Სამი კვირის წინ სოფელ ზვარეში მოსახლეობას შევხვდით. ეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელია, სადაც 200 ადამიანი ცხოვრობს. ზვარედან თავად დაგვიკავშირდნენ, წლებია წყალი არ გვაქვსო. ადგილზე Ჩავედით, პრობლემას რომ უკეთ გავცნობოდით და მთავრობის ყურამდეც მიგვეტანა.
აღმოჩნდა, რომ ზვარეში ე.წ ჭენჭეხას უბანში, სადაც 15 ოჯახი ცხოვრობს, არც გზა ჰქონიათ და არც სამყოფი სასმელი წყალი.
მოსახლეობას წყალი საკუთარი ძალებით, კლდიდან აქვს გამოყვანილი. თუმცა, იქ ყოფნისას ვნახეთ, რომ ონკანში არც ეს წყალი მოდიოდა.
‘’ბუნებრივი წყალი გვაქვს გამოყვანილი, მაგრამ ამინდები რომ არ არი, წყალი ცოტა ჭირს. ზაფხულში წყდება ხოლმე, დასასვენებლად რომ ჩამოდიან, არ ჰყოფნით,”- გვითხრა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
‘’ერთი დაპირება ამბობდნენ ესენი, წყალი უნდა გაგიკეთოთო, მარა ტყუილი ყველაფერი,”- ამბობს ზურაბ ტალახაძე.
სოფელს უგზობაც აწუხებს. დაზიანებულია როგორც სოფლის შიდა, ისე ხარაგაულიდან სოფლამდე მიმავალი მთავარი გზაც. “ჭენჭეხას უბნის” გზას პერიოდულად კი წმენდენ და ხრეშავენ, მაგრამ საკმარისი არაა, რადგან სოფელი შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და გზის პირიც კლდოვანია. ალაგ-ალაგ, გზაზე ქვები და კლდის ნატეხებია ამოშვერილი.
“გამგებელი ჩრდილელია. ჩრდილში საერთოდ ასფალტი დააგეს. ამ უბანს კი არ ექცევა ყურადღება. წვიმიან ამინდში მანქანებიც ვეღარ ამოდიან,”- გვითხრა “ჭენჭეხას” უბნის მცხოვრებმა. სახელის და გვარის გასაჯაროვება არც მას სურს.
სოფელში არც ოჯახის ექიმი ჰყავთ. ზვარეს ამბულატორიაში ექიმი კვირაში ერთხელ ჩადის. სხვა დროს რომ დასჭირდეთ, ქალაქში მოუწევთ წასვლა.
ზვარეში ხარაგაულის მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილია. შეხვედრის მერე დავუკავშირდით და პრობლემებზე მოვუყევით. გვითხრა, გზის დაგება წელს ვერ მოესწრება, მაგრამ თათბირზე უკვე განხილული გვაქვს ეს საკითხი და მომდევნო წლის ბიუჯეტში აუცილებლად ჩავსვამთო.
მერიასთანაც გვქონდა კითხვები, მაგრამ ინტერვიუზე არ დაგვთანხმდნენ. შემდეგ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ და ისიც უპასუხოდ დატოვეს.
ჩვენ ამ ამბავს თვალს მივადევნებთ და დავაკვირდებით, როდის და როგორ მიაქცევს მერია ყურადღებას ჭენჭეხის უბანს.