თურქი ბიზნესმენები, რომელთა წინააღმდეგაც თურქეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ზოგს სამუდამო პატიმრობაც კი შეეფარდა, ბათუმში თავისუფლად ცხოვრობენ და ბიზნესსაც მართავენ.
ჩვენი სამართალდამცავები მათ არ იჭერენ. არც იმ კითხვაზე გვპასუხობენ, რატომ რჩება მათი ყურადღების მიღმა ეს თემა.
თურქული მედია ბიზნესმენებისა და სხვა დამნაშავეების საქართველოში გამოქცევაზე ხშირად წერს. მაგალითად ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი და მისი პარტნიორები, დერქან ბაშერი და სერქან კურტულუშიც გამოდგებიან.
საქართველოში თურქი სულიერი ლიდერის, ფეთულა გიულენის მომხრე ბიზნესმენებიც გადმოდიან. ისინი იძულებულნი ხდებიან, რომ თურქეთის ტერიტორია დატოვონ, რადგან იქაური მთავრობა მათი წინააღმდეგია. თუმცა, ასეთებს საქართველოში თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე აკავებენ და ექსტრადაციისთვის შესაბამის პროცედურებს ატარებენ.
რონდელის ფონდის მკვლევარ, თურქოლოგ ალექსანდრე კვახაძეს აზრით, თურქეთის ხელისუფლება არალეგალურ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ნებას რთავს, რომ წავიდნენ ისეთ რეგიონებში, სადაც მათ გარკვეული ინტერესი აქვთ. შემდეგ იქ ჩადონ ინვესტიცია და თავიანთი დანაშაული თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცემული დავალებების შესრულებით “გამოისყიდონ”. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ კი ბიზნესმენი ან ამნისტიაში ხვდება, ან შემამსუბუქებელ პირობებში, სხვა სტატუსით ბრუნდება თურქეთში.
“ისეთი ბიზნესია, რომელსაც იქ მაფიასთან, ვიღაც არალეგალურ პიროვნებებთან, ასევე სათამაშო ბიზნესებთან აქვს ურთიერთობა. აი, ასეთ, საეჭვო რეპუტაციის მქონე ბიზნესმენებს უშვებენ საქმის გამკეთებლად. ესენი მუშაობენ თურქეთის ინტერესებისათვის. ეს ბიზნესმენები მასპინძელ ქვეყანაში ლეგალური ბიზნესებით სანდო ქსელს ქმნიან.”
გალიფ ოზთურქი
გალიფ ოზთურქი ცნობილი თურქი ბიზნესმენია. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანია “მეტრო” 1977 წელს დააარსა. metro holding-ი საქართველოში 2012 წლის თებერვლიდან სააქციო კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯიას” სახით საქმიანობს.
თურქულ მედიაში ოზთურქის წინააღმდეგ სასამართლო საქმეების შესახებ წლებია წერენ. 2018 წლის ნოემბერში თურქულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სტამბოლის მე-19 სისხლის სამართლის უმაღლესმა სასამართლომ ოზთურქს მკვლელობის წაქეზებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ოზთურქი ბათუმში გამოიქცა.
გალიფ ოზთურქთან “აი, ფაქტმა” დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
გალიფ ოზთურქმა 2015 წელს საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო და აქ რამდენიმე კომპანია დააფუძნა, მიწებიც იყიდა. მან დააფუძნა „მეტრო ჰოლდინგი,” რომელიც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფია. მის შემადგენლობაში შედის კომპანიები, რომელიც ტრანსპორტის, ტურიზმის, მშენებლობისა და სხვა დარგებში საქმიანობს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი არეალი აჭარაა და ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი ბათუმში მდებარე სასტუმრო “ეიფორიაა”.
“მეტრო ჰოლდინგი”, ძირითადად, სატრანსპორტო საქმიანობითაა ცნობილი, რადგან საქალაქთაშორისო საავტობუსო მომსახურებას ეწევა. 2018 წლის განმავლობაში ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 81 მილიონი ლარი იყო. გალიფ ოზთურქის ანგარიშზე საქართველოში 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა.
ოზთურქმა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, 2016 წელს თურქული სკოლა ისე გახსნა, რომ არც შენობის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც სასწავლო დაწესებულებას გაუვლია ავტორიზაცია. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია თავამაიშვილი 2016 წელს “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობდა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა.
2020 წლის თებერვალში ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და გალიფ ოზთურქმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “კამარას“ აქციები შეიძინეს. ამის მერე კომპანიაში ცვლილებები დაიწყო და სახელიც შეიცვალა. კომპანიის აქციების 50 პროცენტი დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიას, შპს “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებს”, 50 პროცენტი კი გალიფ ოზთურქის კომპანიას, სს “მეტრო ავრასია ჯორჯიას” ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ გალიფ ოზთურქის მიმართ თურქეთში სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, საბოლოოდ სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს, საქართველოში არც მას და არც მის ბიზნესს არაფერი დამუქრებია. ის თურქეთიდან ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს თავისუფლად მანსპინძლობს ბათუმში.
2019 წლის ივნისში თურქული გაზეთი, “ჯუმჰურიეთი” წერდა, რომ ყოფილი კალათბურთელი, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი, ჰიდაიეთ თურქოღლუ და თურქეთის სამსუნის პროვინციაში მდებარე აივაჩიკის მუნიციპალიტეტის მერი ბათუმში გალიფ ოზთურქს ესტუმრნენ.
დერქან ბაშერი
თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც თავის ქვეყანაში დამნაშავედ ცნეს, დერქან ბაშერია. ის 2021 წლის 26 იანვარს ბათუმში, რესტორან “გრილ 90’s-ში” გალიფ ოზთურქთან ერთად გამოჩნდა.
თურქული მედიის ცნობით, დერქან ბაშერი 5 მილიარდი ევროს მოცულობის კაზინოების ქსელის მფლობელის, ვეისელ შაჰინის მარჯვენა ხელია. თურქეთში კი კაზინოები 1996 წელს დაიხურა და აზარტული თამაშებიც აიკრძალა. უკანონო საქმიანობისთვის შაჰინი და მისი გარემოცვა 2017 წელს დააკავეს.
2018 წლის 13 აპრილს, შაჰინისა და მისი დაჯგუფების 3 წევრის ადვოკატების შუამდგომლობით, თურქეთის რესპუბლიკის ბაკირკოის მე -10 სისხლის სამართლის სასამართლომ ისინი გაათავისუფლა. ბაკირკოის მთავარმა პროკურატურამ გათავისუფლების ბრძანება იმავე დღეს გაასაჩივრა და სასამართლომ ამჯერად მათი დაპატიმრება გადაწყვიტა. ბაშერმა და მისმა კიდევ ორმა თანაგუნდელმა მიმალვა შეძლო. თურქულმა პოლიციამ ისინი ვერ დააკავა.
2021 წლის 27 იანვარს თურქულმა მედიებმა, მათ შორის “ahaber”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 დღის წინ საქართველოში დერქან ბაშერი დააკავეს, რომელიც მთელ მსოფლიოში იძებნებოდა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ამის მერე კი დერქან ბაშერი გალიფ ოზთურქთან ერთად გამოჩნდა.
თურქული მედიებიდანაც ირკვევა, რომ დერქან ბაშერი ბათუმში გალიფ ოზთურქის პარტნიორია. “დერქან ბაშერი, რომელიც ბათუმში უკიდურესად მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს, bentley–ს ატარებს, ასევე რესტორანს ფლობს. მისი პარტნიორი გალიფ ოზთურქი ამ რესტორნის ხშირი სტუმარია და თურქ სტუმრებსაც ამ რესტორანში მასპინძლობს,” – წერს superhaber.tv.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, იმ შენობაში, სადაც რესტორანი “გრილ 90’s” მდებარეობს, სს “მეტრო ატლას ჯორჯია” 41 კვ.მ.-ს ფლობს. რესტორანი 2019 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაშერი თურქეთში იძებნება, რეესტრის მონაცემებით, საქართველოში მის სახელს ერთი კომპანია (შპს) და ორი სააქციო საზოგადოება (სს) უკავშირდება.
ბაშერმა ბათუმში პირველი კომპანია, შპს “ორიონი” კი 2019 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა, ხოლო სს “ლიონ რეალ ესთეით” კი 2020 წლის ივლისში. “ლიონ რეალ ესთეითი” გალიფ ოზთურქის კომპანიის, “მეტრო ატლას ჯორჯიას” უძრავ ქონებას იყენებს თავის იურიდიულ მისამართად. როგორც კომპანიის წესდებიდან ირკვევა, სააქციო საზოგადოება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული.
2021 წლის იანვარში კი დერქან ბაშერმა საქართველოს მოქალაქე რაულ კახაძისგან უსასყიდლოდ იყიდა სს “ინტურისტ იქსო კაზინო ბათუმი.” საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანიის საქმიანობის საგანი სამორინეს მართვაა.
დერქან ბაშერმა 2019 წელს ბათუმსა და რუსთავში ორი ბინა შეიძინა.
“ეგ რომ ყოფილიყო გიულენის მომხრე, მეორე დღესვე თურქეთის ელჩიდან დაწყებული, საგარეოთი დამთავრებული, იქნებოდა უზარმაზარი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ეს ადამიანი გადაეცათ თურქეთისთვის. ასეთს ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. ეს ადამიანი [დერქან ბაშერი] ჩვეულებრივად, ძალიან წყნარად მუშაობს და ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე. ვიცით, რომ თურქეთში აკრძალული არის კაზინოები და სათამაშო ბიზნესი. ის, რაც მოქმედებს არალეგალურად, ძირითადად, მაფიის ხელშია. შესაბამისად, მაფიოზურ სტრუქტურებთანაც ექნება ამ ადამიანს კავშირი. რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ზურგი აქვს თურქეთის შავი სამყაროს წრეებში,” – ამბობს ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი.
სერქან კურტულუში
2018 წელს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბათუმში თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქის, სერქან კურტულუშის დაკავების შესახებ. იგი თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ ცნობილი და აქტიური წევრია. „რუხი მგლები“ რამდენიმე ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.
თურქეთის პროკურატურა კურტულუშს ქალაქ იზმირის „შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად“ მიიჩნევს. იგი 25 სხვადასხვა დანაშაულის გამო იძებნებოდა. ასევე დაკავებული იყო ადამიანების გატაცებით, შანტაჟით, დაშინებითა და ფულის გამოძალვით. კურტულუშს 2017 წლის დეკემბერში იზმირში ერთი ბიზნესმენის მკვლელობაშიც ედება ბრალი.
იგი ასევე „სირიის თურქმანების ბრიგადებში“ „მეათე ბრიგადის“ ერთ-ერთი მეთაურის, ჩელიქის მარჯვენა ხელი იყო. სწორედ მათ სახელს უკავშირდება 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობა, რამაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები დაძაბა.
2018 წელს ბათუმის სასამართლოში სერქან კურტულუშს 3-თვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, მიუხედავად თურქეთის რესპუბლიკის მიერ მისი ექსტრადაციის მოთხოვნისა, როგორც თურქული მედია წერს, ის 9 თვის მერე გაათავისუფლეს.
სერქან კურტულუშის მონაწილეობით საქართველოში 2016 წლის დეკემბერში შპს “მეტრო სქაი თაუერი” დაარსდა. კომპანიაში კურტულუში წილების 25 პროცენტს 2017 წლის მაისამდე ფლობდა. დღეს კომპანიას მხოლოდ აბრაჰამ სჩაგანი ფლობს.
2016 წელს, როცა “მეტრო სქაი თაუერი” იქმნებოდა, მისმა მფლობელებმა გალიფ ოზთურქის მიერ დაფუძნებული კომპანიის, “მეტრო ატლას ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული ქონება გამოიყენეს იურიდიულ მისამართად. ამას “მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორის თანხმობის წერილიც ადასტურებს. “მეტრო სქაი თაუერის” წესდების მიხედვით, კომპანია სხვადასხვა საქმიანობას ეწევა.
საჯარო რეესტრის ბაზაში კურტულუშის სახელი 2017 წლის ივლისში კიდევ 2 კომპანიის დოკუმენტებში გვხვდება. შპს “მაია” და შპს “დესინგ სტორე”. სერქან კურტულუში დღემდე შპს “მაიას” წილების 75 პროცენტს ფლობს და ეს კომპანიაც გალიფ ოზთურქის კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების მისამართზეა რეგისტრირებული. სერქან კურტულუში 2019 წლის აპრილამდე შპს “დესინგ სტორეს” წილების 50 პროცენტს ფლობდა. კომპანიის საქმიანობის საგანია მშენებლობა და სასტუმროს მომსახურეობა.
ვიდრე სერქან კურტულუშს საქართველოში 2018 წლის 27 ივნისს დააკავებდნენ, მან 18 მაისს ბათუმში ორი ბინაც შეიძინა.
მიუხედავად თურქეთის მხარის მოთხოვნისა, კურტულუში 2019 წლის მარტში გაათავისუფლეს და როგორც მისი ადვოკატი, ოთარ ჭანტურიძე ამბობს, კურტულუშმა შემდგომ უკანონოდ დატოვა საქართველოს ტერიტორიაც. თურქული მედიის ცნობით, სერქან კურტულუში 2020 წლის ივნისში არგენტინაში დააკავეს და ამჟამად ბუენოს-აირესის ციხეშია.
ქართული სამართალდამცავი ორგანოების ასეთი დამოკიდებულების საფრთხეებზე საუბრობს ალექსანდრე კვახაძე: “ყველაზე დიდი რისკი ის არის, რომ შესაძლებელია, რაღაც ეტაპზე ქართული და იმპორტირებული, ამ შემთხვევაში კრიმინალური ელემენტების შერწყმა მოხდეს. კრიმინალი უკვე ბათუმის დონიდან ტრანსნაციონალურ სინდიკატად შეიძლება იქცეს და ამას შემდეგ მოჰყვეს ტრეფიკინგისა და ნარკოტრაფიკის ახალი ხაზების განვითარება”.
რონდელის ფონდის მკვლევრის აზრით, გაურკვეველი და კრიმინალური წარსულის მქონე პირებისთვის სასათბურე პირობების შექმნა სახიფათოა. ასეთი ბიზნესმენების მიმართ, თურქეთთან პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება უფრო პრინციპული უნდა იყოს.