fbpx
temida 1024x525 1

როგორ გავაუბედურეთ თემიდა? – ნაწილი 4

როგორ მუშაობს საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა 

ადრე საქმეები მოსამართლეთა გვარების მიხედვით, ანბანურად ნაწილდებოდა. 2017 წლიდან კი მოსამართლეებთან საქმეები შემთხვევითობით, სპეციალური ალგორითმით ხვდება. 

განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო. ერთი შეხედვით, ეს გეგმა შეასრულეს, თუმცა როგორც ჩანს, სისტემის სათავისოდ გამოყენებას მაინც ახერხებენ. ამ ხრიკების გაკონტროლება კი შეუძლებელია. 

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ სისტემას აუდიტის შესწავლა სჭირდება, რომ გავიგოთ, გამართულად მუშაობს თუ არა ალგორითმი. ამის გარეშე, საქმეების განაწილება უბრალოდ კამათლის გაგორებას ჰგავს, თანაც ისე, რომ ის ციფრი “დააჯინონ”, რომელიც უნდათ. იურისტის თქმით, ელექტრონული სისტემით მანიპულირებენ სასამართლოს გადატვირთულობის დროსაც. კიდევ ერთი ხრიკია “პწიჩკების” გაქრობა. თუ არ უნდათ, რომელიმე მოსამართლეს საქმე დაეწეროს, მოხსნიან მას “პწიჩკას” და სისტემა მხოლოდ მონიშნულ მოსამართლეებს გაუნაწილებს საქმეს:

“მაგალითად, არის მოსამართლე, რომელიც არ ექვემდებარება კლანს. შემოვიდა საქმეები, დაეწერა ამ მოსამართლეს და უკვე დაიტვირთა. შემდეგ კვირაში რა საქმეებიც შემოვა, ამ მოსამართლეს აღარ დაეწერება იმიტომ, რომ უკვე დატვირთულია. ამიტომ, თუ “კლანისთვის” საინტერესო საქმე არის, იმ საქმეს შემოიტანენ შემდეგ კვირაში და ამასთან აღარ მოხვდება.”

“ლავირების საშუალება კანონითაც აქვთ. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ეს სისტემა შეჩერდეს და მოხდეს ისევ ძველი წესით, რიგითობით განაწილება. ეს განსაკუთრებული შემთხვევა შეიძლება იყოს ტექნიკური ხარვეზი, მაგალითად, ინტერნეტი გაითიშა, შუქი ჩაქრა,” – ამბობს “მოსამართლეთა ერთობის” დამფუძნებელი მაია ბაქრაძე. 

საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ვკითხულობთ, რომ თუ სისტემა ორ დღეზე მეტხანს შეფერხდება, სასამართლოს კანცელარიას შეუძლია საქმეები ძველებურად, მოსამართლეთა რიგითობით, ან ანბანურად გაანაწილოს. ხოლო, თუ გასანაწილებელია დაუყოვნებლივ განსახილველი საქმეები, კანცელარიას შეუძლია ისინი ძველი წესით გაანაწილოს, შეფერხებიდან 3 საათის შემდეგაც. კანონში დეტალურად არ არის ახსნილი, რა შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკურ შეფერხებად. ამ ჩანაწერის მკაფიოობას ევროკომისიაც ითხოვდა.  

“საქართველოს დემოკრატიული ცენტრის” კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, გვანცა წულუკიძე ამბობს, რომ ელექტრონული სისტემით მანიპულირებების გამოსარიცხად, გამჭვირვალე უნდა იყოს როგორ მუშაობს საიტი. ეს ტექნიკური მექანიზმი კი დოკუმენტებში უნდა ეწეროს. გვანცა წულუკიძის თქმით, ასეთი დოკუმენტი გამოითხოვეს, აწვალეს, სასამართლოს უწყებებში გადაამისამართეს, ბოლოს კი უთხრეს, არ გვაქვს დოკუმენტი, თავი დაგვანებეთო. 

“საერთაშორისო სტანდარტია, რომ ასეთი ტიპის პროგრამები იყოს რამდენიმე გასაღებით დახურული. ნებისმიერი სახის ცვლილებისთვის, საჭიროა 3 ან 4 ადამიანის თანხმობა. მაგალითად, როგორც საბანკო  ოპერაციების დროს ტელეფონზე მოგდით კოდი. თუ ასეთი გასაღებები რამდენიმე ადამიანის, უწყების ხელშია, დაცულია ეს პროგრამა.”

მოსამართლეები გვიყვებიან, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი ხრიკი მოიფიქრა იმისთვის, რომ მათთვის საინტერესო საქმე, მათ მიმართ კეთილგანწყობილ მოსამართლეს შეხვედროდა. 2017 წელს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში დაამატეს ვიწრო სპეციალიზაციის ახალი კოლეგია. ის განიხილავს მხოლოდ ისეთ ბიზნესსაქმეებს, რომლის სარჩელის თანხაც 500,000 ლარს აღემატება. საქალაქო სასამართლოში ამ კოლეგიას ხუთი მოსამართლე ჰყავს, სააპელაციოში – სამი. ყოფილი მოსამართლეები გვიყვებიან, რომ ამ პალატებში ყველა მოსამართლე ლოიალურია “კლანის” მიმართ. ამიტომ, საქმეები ელექტრონულად, შემთხვევითობითაც რომ განაწილდეს, მაინც აწყობთ. 

“ელექტრონული სისტემის შემოღებასთან ერთად, სასამართლოში ჩამოყალიბდა სასურველი მოსამართლეების მექანიზმი. ვითომ საფუძვლად დაუდეს, რომ საქმეთა სიმრავლის გამო, განხილვა დიდი დროით იწელება, ბიზნესმენებს პრეტენზია აქვთ, რომ მათი დავები ჭიანურდება, შესაბამისად, ინვესტიციები საქართველოში იკლებს და ასე შემდეგ,” – ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

“არ მაქვს იმის განცდა, რომ ელექტრონული წესით საქმეების განაწილება სრულიად შემთხვევითად ხდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბიზნესსაქმეების განხილვაზე აპელაციაში რომ არის სპეციალური პალატა. აქ 3 მოსამართლეა, ერთსაც რომ დაეწეროს, ის დანარჩენი ორიც მონაწილეობს ამ საქმეში. ფაქტობრივად იცი, ვის დაეწერება ეს საქმე,”- გვითხრა სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ნათია ქუთათელაძემ.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამბობდა, რომ ბიზნესდავების ცალკე კოლეგია საქმეთა ნაკადთან უკეთ გამკლავების მიზნით იყო საჭირო. თუმცა, არ არის შესწავლილი, რეალურად იხეირა თუ არა ამ სიახლით ბიზნესმა. 

ბიზნესასოციაციების იურიდიული დირექტორი, ნიკა ნანუაშვილი გვიყვება, რომ ცალკე კოლეგიის შექმნის მიუხედავად, ბიზნესდავები მაინც ჭიანურდება, ზოგჯერ საქმეთა განხილვა 2-3 წელსაც გრძელდება:

“საბოლოო ჯამში, არ არსებობს რაიმე ინდივიდუალური გზა, მეთოდი, რომელიც საქმეების განხილვას დააჩქარებდა. ბიზნესასოციაციას რაც შეუძლია, ესაა სასამართლოში გაჭიანურებულ დავებზე საკითხის დაყენება და მის ნეგატიურ ეფექტებზე საუბარი. ამ პრობლემის მოგვარება ბიზნესის საქმიანობას გაამარტივებდა და გააუმჯობესებდა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც. დავების გადაჭრის სიმარტივე და სისწრაფე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესგარემოს აფასებენ.” 

გასულ წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერდა, რომ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად შეიქმნა. კვლევის მიხედვით, პრობლემაა ისიც, რომ არ არის გამჭვირვალე, როგორ ინიშნებიან ამ კოლეგიის მოსამართლეები. არც ის არის ცნობილი, რა მიზეზით ხდება მათი ჩანაცვლება. ეს წესი არც კანონითაა განსაზღვრული. 

“სასამართლოს თავმჯდომარეს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი სიხშირით შეუძლია, შეცვალოს მოსამართლეთა შემადგენლობა ვიწრო სპეციალიზაციაში,”- ვკითხულობთ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევაში. 

რა ზიანს მოგვიტანს ვალდებულებებისგან თავის დაძვრენა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2017-21 წლების სტრატეგიას და 2017-18 წლების სამოქმედო გეგმას არ გაჰყოლია, ახალი გეგმა კი საერთოდ არ აქვთ. გამოდის, არც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სრულდება და ნაკისრ ვალდებულებებს თავს ვარიდებთ. 

“მათაც არ აქვთ პასუხი, რატომ არაა ახალი სამოქმედო გეგმა. აღარ თვლიან, რომ რამე არის გასაკეთებელი, ან უბრალოდ არ თვლიან პრიორიტეტულად ამ გეგმას და კიდევ რაღაც პასუხისმგებლობების აღებას,” – ამბობს “საქართველოს დემოკრატიული ცენტრის” კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, გვანცა წულუკიძე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სტრატეგია იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სასამართლოში პრობლემები თავად აღიარეს. თუმცა, მათი მოგვარების სურვილი აღარ გამოუჩენიათ. ნაზი ჯანეზაშვილი ამ გეგმის შესრულებისთვის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორიც იყო. როგორც ამბობს, შეხვედრების ინიციატივას ყოველთვის ის იჩენდა, მაგრამ არავინ ხვდებოდა. 

“ნორმალურ სახელმწიფოში თანამდებობის პირებს შეაწუხებდათ ის, რომ, აი, სტრატეგია დავწერე და არ სრულდება, მაგრამ ერთხელაც არ მოუკითხავს ახალ მდივანს და თავმჯდომარეს ეს თემა. გამოსავალი არის კლანური მმართველობის დასრულება, სხვა გამოსავალი ამ სისტემამ უბრალოდ არ დაგვიტოვა. კრიმინალი რომ ჩაიდინოს რომელიმე მოსამართლემ ისეთი, ყველა რომ ხედავდეს და ცხადი იყოს, რომ ეს კრიმინალია, ვერაფერს უზამ, თუ არ არის კლანის ნება. იმდენად დიდია ძალაუფლება მათ ხელში, რომ ანგარიშვალდებულების განცდა, ხალხი რას იტყვის, სირცხვილია ამას თუ არ გავაკეთებ, ეს არ არსებობს,” – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძე ამბობს, რომ მთავარი ზიანი, რომელსაც ეს პროცესი მოგვაყენებს, საერთაშორისო რეპუტაციის შელახვაა. მისი თქმით, ევროკავშირს მოლოდინები ვერ გავუმართლეთ. ეს კი შესაძლოა ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯიც იყოს. 

“რეპუტაციული ზიანი არის, დაახლოებით, საკუთარ კარში გოლი საერთაშორისო ურთიერთობებში. როცა ასოცირების ხელშეკრულებას არ ასრულებ, რატომ უნდა წამოვიდეს ევროპის კავშირი, ვთქვათ, გაწევრიანებაზე. არ მოდის, მაგრამ დავუშვათ ასეთი მოცემულობა. როცა იცის, რომ დადე ხელშეკრულება  და არ  ასრულებ, სადაა გარანტია, რომ რასაც გაწევრიანებაზე მოვაწერთ ხელს, იმას შევასრულებთ. თუ გადამგდები ხარ, მეც არ მოვდივარ შენთან მეტ ურთიერთობაზე. თუ გაქვს ეს სტატუსი დამკვიდრებული, რომ ხარ საერთაშორისო მატყუარა, არავინ დაიჭერს შენთან სერიოზულ ურთიერთობას და შემდგომი ინტეგრაციული პროცესები შენივე ცუდი ქცევის გამო შეფერხდება.”

საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო რომ არ არსებობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც წერს. მათ 2020 წლის ანგარიშში სიტყვა “კლანი” ცხრაჯერ არის ნახსენები. დოკუმენტში ხაზგასმულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთგულება სასამართლო კლანის მიმართ და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთპიროვნული, გაუმჭვირვალე მმართველობა.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რას დატბორავს ნამახვანჰესი რიონის ხეობაში?
ruka nam2021 1

რას დატბორავს ნამახვანჰესი რიონის ხეობაში?

კომპანია “ენკამ” მექვენაში, დერჩში, ონჭეიშში, ნამოხვანში, ვანისჭალაში,

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share