fbpx
ორმოები და ავარიული გზები საქართველოში

“შავი წერტილები” – როგორ კონტროლდება საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთები?

ავტორი: ეთო მიდელაშვილი

თუ გვინდა, რომ ქალაქში და ქალაქგარეთ ავტოავარიებმა იკლოს, ჯერ “შავი წერტილები” უნდა გაქრეს. “შავი წერტილი” გზის სახიფათო მონაკვეთია, სადაც ავარიები ხშირია და იქ გავლისას განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს.

ამ ადგილების შემცირებასა და თანდათან გაქრობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა იზრუნონ.

სტატიაში მოგიყვებით, რა კეთდება “შავი წერტილების” წინააღმდეგ ახლა, რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს და რატომ არ მოაქვს რეალური შედეგი ქაღალდზე გაწერილ ხედვებს.

რამდენად ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში?

2023 წლის 21 ნოემბერი – თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, ტროტუარზე მიმავალ 15 წლის ბიჭს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

2023 წლის 27 დეკემბერი ორთაჭალაში, ისევ გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

2024 წლის 16 თებერვალი – მეტეხის ხიდიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა. მაშველებმა მდინარიდან მძღოლის ცხედარი და მანქანა ამოიყვანეს.

ეს ავტოსაგზაო შემთხვევების ერთეული მაგალითებია, მთლიანი სტატისტიკა კი ასეთია:

შარშან საქართველოში 55 571 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ავარიების შედეგად, დაიღუპა 442 და დაშავდა 7 310 ადამიანი. ამ შემთხვევების უმრავლესობა, 65% მსუბუქი ავტომობილის მართვისას მოხდა. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წელს სიტუაცია წინა წლებთან შედარებით გაუარესდა.

სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა

“საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე უარეს შედეგს აჩვენებს საგზაო შემთხვევებით და სამწუხაროდ, მოწინავეა დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობით.  ნეგატიურ სტატისტიკაში მოწინავე ადგილებს ვიკავებთ. საუბარია არა მხოლოდ ევროკავშირზე, ზოგადად, ევროპაზე. საქართველოს გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს,”- ამბობს დავით მესხიშვილი. ის სატრანსპორტო კომპანია “გრინლაით კონსალთინგის” დამფუძნებელი და საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეა.

გასული წლის მონაცემების მიხედვით, ავარიების სავარაუდო მიზეზებად შსს ყველაზე ხშირად ასახელებს: შემხვედრ ზოლში გადასვლას და გასწრების წესების დარღვევას, დისტანციის დაუცველობას, სიჩქარის გადაჭარბებასა და გადასასვლელის გავლისას წესების დარღვევას.

იწვევს ავარიებს ყველაზე ხშირად

დავით მესხიშვილის შეფასებით, საქართველოში ავარიების მიზეზებს ზედაპირულად იკვლევენ. ხშირად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ერთდროულად ბევრი რამ იწვევს, შსს კი მხოლოდ ერთ მიზეზს სწავლობს:

“მაგალითად, მთვრალი პირი იჯდა საჭესთან, მოხდა საგზაო შემთხვევა, გამოძიებამ დაადგინა, რომ თრობის ქვეშ მყოფმა პირმა დაარღვია მოძრაობის წესები. მაგრამ იქ გამართული სამუხრუჭე სისტემა, ან შესაბამისი საბურავები რომ ყოფილიყო, მოხდებოდა თუ არა ავარია? ამ მეორე და მესამე მიზეზის კვლევა თითქმის არ მიმდინარეობს. პრაქტიკულად, არ ვიცით საგზაო შემთხვევების მიზეზები, დეტალურად ანალიზი რომ გავაკეთოთ…”

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვსურდა ოფიციალური პასუხი, თუ რატომ არ იკვლევენ ავარიის გამომწვევ ყველა მიზეზს ინდივიდუალურად და ხომ არ გეგმავენ ამ მეთოდის დახვეწას მომავალში. თუმცა, პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რომელსაც ავტოავარიების თემა ეხება, ტელეფონი გაგვითიშა, შემდეგ კი არც ზარებზე გვიპასუხა და არც ტექსტურ შეტყობინებებზე. ამბის მოკითხვა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტშიც ვცადეთ, მაგრამ იქედან ისევ უკან, პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს.

რა არის გზებზე არსებული “შავი წერტილი”?

შავ წერტილს” უწოდებენ გზის ისეთ ადგილს, სადაც ავარიები ხშირია. ტერმინი საავტომობილო გზების შესახებ კანონში 2020 წელს გაჩნდა და გულისხმობს არაუმეტეს 300-მეტრიან მონაკვეთს, რომელზეც:

  • 3 წლის განმავლობაში მოხდა სულ მცირე 4 ავარია და დაიღუპა ადამიანი, ან
  • 3 წლის განმავლობაში მოხდა ჯამში არანაკლებ 10 ავარია და მძიმედ დაზიანდა ან დაიღუპა ადამიანი.

შსს-ს ევალება, რომ ეს ადგილები გამოავლინოს და გააცნოს როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ისე მუნიციპალიტეტებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს. შემდეგ კი “შავ წერტილებთან” ბრძოლა ამ უწყებების ვალია.

ადამიანი დაიღუპა ავარიაში

გზებზე უსაფრთხო გადაადგილების და “შავი წერტილების” აღმოფხვრისთვის საჭირო ერთ-ერთი წესი 2020 წლის დეკემბერში დამტკიცდა. მას ხელს აწერენ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური და იმ დროს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ცქიტიშვილი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “შავი წერტილების” მართვა საგზაო უსაფრთხოების მართვის მთავარი კომპონენტია. კანონით განსაზღვრულია ისიც, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ საფრთხილო ადგილების ინსპექტირებისთვის. წესი კი დაამტკიცეს, მაგრამ ახლა მისი აღსრულებაა პრობლემა.

მაგალითად, დღემდე არ არსებობს “შავი წერტილების” ერთიანი, სრულყოფილი სია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერც იმას ვიგებთ, რამდენი ასეთი წერტილი აღმოფხვრეს და რამდენი დარჩათ.

2022 წელს შეიქმნა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიაც. მისი ფუნქციაა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულება, ამის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიის განახლება.

კომისია ექვს თვეში ერთხელ იკრიბება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც მაკოორდინებელი უწყებაა, სხდომების შესახებ საიტზე მოკლე ინფორმაციას აქვეყნებს. თუმცა, იქ არც “შავ წერტილებს” ახსენებენ და არც იმას აკონკრეტებენ, რა თემები განიხილა შეკრებილმა კომისიამ.

სად არის თბილისში სახიფათო მონაკვეთები?

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად, ყველაზე მეტი ავარია თბილისში ხდება და ფატალური შემთხვევების დიდი ნაწილიც აქაა. ამიტომ, გვაინტერესებდა რამდენი “შავი წერტილია” დედაქალაქში და მათი რა ნაწილი აღმოიფხვრა 2020 წლიდან დღემდე.

შსს-ს და თბილისის მერიას ამ “შავი წერტილების” ნუსხა ვთხოვეთ. ვადის ამოწურვის მიუხედავად, მერიამ ჩვენი განცხადება რეაგირების გარეშე დატოვა. შსს-მ კი არასრულყოფილად გვიპასუხა – სახიფათო ადგილების ჩამონათვალი არ მოგვაწოდეს და არც ის გვითხრეს, საერთოდ აქვთ თუ არა ეს სია.

ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 2020 წელს
ავარია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. 2020 წელი, ფოტო: ნეტგაზეთი

შსს-ს 2021 წლიდან აქვს ელექტრონული პლატფორმა maps.police.ge, სადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები რუკაზე უნდა აღრიცხონ და გააციფრულონ. საიტი მეოთხე წელია სატესტო რეჟიმში მუშაობს და უცნობია, როდის ამოქმედდება სრულფასოვნად. შსს-მ არც ის გვითხრა, რა დაჯდა ამ ინტერაქტიული რუკის შექმნა.

სამინისტროს ინფორმაციით, “შავი წერტილების” ანალიზს ამ პლატფორმის სრულად ამოქმედების შემდეგ შეძლებენ:

“იგი უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ლოკაციების gps კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციასა და რუკაზე შესაბამის ინდიკაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მოხდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემთხვევის ადგილების, ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემო პირობების შესახებ დეტალიზებული ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.”

არადა, სახიფათო მონაკვეთების გამოვლენის და შემდეგ მათი შემცირებისთვის, შსს-ს ფინანსური რესურსიც უნდა ჰქონდეს და ადამიანურიც:

საგზაო უსაფრთხოების უკეთესად მართვისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევების უკეთესად აღრიცხვის და სიკვდილიანობის შემცირებისთვის ევროკავშირმა 1 300 000 ევრო გამოყო. ეს პროექტი 2022-2024 წლებს მოიცავდა.

2023 წელს კი შსს-ში შეიქმნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება. ამ დანაყოფის მოვალეობა “შავი წერტილების” გამოვლენა და პრევენციაა.

საავტომობილო გზების შესახებ კანონში “შავი წერტილების” შესახებ მუხლის აღსრულება რომ პრობლემურია, ამას 2022 წელს მთავრობის ადმინისტრაციაც აღიარებდა.

“საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე შეგროვებული მონაცემები არასრულფასოვანია და არ იძლევა სიტუაციის რეალური სურათის აღქმის საშუალებას. 2021 წლის სტატისტიკურ მონაცემებში ყველაზე დიდი პროცენტული წილი (59%) “სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას” ეკავა. იმავდროულად, სრულყოფილად ვერ ხერხდება გზებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “შავი წერტილების” დადგენა,” – ვკითხულობთ “ხედვა 2030”-ში.

“შავი წერტილების” ოფიციალური ჩამონათვალი და რუკა შსს-ს ჯერ არ აქვს. თუმცა, სოციალურ მკვლევართა ორგანიზაცია z.axis-მა დედაქალაქის განსაკუთრებით საშიში მონაკვეთები იკვლია და ინტერაქტიულ რუკაზეც ასახა.

ურბან-გეოგრაფ გიორგი კანკიას თქმით, ეს ბაზა ეყრდნობა maps.police.ge-ის მონაცემებს და 2019-2022 წლის ავარიების ანალიზს.

თბილისის “შავი წერტილები” z.axis-ის მიხედვით
თბილისის “შავი წერტილები” z.axis-ის მიხედვით

დავით მესხიშვილის თქმით, თბილისის გარდა, განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთებია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ქუთაისი-წყალტუბოს და ქუთაისი-ბაღდათის გზებზე.

    რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო “შავი წერტილების” აღმოსაფხვრელად?

    “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი გვიყვება, რომ ე.წ. შავი წერტილების მართვის პრაქტიკა წლებია არსებობს ევროპის ქვეყნებშიც და მნიშვნელოვანი ზომაა ავარიების თავიდან ასარიდებლად.

    “მათი იდენტიფიცირება სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, რომელიც საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს არის საერთაშორისო ნორმა. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ჩვენზე 30 წლით წინ არიან… ბრიტანეთი, ნიდერლანდები და შვედეთი სტატისტიკას თანმიმდევრულად მიჰყვებიან, აქვეყნებენ და პრევენციაზე ზრუნავენ. აქ “შავი წერტილის” იდენტიფიცირება არის ერთ-ერთი წამყვანი… თუ ვიცით, სად და რატომ ხდება საგზაო შემთხვევა, მისი აღმოფხვრა უფრო მარტივია, ვიდრე რაღაც ზოგადი ღონისძიებების გატარება, რაც არ ვიცი რას ემსახურება,” – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

    2023 წელს საქართველოში მომხდარი ავარიები

    ურბან-გეოგრაფ გიორგი კანკიას თქმით, პრობლემაა ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შსს-ს აძლევს ძალაუფლებას შიდა, ადგილობრივ და საერთაშორისო გზებზე. ამიტომ, მისი აზრით, უმჯობესი იქნება საგზაო უსაფრთხოების კონტროლი მუნიციპალიტეტების მერიებმა ითავონ. გარდა ამისა, გვჭირდება მონაცემების გაცვლის უფრო ეფექტიანი მექანიზმი.

    “უსაფრთხოების კონტროლის რესურსი, ალბათ, მხოლოდ თბილისს აქვს, ისიც შეზღუდულად. ამიტომ, მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ცვლილებები. შსს მოუქნელ, ზანტ და ნაკლებად ეფექტურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, სადაც მონაცემების აღრიცხვა, გასაჯაროება და ანალიზიც კი პრობლემაა. მონაცემები არსებობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მათზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერ ვხედავთ. შსს მონაცემებს პროაქტიულად უნდა უზიარებდეს საზოგადოებას, დანარჩენ ორგანოებს და მუნიციპალიტეტებს. მათ კი პრობლემურ არეალებში სიტუაცია ინფრასტრუქტურულად უნდა მოაგვარონ, მაგალითად, კვანძის დიზაინი შეცვალონ, ან ჭკვიანი კამერები დააყენონ… ”- ამბობს ურბან-გეოგრაფი და ქალაქმგეგმარებელი გიორგი კანკია.

    სატრანსპორტო კომპანია “გრინლაით ქონსალთიგნის” დამფუძნებელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ რამდენიმე სამინისტროსა და მუნიციპალიტეტზე გადანაწილებული ფუნქციები უნდა მოექცეს ერთი უწყების ქვეშ, რომელიც ავარიებზე პასუხისმგებლობას აიღებს. მისი თქმით, ჯერ საგზაო უსაფრთხოების სამსახური გვჭირდება, შემდეგ ავარიების აღრიცხვის დახვეწა, “შავი წერტილების” გამოვლენა, რუკის შედგენა, ბოლოს კი პრევენცია და ამ წერტილების გაქრობა.

    “თუ შავ წერტილებს აღმოვფხვრით, ავარიების, დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი 25-30%-ით შემცირდება. მაგრამ ვინ უნდა აღმოფხვრას? თავი უნდა იყოს საგზაო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც არ არსებობს. ჩვენი დაჟინებული მიმართვის, თხოვნის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მიუხედავად, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა არსებობდეს. იქამდე, პრობლემას თავის თავზე არავინ აიღებს. არავის სურს დამატებითი პასუხისმგებლობის აკიდება საგზაო შემთხვევებზე და ყველაფერი მძღოლის ბრალია…,” – ამბობს დავით მესხიშვილი.

    მასალაში გამოყენებული წყაროები

    მასალის გამოყენების პირობები

    კომენტარები
    Total
    0
    Shares
    Next
    როგორ იქცა სამთავრობო ა(ა)იპ-ი “დასაქმების კანტორად”
    cover zestafoni aaip-ebi

    როგორ იქცა სამთავრობო ა(ა)იპ-ი “დასაქმების კანტორად”

    ა(ა)იპ-ების გამოყენება პოლიტიკური მიზნით - სქემა ზესტაფონის მაგალითზე

    თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
    Total
    0
    Share