ავტორი: ელისო ჯანაშია
ზუგდიდის საფეხბურთო მოედანს დღეს ბოქლომი ადევს და ტერიტორიას დაცვა იცავს. ირგვლივ ადამიანის სიმაღლე ბალახი ამოსულა და ქვეწარმავლების შიშით, ახლომდებარე მოსახლეობა ბავშვებს იქ სათამაშოდ არ უშვებს. არადა, ამ მოედანს 4 წელია არემონტებენ და 10 მილიონამდე ლარიც დაიხარჯა.
UEFA-ს სტანდარტების მქონე მოედანს ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მაშინდელი მერი მოსახლეობას 2017 წელს პირდებოდა. დღეს გოგოხია მერი აღარაა, ის ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს.
სტადიონის მშენებლობის ტენდერი შპს „დაგიმ” 2015 წელს მოიგო. პროექტის ღირებულება 9.7 მილიონი ლარი იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ზუგდიდის საფეხბურთო მოედნის მდგომარეობაა შეფასებული:
• მინდვრის საფარის გარშემო შემოვლებულია რკინა-ბეტონის ჯებირი, მასთან დაჯახების შემთხვევაში ფეხბურთელმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღოს;
• ტრიბუნები იმგვარადაა მოწყობილი, რომ მაყურებელთა გარკვეული ნაწილი ვერ შეძლებს მოედნის სრულად დანახვას, სკამების ნაწილს კი გვერდითა მხრიდან ბეტონის კედელი ეფარება – აღნიშნული ხარვეზები ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის იმდროინდელმა უფროსმა თამაზ ბულიამ 2017 წელს „საპროექტო შეცდომად” შეაფასა;
• თითქმის გამხმარია მინდვრის საფარი, არ ხდება მისი პერიოდული მორწყვა და დამუშავება; საფარი არის უსწორმასწორო;
• წვიმის წყალი ჩადის შენობის ოთახებში, რამაც დააზიანა კედლები, რამდენიმე ოთახში კი ჭერი ჩამოშლილია;
• ნაწვიმარი წყალი გროვდება ტრიბუნებზეც, არ მუშაობს წყალსადენი სისტემა.
ამ ფონზე კერძო საექსპერტო ბიურომ, შპს „მშენ-ექსპერტმა“ დაასკვნა, რომ სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ამას, როგორც ჩანს, არ დაეთანხმა მერია, რასაც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მოწმობს. აქ წერია, რომ მერიამ მშენებელ კომპანიას ხარისხის დაუცველობის გამო 412 ათასი ლარი აღარ მისცა, თუმცა მისთვის ხარვეზის გამოსწორება არ მოუთხოვია. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ სამუშაოების ხარისხი დაიწუნა, სამუშაო მაინც ჩაიბარა.
არადა, მერიასა და შპს „დაგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, კომპანია ვალდებული იყო ხარვეზები საკუთარი ხარჯით გაესწორებინა.
ნაკლოვანებების აღმოფხვრა ახალ კომპანიას მოუწევს, რომელმაც ამ მოედანთან სათადარიგო, ხელოვნურსაფარიანი, პატარა მოედანი უნდა მოაწყოს. არსებულზე ხარვეზების აღმოფხვრისა და ახალი მოედნის მშენებლობა სახელმწიფოს კიდევ 10 მილიონი ლარი დაუჯდება.
სამუშაოების მოკლე აღწერა ასე გამოიყურება: არსებული ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი; ტრიბუნების გადახურვა; მოედნის განათების მოწყობა; შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა.
სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ დასახელდა. მისმა წარმომადგენელმა, ზაზა კუჭავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სათამაშო მოედანზე და ტრიბუნაზე არსებული ბეტონის კედლები უნდა მოარღვიოს და ხელოვნური ბალახის საფარიც გამოცვალოს. შპს „მშენ-ექსპერტმა“ მხოლოდ საფარი 680,600 ლარად შეაფასა.
ყინულის მოედანი
2012 წელს ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობა დასრულდა. მაშინ ამ პროექტზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ქალაქის ახალმა მთავრობამ 3 წლის შემდეგ მოედნის საბოლოო ეტაპის, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ისევ გამოაცხადა. ამჯერად 816 ათასი ლარი დახარჯეს ამ ამბავზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია შპს „ზუგდიდმშენექსპერტიზამ“ შეადგინა. შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი კი შპს ზუგდიდექსპერტიზამ“ შეამოწმა. ორივე კომპანიას ერთი და იგივე მფლობელი ჰყავს.
„წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობდნენ უშუალოდ ის პირები, რომლებმაც შეადგინეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, დაირღვა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები,“- წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ყინულის მოედნის ჩაფუშვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად „ნგრევის თავიდან აცილება“ დაასახელეს და ამბობდნენ, რომ კონსტრუქცია ხარვეზით იყო გაკეთებული.
ჩაფუშვისას დაზიანდა სახურავის მასალა და ნაგებობის შიგნით არსებული ობიექტები. მათ აღსადგენად მერიამ 153 ათას ლარამდე დახარჯა.
აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია, რამ გამოიწვია ყინულის მოედნის დაზიანება – არასწორმა დაგეგმვამ, სამუშაოების არასათანადო შესრულებამ თუ ობიექტების არასწორმა ექსპლოატაციამ. შესაბამისად, არც ღონისძიებები გაუტარებია პასუხისმგებელი პირების მიმართ.
ამის შემდეგ მერიამ ყინულის მოედნის შესაკეთებლად კიდევ 408 ათასამდე ლარი დახარჯა. 2019 წლის 22 თებერვალს ზუგდიდის ყინულის სახლი საზეიმოდ გაიხსნა.
ახლა ყინულის მოედანი სხვაგან გადააქვთ, რადგან მის ადგილზე M2 ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2 წელიწადში ამ გასაბერ კონსტრუქციას მოხმარების ვადა ეწურება.
ამ დრომდე ჩვენი ჯიბიდან ამ კონსტრუქციაზე 6.4 მილიონი ლარია დახარჯული.
კანალიზაცია და წყალმომარაგება
მეოთხე წელია, ზუგდიდის ქუჩები გადათხრილია. 2015 წლიდან წყალმომარაგების 24- საათიანი სისტემის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამ პროექტით 50,000-ზე მეტ მოსახლეს წყალი უწყვეტად უნდა მიწოდებოდა. ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობს, რის გამოც ადგილობრივების დიდი ნაწილი ინდივიდუალური ჭებითა და საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობს.
წყალმომარაგების სისტემის პროექტის თავდაპირველი ღირებულება 40 მლნ დოლარი იყო. სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „ინშაათ საქართველო“ ასრულებდა.
სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. რიგით მეექვსე ცვლილებას ხელი მამუკა ბახტაძემ მოაწერა და კომპანიას უფლება მისცა სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაესრულებინა. სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს, როდის დასრულდება, ცნობილი არაა.
სტატია ქვეყნდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.