fbpx
baku

ბომბარდიერის აზერბაიჯანელ პარტნიორს ქათმები და ძროხები ჰყავს. ვინ მიიღო მილიონები?

ბაქოდან 250 კმ-ით დაშორებულ სოფელში, ირანის საზღვართან ახლოს 44 წლის ელექტრიკოსი, ორი შვილის მამა, ელხან ალიევი მოკრძალებულ ფერმაში ცხოვრობს.

დოკუმენტების მიხედვით ეს კაცი (რომელსაც პრეზიდენტ ალიევთან არავითარი კავშირი არ აქვს) შპს ტრანს-სიგნალ რებიტას (Trans-Signal-Rabita LLC) მფლობელია. კომპანიის, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს როგორც აზერბაიჯანის მთავრობასთან, ისე კარგად ცნობილ კანადურ, შვედურ და რუსულ ორგანიზაციებთან.

რაღაც არაა რიგზე ამ ამბავში.

2013 წლის დასაწყისში შპს ტრანს-სიგნალ რებიტა არსაიდან გამოჩნდა და შვედურ საინჟინრო გიგანტ კომპანია Bombardier Transportation AB-სთან და მის რუს პარტნიორთან ერთად კონსორციუმი შექმნა აზერბაიჯანის რკინიგზასთან დაკავშირებული 340 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის მისაღებად. მსხვილი პროექტი ითვალისწინებდა ბაქო-ბოიუკ კესიკის 503 კმ-ან მონაკვეთზე, რომელიც ტვირთის საერთაშორისო გადამზიდავებისთვის დერეფანია აზიასა და ევროპას შორის, სასიგნალო მოწყობილობების დამონტაჟებას.

კომპანია ტრანს-სიგნალ რებიტას წილი ამ კონტრაქტიდან 44 მილიონი აზერბაიჯანული მანათი იყო (იმ დროისთვის 56.8 მილიონი დოლარი) სპილენძის ბოჭკოვანი სადენებისა და სასიგნალო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის, რომელთა მეშვეობით გადაზიდვების მაკონტროლებლები მატარებლების მოძრაობას უნდა დაკვირვებოდნენ.

ეს ციფრები და პროექტი რთული წარმოსადგენია ალიევის მოკრძალებული სოფლის სახლის დანახვისას, სადაც სახლის წინ დადგმულ ღუმელზე წყალი დუღს, ეზოში ქათმები კაკანებენ და ძროხები ზმუიან. როდესაც ჩვენი ჟურნალისტები ალიევის ოჯახში მივიდნენ, დედამისმა, რომელმაც კარი გააღო მორიდებულად უპასუხა, რომ მისი შვილი სამუშაოდ იქვე, ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში იყო წასული.

ალიევმა კომპანიის მიერ მოგებული მილიონების შესახებ არაფერი იცოდა.
“ახლობელმა მირჩია ამ კომპანიის დაფუძნება,” უთხრა პროექტის “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევა” (OCCRP) ჟურნალისტს ალიევმა მოკლე სატელეფონო საუბრისას. “სიმართლე რომ ვთქვათ, მე მხოლოდ ამ კომპანიის დამფუძნებელი ვარ. იმ ხალხთან, ვინც დღეს კომპანიას მართავს მე კავშირი არ მაქვს. არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი, არაფერი ვიცი.”

გარიგების საწყისებთან

შპს ტრანს-სიგნალ რებიტას უკან მდგომი რეალური ძალის ვინაობა, რომელმაც მოიფიქრა მისი დაარსება და შემდეგ მისით გამდიდრდა, მკაცრად გასაიდუმლოებულია. OCCRP-ის მიერ გააანალიზებული დოკუმენტები გვიჩვენებს, რომ კომპანია აზერბაიჯანის რკინიგზასთან უნდა იყოს დაკავშირებული. კომპანია ბომბარდიერის ამ მასშტაბურ პროექტში სწორედ აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების დამსახურებით მოხვდა. და 340 მილიონ დოლარიანი კონტრაქტიდან მიღებული 56.8 მილიონი ამ გავლენიანი პირებისთვის გადახდილი თანხაა.

2012 წლის დეკემბერში, ვიდრე მასშტაბური კონტრაქტი გაფორმდებოდა, ევგენი პავლოვი, ბომბარდიერის მოსკოვის ოფისის დირექტორის მაშინდელი მოადგილე ბაქოში იმყოფებოდა სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი აზერბაიჯანის რკინიგზის მესვეურებთან და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ კონკრეტული პროექტის სატენდერო კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად.

როგორც ჩანს, მოლაპარაკება შედგა. მხარეები შეთანხმდნენ სატენდერო დოკუმენტაციის იმგვარად მომზადებაზე, რაც “ემთხვეოდა ბომბარდიერის პირობებს,” როგორც პავლოვი წერდა თავის კოლეგებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტენდერი ისე წარიმართებოდა, რომ ბომბარდიერი იქნებოდა ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც მისი მოგება შეეძლებოდა. როგორც პავლოვი წერდა, ბომბარდიერის რუსულ ოფისს უნდა “გადაეკეთებინა აზერბაიჯანული ტექნიკური დოკუმენტები ისე, რომ ისინი თანხვედრაში ყოფილიყვნენ მათ გადაწყვეტილებასთან.” მისი განმარტებით, აზერბაიჯანული ტენდერის მოთხოვნებს ბომბარდიერი თავად გადაწერდა და შეცვლიდა.

მაგრამ “ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის” (როგორც იგი ბომბარდიერის შიდა დოკუმენტებშია მოხსენიებული) მოგება გარკვეული ფასი ღირდა.

ამ შეხვედრის დრო დღემდე უცნობმა აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა ბომბარდიერს შეთავაზეს ამ პროექტში ადგილობრივი კომპანიის ჩართვაც. მათ არჩევანი შპს ტრანს-სიგნალ რებიტაზე შეაჩერეს, თუმცა მთავარი იყო ამ ამბის გასაიდუმლოება.

ამ ყველაფრის შესახებ პავლოვი ჩანაწერებს აკეთებდა. “აზერბაიჯანის რკინიგზას, ჩვენს პარტნიორებს სურთ მათი ყველა ქმედება საიდუმლოდ დარჩეს,” წერს პავლოვი. “ამიტომ, ეს ამბავი ბომბარდიერმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს.”

პავლოვი ორი კვირის წინა დააკავეს სტოკჰოლმში აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან საიდუმლო გარიგებისა და ტენდერის მოსაგებად გადახდილი ქრთამის გამო. ბომბარდიერის ორი სხვა მაღალჩინოსანიც დაკითხა პოლიციამ.

evgeny pavlov
ევგენი პავლოვი, ბომბარდიერის მოსკოვის ოფისის დირექტორის მოადგილე

“ისინი დათანხმდნენ აზერბაიჯანული კომპანიის ამ გარიგებაში ჩართვაზე. და საიდუმლოდ გაურიგდნენ უცხოელ მაღალჩინოსნებს… რომ მოეგოთ ეს კონტრაქტი,” ამბობს ტომას ფორსბერგი, შვედი პროკურორი, რომელიც ანტი-კორუფციული მიმართულებით მუშაობს.

შვედურმა საგამოძიებო პროგრამამ სახელწოდებით “მისია გამოძიებამ” და შვედურმა ახალი ამბების სააგენტო TT-მ OCCRP-სა და რადიო კანადას გაუზიარა ბომბარდიერის საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის რკინიგზამ სატენდერო პირობები ბომბარდიერის რუსული ოფისის მითითებით შეცვალა.

მწირი ინფორმაცია კომპანიის შესახებ

შპს ტრანს-სიგნალ რებიტა 2008 წლის აპრილში მაშინ შეიქმნა, როდესაც აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა ქვეყანაში სარკინიგზო სისტემის კაპიტალური რემონტი განიზრახეს, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხა იყო გამოყოფოლი.

ამის შემდეგ აზერბაიჯანის რკინიგზამ, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარი ისესხა ფართო ლიანდაგიანი რკინიგზის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ამ თანხაში შედის მსოფლიო ბანკისგან 2-ჯერ აღებული ვალი, სულ 670 მილიონი დოლარის ოდენობით. ასობით მილიონი თავის მხრივ აზერბაიჯანის მთავრობამ და SOCAR-მა, სახელმწიფო ნავთობის კომმპანიამ დახარჯეს იმავე პროექტისთვის. ინვესტიცია საქართველოშიც ჩაიდო, სადაც აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სარკინიგზო ხაზს აფინანსებს. ეს სარკინიგზო ხაზი თურქეთში სრულდება.

ბომბარდიერის სატენდერო წარდეგნაში ტრანს-სიგნალ რებიტა აღწერილია, როგორც ძლიერი ბიზნესი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიას ოფისი აქვს ბაქოში, ჰყავს კვალიფიცირებული თანამშრომლები და აზერბაიჯანსა და საქართველოში შესრულებული აქვს მსგავსი პროექტები.

თუმცა, ბომბარიდერის გამოჩენამდე მედიაში ტრანს-სიგნალ რებიტას შესახებ არაფერია ნახსენები. OCCRP-ის რეპორტიორებმა ვერ მიაკვლიეს ინფორმაციას კომპანიის რაიმე ტენდერში მონაწილეობის ან გამარჯვების შესახებ. კომპანიას არ აქვს ვებსაიტი და არც მისი საკონტაქტო ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ამასთან, ინტერნეტში არ იძებნება კომპანიას მიერ გამოცხადებული ვაკანსია, თუნდაც ძალიან ძველი.

ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელიც კომპანიის კვალიფიკაციას აღწერს, შპს ტრანს-სიგნალ რებიტას ჩამოთვლილი აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოში განხორციელებული 16 პროექტი.
შესრულებული სამუშაოს ასეთი ისტორია კითხვებს აჩენს. არსებული კონტრაქტებიდან 8 ბაქოში, აზიზბეკოვიდან საერთაშორისო აეროპორტამდე შემოვლითი გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გაფორმდა. 2008 წლის აპრილიდან 2009 წლის დეკემბრამდე სულ 5 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებიდან ერთი 2002, ხოლო მეორე 2007 წელს დაიწყო, ანუ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე კომპანია დაარსდებოდა.

ტრანს-სიგნალ რებიტას ინფორმაციით, ის სამუშაოების უმეტესობას ერთი კლინეტისთვის, კომპანია AZVIRT LLC-ისთვის ასრულებდა. კლინეტების სიაშია აზერბაიჯანის რკინიგზა და კიდევ 5 სხვა კომპანია.
OCCRP-ის რეპოირტიორებმა ტრანს-სიგნალ რებიტას მიერ დასახელებული ყველა კლიენტის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია. გამოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი არ ავრცელებს ინფორმაციას ტრანს-სიგნალ რებიტასთან რაიმე სახის ურთიერთობის შესახებ. მაშნ, როცა ისინი თავიანთ საიტებზე კონტრაქტორების სახელებსა და ლოგოებს მუდმივად აქვეყნებენ.

ტრანს-სიგნალ რებიტას ინფორმაციით, კომპანიამ საქართველოში მარაბდა-წალკა-ახალქალაქის სასიგნალო სისტემის 2 სექცია შეაკეთა. სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე აფინანსებდა.
ტრანს-სიგნალ რებიტას ინფორმაციით ისინი ამ პროექტის შესასრულებლად შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზამ და აზეროილსერვისის საქართველოს ფილიალმა დაიქირავა. თუმცა, მათ მიერ დასახელებულ არც ერთ დამქირავებელს ტრან-სიგნალ რებიტა კონტარქტორად არ ჰყავს მოხსენიებული.

დაკარგული ჩანაწერები კითხვებს აჩენს

2013 წელს ბომბარდიერმა სატენდერო დოკუმენტაციის შევსების მიზნით ტრანს-სიგნალ რებიტას 5 წლიანი ფინანსური ანგარიში მოსთხოვა.

ტრანს-სიგნალ რებიტამ ბომბარდიერს ერთი ფურცელი გაუგზავნა, რომელიც რამდენიმე წინადადებით აღწერდა კომპანიის აქტივებს, ხარჯებსა და შემოსავალს. მანამდე ტრანს-სიგნალ რებიტა ამტკიცებდა, რომ 2008-იდან 2012 წლამდე მისი შემოსავალი 180 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ამ დოკუმენტის ბომბარდიერთან მისვლას დიდი დრო დასჭირდა, რამაც კომპანია დააეჭვა რამდენად კარგ პარტნიორობას გაუწევდა ტრანს-სიგნალი მათ აზერბაიჯანში. ამ ეჭვებს ბომბარდიერის შიდა მიმოწერა ადასტურებს.

ბომბარდიერის თანამშრომლები სხვა პარტნიორის მოძებნასაც ფიქრობდნენ, თუმცა, ასე აღარ მოქცეულან.
ტრანს-სიგნალ რებიტას რეალური ფინანსური მდგომარეობა, შეიძლება არასდროს გამომჟღავნდეს. 2016 წლის 11 ნოემბერს გაზეთმა Xalq Newspaper, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფლობს, შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: “დაიკარგა კომპანია ტრანს-სიგნალ რებიტას საბუღალტრო დოკუმენტები 2007-დან 2013 წლის ჩათვლით. მპოვნელი დასაჩუქრდება.”

არარსებული კომპანია

საქართველოში ტრანს-სიგნალ რებიტა დარეგისტრირებულია იურიდიული კომპანია BLC-ის ყოფილ მისამართზე. იურისტი რუსა ჭკუასელი, რომელიც კომპანიას წარმოადგენდა რეგისტრაციის პროცესში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც BLC-იმ მისამართი შეიცვალა, თავის კლიენტებს წერილი გაუგზავნა, რომლითაც თხოვდა კომპანიის სარეგისტრაციო ჩანაწერებში იურიდიული მისამართები შეეცვალათ. როგორც ჩანს, ამ წერილს ყურადღება ბევრმა არ მიაქცია, მათ შორის ტრანს-სიგნალ რებიტამაც.

აზერბაიჯანში OCCRP-ის ჟურნალისტები ტრანს-სიგნალ რებიტას ოფიციალურ მისამართზე მივიდნენ. რეპორტიორები იმედოვნდებდნენ, რომ ოფისს ნახავდნენ და კომპანიის თანამშრომლებს გაესაუბრებოდნენ.
რაც მათ იპოვეს იყო მოუვლელი შენობა, მიკიბულ-მოკიბული ნაგებობა სავსე სატელიტური თეფშებითა და სარეცხის საშრობი თოკებით. ეს ტერიტორია ნამდვილად არ ჰგავდა ადგილს, სადაც იმ კომპანიის ოფისი უნდა ყოფილიყო, რომელმაც 56.8 მილიონი აშშ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

Rabita Baku Address
ოფიციალურად შპს ტრანს-სიგნალ რებიტას ოფისი ბაქოში ამ შენობაში მდებარეობს

ტრანს-სიგნალ რებიტას N15 ოფისთან მისასვლელი გზა ბეტონის 7 საფეხურიანი კიბით იწყება. შენობას შეუღებავი კედლები აქვს, ძველი ნახატებითა და მაცხოვრებლების მიერ დერეფანში შეგროვებული საბურავებით სავსე.

N15 კარის მიღმა ოფისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ აღმოჩნდა დიასახლისი, რომელიც ამ სახლში უკვე 14 წელია ცხოვრობს. ქალი ამბობს, რომ ფოსტალიონს ხანდახან მისთვის მოაქვს ტრანს-სიგნალ რებიტას სახელზე მოსული წერილები, თუმცა იგი მათ არ იტოვებს. დიასახლისს წარმოდგენა არ აქვს ვისია კომპანია, რას საქმიანობს ან რა კავშირი აქვს მის ოჯახთან.

როდესაც ლუის ბრაუნმა, შვედმა კორუფციის ექსპერტმა შენობის ფოტო ნახა, ეჭვიც არ შეპარვია, ისე გააკეთა საბოლოო დასკვნა ამ კომპანიაზე.

“არარსებული კომპანიაა,” თქვა მან. “ის უბრალოდ არ არსებობს.”

ავტორები: მირანდა პატრუსიკი, კრის ბენევენტო და პროექტის “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევა” (OCCRP) აზერბაიჯანული გუნდი

სტატიაზე მუშაობდნენ: ნინო ბაქრაძე, დეივ ბლოსი და ლაშა კვესელაძე (“აი, ფაქტი”); ოლესია შმაგუნი და ბერმეტ ტანატი (OCCRP); იოაკიმ დიფვერმარკი და სვენ ბერგმანი (SVT); ოლა ვესტერბერგი (TT); ლუკ ტრემბლეი და ჯინო ჰარელი (Radio Canada).

კომენტარები
Total
0
Shares
Next
პროკურატურა და სასამართლო RMG-ს მიერ გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ
prokuratura 1

პროკურატურა და სასამართლო RMG-ს მიერ გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share