fbpx
სოციალურად დაუცველების შანტაჟი წინასაარჩევნოდ

სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი – როგორ ემზადება “ქართული  ოცნება” არჩევნებისთვის

ავტორები: ნინო აფაქიძე და ეთო მიდელაშვილი

ქმარი: ის უფრო ყურადღებიანი მთავრობა იყო.
ცოლი: ესეც ყურადღებიანია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. 
ქმარი: შენ კი ხარ, სხვა მითხარი.
ცოლი: სხვა რაში მაინტერესებს?
ქმარი: 300 ლარით კმაყოფილია. არაფრითაც არ ვარ კმაყოფილი.
ცოლი: ჩუ… რაც ეს პროგრამა იქნება, [დასაქმებული ვიქნები].
ქმარი: მე მაგას ვიტყვი, სადაც უნდა იქ იყვნენ, მეშინია თუ?
ცოლი: გაჩერდი. მე კმაყოფილი ვარ.
ქმარი: მოხსნიან 300 ლარს და წეიღონ… 300 ლარზე აშინებენ ხალხს, მოგიხსნით ამ დახმარებასო. 

ეს დიალოგი მაღალმთიან აჭარაში, სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლში, 13 აგვისტოს მოვისმინეთ. დაახლოებით 50 წლამდე ცოლ-ქმარს, რომელიც ოთხი წელია საარსებო შემწეობას იღებს, მათ ყოველდღიურობასა და გასაჭირზე ვესაუბრებოდით. ცოლმა გვითხრა, რომ მესამე წელია დასაქმების პროგრამითაც სარგებლობს, საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ალაგებს და დამატებით 300 ლარს უხდიან. თუმცა, გამოგვიტყდა, რომ ეს მათთვის საკმარისი მაინც არ იყო.

ქმარი საუბარში მოგვიანებით ჩაერთო და გვითხრა, რომ არჩევნების დროს ამ დახმარების მოხსნით ემუქრებიან ხოლმე. მან არ გვითხრა, კონკრეტულად ვინ ემუქრება. თუმცა, ამ საუბარმა დაგვარწმუნა, რომ ხმების მისაღებად, სოციალურად დაუცველებზე მუქარის, ზეწოლისა და შანტაჟის პრაქტიკა 2024 წლის არჩევნებისთვისაც ამოქმედდა.

მას შემდეგ საქართველოს კიდევ სამ რეგიონს ვესტუმრეთ და ამ საკითხზე 50-ზე მეტ სოციალურად დაუცველს ვესაუბრეთ. მათივე თხოვნის გათვალისწინებით და იმის გამოც, რომ არ გვინდა მათ რაიმე საფრთხე შეექმნათ, ამ სტატიაში ყველას ვინაობა შეცვლილია.

სოციალურად დაუცველები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები არიან. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა საქართველოში 2006 წლიდან მოქმედებს. 2022 წლიდან კი მთავრობამ აამოქმედა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველები, ხშირად, სამთავრობო ა(ა)იპ-ებში გამოგონილ პოზიციაზე მუშაობენ. მათი ანაზღაურება 300 ლარია. 

სექტემბრის ოფიციალური მონაცემით, მთელ საქართველოში საარსებო შემწეობას 454 165 ადამიანი იღებს. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი დასაქმებულია 228 573 ადამიანი. საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი საკმაოდ ცვალებადია და “აი, ფაქტის” დაკვირვებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება ხოლმე.

მაგალითად, 2021 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 532 242 იყო, ოქტომბერში კი – 633 586. მაშინ საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართებოდა. 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 432 218 იყო. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს რიცხვი გაიზარდა და ოქტომბერში 510 343-ს მიაღწია. მართალია, 2020-ში სტატისტიკის ზრდა, სავარაუდოდ, პანდემიამაც განაპირობა, თუმცა, იგივე ხდებოდა 2018, 2016 და 2012 წლების არჩევნებზეც.

როგორ მოქმედებს არჩევნები სოციალურად დაუცველთა შიშებზე

ამ სტატიაზე მუშაობა აჭარაში მოგზაურობით დავიწყეთ. შუახევში მიმავლებს გზად 85 წლის ილია პაპა (სახელი შეცვლილია) დაგვემგზავრა, რომელიც სოფელ ჭვანამდე გავიყოლეთ. აღმოჩნდა, რომ თავადაც სოციალურად დაუცველია და მისი ოჯახის წევრებიც. საარსებო შემწეობას 3-4 წელია იღებენ.

გვითხრა, რომ მის სოფელში პროპორციული არჩევნებისთვის “სამზადისი” უკვე დაწყებულია: “მთავრობის ხალხი იყო. რას ამბობენ და ხმა მოგვეცითო. რამდენი პროცენტი აძლევს ხმას ოცნებას, ამას არკვევენ”, – გვითხრა ილიამ. ისიც დაგვიკონკრეტა, რომ სოფელს თავად შუახევის მერი, ომარი ტაკიძე ეწვია და ადგილობრივებს სოციალური დახმარებისა და პენსიების შეჩერებით დაემუქრა. როგორც ილია ამბობს, სოფელში იმყოფებოდა მერის ერთ-ერთი მოადგილეც.

“ყველაფერს შეგიჩერებთო. წელს მაგრად ეშინიათ, მიხვდი? გააქტიურებულები არიან, რომ ხალხი უმეტესი ხმას არ მისცემს. დადიან და ხალხს ეუბნებიან, ხმა ვის უნდა მისცეთო. მანქანას აღარ გამოგიშვებთ ამ სოფელშიო… ტრანსპორტსო… სოფლის გამგეობიდანაც იყვნენ. სოფლის გამგეობაც დადის და აფრთხილებს ხალხს. ყველგან დადიან მაგენი”, – გვითხრა ილიამ.

ჩვენ ომარ ტაკიძეს დავუკავშირდით. თავიდან გვითხრა, რომ საჭესთან იყო და ვერ დაგველაპარაკებოდა. მოგვიანებით რომ დავურეკეთ, ზარებს და შეტყობინებას საერთოდ აღარ უპასუხა. 

“ასე იყო ყოველთვის, ყველა თავისას იბრძვის”, – დაამატა ილიამ და თან გაიხსენა, რომ ამ “საქმეზე” წინა ხელისუფლების დროსაც “გამგებლები” დადიოდნენ.

სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი სალიბაურში
სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი სალიბაურში

მსგავსი შემთხვევის შესახებ ხელვაჩაურის ერთ-ერთ დასახლებაში, სალიბაურშიც გვესაუბრნენ. ავარიულ კორპუსში უმეტესად სოციალურად დაუცველი ოჯახები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ. მათი მთავარი შიში სწორედ ამ კორპუსს უკავშირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობის კედლები არამყარია, წვიმის დროს საცხოვრებლებში წყალი ჩადის, პერიოდულად კი ქვები ცვივა.

თუმცა, სალიბაურის მკვიდრი, სოციალურად დაუცველი მარინა (სახელი შეცვლილია), რომელიც 20 წელია ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, სხვა შიშებზეც გვესაუბრა. მასთან ერთად ეზოში 4-5 ადამიანი იყო და ჩვენთან დისკუსიაში მონაწილეობდნენ. არც ერთს გამოუთქვამს მარინას საწინააღმდეგო მოსაზრება. 

“არჩევნებზე მოდიან, გაშინებენ, რომ [საარსებო შემწეობას] მოგიხსნითო. მე შარშანაც არავისზე მიმიცია ხმა, სწორი რომ ვთქვა. იმიტომ, რომ მაინც მაგენი [“ქართული ოცნება”] იგებენ-მეთქი. და ისე მასე გვაშინებენ, ხახვს გვპირდებიან, მაგრამ არ ვშვებით. ზოგი ძალიან გაჭირვებული ვართ. ორმა კილო ხახვმა და ერთი სუნკა იმან რა უნდა გვიქნას. მაგრამ მაგი მაინც აკეთებს მისას, ივანიშვილი.”

ილია პაპასგან განსხვავებით, მან არ იცოდა იმ პირების ვინაობა, ვინც წინასაარჩევნოდ სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა. მისი თქმით, 2-3 უცნობი კაცი, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ შეძლეს, სალიბაურში აგვისტოს დასაწყისში იმყოფებოდა.

“მოდიან, აგზავნიან ხალხს, ბიჭები არიან, წვერიანი. სახელი არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ვერც იცნობ, არც გეტყვიან მაგფერი ადამიანები… გვეუბნებოდნენ, ივანიშვილს უნდა მისცეთ ხმაო. არ შეიძლებაო, მაინც ის არის, ბოლომდი, მაინც გევაო და მერეო არ გეპატრონებათ მაი ხალხსო. ჩვენ არ გვინდა მაგიო, უთხრეს ხალხმა… ისე გვაშინებდნენ, თორე რამეს დაპირებით არ ამბობდნენ”, – გვიყვება მარინა.

მან გაიხსენა, რომ სოციალურად დაუცველებს ამ მოთხოვნით ადრეც დამუქრებიან: წინათაც იყვნენ და ახლა მეტად დადიან. ზოგი პირზე მოხვეულიც იარებიან განა. აკრულები და სახელს არ გეუბნებიან. მაშინაც მოდიოდნენ, მაგრამ დამალვით და ახლა აშკარად მოდიან, არ ეშინიათ.”

მარინა ვარაუდობს, რომ მსგავსი ვიზიტები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება, რადგან მოსახლეობის დაშინება მთავრობას “თავიანთი ჯიბეების და უფროსობის გამდიდრებისთვის” სჭირდება. 

სალიბაურის დასახლება. სოციალურად დაუცველთა საცხოვრებლის დერეფანი.
სალიბაურის დასახლება. სოციალურად დაუცველთა საცხოვრებლის დერეფანი.

აჭარის შემდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტსაც ვესტუმრეთ. ჩვენი პირველი გაჩერება პანსიონატის დასახლება იყო ბაზალეთის ტბასთან ახლოს, სადაც არაერთი დევნილი და სოციალურად დაუცველი ცხოვრობს. კორპუსის ეზოში პირველივე შემხვედრი არჩილ ჟუჟნიაშვილი აღმოჩნდა, დასახლების მკვიდრი, რომელიც იქ ოჯახის 7 წევრთან ერთად ცხოვრობს და საარსებო შემწეობას იღებს. საუბარში მოგვიანებით გაგვიმხილა, რომ ბაზალეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობს. ამ საქმიანობის გამოც ისეა, რომ კორპუსში მცხოვრებებსა და მათ განწყობებს ზედმიწევნით იცნობს.

“ამ კორპუსში 140 ოჯახია. 500-მდე ადამიანი ცხოვრობს. 4-5 ოჯახია, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს და ერთი საეჭვოა. დანარჩენი არის ამ ხელისუფლების [მომხრე]. მე წლებია, ხელისუფლება რომ შეიცვალა, იმის შემდეგ ვმუშაობ. თითოეულს ვიცნობ კარგად და პატივს მცემს ხალხი. მეუბნებიან, შენ რასაც გვეტყვი, ისე მოვიქცევითო”, – გვითხრა ჟუჟნიაშვილმა და თან გვიმტკიცებდა, რომ არჩევნები თავისუფლად ტარდება.

“10 ადამიანი დავასაქმეთ, [სოციალურად დაუცველთა დასაქმების] პროგრამით. ქალები ეზოს ასუფთავებენ… მე ახლა რაც შემიძლია, ხალხისკენ ვარ. ხანდახან, შეიძლება, ცოტა გადავუხვიო კანონს, ეგეც დასაშვებია, რომ დაეხმარო ადამიანს, გაჭირვებულს… მერიიდან პროდუქტი დავეხმაროთო მითხრეს. ბევრი არ არის, მაგრამ [პროდუქტებითაც] ვეხმარებით ხოლმე”, – გვეუბნება არჩილი.

ამავე დასახლებაში შევხვდით ადამიანს, რომელსაც საარსებო შემწეობა შეუწყდა. ამიტომ, ის ვერც დასაქმების პროგრამით სარგებლობს.

“არჩევნებისთვის არის ეს დასაქმებულების პროგრამა გაკეთებული. აბა, თუ საერთო საქმე იყო, ცოცხს მეც ძალიან კარგად მოვუსმევდი და შევძლებდი დაგვას. სულ ისეთი ხალხია დასაქმებული, თავისიანები”, – გვითხრა მზიამ (სახელი შეცვლილია), რომელსაც მის სახლში ვესაუბრეთ.

მისი ოჯახი სამაჩაბლოდან დევნილია. დაახლოებით ორი წლის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს, რადგან მისი შეფასების ქულა სიღარიბის ზღვარს გასცდა. მას დასახლებაში არსებულ განწყობებსა და საარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე ვკითხეთ. “ძალიან ცუდი სიტუაციაა. [არჩილს] ხალხი გადაბირებული ჰყავს… გადმოუყრიან [ხალხს] გროშებს, კაპიკებს. ზოგს დახმარებას აძლევენ. შენ თუ სიმართლეს აწვები, შენთვის ყველაფერი დაკეტილია. მე “ნაციონალს” მეძახდნენ სულ. მე ვარ სიმართლის მთქმელი, თორემ არც “ნაციონალებმა” გამიკეთეს რამე და არც “ოცნებამ”, რომელი მეიმედება?” – გვიყვება მზია. 

დუშეთში, ოფიციალური მონაცემით, 26 900 ადამიანი ცხოვრობს. მათი 16% პროცენტი საარსებო შემწეობას იღებს. 2023 წლის მიხედვით, დუშეთში 4 341 სოციალურად დაუცველი ცხოვრობდა. სწორედ ამ სტატისტიკამ გვიკარნახა, რომ დუშეთშიც უნდა ჩავსულიყავით და იქაურების აზრი მოგვესმინა. 

სოციალურად დაუცველებს დუშეთის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ შენობაშიც შევხვდით, სადაც საოლქო საარჩევნო კომისია და წყალმომარაგების სამსახური მდებარეობს. აქ თვითნებურად შესახლებულია რამდენიმე ოჯახი, მათ შორის, სოციალურად დაუცველებიც. ისინი, წლებია, დაკავებული ოთახების დაკანონებას ელიან, თუმცა, უშედეგოდ. 

შორენა (სახელი შეცვლილია) ამ კორპუსში 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. საარსებო შემწეობას მისი არასრულწლოვანი შვილი იღებს. “ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ყველაფერს ხომ არ ვილაპარაკებ. რაღაც-რაღაცების გამო თავს ვიკავებ… არჩევნებზე შეგვპირდებიან რაღაცას და მერე მეორე არჩევნები მოდის, ისევ ისეა ყველაფერი”, – გვითხრა მან.

დუშეთშივე შევხვდით დასუფთავების სამსახურში დასაქმებულ პირს, რომელმაც წინასაარჩევნო ზეწოლის ფაქტზე გვიამბო:

“ხალხში შიშებს მთავრობა აღვივებს. [სოციალურად დაუცველებს] აშინებენ, დახმარებას შეგიწყვეტთო… ჩვენც გვაშინებენ, მე სადაც ვმუშაობ. ჩუმად იყავითო. თუ ხმას არ მოგვცემთ, იცოდე რომ სამუშაოს დაკარგავო. არჩევნების წინ უბან-უბან დადიან. მე რომ მივედი კინოს შენობაში [“ქართული ოცნების” ამომრჩევლებთან შეხვედრაზე], მაშინ მითხრეს ბიჭებმა, სამუშაოს დაკარგავო. პარტიის წევრია ერთი ბიჭი, “ქართული ოცნების” კოორდინატორია, სახელი არ ვიცი. მე ძალაზე მედგნენ, რომ წაგიყვანთო და შემოხაზავთო”, – გვითხრა რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. თუმცა, მანვე გაიხსენა, რომ სამუშაოს დაკარგვით ადრეც დამუქრებიან. მაგალითად, “ქართული ოცნების” აქციებსა თუ კონცერტებზე იძულებით წაყვანისას. 

შენობა დუშეთის ცენტრში, სადაც რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს
შენობა დუშეთის ცენტრში, სადაც რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს

დუშეთის შემდეგ ამ მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელშიც ვიყავით, რადგან იქ მოსახლეობა, განსაკუთრებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფები, უფრო მოწყვლადები არიან. აქ მცხოვრებთა შიშები ყველაზე კარგად ისევ ერთმანეთისთვის, მეზობლებისთვისაა ნაცნობი. 

“ეშინიათ მაგათ, ისეთი რამე არა ვთქვათ, რომ აქ მერე პრობლემა შეგვექმნას და სოციალური არ დავკარგოო. თვალებში გიწყებენ ყურებას, არაფერს არ გეტყვიან. [ელოდებიან] შენ რას ეტყვი, რომ მერე შესაბამისი პასუხი შეარჩიოს. სახელმწიფომ ესენი დაიქვემდებარა უკვე. ამ ხალხსაც როგორ ინახავს, შიმშილის ზღვარზე [არიან], რომ დააკნინოს. ეს ხალხი იმისთვის ჭირდება, რომ გამოიყენოს მერე საარჩევნო პროცესებში. ირიბად ვიცი, რომ მოდის ჩინოვნიკი ამ სოციალურად დაუცველთან. რამე რომც არ უთხრან, ეს დაუცველი უკვე პანიკაშია და ნებისმიერ რამეზე წაყვება, მიტინგზე კი არა. ყველგან ეგ განწყობებია, სოფელში განსაკუთრებით”, – გვითხრა სოფელ საკრამულოში მცხოვრებმა გელა გვრიტიშვილმა (სახელი ნამდვილია) და მანვე მიგვიყვანა მის მეზობლად მცხოვრებ ოჯახში, რომელთაც საარსებო შემწეობა უკვე შეჩერებული აქვთ.

“ეს ხალხი რაღაცეებს იკვლევენ, გამოგკითხავენ, ნუ გეშინია, შენ რაც გინდა, ის უთხარი, გადახარშე-გადმოხარშე”, – ასე გააცნო ჩვენი თავი გელამ მეზობელს. “შენ რა უთხარი?” – დაინტერესდა მეზობელი, რომელმაც ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავა, რადგან სოციალურის აღდგენას ელის.

ჩვენ 8 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც ვიყავით. “ვინც “ოცნებისთვის” მუშაობს, ხალხს აშინებს, რომ დახმარება შეიძლება მოუხსნან. ეს ადამიანები ყოველ წელს ამ საქმეს აკეთებენ და ეს არჩევნებზე მოქმედებს. სოციალურად დაუცველებს როცა ეუბნები, ოპოზიციას მიეცი ხმაო, გპასუხობენ, არა, მე დახმარებას ვიღებ და ვერ ვიზამ, მომიხსნიანო”, – გვითხრა ულაშლოს მკვიდრმა, რომელიც საარსებო შემწეობას არ იღებს, თუმცა მანაც ანონიმურობის დაცვა გვთხოვა. მიზეზს თქვენც მარტივად მიხვდებით.

სოციალურად დაუცველების დაშინებების შემთხვევებზე სოფელ აღმამედლოს მცხოვრებლებსაც ვკითხეთ: “ბევრი რამით გვაშინებენ, რა ვიცი, დახმარება მოგეხსნებათო, სოციალურად დაუცველებს ეუბნებიან. ისედაც ცოტა ადამიანი იღებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. ვისაც მართლა სჭირდება, იმას არ აძლევენ. [საარსებო შემწეობის მიმღები] არაფერზე არ ლაპარაკობს მერე. 41-ის წარმომადგენლები აკეთებენ ამას. კოორდინატორები, შტაბის უფროსები. სახელებს ვერ გეტყვით”, – გვითხრეს სოფლის ცენტრში და დაამატეს, ჯერ კიდევ “ტკბილად” ელაპარაკებიან ხალხს, კარდაკარ სიარული და დაშინებები ბოლო დღეებში დაიწყებაო.

თავად მარნეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს პრობლემებზე საჯაროდ საუბარიც უჭირთ, არათუ დაშინების შემთხვევებზე. თუმცა, სოფელ არაფლოში შევხვდით სოციალურად დაუცველებს, რომლებმაც “აი, ფაქტთან” 2020 წლის არჩევნებზე მომხდარი შემთხვევა გაიხსენეს. მაშინ ჩვენთან ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და სიაზე მოგვაწერინეს ხელი, შემდეგ კი “ქართული ოცნებისო.”

ქართული ოცნების პლაკატი მარნეულში
“ქართული ოცნების” პლაკატი მარნეულში

“2020 წელს იყვნენ და გვითხრეს, რომ თუ 5 ნომერს მისცემთ ხმას, დახმარებას მოგიხსნიანო… ჩვეულებრივი ადამიანები [მოდიან ხოლმე], სოფლის ხალხი. ისინი რაიმე თანამდებობაზე არ არიან… მაგათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი, მე როგორ მეცოდინება… ერთი ბიჭი იყო მარტო, რომ მოვიდა, არაფლოდან არის… მან თქვა 5 ნომერს თუ მისცემთ ხმას, შეგიწყვეტენ დახმარებასო. ჩვენც შეგვეშინდა”, – გვითხრა ნარგილამ (სახელი შეცვლილია).

“წელს ჯერ არ მოსულან. ალბათ, ისევ მოვლენ… 2020-ში [რა სიაზე მოგვაწერინეს ხელი],
არ ვიცოდით, ჩვენ გაუნათლებელი ხალხი ვართ, არ გვესმის არაფერი. ჩვენ ვიფიქრეთ, ახლა ყველა აწერს ხელს, მოდი, ჩვენც მოვაწეროთ. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იყვნენ. დახმარების მოხსნით რომ დაგვემუქრნენ, მერე კი შეგვეშინდა”, – თქვა ნაზილამ (სახელი შეცვლილია), რომელიც 7 წელია საარსებო შემწეობას იღებს.

შიში და სიღარიბე – ხელისუფლების მთავარი მოკავშირე

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებებზე, სოციალურ თემებსა და გამოწვევებზე სიღრმისეულ კვლევებს ამზადებს, ეხმარება ადამიანებს მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. საარჩევნო პროცესში სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების გამოყენებაზე ორგანიზაციის მკვლევარი მარიამ ჯანიაშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში სოციალური პოლიტიკა და სოციალური უფლებები აღიქმება არა როგორც უფლება, არამედ როგორც მმართველი პარტიის კეთილი ნება.

“ადამიანები განსაკუთრებული იმედებით შეჰყურებენ საარჩევნო წელს. არიან უკიდურესად მოწყვლადები და მათთვის ნებისმიერი დახმარების დანიშვნა და შეწყვეტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – გვეუბნება ჯანიაშვილი.

ირმა პავლიაშვილი 2006 წლიდან წინასაარჩევნო კამპანიებსაც აკვირდება და არჩევნების დღესაც. მისი ორგანიზაცია, “ღია სივრცე კავკასია” წელსაც ჩართულია სადამკვირვებლო საქმიანობაში. ირმას არაერთხელ გამოუვლენია შემთხვევა, როცა სოციალური დახმარება საარჩევნო კონტექსტში იარაღად გამოიყენება.

“ჩვენ არაერთ არჩევნებზე გვინახავს, მუქარა, შანტაჟი, “კეთილი რჩევები”, რომ ნების გამოხატვა თავისუფალი არ ყოფილიყო ან კონკრეტული სუბიექტისთვის დაეჭირათ მხარი. ხშირად გვქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორები ან შემდგომ უკვე შესაბამისი სამსახურის პირები სწორედ ამ მექანიზმს იყენებდნენ. ჩვენ არა მხოლოდ ვაკვირდებით საარჩევნო გარემოს, არამედ ფოკუს ჯგუფებსაც ვატარებთ, კვლევის ფარგლებში ვსწავლობთ, რა გამოწვევების წინაშე დგას ამომრჩეველი. მოსახლეობა კონფიდენციალურად გვიზიარებს ინფორმაციას, რომ ახლაც აძლევენ “კეთილ რჩევებს”, რომ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს მისცენ ხმას, ან თავი შეიკავონ კრიტიკული აზრის გამოთქმისგან”.

არჩევნების წინ საარსებო შემწეობის გამოყენებით ადამიანებზე მანიპულირება “ქართული ოცნების” მიერ მოფიქრებული სქემა არაა. სოციალურად დაუცველები ინტერვიუს დროს გვიყვებოდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ამ პროგრამით მათ ადრეც აშინებდნენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრი იყო, სატელეფონო საუბრისას გვიდასტურებს, რომ მათი ხელისუფლების მისამართითაც ისმოდა მსგავსი ბრალდებები.

“ეგ ბრალდება ყოველთვის ისმოდა იმისდა მიუხედავად, ხელისუფლებაში ვინ იყო. ამ პროგრამის მიმართ ნდობის საკითხი ყოველთვის იდგა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებები რომ აიღოთ, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, სულ ამბობდა, რომ აი, “ნაცები” იყენებდნენ ამას პოლიტიკური ნიშნით და ჩვენ კარგები ვართ, ჩვენ არ ვიყენებთ. მაგრამ დაძველდა ის ხელისუფლება და ამათაც ისევე ეხებათ ეს ყველაფერი, როგორც თავის დროზე ჩვენც გვეხებოდა. ამიტომ, აქ საკითხი არის სისტემური”, – გვითხრა ჭიაბერაშვილმა.

ვატო სურგულაძე ახლა ოპოზიციაშია, 2007-2010 წლებში ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უფროსი იყო და ამ სისტემის მუშაობის მექანიზმი კარგად იცის. “სოციალურ სააგენტოს შეუძლია ნებისმიერ მომენტში მივიდეს, გადაამოწმოს ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და [დახმარება] სხვადასხვა მიზეზების გამო შეუჩეროს მაინც, თუ არ მოუხსნის”, – გვითხრა სურგულაძემ ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, სოფლებში სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას ე.წ. გამგებლები (იგივე მერის წარმომადგენლები) ახდენენ: “გამგებელმა ყველაფერი იცის და პრაქტიკულად პატარა ფაშასავით ზის. მან კარგად იცის, ვის როგორი შეხედულება აქვს, უჭერს თუ არა მხარს ოპოზიციას თუ არსებულ მთავრობას. სიები მზადდება – ეს ჩვენიანია, ეს არ არის ჩვენიანი და ვინც არ არის ჩვენიანი იმაზე წავა ზეწოლა, რომ მოგიხსნით [დახმარებას]. ძალიან ადვილი მექანიზმია, ძალიან პრიმიტიული მექანიზმია, მაგრამ მუშაობს”, – გვიხსნის სურგულაძე.

წარწერა დუშეთში, სოციალურად დაუცველთა საცხოვრებლის კედელზე
წარწერა დუშეთში, სოციალურად დაუცველთა საცხოვრებლის კედელზე

იმავეს გვიყვება ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოში პარტია “ლელოს” წარმომადგენელი: “ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავს თავისი გამგებელი, ამ გამგებელს აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არის სოციალურად დაუცველი მის ოლქში და წინასაარჩევნოდ ზუსტად იმ ტექსტით მიდის, რომ “შენ ხომ არ გინდა ახლა მოგეხსნას [დახმარება]. მოდი, ხმა მომეცი და ეს მთელი მანქანა, თავისი საკოორდინატორო ბაზით, მთელი ჯაჭვი, ვერტიკალი ჩართულია ამ ამბავში სრულად”.  

ეს სქემა, როგორც ჩანს, უნივერსალურია. 85 წლის ილია პაპაც იგივეს გვიყვება შუახევში და 67 წლის ნათელა ბებოც (სახელი შეცვლილია) ხარაგაულში. ის სოფელ ლეღვანში მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. საარსებო შემწეობას ყველა მათგანი იღებს.

ხარაგაულში 17 ოქტომბერს ვიყავით. ნათელა ბებომ და მისმა შვილმა მოგვიყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ მათთან ხარაგაულის მერიის თანამშრომელი, თეა ბერიძე იყო მისული. ხარაგაულის მერიის ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ ის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსია.

“თუ სხვა პარტიას მისცემ ხმას, დახმარებას მოგიხსნიანო. მეც მეშინია არ მომიხსნან… 41-ს თუ მისცემ ხმას ყველანაირად დაგეხმარებით, გვერდში ამოგიდგებიო და გაგაკეთებინებ ყველაფერსო. ჩვენ გაჭირვებულებს გეხმარებითო… ივანიშვილმა გააკეთა და ააყვავა ყველაფერი და სააკაშვილმა დაგვაქციაო… მე მაგ პენსიაზე და დახმარებაზე ვარ, მართლა რომ შემიჩერონ, ამდენი რამე მაქვს გამოტანილი [განვადებით და სესხით]. მაგით უნდა ვისტუმრო მე ეგენი…ერთი ჩემი პენსია რამდენს ეყოფა? პენსიას ევიღებ ახლა პირველშია და სესხი მაქვს, ვალის გულობიზა გამოვიტანე. იქ ფქვილს ვყიდულობ, საჭმელს ვყიდულობ, ბავშვებია და ბებია, ბებია, მშია, მშიას იძახიან, რა უნდა ვაჭამო ბოვშვებს”, – გვითხრა ნათელა ბებომ და დაამატა, არჩევნები რომ დამთავრდება, გამოჩნდება მერე რა იქნება, მერე ვეღარავის ვეღარ იპოვიო.

“ხმა მოგვეცი, სხვას რომ მისცე ხმაიო, დახმარებას მოგიხსნიანო… ”ოცნება” მაძლევს ახლა მე მაგას? 41 ბოლო არისო [ბიულეტენზე], თეამ გვითხრა… 41 რუსეთის არის და იქით წევენ ხალხს და რუსეთში რა ჯანდაბა გვინდა? ჩემს ფეხებს გაიგებენ ახლა ვის შემოვხაზავ მე… დამთავრდეს ეს არჩევნები და ვინ დაგეხმარება, დეინახავ. ასე ვიქნებით სულა”, – გვითხრა მისმა შვილმა, თემურმაც (სახელი შეცვლილია) და აღნიშნა, რომ დახმარების მოხსნით მათ სოფელში მცხოვრები მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც აშინებენ.

საქსტატის მიხედვით, ხარაგაულში 17 900 ადამიანი ცხოვრობს. საარსებო შემწეობას 4 260 ადამიანი იღებს, ანუ მოსახლეობის 24 პროცენტი.

ამას ლეღვანში მცხოვრები მაკაც გვიდასტურებს (სახელი აქაც შეცვლილია). ის სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დამლაგებლად მუშაობს და გვიყვება, რომ მასაც სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

“ჩვენი გამგებელი გელა მაღრაძე [ხარაგაულის მერის წარმომადგენელი ლეღვანში] ხვდება ხალხს და სამსახურის დაკარგვით ემუქრება. ჩემს ოჯახზე მოდის ძლიერი ზეწოლა… გელა სულ ესე მუჭით, თვალებს გვიბრიალებდა სულ ყველას, კრინტი არ დაძრათო”, – ამბობს მაკა.

მისი თქმით, ბოლო 3 კვირაა, ლეღვანში ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან ერთად, სხვა დასაქმებულებსაც იბარებენ საერთო კრებაზე. ხოლო ამ პროცესის ორგანიზებას ხარაგაულის მერის მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოციალური პროგრამით დასაქმებულთა ხელმძღვანელს, დათო კაციტაძეს ავალებს ხოლმე.

“მოდიან რაიონიდან წარმომადგენლები, დაგვიბარებენ, ვითომ ხელისმოწერა არისო, მოვლიან ხარაგაულიდან. პირადად ვარლამ ჭიპაშვილი როა, მოადგილე არის გამგებლის, ეგ აშინებს ხალხს. ორჯერ იყო მოსული, ხომ იცით, ახლა ჩვენ რომ ასე დაგასაქმეთო, არსად არ დაიწყოთ ბოდიალიო, უნდა შემოხაზოთო 41 ნომერი, თორემ დაკარგავთ ყველა სამსახურსო. მერე თვითონ კობა ლურსმანაშვილიც იყო ამოსული და იგივე გაგვიმეორა, რომ ყველანაირად დაგეხმარებითო, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო. ერთ-ერთი პიროვნება წამოდგა ფეხზე და თქვა, ჩემს უბანში ზამთარ-ზაფხულ ჩექმები მაცვია იმხელა ტალახიოაო. რამდენჯერ დავწერე განცხადება, არაფერი რეაგირება არ მოახდინეს, რომ გზა გაეკეთებინათო და კობა ლურსმანაშვილი შეპირდა, პირადად მე გაგიკეთებთ მაგ გზასო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ბაიბური არ არის. სხვა არაფერს არ დაგვპირებიან, უბრალოდ გვემუქრებიან იმაზე, რომ მოგიხსნით რაზედაც ხართ დასაქმებულები, მეტი არაფერი. მასეთი საუბარი ჩვენთან არ არის. არის მარტო დაშინება”, – გვითხრა მაკამ.

ხარაგაული, სოფელი ლეღვანი
ხარაგაული, სოფელი ლეღვანი

ბოლოს მაკას ისიც ვკითხეთ, წინა არჩევნების დროს რა ხდებოდა. მსგავსი ფაქტები წინა არჩევნების დროსაც ხდებოდა და წინა ხელისუფლების დროსაცო. “მსგავსი ამბები ყოველთვის იყო. აი, ამის წინ რომ არჩევნები იყო, მაშინაც იყო ჩემ ოჯახზე ზეწოლა და ბევრზე აქ. ფულის შეთავაზებებიც იყო. ჩვენი თვალით ვუყურებდით, 20-50 ლარებში აძლევდნენ ხმას “ოცნებას.” ჩემს სოფელში რაც ხდება, ხუთი თითივით ვიცი მე ის. მაგრამ ახლა როგორც არიან, კარდაკარ დადიან, ეკითხებიან რამდენი სული ხართ ოჯახში, ხომ იცით ჩვენ უნდა მოგვცეთ ხმაო, ეგრე არ იყო. რაც ხალხის დასაქმება დაიწყეს, მას მერე შვრებიან მაგას. ზუსტად მაგისთვის ჰქონდათ გათვლილი [დასაქმების] პროგრამა, დასაქმებული სოციალურად დაუცველებით აეღოთ ხმები”, – გვიყვება მაკა.

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის მიზნებს არჩევნებს უკავშირებს ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთში მცხოვრები ერთ-ერთი პირიც, რომელმაც გვთხოვა, ჩემი სახელი და გვარი სტატიაში არ ახსენოთო.

“[სოციალურად დაუცველები] არიან ახლა დამუშავებულები და არ გეიღებენ ხმას. ამათ დაშინებას რა უნდა? ჩვენს სოფელში დასაქმებულია, დაახლოებით, 80 სული, არადა მთელ სოფელს 10 ადამიანი ეყოფა. ბურდები უნდა მოჭრან და მეტი არაფერი, მეტი საქმე მაგათ არაფერი აქვთ. დასაქმების პროგრამის მიზანი ის იყო, რომ წინა არჩევნებზე გოუჭირდათ მაგათ და დღეს ხალხის მობილიზაცია წამოიღეს ამით. დასაქმებული ჰყავთ, აძლევენ აგერ 300 ლარს, მკვდარ ფულს. ეს იყო წინასაარჩევნო გათვლა. ეს გათვალა ღარიბაშვილმა. მუშაობს იმათთვის ხმის მიცემაზე, მეტი არაფრისთვის”.

სტატიაზე მუშაობის დროს ვიყავით რუსთავშიც. ძველი რუსთავის ტერიტორიაზე, შენობაში, რომელსაც სახურავი სანახევროდ არ აქვს, 6 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის, სოციალურად დაუცველები და ომის ვეტერანები. აქ ფართის დაკანონებას არავინ ელის, მხოლოდ გაზის და წყლის შეყვანას ითხოვენ. ყველა ოჯახს ერთი, საერთო მრიცხველი აქვს და გათბობას ზამთარში მორიგეობით რთავენ. 

“ნორმალური ადამიანი აქ იცხოვრებს? (ნორმალური – სწორად გამიგეთ). ბინიანს [ვგულისხმობ] თორემ ნორმალურებიცა ვართ და ოჯახის შვილებიცა ვართ. სახლი რომ გვქონდეს, აქ ვინმე იცხოვრებს?” – გვეუბნება კაცი, რომლის ბინასაც სახურავი ჯერ არ აქვს. 

სოციალურად დაუცველები პრობლემებზე ლაპარაკს აქაც უფრთხიან. “ინტერვიუ რომ მოგცეთ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება. არ ვიცი ვინ დარჩება, მოდი, არჩევნებს დაველოდოთ რა. გაშუქებას რა აზრი აქვს, პირიქით, გაღიზიანებას გამოვიწვევთ. გამოიყენებენ მერე სხვანაირად”, – გვეუბნებიან მაცხოვრებლები. 

მათ დასახლებაში წინასაარჩევნოდაც ნაკლებად ჩნდებიან პოლიტიკოსები. “აქ არავინ არ მოსულა, იმიტომ, რომ რაოდენობა არ არის ხალხის. 5-6 ოჯახი ცხოვრობს, არ უღირთ. აქ რომ მოვიდნენ, რა უნდა გითხრან. […] ახლა, რომ დაწერო, მერე მოვარდება სხვა პარტიებიც, რა დღეში ჰყავთ ხალხიო… აქ [პრობლემებზე] ვერ ილაპარაკებ. ხვალე ვინ იქნება, არ იცი. ჩვენი ხალხი რაღაცნაირია, ემოციურია, შენ იმას რატომ მიეცი ხმა, მე აღარ მოგხედავო, არასერიოზულია რა”, – გვიყვება შოთა (სახელი შეცვლილია).

“აი, ფაქტის” ექსპერიმენტი

სოციალურად დაუცველთა რიგებში ყველაზე მოწყვლადი ის ნაწილია, რომელიც მთავრობამ დასაქმების პროგრამებში ჩართო. დასაქმების პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა. 2023 წელს დაასაქმეს 139 000 ადამიანი. წელს კი უკვე დასაქმებულია 228 573 ადამიანი.

 ჩვენს მიერ ჩატარებული ინტერვიუებითაც დასტურდება, რომ სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში ამ ადამიანებს 300-ლარიანი სამსახურების წართმევით ან პირდაპირ ემუქრებიან, ან მინიშნებებს აძლევენ. მათთან ამ საკითხზე სასაუბროდ, ძირითადად, სოფლებში მერის წარმომადგენლები ან მმართველი პარტიის კოორდინატორები მიდიან. 

მერის წარმომადგენლებთან რომ პირდაპირ, ჟურნალისტის სახელით დაგვერეკა, ისინი ამ ინფორმაციას არ დაგვიდასტურებდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა.  

სოფლებში მერის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” შტაბის თანამშრომლებად გავეცანით და ვკითხეთ, რა განწყობაა მათ თანასოფლელებში. სულ ვესაუბრეთ მერის 16 წარმომადგენელს მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, იმერეთში და ქვემო ქართლში. კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან ურთიერთობა, შემდეგი პასუხები მოვისმინეთ:

“სოციალურად დაუცველებთანაც ვიყავი და დაცულებთანაც. ჩემთან 13 სოფელში, დაახლოებით, 50-მდე პირი დასაქმებულია სოციალურად დაუცველების [პროგრამაში]. მოდი ახლა, ამაზე ტელეფონში ნუ ვილაპარაკებთ, მე რა ვუთხარი და რა არ ვუთხარი. ყველასთან ვარ კარდაკარ მისული, მე თვითონ. იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებიც არ არიან ჩემები და არც მაინტერესებს ისინი, გინდ ყოფილან, გინდ არა. მე რაც ვმუშაობ, [სოციალურად დაუცველებისთვის] არაფერი მომიხსნია, პირიქით, ვუნიშნავ”, – გვითხრა ავთო ჭინჭარაულმა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელია. 

“შვებულებაში გავედი შეგნებულად, რომ ბოლო 10 დღე ამისთვის მომენდომებინა… [სოციალურად დაუცველებთან] მოხსნით დამუქრება არასწორი მიდგომა იქნებოდა, სხვა ტიპის კომუნიკაციები გვაქვს ამ ადამიანებთან, რამდენიმე ათეული დასაქმებულია”, – გვიპასუხა ლადო ჭინჭარაულმა, ბაზალეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენელმა.

მსგავსი მიდგომა აქვს მერის წარმომადგენელს, ტასო პაპუკაშვილს გრემისხევიდან: “სოციალურად დაუცველები დასაქმებულები გვყავს, ვიცით რანაირად მივუდგეთ, ყველაფერი კარგად არის წესით და რიგით.”

მოხსნაზე უთხარით? რომ შეიძლება შეიცვალოს ეს მდგომარეობა და აღარ იყვნენ დასაქმებულები? – ჩავეკითხეთ გრემისხევში მერის წარმომადგენელს.“კი, კი იციან. მთლად პირდაპირ არ გვინდა, რომ ისე გამოგვივიდეს, მაგრამ ვუდგებით ყველაფერს ტექნიკურად”, – დაამატა პაპუკაშვილმა.

"ქართული ოცნების" პლაკატი დუშეთში
“ქართული ოცნების” პლაკატი დუშეთში

სოციალურად დაუცველებისთვის “ყველაფერი ახსნილი” აქვს ავთო თაბუკაშვილს, მერის წარმომადგენელს ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში. “ნორმალური მიდგომა გვაქვს, ყველაფერი იციან. ყველაფერი ახსნილი გვაქვს ათასნაირად, რა და როგორ უნდა გააკეთონ”. თაბუკაშვილი ამას არ სჯერდება და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ყველა ოჯახში პირადად მიდის, შესაბამისად, ხალხის არჩევანსაც “აკონტროლებს”. “კოორდინატორები სანდო ხალხი არიან, მაგრამ მაინც ვერ ვენდობი და ყველა ოჯახში პირადად შევდივარ. სამსახურში ხარ და უნდა გააკეთო ის, რაც სავალდებულო არის”.

თამაზ ქათამაძის, ბარათეულში მერის წარმომადგენლის თანაშემწის აზრით, წინასაარჩევნო მზადება “კარგად მიდის” შუახევშიც:

ჟურნალისტი: “იციან, რომ თუ არ შემოხაზავენ ოცნებას, შეიძლება ეს შეღავათები აღარ ჰქონდეთ?”

მერის წარმომადგენელი: “კი ბატონო, ჩემთან გამოცხადდება უმაღლესი 90-100 კაცამდე. მათგან 65% მაინც უნდა იყოს [ოცნების ამომრჩეველი]. ვეუბნები, თქვენ საქმეს თქვენ მიხედეთ, მერე პრობლემები რომ არ შეგექმნათ რამე თქო. არ მყავს ისეთი, რომ დასაშინებელი იყოს.”

“ვემზადებით, ვნახავთ შედეგი როგორი იქნება. ყველაფერი წესრიგშია. სოციალური დახმარების მიმღებებიც არიან სიაში, ჩვენი აგიტატორები ყველას ელაპარაკებიან”, – გვითხრა  ბახტიარ გურიანოვმა, მარნეულის მერის წარმომადგენელმა ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

“არ ვტოვებთ არც ერთ წერტილს, არც ერთ უბანს,” – ეს კი ზესტაფონის მერის წარმომადგენელმა სოფელ დილიკაურში, გურგენ პერანიძემ გვითხრა და დაგვიდასტურა, რომ სოციალურად დაუცველებს დახმარების მოხსნით ემუქრებიან.

ჟურნალისტი: სოციალურად დაუცველებთან და პროგრამით დასაქმებულებთან ხომ გაქვთ აქტიური კომუნიკაცია? 

მერის წარმომადგენელი: კი, თავისთავად კაცო, რაზეა ლაპარაკი. სიები მაქ კიდე. იმ დღეს უნდა მევიყვანო ყველა, თავის ოჯახის წევრები, მარტო თავად კი არა. როგორც საჯარო მოხელეები, ასევე, ვინც დასაქმებულია სხვადასხვა პარტიებში ყველა მოვა და მიცემს ხმას თავის ოჯახის წევრებიანად.

ჟურნალისტი: სოციალურად დაუცველებს ხომ აფრთხილებთ, რომ თუ არ გააფერადებენ 41-ს, მოეხსნებათ ეს დახმარება. 

მერის წარმომადგენელი: თავისთავად. ჩვენ ჩავატარეთ იმიტირებული არჩევნები და ყველა მევიყვანეთ. ვანახეთ, იმასვქენით. თუ არადა შეყვება ახლა ვინც შეზღუდული არიენ ისენი, შეყვება ისი, ოჯახის წევრი და შამოახაზიებს, არ არი პრობლემა მაგაზე. თითქმის ყველა გათვითცნობიერებულია ჩვენიანები და “ნაციონალს” ახლა მე არ ვასწავლი იმას, რაფერ უნდა შემოხაზოს. იქ თუ შეეშლება, მაგ უკეთესია ჩემთვის.

რას აკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტო დაშინების შემთხვევების პრევენციისთვის ან რას აკეთებდა წინა წლებში? – ჩვენ ამ და სხვა კითხვების დასმა სააგენტოს პასუხისმგებელ პირთან გვსურდა. თუმცა, სააგენტოს პრესსამსახურმა განგვიცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და მსგავსი ფაქტი არასდროს დაგვიფიქსირებიაო.

– პირველად მესმის, რომ მოქალაქეს, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას, ვინმე ემუქრება, რომ შეუჩერებს. რა ლეგიტიმაციით უნდა დაემუქროს ვინმე დახმარების შეჩერებაზე? რა ვიცი, რა ინტერვიუ უნდა ჩაგაწერინოთ. არ ვიცი, უბრალოდ ვერ ვხვდები.
– იქნებ სააგენტოში დასაქმებულ სხვა პირს სმენია მსგავსი შემთხვევების შესახებ?
– რას მეუბნებით, რომ ვინმე ემუქრება, ეს ჩვენ ვიცით, ფაქტი ვიცით, რომ ვიღაცა გარე პირი ემუქრება დახმარების შეწყვეტით მოქალაქეს, ეს ჩვენ ვიცით, არაფერი არ გვიღონია და უბრალოდ ინტერვიუ ჩავწეროთ ეხლა?
– თქვენ გვეუბნებით, რომ მსგავსი ფაქტები შესახებ არ გაქვთ ინფორმაცია და თავადაც არასდროს დაგიფიქსირებიათ?
– რა თქმა უნდა. მსგავსი არც მოქალაქის მომართვიანობა გვაქვს, არც შემოსული წერილი გვაქვს, რომ ვიღაცა აშანტაჟებს, არ ვიცი, რანაირად. პირველად მესმის… ჩვენ ანონიმურობის დაცვის უფლება გვაქვს და თავისუფლად შეუძლია მოქალაქეს როგორც თქვენთან მოვიდა, ისე ჩვენთან მოვიდეს”.

რას უნდა ემსახურებოდეს საარსებო შემწეობის პროგრამა სინამდვილეში? 

სოციალურად დაუცველთა დახმარების პროგრამა სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. “აი, ფაქტი” ესაუბრა ლევან ანთაძეს, რომელიც 2008-2012 წლებში აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. სოციალური დახმარების პროგრამა ახალი ამოქმედებული იყო მისი მინისტრობის საწყის წლებში. ანთაძე მიიჩნევს, რომ თავიდან პროგრამა  “ცუდი არ იყო” და გარკვეული სარგებელიც კი მოიტანა.

“მაგრამ ამის შემდეგ გავიდა საკმაოდ დიდი დრო, 16-17 წელი და სისტემაში შეფასების კუთხით, თითქმის, არაფერი შეცვლილა. ბევრი რამე შეიცვალა, სოციალური მდგომარეობაც, რაღაც კუთხით განვითარება მოხდა და არ შეიძლება, 2006 წლის სტანდარტებით ვსარგებლობდეთ დღესაც”, – გვითხრა ანთაძემ.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მკვლევარმა, მარიამ ჯანიაშვილმა კი გვითხრა, რომ პროგრამის შექმნის მიზანი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ფიზიკურად გადარჩენა იყო. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ არსებული სოციალური დაცვის პოლიტიკა ფრაგმენტულია და მოსახლეობის საჭიროებებს ვერ პასუხობს. ხშირად კი უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანს დახმარების მიღმა ტოვებს.

“წლების განმავლობაში პროგრამა და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა, შინაარსი შეიცვალა, შეფასების პოლიტიკაც გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა ის პრინციპები [ქულის მინიჭება], რომელსაც ეყრდნობოდა პროგრამა – უცვლელი დარჩა”, – თქვა ჯანიაშვილმა.

საარსებო შემწეობა განისაზღვრება სარეიტინგო ქულის მიხედვით

მას შემაშფოთებლად მიაჩნია სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა და სისტემაზე მათი დამოკიდებულების ხარისხი: “ახლა მოსახლეობის 18%-ზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას. ათასობით ადამიანი საარსებო შემწეობას 15-16 წელია იღებენ.”

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას სოციალური დაცვის ერთიანი სისტემა, რომელიც სიღარიბის პრევენციაზე იმუშავებს. “ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე და არა მხოლოდ ერთჯერად გასაცემებზე. ახლანდელი სისტემა საერთოდ არ უყურებს ადამიანს მანამ, სანამ ის უკიდურეს სიღარიბეში არ აღმოჩნდება.”

ჯანიაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა წინასწარ დეკლარირებული და განჭვრეტადი იყოს. “არ [უნდა] არსებობდეს კითხვები, რომ შეიძლება ეს პროგრამა შეწყდეს და რაღაც ახალი გამოჩნდეს. როდის მოგვიხერხდება, როდისთვის იქნება უფრო ხელსაყრელი, პროგრამების დაანონსება – ჯანსაღი სოციალური პოლიტიკა ასეთი ვერ იქნება. მოქალაქემ [უნდა] იცოდეს, რა არის ახლანდელი სიტუაცია, საით მივდივართ, რომ სიურპრიზად არ იყოს მერე ეს პროგრამები გამოყენებული.”

“ღია სივრცე კავკასიის” დირექტორი, ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები, რითაც სოციალურად დაუცველ ადამიანებს პროფესიის და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარება. “რეალურად, პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ გარკვეული ნაბიჯების შემდგომ ადამიანს აღარ სჭირდებოდეს სახელმწიფოს დახმარება და დამოუკიდებელი ფინანსური გარემოს შექმნა შეძლოს.”

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ფიქრობს, რომ მიზნობრივი სოციალური დახმ

არების პროგრამა დღესაც სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია, თუმცა, ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას აძლევს და საარჩევნო მიზნითაც გამოიყენება. ამის თავიდან ასარიდებლად, ჭიაბერაშვილის აზრით, საჭიროა არსებობდეს სააგენტოს მიმართ ნდობის ხარისხი და მონიტორინგის მექანიზმი. მაგალითად, ისეთი ბორდის სახით, სადაც ამ სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შევლენ. მათ მუდმივად უნდა ჰქონდეთ წვდომა ტექნიკურ დეტალებზე და პროგრამაც უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს.

“უნდა არსებობდეს სისტემა, სადაც სააგენტოს აქვს მაღალი ნდობა არჩევნებამდე პერიოდში, რომ თვითონ არჩევნების დროს ამაში ეჭვი არ შეიტანონ. თუ ზოგადად, ნდობა არ არსებობს ინსტიტუტის მიმართ, მაგას არჩევნებამდე 3 თვით ადრე ვერ გამოასწორებ… საბოლოო ჯამში, ყველა ასეთი პრობლემის გადაწყვეტა არის მაქსიმალური საჯაროობა. ამიტომ, თუ გავხსნით ამ ინფორმაციას საჯაროდ, პირველ რიგში, საჭირო არის კამპანია, როგორ ხდება დანიშვნა. იმიტომ, რომ ზოგჯერ ბრალდებები ისმის [საარსებო შემწეობის] დანიშვნა/არდანიშვნაზე, ხშირად არის რომ ამ ბრალდებების მიზეზი არაინფორმირებულობა და სისტემის არცოდნა უფროა, ვიდრე სუბიექტური ფაქტორები. ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს პრობლემები ხელისუფლება რომ შეიცვალოს, მაინც დარჩება, თუ არ გავზრდით ინფორმირებულობის ხარისხს”, – გვითხრა ჭიაბერაშვილმა.

ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოსგანაც გვინდოდა მოგვესმინა, როგორ ხედავენ ისინი პროგრამის მომავალს, რის შეცვლას აპირებენ არსებული გამოწვევების საპასუხოდ. თუმცა, მათ ჩვენთან სიღრმისეული ინტერვიუ არ ისურვეს. 

კომენტარები
Total
0
Shares
თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share