თელავის მოსახლეობისთვის წყლის, გზებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა წლებია მოუგვარებელია. ამ დროს კი ადგილობრივი მთავრობა მიმდინარე წელს 3.3 მლნ ლარით აფინანსებს 14 ა(ა)იპ-ს, რომელთა ფუნქციები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ა(ა)იპ არასამეწარმეო-არაკომეციული იურიდიული პირია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად ქმნის. ამ ტიპის ორგანიზაციებს მიეკუთვნება მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კულტურის, დასუფთავების, გამწვანების, სპორტის ცენტრები.
ახლა თელავის მუნიციპალიტეტში სულ 18 ა(ა)იპ ფუნქციონირებს, რომელთაგან 4 არის ბაგა-ბაღების გაერთიანება, საბიბლიოთეკო გაერთიანება, ჯანდაცვის ცენტრი, უმწეოთა და უპოვართა სამსახური. დანარჩენი 14 კი სპორტისა და კულტურის სფეროში საქმიანობს.
ბოლო წლებში თელავში ამ ორგანიზაციების დაფინანსება და იქ დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია. საეჭვოა მათი ნაწილის აღმოცენების ისტორია და იქ მომუშავეთა კავშირები ადგილობრივი მთავრობის წევრებთან. “აი, ფაქტის” წყაროები ამბობენ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ები, ძირითადად, პარტიული აქტივის დასასაქმებლად შეიქმნა.
“რეალურად, ა(ა)იპ-ები ყალიბდება იმისთვის, რომ მოხდეს პარტიული აქტივის დასაქმება და საკუთარ ნათესავ-ახლობლების, ცოლის დაქალების და ა.შ. ნეპოტიზმით დასაქმება”, – გვითხრა თელაველმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ ლამაზოშვილმა.
იგივეს ამბობს “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი ნინო გოგოლაშვილიც: “ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული პარტიული კუთხით.”
“ზოგადად, მუნიციპალიტეტში გამოვირჩეოდით ა(ა)იპ–ების სიმრავლით. ამ ა(ა)იპ–ებში საქმდებოდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, თანამდებობის პირების ცოლის დაქალები და ა.შ.” – გვიყვება თელავის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ნიკა ვარდოშვილი.
მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე წელს თელავის ბიუჯეტის დაახლოებით 35 პროცენტი იხარჯება. ამასთან, 14 ა(ა)იპ-ის საქმიანობა ნაწილობრივ ემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფუნქცია-მოვალეობას, სადაც 9 ადამიანი მუშაობს. მათი საქმიანობაც კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და დაგეგმვაა. ამაში ბიუჯეტიდან კიდევ ცალკე ათობით ათასი ლარი იხარჯება.
“მაგას ვყვიროდით მაშინ ოპოზიცია, რომ რა საჭიროა, თუ არსებობს მუსიკალური სკოლის ა(ა)იპი ცალკე, ცეკვის ა(ა)იპი ცალკე, გააერთიანე და მოაქციე ერთად. მუსიკალური ა(ა)იპი რომ ცალკეა, იმას ხომ ჰყავს ცალკე დირექტორი, ცალკე ბუღალტერი, ცალკე სპეციალისტი. ხომ შეიძლება, რომ ერთმა დირექტორმა, ერთმა ბუღალტერმა და ერთმა სპეციალისტმა მართოს ცეკვის და სიმღერის ა(ა)იპი?” – ამბობს საკრებულოს ყოფილი წევრი ნიკა ვარდოშვილი.
კულტურის სფეროს ა(ა)იპ-ები
თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურის სფეროს ა(ა)იპ-ებს შორის გვხვდება „კულტურის ცენტრი“ 174 თანამშრომლით. ამას გარდა, ცალკეა 5 მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ცეკვის და სიმღერის ანსამბლი. მხოლოდ „კულტურის ცენტრის“ წლევანდელი ბიუჯეტი 1 მლნ-ზე მეტია, აქედან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი სახელფასო ხარჯებზე მიდის.
ცენტრის დაქვემდებარებაშია რვაა ანსამბლი, გუნდი და ბენდი. ისინი თელავის ბიუჯეტიდან ხელფასებს ყოველთვიურად იღებენ. “თუ ეს სიმღერის გუნდები ასეთი მოთხოვნადია, საბაზრო ეკონომიკაში ვცხოვრობთ და თვითონ ირჩინონ თავი,” – ამბობს ნიკა ვარდოშვილი.
ცენტრს 2019 წელს ჩატარებული აქვს 50 ღონისძიება, მათი დიდი ნაწილი სოფლის სახალხო დღესასწაულებს მოიცავს. არ დაგვავიწყდეს, რომ კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში ამავდროულად მერიის კულტურის სამსახურიც არის ჩართული.
ერთ-ერთი ანსამბლი, რომლის წევრებიც ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებენ მუნიციპალური ბიუჯეტიდან არის “მზეშინა,” რომელსაც მისი თანახელმძღვანელის ბექა ბიძინაშვილის თქმით, ოფიციალურად 10 წევრი ჰყავს.
“ანსამბლი “მზეშინა” 2017 წელს დავაარსეთ და მალევე, იანვრიდან შევედით კულტურის ცენტრის ა(ა)იპის შემადგენლობაში. ჩართული ვართ მუნიციპალურ ღონისძიებებში… კულტურის ცენტრი გვატყობინებს წინასწარ და ვემზადებით, როგორც ხდება ხოლმე. [ანსამბლის წევრები] ძირითადად, სკოლის მოსწავლეები არიან, რამდენიმეა სკოლადამთავრებული, რომლებიც იღებენ ხელფასს,” – ამბობს ბიძინაშვილი, რომელიც კიდევ ერთი ანსამბლის, “პატარა კახის” ხელმძღვანელიცაა, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„კულტურის ცენტრის“ მთავარი სპეციალისტი, ეკატერინე ღაღანიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის, დავით ღაღანიძის ცოლია.
სპორტის სფეროს ა(ა)იპ-ები
2014 წელს თელავში ორი სპორტული ა(ა)იპ არსებობდა: სასპორტო გაერთიანება, რომელიც ახლა ჩოგბურთის კორტებს აერთიანებს და საფეხბურთო სკოლა “თელავი.” 2015 წელს ორი ახალი სპორტული ორგანიზაცია აღმოცენდა: თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება და ჭიდაობის სპორტული სკოლა “თელავი.”
“როდესაც ბიუჯეტის შემცირებაზეა საუბარი, რა საჭიროა თუნდაც სპორტის ოთხი ა(ა)იპ?” – კითხულობს სამოქალაქო აქტივისტი თამარ ლამაზოშვილი.
თუმცა, გააჩნია, ვის საჭიროებაზეა საუბარი.
2015 წლის დეკემბერში საკრებულოს სხდომაზე მაშინდელმა მერმა, პლატონ კალმახელიძემ თქვა, რომ ახალი ჭიდაობის სკოლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაღება არ იქნებოდა საჭირო, რადგან ახალი ა(ა)იპ გარკვეული თანხებს თავად მოიზიდავდა. თუმცა, ფაქტია, რომ ჭიდაობის სკოლის ა(ა)იპ ბიუჯეტიდან 2020 წელს 354,000 ლარით დაფინანსდა. და ეს დაფინანსება წლების განმავლობაში მზარდია:
ჭიდაობის სკოლის ა(ა)იპ-ის შექმნას 2015 წლის 28 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე შვიდმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ხუთი წინააღმდეგი იყო. მოწინააღმდეგეთა შორის იყო თელავის ახლანდელი მერი შოთა ნარეკლიშვილიც, რომელიც მაშინაც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა. “აი, ფაქტი” შეეცადა მასთან გასაუბრებას, თუმცა არაერთდღიანი მცდელობის მიუხედავად, ნარეკლიშვილი ჩვენთან არც სატელეფონო ინტერვიუს დათანხმდა და არც შეხვედრას. მისთვის უნდა გვეკითხა თუ რატომ არ უჭერდა მხარს მაშინ ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას და ახლა ფიქრობს თუ არა, რომ ამდენი დამატებითი ორგანიზაცია საჭიროა მუნიციპალიტეტში.
ისევ რომ დავუბრუნდეთ ჭიდაობის ა(ა)იპ-ის შექმნის ისტორიას, ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილის შვილი, ზაქრო კევლიშვილისთვის შეიქმნა, რომელიც ამ დროისთვის აღნიშნული ა(ა)იპ-ის დირექტორის პოზიციას იკავებს.
“ჭიდაობის ა(ა)იპ–ი შეიქმნა საინტერესო პერიოდში. მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ წინა საარჩევნო პერიოდია, მეორე ვადით აქვს ხელისუფლებაში მოსვლა განზრახული “ქართულ ოცნებას”, მაგრამ მათ აღარ აქვთ რეიტინგი და ისინი განიხილავენ ყველა სათადარიგო გეგმას. არ გამოვრიცხავ, რომ ჭიდაობის ა(ა)იპი შექმნილიყო იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსებული ზონდერ–ბრიგადები ჰყოლოდა ხელისუფლებას კახეთში. ასევე, იყო საუბარი რომ ეს იყო გოგაშვილის პირადი ინტერესი და თავის ნათესავს მფარველობდა,” – ამბობს ნიკა ვარდოშვილი.
2015 წელს შეიქმნა სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავიც.” ეს გაერთიანება ახლა მოიცავს კალათბურთის, რაგბის, ხელბურთის, ფრენბურთის, მხატვრული ტანვარჯიშის, ჭადრაკის, სპორტული ტირის, ბილიარდის და მაგიდის ჩოგბურთის კლუბებს. “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი ნინო გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს ა(ა)იპ-იც კონკრეტული ადამიანისთვის შეიქმნა:
“ერთი სპორტული ა(ა)იპ-ი იყო, რომლის ხელმძღვანელიც იყო მერის ყოფილი მოადგილის [ზურაბ სვიმონიშვილის] მამა, გიორგი სვიმონიშვილი. რადგან ეს კაცი ვერ გაუშვეს, შექმნეს მეორე ა(ა)იპ-ი. ზუსტად იგივე. აბსოლუტურად არამიზნობრივად იხარჯება მანდ თანხები”.
გიორგი სვიმონიშვილის შვილი, ზურაბ სვიმონიშვილი 2014-2017 წლებში თელავის გამგებლის მოადგილე იყო. ახალშექმნილი ა(ა)იპ -ის დირექტორად გურამ გურაბანიძე დანიშნეს, რომელიც მოგვიანებით მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ამჟამად ამ სპორტულ ა(ა)იპ-ს პაპუნა ხრიკული ხელმძღვანელობს, რომელიც მანამდე თელავის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი იყო.
მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ამ სპორტულ ორგანიზაციას 2017 წელს 34 თანამშრომელი ჰყავდა და ბიუჯეტიდან 313,690 ლარის დაფინანსება ჰქონდა, ახლა კი 73 თანამშრომელი ჰყავს და 674,000 ლარით ფინანსდება. აქედან 408,000 ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯია, მაშინ როდესაც ამასთან შედარებით მუნიციპალიტეტში, მაგალითად, სარწყავი არხების მოწყობაზე წელს თითქმის ცხრაჯერ ნაკლები თანხაა გათვალისწინებული. სარწყავი არხები კი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს, გაცილებით მნიშვნელოვანია.
სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.