებულია.

ამ ქონების გასხვისებისა და გაქირავებისგან მიღებული შემოსავლით, წესით, კავშირი უსინათლოების პრობლემების გადაჭრაზე უნდა ზრუნავდეს: უნდა შექმნილიყო უკეთესი სოციალური დახმარების პროგრამები და პროექტები, შეესწავლათ ბრაილის შრიფტი, ჰქონოდათ ხელმისაწვდომი განათლება და აემაღლებინათ სამუშაო კვალიფიკაცია. კავშირს უსინათლოებისთვის უნდა შეეთავაზებინა უფასო იურიდიული დახმარება, ეზრუნა მათ ჯანმრთელობაზე და დაესაქმებინა კიდეც.

ჟურნალისტური კვლევისას, რომელსაც რვა თვე ვატარებდით, ვესაუბრეთ 14 უსინათლოს, კავშირის წევრებს და ყოფილ თავმჯდომარეებს. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ უსინათლოები კავშირის იმ სიკეთეებით ვერ სარგებლობენ, რისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. სამაგიეროდ, რევაზ მაისურაძე და მისი გარემოცვა იღებს ყველაფერს, რაც სურთ.

უსინათლოთა კავშირის ოფისის ინტერიერი
უსინათლოთა კავშირის სათაო ოფისი თბილისში

მის წინააღმდეგ უსინათლოების პროტესტი დროდადრო მეორდებოდა. მაგალითად, 2007 წელს 21-ე საანგარიშო ყრილობის დასრულების შემდეგ, კავშირის ოთხმა წევრმა შიმშილობა გამოაცხადა. ერთ-ერთი მოშიმშილე მაშინ გიორგი მარჯანიძე იყო. ის “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობდა: „ჩვენი მოთხოვნაა: შეწყდეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქონების ძარცვა, ჩალის ფასად განიავება და თავმჯდომარის უპირობო გადადგომა – მას არ აქვს მორალური უფლება, იყოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე.”

მოშიმშილეთა მოთხოვნები მაშინ არ შესრულდა. არც თავმჯდომარე გადამდგარა და არც ქონების გასხვისების პროცესი გამოუძიებია ვინმეს. ამ წლების განმავლობაში საგამოძიებო უწყებებში “სუ კავშირის” წინააღმდეგ ათობით განცხადება დაგროვდა, ძირითადად, მომჩივნები ქონების გასხვისებისა და შემოსავლების გამჭვირვალობის გამოძიებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მომჩივანთაგანი გიორგი ენუქიძეც იყო. 2014 წელს ის ჯერ კავშირის წევრი გახდა, 2021 წელს კი თავმჯდომარის მოადგილე. მან კავშირის ფინანსური საქმიანობის გამოძიების თხოვნით პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას არაერთხელ მიმართა.

ჩვენ შევისწავლეთ სამი შემთხვევა, რომელშიც ნათლად იკვეთება პირადი ინტერესები, რომლითაც კავშირის მმართველი რგოლი ორგანიზაციის ქონების გასხვისებისას ხელმძღვანელობდა. ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი მოგიყვებით იმაზე, თუ რა გვიამბეს უსინათლოებმა კავშირის სარგებლიანობაზე.

როგორ ემსახურება უსინათლოთა ორგანიზაცია საკუთარ წევრებს?

იმისთვის, რომ ადამიანი კავშირის წევრი გახდეს, პირველი და მე-2 ჯგუფის უსინათლო უნდა იყოს. ზეპირი წყაროებით, საქართველოში, დაახლოებით, 15,000-მდე  უსინათლო პირია. მათი ზუსტი რაოდენობა აღრიცხული არ არის. კავშირს ამჟამად 3,000-მდე წევრი ჰყავს. ისინი ყოველწლიურად საწევროს იხდიან, 1-3 ლარს.

უსინათლოთა კავშირის ყოველწლიური შემოსავალიც და ხარჯიც ერთი მილიონი ლარის ფარგლებშია.

ორგანიზაციის ბიუჯეტს რომ დარღვევები აქვს და ფული გამჭვირვალედ არ იხარჯება, ისიც მოწმობს, რომ მათმა ბუღალტერმა 2017-2019 წლებში კავშირის ბიუჯეტიდან 74 ათასი ლარი მიითვისა. “აი, ფაქტს” ორი სხვადასხვა წყარო უყვება, რომ ბუღალტერი ამ თანხას აზარტულ თამაშებში ხარჯავდა. თანხა რომ მიითვისეს, დასტურდება იმ ბიუჯეტის დოკუმენტებითაც, რომელიც კავშირმა მის წევრს, ესმა გუმბერიძეს მისცა და პროკურატურის წერილითაც, რომელშიც კავშირი დაზარალებულ მხარედ აღიარეს. ბუღალტერი დაკავებული იყო, ბრალიც აღიარა და შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

ეს კავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ უსინათლო წევრებისთვის საქართველოში ცხოვრება უფრო მარტივი გახადოს. ის უნდა იყოს შუამავალი უსინათლოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის; ეხმარებოდეს კავშირის წევრებს განვითარებაში, განათლების მიღებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაში; ზრუნავდეს მათ ჯანმრთელობასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.

ესმა გუმბერიძე
ესმა გუმბერიძე

ამ ჩამონათვალში არსებული ვალდებულებების ნაწილს უსინათლოთა ორგანიზაცია ნამდვილად ასრულებს, მაგრამ საკითხავია, რამდენად ეფექტიანად. თუ მათ ახლანდელ თავმჯდომარეს, სოფიკო ხუციშვილს დავუჯერებთ, კავშირმა მხოლოდ ერთი ადამიანის დასაქმება შეძლო. ეს მან “რადიო იმედის” ეთერში 2022 წლის ნოემბერში თქვა.

კავშირი გასცემს ფინანსურ დახმარებასაც, 22-25 ლარს წევრზე, წელიწადში ერთხელ. ყოველთვიურად, ეხმარებიან სოციალურად დაუცველ უსინათლოებს. ხოლო ვეტერან წევრებს, რომლებიც კავშირში 50 წელზე მეტხანს არიან, 37 ლარამდე ურიცხავენ თვეში. უსინათლოთა კავშირი სტიპენდიას უხდის უსინათლო სტუდენტებს და წევრებზე გასცემს 5,000 ლარამდე ბიზნეს სესხს.

ორგანიზაციის უსინათლო ბენეფიციარებთან საუბრით გამოირკვა, რომ მათთვის ეს დახმარებები მიზერულია და რეალურ საჭიროებებს ვერ უკმაყოფილებთ. წევრები კავშირის შიგნით არსებულ დაძაბულ გარემოზეც გვიყვებიან. ხელმძღვანელობა დიქტატორულ მართვის სტილს ირჩევს, კრიტიკულ აზრს არ ისმენს და მასთან წინააღმდეგობაში მყოფ წევრებს სხვადასხვა მოტივით ემუქრება.

“კავშირში ცივილიზაცია არ არსებობს. რაღაცები კეთდება, მაგრამ უხარისხოდ და კომუნისტური გადმონაშთის რეჟიმში… ხმა არ უნდა ამოიღოს არავინ ზედმეტად, არ შეიძლება, უნდა დაემორჩილონ აუცილებლად ხელმძღვანელობას და რასაც იტყვიან, ის შესრულდეს, ვგულისხმობ მაისურაძეს და ვიღაც სოფიკოს,” – გვიყვება 31 წლის მცირედმხედველი თიკო ბეკოშვილი. მან მხედველობა 2017 წელს დაკარგა, მაგრამ კავშირის წევრი არ არის და არც აპირებს, რომ გახდეს.

თიკოს ნაამბობიდან ვიგებთ, რომ უსინათლოთა კავშირი მათ პრობლემებს სახელმწიფოს ვერ აწვდის, შუამავალი რგოლის ფუნქციას ვერ ითავსებს და არც იმაზეა ორიენტირებული, უსინათლო პირები ძლიერები და დამოუკიდებლები გახადოს. კავშირის მხარდაჭერა უსინათლოებისთვის სადღესასწაულო ნობათის გაგზავნით შემოიფარგლება ხოლმე.

“ჩვენ საკვები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება განვითარება. უნდა მოგვაწოდონ სერვისები, რომ არ დაგვჭირდეს სხვისი მოწოდებული ზეთი, ჩვენ თვითონ უნდა გამოვიმუშავოთ,” – ამბობს თიკო. მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია და ამაში ახლობლები ეხმარებიან. გამცილებლის სერვისი უსინათლოთა კავშირს არ აქვს.

თბილისში მცხოვრები უსინათლოებისთვის გამცილებლის სერვისი აქვს მხოლოდ მერიას.  თუმცა, ამ მომსახურებაზე დიდი რიგი დგას, რადგან მხოლოდ 4 ადამიანია დასაქმებული გამცილებლის პოზიციაზე. “ვცადე, დავტესტე… მინდოდა ვთქვათ ექიმთან წასვლა. მითხრეს, რომ ერთი თვე მაინც მომიწევდა ლოდინი, რიგში მე-14 ადგილზე ვიყავი. უნდა ველოდო, გამცილებელი როცა მოიცლის, მაშინ გავხდე ავად,” – იხსენებს თიკო ამ ამბავს.

დაახლოებით იმავეს გვიყვება კავშირის წევრი, დაბადებიდან უსინათლო, 31 წლის სტანისლავ ციბუსკი. ის თბილისში, თემქაზე, თარჯიმნად მუშაობს და სამსახურში ისნიდან დადის. სიძვირის გამო ყოველდღიურად ტაქსს ვერ იყენებს, ფეხით გადასაადგილებლად კი გამცილებელი სჭირდება. მისი თქმით, წინასწარ, ორი კვირით ადრე მაინც უნდა შეუთანხმონ გამცილებელს თავიანთი გადაადგილების საჭიროება.

უსინათლოები ამ პრობლემებზე საუბარს არ ერიდებიან, ჩვენ ღიად გვესაუბრნენ. თუმცა, მათი გასაჭირის შესახებ ხმები თვამჯდომარის ორმაგ კარში რთულად ან საერთოდ ვერ აღწევს.

გამოიწერეთ “აი, ფაქტის” სიახლეები და ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს ელ.ფოსტაზე მიიღებთ

როგორ სხვისდებოდა უსინათლოთა კავშირის უძრავი ქონება?

ამბავი 1

2000-იან წლებში ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე, 12 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უსინათლოთა დასახლება. აქ მათი საცხოვრებელი სახლების გარდა ნახავდით საწარმოებს, კულტურულ-საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეებს.

დღეს ფონიჭალაში მდებარე ეს ტერიტორია 50-ზე მეტ ნაკვეთად არის დაყოფილი, რომლის დიდი ნაწილიც კერძო მესაკუთრეებისა და კომპანიების საკუთრებაშია. მიწები თავისი შენობებით წლების განმავლობაში ნელ-ნელა გაიყიდა, ზოგიც უსასყიდლოდ გაიცა, ისე რომ კავშირს ამ გარიგებების ნაწილიდან სარგებელი არ მიუღია. ახლა ამ ტერიტორიაზე “სუ კავშირს” მხოლოდ 3 ნაკვეთი (ჯამში, 1.05 ჰექტრამდე) ეკუთვნის, რაც ძველი ქონების  მხოლოდ 9 პროცენტია. კავშირის კომპანიები კი ფლობენ 3.3 ჰექტრამდე მიწას, რომელიც ძველი ქონების, დაახლოებით, 28 პროცენტია.

ჩვენ კვლევისას გამოვააშკარავეთ სქემა, რომლითაც ეს ტერიტორია გასხვისდა. “უსინათლოთა კავშირი” კერძო პირებთან ერთად აფუძნებს კომპანიას, რომელშიც საწყისი კაპიტალის სახით თავის უძრავ ქონებას დებს. ამის სანაცვლოდ კი, ძირითადად, 49 პროცენტიან წილს იღებს. მეორე მეწილე კი კომპანიის 51 პროცენტის მფლობელი ხდება.

შემდეგ იწყება ამ კომპანიების რეორგანიზაცია და მისი დანაწევრება. ახალრეგისტრირებული კომპანიები გადადის ახალი მფლობელის ხელში, შესაბამისად უძრავ ქონებასაც ახალი მფლობელი უჩნდება. 

ამ სქემის მუშაობის კარგი მაგალითია “საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”-სა და უსინათლოთა კავშირის გარიგება.

“ბიზნესის აკადემია” 2010 წელს შექმნილი პროფესიული განათლების დაწესებულებაა. ის უსინათლოთა კავშირთან ერთად ია და კახაბერ ერაძეებმა დააფუძნეს. ერაძეები მაისურაძის მეგობრები არიან. ამას გვიდასტურებს კავშირის ყოფილი თავმჯდომარე ფრიდონ ლობჟანიძე, თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი ენუქიძე და მაისურაძის ბავშვობის მეგობარი და კავშირის ფონიჭალის ფილიალის ხელმძღვანელი, ვარლამ ღარიბაშვილი.

კახაბერ ერაძე გარიგების დადების დროსაც და ახლაც საჯარო მოხელეა. 1997-2003 წლებში ფინანსთა სამინისტროში, 2010-2017 წლებში სსიპ “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში” მუშაობდა. 2020 წლიდან კი ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილეა.

“ბიზნესის აკადემიის” დაფუძნებისას წილების 49 პროცენტს უსინათლოთა კავშირი, 51 პროცენტს კი ია და მისი ძმა, კახაბერ ერაძეები ფლობდნენ. კავშირმა კომპანიის კაპიტალში კავშირის მფლობელობაში არსებული კულტურის სახლის პირველი სართული 842 კვ.მ. ფართი შეიტანა და ღირებულებად 82,540 ლარი განსაზღვრა. ხოლო ერაძეებს 85,900 ლარად უნდა გაერემონტებინათ ეს ქონება, ინვენტარით აღეჭურვათ და სასწავლო დაწესებულად ექციათ. უსინათლოთა კავშირის გამგეობის სხდომის ოქმში კი ეწერა, რომ აკადემია წელიწადში 400-მდე სტუდენტის მიღებას შეძლებს და ამ ბიზნესიდან, ყოველწლიურად, 300-350 ათასი ლარის შემოსავალს მივიღებთო.

მომდევნო წელს უსინათლოთა კავშირმა ბიზნესის აკადემიის კაპიტალში დამატებით, ჯამში, 8,185 კვ.მ.  ორი მიწის ნაკვეთი თავისი შენობა-ნაგებობებით ისე შეიტანა, რომ ერაძეებს კომპანიის საერთო ქონებაში არანაირი დამატებითი თანხა აღარ ჩაუდიათ. არც რაიმე სხვა ვალდებულება აუღიათ უძრავი ქონების მიღების სანაცვლოდ.

საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნა და წარმატებულად თანამშრომლობს სახელმწიფო პროგრამებთან, რომელიც სტუდენტებს პროფესიულ განათლებას უფინანსებს. წესდების მიხედვით, უსინათლოთა კავშირს ამ ბიზნესის აკადემიიდან, რომელსაც მისი ქონება გადასცა, “სოლიდური შემოსავლები” უნდა მიეღო.

საქართველოს ბიზნეს აკადემიის შენობა
საქართველოს ბიზნესის აკადემიის შენობა

უსინათლოთა კავშირის გამგეობის 2020 წლის სექტემბრის კრების ოქმში წერია, რომ 2019 წელს აკადემიას 31,445 ლარის მოგება ჰქონდა. ამ მოგების 49 პროცენტი, ანუ 15,500 ლარი უსინათლოთა კავშირს უნდა მიეღო, თუმცა ეს არ მომხდარა. “სუ კავშირის” მოქმედი თავმჯდომარე, სოფიკო ხუციშვილი სატელეფონო ინტერვიუში გვიდასტურებს, რომ კავშირს ბიზნესის აკადემიის მიერ დაგროვილი მოგებიდან წილი არასდროს მიუღია. მეტიც, უსინათლოთა კავშირმა ბიზნესის აკადემიას განვითარებისთვის 60,000-ლარიანი სესხიც მისცა. სესხი 2019-2020 წლებში დაფარეს.

გამოდის, რომ მაისურაძემ, უსინათლოთა კავშირის სახელით, მის მეგობრებთან ერთად შექმნა კომპანია, რომელმაც უსასყიდლოდ მიიღო კავშირის უძრავი ქონება, გარემონტდა და ამუშავდა ისევ კავშირის დახმარებით. მოგება ისევ კომპანიაში დაბრუნდა და ახალი ინვენტარით განახლდა. უსინათლოთა კავშირს კი ამ გარიგებით არაფერი ხეირი უნახავს.

გარიგების შინაარსი 2021 წელს შეიცვალა. უსინათლოთა კავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ სოფიკო ხუციშვილმა გვითხრა, ჩვენ ფული გვჭირდება ჩვენი პროგრამების დასაფინანსებლად და ამიტომ ყველა გზა უნდა ვიპოვოთ, სახსრების მოსაზიდადო. რახან ბიზნესის აკადემიის მოგებიდან კავშირი წილს ვერ იღებდა, გადაწყდა, რომ რეორგანიზაცია იმგვარად მომხდარიყო, რომ კავშირს ბიზნესის აკადემიისთვის მიცემული ამ უძრავი ქონებიდან ქირა მაინც მიეღო.

“ბიზნესის აკადემიამ” რეორგანიზაცია განიცადა და მას ორი კომპანია გამოეყო: “ფონიჭალა 9” და “ფონიჭალა 10.” ამ კომპანიებს გადაეცა 841,000 ლარის ღირებულების ის უძრავი ქონება, რომელიც ბიზნესის აკადემიამ თავის დროზე უსინათლოთა კავშირისგან უსასყიდლოდ მიიღო. ახალი კომპანიების მფლობელები ისევ უსინათლოთა კავშირი (49%) და ერაძეები (51%) არიან. 

ამავე დღეს უსინათლოთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიზნესის აკადემიას უსასყიდლოდ დაუთმობდა საკუთარ 49 პროცენტიან წილს და ასეც მოხდა. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ აკადემიის 50-50 პროცენტიან წილებს და-ძმა ერაძეები ფლობენ. გამოდის, რომ უსინათლოთა კავშირმა ერაძეებს 428 ათასი ლარის ქონება აჩუქა. სანაცვლოდ კი ფინანსური სარგებელი არ მიუღია.

კავშირისგან განსხვავებით, ამ გარიგებით იხეირეს ერაძეებმა. მათ თავდაპირველი კაპიტალის, 85,900 ლარის სანაცვლოდ მიიღეს მოქმედი და მომგებიანი საგანმანათლებლო დაწესებულება და 428 ათასი ლარის ღირებულების 6,250 კვ.მ. უძრავი ქონება.

არ იკითხავთ, რამდენად მიაქირავა ახალშექმნილმა “ფონიჭალა 9”-მ და “ფონიჭალა 10”-მა ბიზნესის აკადემიას უსინათლოთა კავშირის ყოფილი ქონება? 1 კვ.მ. 81თეთრად. ანუ 9,440 კვ.მ. მიწა მათზე განთავსებული 2,822 კვ.მ შენობით თვეში 10,000 ლარად. აქედან კავშირის ფული მხოლოდ 4,900 ლარია, 5,100 ლარს კი მოგების სახით თანაბრად ინაწილებენ ია და კახაბერ ერაძეები.

გაცილებით ლოგიკური და კავშირისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა, თავიდანვე გაექირავებინათ ეს ფართი და თანხა იჯარიდან მიეღოთ. ასე არც უძრავი ქონების კერძო პირისთვის დათმობა გახდებოდა საჭირო.

ახლანდელ თავმჯდომარეს ვკითხეთ, რატომ გადაეცა ეს ქონება ერაძეებს, რატომ არ მოიძებნა ისეთი მოიჯარე, ვინც ქირის სანაცვლოდ გაარემონტებდა შენობა და საერთოდ, რა მოგება ნახა კავშირმა ამ გარიგებებიდან.

სოფიკო ხუციშვილი უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე 20 თვის წინ გახდა. “ბიზნესის აკადემიასთან” დაკავშირებული ბოლო მოვლენები სწორედ ამ პერიოდში მოხდა. წესით, მან ამ გარიგების დეტალები   ყველაზე კარგად უნდა იცოდეს.

“მე ეგ დეტალები ბოლომდე ჯერ არ ვიცი, სავარუდოდ, ვერ მოინახა ისეთი მოიჯარე, რომელიც დააბანდებდა ფულს და იტყოდა, მე გავარემონტებ და ამას ავიღებ,” – გვიპასუხა სოფიკო ხუციშვილმა, რომელიც ამ სატელეფონო საუბრისას მეტი დეტალის გარკვევას დაგვპირდა და გვთხოვა, მეორე დღეს ისევ დავკავშირებოდით. მეორე დღეს კი გვითხრა, რომ საუბარი აღარ უნდოდა და არც წინა დღით ჩაწერილი ინტერვიუ გამოგვეყენებინა. არადა, პირველივე დარეკვისას ვუთხარით, რომ საუბარს ვიწერდით და მის გამოყენებას ვაპირებდით.

იმავე კითხვებით ია ერაძესაც დავუკავშირდით. ის “ბიზნესის აკადემიის” მფლობელი და დირექტორია. თავიდან ინტერვიუზე ისიც დაგვთანხმდა, თუმცა როგორც კი პირველი კითხვა დავსვით, ზარი გაგვითიშა და მეტჯერ აღარ გვიპასუხა. ინტერვიუს შესათანხმებლად მივწერეთ კიდეც, თუმცა არც ამაზე გვიპასუხა.

გიორგი ენუქიძე
გიორგი ენუქიძე

თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გიორგი ენუქიძე გვიყვება, რომ ეს გარიგება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასსა და კავშირის ახლანდელ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება დაიწყო. ეს დაძაბულობა, საბოლოოდ, მისი გათავისუფლებით დასრულდა, რადგან როგორც გვიყვება, ენუქიძე ღიად ეწინააღმდეგებოდა კავშირისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს.

2022 წლის დასაწყისში კავშირის წინააღმდეგ ენუქიძემ პროკურატურაში პირველი საჩივარი შეიტანა, რადგან მისი აზრით, ეს ამბავი ნათლად აჩვენებს ყველა იმ დარღვევას, რაც კავშირში წლების განვამლობაში ხდებოდა.

“როდესაც ვიკითხე, რატომ ვაძლევდით უსასყიდლოდ ერაძეებს SBA-ის წილებს და რატომ თვლიდა რევაზ მაისურაძე, რომ ეს ქონება მხოლოდ ერაძეების იყო [და არა კავშირისიც], მიპასუხა, ეს მათი საკუთრებაა, კომპანიის ფულით იყიდესო. არადა, აკადემიის 49 პროცენტის მფლობელი “სუ კავშირი” იყო… ეს კითხვები გამგეობაზეც დავსვი, დაველოდე კენჭისყრას და ცხრა ადამიანიდან რვამ რომ ასწია ხელი, თანხმა ვარ SBA-ის წილები ერაძეებს უსასყიდლოდ გადაეცესო, დავიწყე  დეტალური ახსნა, რა იყო წილის ღირებულება. გამგეობის ერთ-ერთ წევრს ვკითხე, იცი, რა არის იმ 49 პროცენტის ღირებულება, რასაც ვჩუქნით და რა ზიანს გვაყენებს ეგ-მეთქი? სიტყვა-სიტყვით ასე მიპასუხა – რეზომ მითხრა და ცუდი როგორ იქნება, ის ცუდს და ჩვენთვის საზიანოს ხომ არ იტყოდაო,” – გვიყვება ენუქიძე.

ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება SBA-ის საკითხზე, ისევე როგორც კავშირის სხვა ფინანსურ გადაწყვეტილებებსა თუ გარიგებებზე.

ფონიჭალაში კავშირის მიერ გაყიდულ ქონებაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას რუკაზე ნახავთ.

ამბავი 2

უსინათლოთა კავშირმა 2008 წელს იჯარით გასცა 1,050 კვ.მ მიწა თავისი შენობით. ეს ნაკვეთიც ბიზნესის აკადემიის მეზობლად, ფონიჭალაში მდებარეობს. შპს “მედჯორჯია” ქონებით სარგებლობისთვის 9 წლის განმავლობაში თვეში 1,575 აშშ დოლარს იხდიდა. 2017 წელს ახალი ხელშეკრულება დაიდო 5 წლიანი ვადით, რომლითაც 1,400 კვ.მ. მიწასა და 1,579 კვ.მ. შენობაში “მედჯორჯია” თვეში 2,620 აშშ დოლარს გადაიხდიდა. ახლა ამ შენობაში კლინიკაა, რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით არ ფუნქციონირებს.

ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგშია, კავშირი აქირავებს მის საკუთრებას მოგების მიღების მიზნით. თუმცა, ქონების გასხვისების ჩახლართული და უკვე ნაცნობი სქემა ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.

უსინათლოთა კავშირმა 2020 წლის ივლისში შექმნა შპს “ფონიჭალა 8,” რომლის კაპიტალშიც შეიტანა ეს უძრავი ქონება. ახლა შპს “ფონიჭალა 8”-ის 49 პროცენტი კავშირის საკუთრებაა, 51 პროცენტი კი დავით ხუციშვილმა 177,500 ლარად ორ ეტაპად იყიდა. ის “მედჯორჯიას” დირექტორი იყო 2018-2020 წლებში.

ხუციშვილი მეტად გამჭრიახი აღმოჩნდა. მან რთული სიტუაციიდან შპს “მედჯორჯიაც” გამოაძვრინა და თავადაც ისარგებლა. ეს ყველაფერი კი უსინათლოთა კავშირის ქონების გამოყენებით.

უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელი ამ გარიგების დადებისას რევაზ მაისურაძე იყო. მის წერილში წერია, რომ შპს “მედჯორჯია” იჯარის თანხას დროულად ვერ იხდიდა და 2020 წლისთვის ამ კომპანიას კავშირის 73,000-ლარიანი ვალი ჰქონდა.

საჯარო რეესტრის ბაზაში კვლევისას ვიპოვეთ ჩანაწერი, რომ 2019 წლის ივნისიდან შპს “მედჯორჯიას”  წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაც დაიწყო. ამ ამბავზე სასამართლოც კი გაიმართა. კომპანია მაშინ ამტკიცებდა, რომ ვალების დასაფარად საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა.

“მედჯორჯიას” მაშინდელმა დირექტორმა, დავით ხუციშვილმა 2020 წელს უსინათლოთა კავშირს ბიზნესპარტნიორობის იდეით მიმართა. შეთავაზების თანახმად, თუკი უსინათლოთა კავშირი ახალ კომპანიას დააფუძნებდა და მას “მედჯორჯიას” მიერ იჯარით აღებულ ქონებას გადასცემდა, ხუციშვილი მზად იყო ახლადდარეგისტრირებული კომპანიის 51 პროცენტიანი წილი 200,000 ლარად შეეძინა და დირექტორის მოვალეობაც შეესრულებინა.თუმცა, საბოლოოდ ხუციშვილმა ეს წილი 177,500 ლარად შეიძინა.

ეს შეთანხმება კავშირისთვის დიდად მომგებიანი არ არის. ნასყიდობის ხელშეკრულებები ადასტურებს, კავშირმა ხუციშვილს მისი კომპანიის წილის ფასი შეუმცირა და ამით ბიუჯეტს 22,500 ლარი დააკლო.  კავშირის ბიუჯეტს “მედჯორჯიადან” მიღებული ყოველთვიური იჯარის თანხაც დააკლდა და 2,620 დოლარი, დაახლოებით, 1,000 დოლარამდე შემცირდა.

სხდომაზე გამგეობის წევრებს არწმუნებდნენ, ეს გარიგება ჩვენთვის კარგი იმიტომ არის, რომ ჩვენი მოიჯარე ქირის ფულს არ გვიხდის და ახალი ბიზნესპარტნიორის დახმარებით, რომელიც ამ კომპანიის დირექტორია, უფრო მარტივად მივიღებთ ჩვენს კუთვნილსო. მას გაუჩნდება პირადი მოტივაცია, რათა „მედჯორჯიამ“ წარმატებით დაფაროს ყველა დავალიანებაო.

ამას ისიც დავუმატოთ, რომ ერთიანად ავიღებთ 200,000 ლარს, რაც საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებაში დაგვეხმარებაო. არადა, შეგახსენებთ, რომ “მედჯორჯია” ის მოიჯარე იყო, რომელიც ქირას თვეების განმავლობაში არ იხდიდა და ძველი ვალიც ჰქონდა დაგროვებული, ჯამში 73,000 ლარი.

ახალი კომპანიის რეგისტრაციიდან სამი თვის შემდეგ ხუციშვილი “მედჯორჯას” დირექტორობიდან გაათავისუფლეს.

კავშირს 2020-2022 წლებში შპს “მედჯორჯიასგან” იჯარის სახით უნდა აეღო 77,880 დოლარი, ანუ დაახლოებით, 233,000 ლარი. აქედან კავშირმა მხოლოდ 135 ათასი ლარი აიღო, რადგან დანარჩენი ახალდაფუძნებული “ფონიჭალა 8”-ის მეორე მეწილესთან ანუ ხუციშვილთან წავიდა.

გამოდის, ხუციშვილმა მხოლოდ ორწლიანი იჯარით შეძლო, ამოეღო იმ თანხის ნახევარზე მეტი, რაც “ფონიჭალა 8”-ის წილში გადაიხადა და სავარაუდოდ, სარგებელს მომავალშიც ნახავს, რადგან კვლავ ხუციშვილის საკუთრებაში რჩება კომპანიის 51 პროცენტიანი წილი, 713 კვ.მ. მიწა და მასზე არსებული 805 კვ.მ. შენობა ნაგებობა.

მედჯორჯია
კლინიკა “მედჯორჯია”

აქ ჩნდება ეჭვი, რომ “მედჯორჯიას” ფინანსური პრობლემები და იჯარის ვერგადახდა იმ სქემის ნაწილი იყო, რომლის საშუალებითაც დავით ხუციშვილი კავშირის ქონების მეწილე გახდა. სამწუხაროდ, მედიისთვის კერძო კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია დახურულია და ჩვენ დანამდვილებით ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა “მედჯორჯიას” იჯარის გადახდის პრობლემები მაშინ, როცა გარიგება შედგა.

2021 წლის იანვარში ხუციშვილმა კავშირს ახალი ცვლილების მოთხოვნით მიმართა. ახლა ხუთწლიანი იჯარა ოცწლიანი ხდებოდა, შენობის გარემონტებისა და ახალი სართულების დაშენების პირობით. ეს საკითხი უსინათლოთა კავშირის სხდომაზეც განიხილეს და გამგეობამ თანხმობაც განაცხადა. არადა, მოიჯარე პირნათლად რომ არ ასრულებდა მის მოვალეობებს, ამაზე უკვე ზემოთ ვისაუბრეთ. თან, “მედჯორჯიას” კავშირის ვალი ამ ახალი შეთანხმების მოთხოვნის დროსაც არ ჰქონდა გასტუმრებული.

20-წლიანი იჯარა ვერ შედგა. სამაგიეროდ, 2021-2022 წლებში შედგა სასამართლო, რომელზეც  შპს ”მედჯორჯია” და  შპს“ფონიჭალა 8” გარიგდნენ, რომ სასამართლო შეწყდებოდა და იჯარის ღირებულება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 3,000 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა.

ჩვენ კავშირის ძველი თავმჯდომარისთვის, რევაზ მაისურაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ გადაწყვიტა მოიჯარედ ისევ “მედჯორჯიას” დატოვება და მისთვის ახალი ხელშეკრულებების დადება მაშინ, როცა კომპანია იჯარას ვერ იხდიდა და ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ჩვენი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რევაზ მაისურაძემ “აი, ფაქტის” კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. შემდეგ ახლანდელ თავმჯდომარეს, სოფიკო ხუციშვილს ვკითხეთ, რა ხდება “მედჯორჯიას” ამბავში ახლა და იხდიდა თუ არა კომპანია ქირას?

სოფიკო ხუციშვილმა ინტერვიუში გვითხრა, რომ სიტუაცია არ გამოსწორებულა და სავარაუდოდ, მოუწევდათ “მედჯორჯიას” გამოსახლება მათი ფართიდან. იმავე კითხვით დავით ხუციშვილსაც მივმართეთ.

მეიჯარესთან არის პრობლემები და ამ პრობლემებზე ვიდავებთ. როგორც რამდენიმე წლის წინ მოგვარდა, ისევ ისე უნდა მოვაგვაროთ. მაშინ სასამართლოს შეთანხმებით მოხდა დავალიანების თანხის დაფარვა და შემდეგ მოხდა ახალი შეთანხმების გაფორმება. რომელიც მერე სამწუხაროდ დაარღვიეს. ახლა იძულებული ვართ აღსრულებას მივმართოთ და დავიწყოთ გამოსახლება,” – გვითხრა დავით ხუციშვილმა. მისი თქმით, “მედჯორჯიას” ვალი, დაახლოებით, 15,000 დოლარია.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ვცადეთ დაკავშირება “მედჯორჯიას” ახლანდელ დირექტორ ნინო ბრეგვაძესთან, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ შევძელით. ჯერ გვითხრა, რომ სასაუბროდ შეუფერებელი დრო იყო, შემდეგ კი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობდა.

დავინტერესდით იმითაც, რა სახსრებით შეიძინა ხუციშვილმა ამ ბიზნესის წილი და რა სარგებელი ნახა უსინათლოთა კავშირმა ამ გარიგებით. მან გვითხრა, რომ “ფონიჭალა 8-ში” წილი ბანკის სესხის დახმარებით იყიდა, ღირებულება კი კავშირმა თავად დაასახელა. შემდეგ ხუციშვილმა, თავის ბანკირთან ერთად დათვალა და ჩათვალა, რომ ეს გარიგება მისაღები იყო.

“მე ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებულად მიდის ჩვენი ბიზნეს პარტნიორობა. ორივესთვის მომგებიანია. რაც მე პარტნიორი გავხდი, უფრო მეტი თანხა აქვს მიღებული უსინათლოთა კავშირს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. იჯარის ოდენობა იყო 2,600 დოლარი და გახდა 3,000,” – გვითხრა ხუციშვილმა.

დავით ხუციშვილი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა და ზემოთ ნახსენები კომპანიების გარდა, წილებს კიდევ ორ კომპანიაში ფლობს. ამ ბიზნესების საქმიანობაც სამედიცინო სფეროს უკავშირდება.

ამბავი 3

უსინათლოთა კავშირის მრავალრიცხოვანი უძრავი ქონებიდან ერთ-ერთი, რომლის ამბავსაც ახლა მოგიყვებით, თბილისში, ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე მდებარეობს. 3,845 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე ახლა “მონოლით ჯგუფის” მიერ აშენებული 2 კორპუსი დგას. 2015 წლამდე კი აქ უსინათლოთა კავშირს საოფისე ფართები ჰქონდა და მათი იჯარით გაცემით ორგანიზაციას ყოველთვიურად სულ ცოტა 2,500 აშშ დოლარი შესდიოდა. 

ეს ტერიტორია უსინათლოთა კავშირს 1998 წელს სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა. 2007 წლიდან კავშირმა უძრავი ქონების გაქირავება დაიწყო.

2015 წელს კი უსინათლოთა კავშირსა და სამშენებლო კომპანია “მონოლით ჯგუფს” შორის შეთანხმება შედგა. კავშირმა ეს ტერიტორია “მონოლით ჯგუფს” კორპუსების ასაშენებლად იმ პირობით დაუთმო, რომ თავად 1,300 კვ.მ. ფართის გარემონტებულ კომერციულ ფართს მიიღებდა იმავე კომპლექსში. კომერციული ფართის გარდა, უსინათლოთა კავშირს ხუთი ავტოსადგომი გადასცეს სარგებლობის უფლებით.

რევაზ მაისურაძე
რევაზ მაისურაძე

აუდიტორმა 2016 წელს ამ მიწის ერთი კვადრატული მეტრი 250 დოლარად შეაფასა. ამავე  მიწის მომიჯნავედ, “მონოლით ჯგუფმა” იმავე პერიოდში 1 კვ.მ.-ში 285 დოლარი გადაიხადა. ამ ქონების მეზობლად ჩვენ სხვა მიწების ღირებულებაც შევამოწმეთ. 2014-2016 წლებში ამ ტერიტორიაზე მიწის ფასები 277-დან 340 დოლარამდე მერყეობდა. კავშირს თავისი ქონებიდან კვადრატული მეტრი 277 დოლარად რომ გაეყიდა, მასში, მინიმუმ, 97 ათასი დოლარით მეტს აიღებდა.

საერთო ჯამში, “მონოლით ჯგუფისგან” უსინათლოთა კავშირისთვის გადაცემული 1,308 კვ.მ კომერციული ფართის ღირებულება 967,920 დოლარად შეფასდა.

ჩვენ “მონოლით ჯგუფის” ყოფილ დირექტორს, ზაზა იჩქიტიძეს ვკითხეთ, როგორ მოხდა ეს შეთანხმება. მან გვითხრა, რომ დიდი ფართობის მიწა, დაახლოებით, 10-20 პროცენტით ნაკლებად ფასდება და კავშირს მაქსიმალური შეფასება გაუკეთა, პრესტიჟული ადგილი იყო და უკან აღარ დავიხიეო.

არც კავშირი დარჩენილა ვალში კომპანიასთან: მერიასთან სამშენებლო პროექტის შეთანხმება და სამშენებლო ნებართვის მიღება თავის თავზე აიღო.

კავშირში ბევრმა ვერ გაიგო, მენეჯმენტი რატომ ცვლიდა ამ ფართს სამჯერ ნაკლებ ტერიტორიაში. სხდომის ჩანაწერში ამ ამბავს იმით ხსნიან, რომ შენობას რემონტი და ფული ესაჭიროება, კავშირს კი ამის ფუფუნება არ გააჩნდა.

ჩვენ უსინათლოთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარეს, ფრიდონ ლობჟანიძეს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ “მონოლითთან” მოლაპარაკებას რევაზ მაისურაძე აწარმოებდა. ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ ყველა გადაწყვეტილებას მაშინაც კი, როცა ის იყო ფორმალური თავმჯდომარე, მაისურაძე იღებდა. ლობჟანიძემ საუბარში ისიც გვითხრა, რომ მეორე ვადით ასარჩევად არჩევნებში მონაწილეობა არც უცდია, რადგან რევაზი აპირებდა კენჭისყრას, მასთან დაპირისპირება კი არაფრით შეიძლება. ბოლოს ისიც დაამატა, რომ მაისურაძე მისი ბავშვობის მეგობარი იყო.

ლობჟანიძეს ვკითხეთ, რატომ დათანხმდა 3,845 კვადრატის 1,300-ში გაცვლას. “შენობა ინგრეოდა, ვეღარ ვუვლიდით. ბოლო მეიჯარე ქირას ვერ იხდიდა. მოვიწვიეთ დეველოპერები. მათ გვითხრეს, მეტი არ გვიღირს, ჩვენ თქვენთვის კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ, რომ ფული გავაკეთოთ, გაწყობთ 1,300, გაწყობთო,” – გვითხრა ლობჟანიძემ.

კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ზაზა იჩქიტიძემ გვითხრა, რომ ეს მშენებლობა მისი ინიციატივა არ იყო და თავად კავშირი ეძებდა მშენებელს ამ ობიექტზე. მას მისმა ნათესავმა და კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ტარიელ გურულმა მიმართა ამ წინადადებით. მოლაპარაკებებში კი სულ ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მაისურაძე და ლობჟანიძე.

მშენებლობის დასრულების შემდეგ უსინათლოთა კავშირმა, 1,308 კვ.მ. კომერციული ფართი მიიღო, რომელიც ახლა კერძო სკოლას, “ახალ თაობას” იჯარით აქვს აღებული. სკოლა იჯარაში 2019-2022 წლებში 5,335 აშშ დოლარს იხდიდა. 2022 წლის სექტემბრიდან კი იჯარა 8,000 დოლარამდე გაიზარდა.

საინტერესოა ისიც, რომ ეს ახალი შენობაც საბაზროზე დაბალ ფასად არის გაქირავებული. სკოლამ 1 კვ.მ 6 დოლარად იქირავა, როცა ზუსტად ამ ოფისის გვერდით მდებარე ოფისში 1 კვ.მ. 20 დოლარად ქირავდება.

უსინათლოთა კავშირთან ორთაჭალის ქონებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 14 თვეში  “მონოლითმა” ახალი მშენებლობა ვარკეთილში იმ მიწაზე დაიწყო, რომელიც რევაზ მაისურაძის ცოლს ეკუთვნოდა. “მონოლითის” ყოფილ დირექტორს, იჩქიტიძეს ვკითხეთ, როგორ შეარჩია კომპანიამ ეს მიწა.

“რომ ვაშენებდით კარგად, ერთ-ერთის მეუღლემ გადაწყვიტა, რომ ჰქონდა მიწა და თუ პირობებს კარგს შევთავაზებდით, იმ მიწას დაგვითმობდა თანხის და ფართის სანაცვლოდ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მეუღლე ვინ არის. ჩვეულებრივი ბიზნესმენი ვარ, პირობები თუ კარგი იქნება, გნებავთ თქვენთან დავდებ ხელშეკრულებას,” – გვითხრა იჩქიტიძემ.

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე, ლუდმილა მაისურაძეს 1,794 კვ.მ. მიწა ჰქონდა, რომლის ნაწილიც თავად იყიდა, ნაწილი კი 2008 წელს დედამ აჩუქა. შპს “მონოლითმა” ამ ადგილას ათსართულიანი კორპუსი ააშენა და ლუდმილას 1,794 კვადრატის ნაცვლად 234,000 დოლარის ღირებულების ჯამში 780 კვ.მ-ის 13 ბინა  და ერთი კომერციული ფართი მისცა. ლუდმილა მაისურაძეს კომპანიამ დამატებით 150,000 დოლარიც გადაუხადა.

ამგვარად, ლუდმილა მაისურაძემ მისი საკუთრების სანაცვლოდ 2.3-ჯერ ნაკლები ფართობის უძრავი ქონება მიიღო და ამას დაემატა კიდევ 150,000 დოლარი. ეს მაშინ, როცა უსინათლოთა კავშირმა საკუთარ ქონებაზე 2.9-ჯერ ნაკლები ფართი მიიღო და დამატებითი ანაზღაურება აღარ მიუღია.

კომპანიის მაშინდელ დირექტორს ვკითხეთ, როგორ მოხდა ეს გაანგარიშება.

უსინათლოთა კავშირის ქონებას კოეფიციენტი ჰქონდა 1.5, [მაისურაძის მიწის] კოეფიციენტი 4.6 იყო ამიტომ ახლა დაიანგარიშეთ პროცენტულად, ორთაჭალაში ცოტა ბევრი მაქვს გადახდილი უსინათლოებისთვის, მაგრამ რამდენადაც პრესტიჟული ადგილი იყო  უკან აღარ დავიხიე. მომგებიანი იყო ჩემთვის  ვარკეთილი, თან ძალიან. ორთაჭალაში მერე მე რაღაცები მივაერთე, რაღაცები გავიტანე კომიტეტზე, დავხარჯე ფული, რაღაცები მოვახერხე. წინასწარ მქონდა თანხმობა კავშირთან, თუ ჩემი სახსრებით რაღაცას გავაკეთებ და შევცვლი, თქვენ ამასთან საქმე არ გექნებათ,” – გვითხრა იჩქიტიძემ.

კოეფიციენტები, რომელსაც იჩქიტიძე ახსენებს, განსაზღვრავს იმას, თუ რამდენსართულიანი შენობის დადგმა შეუძლია მშენებელს ამა თუ იმ ტერიტორიაზე. რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, მით მეტია შენობის ფართობი, შესაბამისად, მით მეტია შენობიდან მიღებული მოგებაც.

ჩვენ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გადავამოწმეთ, სიმართლეს გვეუბნებოდა თუ არა იჩქიტიძე. უსინათლოთა კავშირის მიწას თავიდან ნამდვილად ჰქონდა k2 კოეფიციენტი 1.5, რაც ნიშნავს, რომ მშენებელს აქ შეეძლო ისეთი შენობის დადგმა, რომლის ფართობიც, ჯამში, 5,767 კვ.მ. იქნებოდა. მაგრამ საქმე უფრო საინტერესო მაშინ ხდება, როცა ვნახულობთ, რომ “მონოლითთან” ხელშეკრულების დადებამდე მიწა ორ ნაწილად იყოფა და უსინათლოთა კავშირი ეხმარება კომპანიებს ზონების ცვლილებაში.

გარდა ამისა, “მონოლით ჯგუფმა” მომიჯნავედ მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც იყიდა და კავშირის მიწას მიუერთა. მიწის ფართობის გაზრდით შეძლო, რომ ერთი კორპუსი 2.8 კოეფიციენტით აეშენებინა და მეორე – 3.3-ით. კორპუსების საერთო ფართობი 16,200 კვ.მ-ია.

რევაზ და ლუდმილა მაისურაძე
რევაზ და ლუდმილა მაისურაძეები

ლუდმილა მაისურაძის მიწაზე კი “მონოლით ჯგუფმა” საბოლოოდ 3.4-ანი კოეფიციენტი მიიღო და 6,100 კვ.მ. ფართის მქონე შენობა ააშენა. თან, გაითვალისწინეთ, რომ უძრავი ქონების ფასი ორთაჭალაში, საშუალოდ, 28 პროცენტით მეტია ვარკეთილის ფასებთან შედარებით.

ლუდმილა მაისურაძემ “მონოლითისგან” 2017 წელს სხვა ბინაც შეიძინა, თბილისში, შავიშვილის ქუჩაზე – 66 კვ.მ 53,000 დოლარად.

საბოლოოდ ვინ უფრო ისარგებლა ამ გარიგებით? უსინათლოთა კავშირმა თუ მისი “გამგებლის” ოჯახმა?  

ჩვენ რევაზ მაისურაძესთან ვცადეთ ინტერვიუ. მან დაკვეთის შესრულებაში დაგვდო ბრალი და ამ სიტყვების შემდეგ კითხვებზე აღარ გვიპასუხა.

“აბსურდის თეატრს მეთამაშებით. ვინც ეს გთხოვათ, იმან იცის უკეთესად… შეიტანა განცხადება და დაელოდეთ შედეგებს, მიდის შემოწმება… თუ რამე შეცდომაა, მერე იზეიმებთ, ახლა დამშვიდდით.”

მაისურაძე შემოწმებაში პროკურატურის მიერ ძლივს დაწყებულ გამოძიებას გულისხმობს. უსინათლოთა კავშირის წევრები პროკურატურას ორგანიზაციის ფინანსების გამოძიებას წინა მთავრობის დროიდან მოყოლებული სთხოვდნენ. ჩვენი ინფორმაციით, გამომძიებლებმა უსინათლოთა კავშირიდან ფინანსური დოკუმენტები შესამოწმებლად მარტში ამოიღეს.

როდის და რა შედეგით დასრულდება გამოძიება, რთული სათქმელია. თუმცა, ესმა გუმბერიძე იმედს არ კარგავს და მზადაა, სამართლიანობის აღდგენასაც ისეთივე მოთმინებით დაელოდოს, როგორც გაუმჭვირვალე, ხმაგაუმტარ კარს მიღმა მიმდინარე სხდომებზე დასწრებას ელოდება.

“ჩემი მოლოდინია, რომ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, კავშირი დაზარალებულად იქნება ცნობილი და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს ყველაფერი კი დაამსხვრევს სტერეოტიპს, თითქოს, შშმ პირები “უმანკო ანგელოზები” არიან და დანაშაულის ჩადენა არ შეუძლიათ.”

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, გავაგრძელოთ კორუფციის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი ფინანსური მხარდამჭერი
Next
რა არის ჰიბრიდული ომი?
ჰიბრიდული ომი საქართველოში

რა არის ჰიბრიდული ომი?

ჰიბრიდული ომი არის შერეული მოდელი, როდესაც თავდამსხმელი მხარე ერთდროულად იყენებს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share