fbpx
EU web co

გაგვიუქმდება ვიზალიბერალიზაცია? – რას ამბობს ახალი ანგარიში 

ავტორი: ნინო აფაქიძე

ახლა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შეუჩერდებათ, კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ რას უპირებს ევროკავშირი საქართველოს რიგითი მოქალაქეებისადმი არსებულ სავიზო პოლიტიკას. 

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა არ სჭირდება. ამისთვის საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა, რაც მინიმუმ 15 წევრი სახელმწიფოს თანხმობას გულისხმობს. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა, დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობისა და დაკავებების გამო, ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებისკენ უკვე მოუწოდა. 

საქართველოსთან სავიზო პოლიტიკის გადასახედად ახლა ევროკავშირს ყველა ბერკეტი აქვს, მათ შორის, პოლიტიკური და სამართლებრივი. 2017 წლიდან ვიზების შეჩერების მექანიზმები გამარტივდა. პროცედურის წამოწყება უკვე ევროკომისიასაც შეუძლია, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადები შემცირებულია. ახლა ევროკავშირს შეუძლია, შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, თუ მათი საგარეო ურთიერთობა მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებები დაცვის მიმართულებით. 

თუმცა, როგორც ჩანს, ამ პროცესის მიმართ ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ არსებობს და ევროპელი პოლიტიკოსები ქართველი ხალხის ამ ფორმით დასჯისგან თავს იკავებენ. 

როდესაც ევროკავშირის დიპლომატებს ვესაუბრები, ისინი მკაფიოდ ამბობენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ზიანი მივაყენოთ საქართველოს მოსახლეობას. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? ძალიან ბლაგვი ინსტრუმენტია. ჩვენ გვინდა დავაზარალოთ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აკეთებენ კონკრეტულ საქმეებს. მაქვს განცდა, რომ ევროკავშირს [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების] თავიდან აცილება სურს, რადგან ეს იქნება კოლექტიური სასჯელი იმ ერის წინააღმდეგ, რომელიც ამას არ იმსახურებს”, – გვეუბნება რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს დირექტორი, რომელსაც წლებია ევროკავშირის საკვანძო დიპლომატიურ და პოლიტიკურ წყაროებზე აქვს წვდომა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის, განცხადებით, მხოლოდ მიმდინარე კვირაში ევროკომისია საქართველოს საკითხზე სამ სხვადასხვა ფორმატში იმსჯელებს. “რაც ახლა შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ამაზე ჩვენ უკვე ბევრი თვეა ვლაპარაკობთ – ამ ვარიანტებს შორის არის ასევე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთად”, – ამბობს ჰერჩინსკი.  

გასულ კვირას ევროკომისიამ “უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ” ყოველწლიური, მე-7 ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნისთვის  ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად კონკრეტული ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა მოეთხოვება:

ა) უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის გაერთიანების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე დისკრიმინაციის აკრძალვა.

ბ) გაუქმოს წელს მიღებული კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ფასეულობებს.

გ) ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოში სავიზო პოლიტიკისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა.

დ) გაძლიეროს ღონისძიებები უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად დარჩენაზე.

ე) დააარსოს აქტივების აღდგენის/მართვის ოფისი, რომელიც დაკავებული აქტივების მიკვლევის, გაყინვის, კონფისკაციის და განადგურების პროცესებში აქტიურად იმუშავებს.

ვ) მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მათი განხორციელებისთვის საჭირო რესურსები და გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციული საქმეები. შეცვალოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ მიღებული კანონები ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

რიკარდ იოზვიაკის შეფასებით, ვიზის შეჩერების მექანიზმების მე-7 ანგარიში “საქართველოსთვის ძალიან ცუდი ანგარიშია და იქ ჩამოთვლილია ყველა მიზეზი სავიზო რეჟიმის შესაჩერებლად”. 

ახლა უკვე მარტივი სათქმელია, რომ “ქართული ოცნება” ამ დათქმების შესასრულებლად არაფერს გააკეთებს, მაშინ როცა ღიად თქვეს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობას 2028 წლამდე აჩერებენ. პარტია “ქართულ ოცნებას” ვიზალიბერალიზაციის თემაზე კითხვებით მივმართეთ, თუმცა საუბარი არავინ ისურვა.  

საქართველოს თვითგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გვამცნო, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს. ამ გადაწყვეტილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანები გაერთიანდნენ. 

მიუხედავად “ქართული ოცნების” იზოლაციური პოლიტიკისა, ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე პროფესიონალებს ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნიათ ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის სრულად გაუქმება. 

“როცა [ევროკავშირში] საუბრობენ საქართველოს შესახებ, ისინი ამბობენ, რომ უფრო მეტი უნდა გააკეთონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტი უნდა გააკეთონ ქუჩაში მყოფი ხალხისთვის. უცნაური იქნება, თან ამას ამბობდნენ და თან ქართველებს ევროკავშირში შესვლას უკრძალავდნენ. ეს წინააღმდეგობრივიც იქნება. … მეორე მხრივ, ეს არის ატომური ბომბი, რომელიც, ალბათ, უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩებში”, – გვეუბნება იოზვიაკი. 

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება 2017 წლის 28 მარტიდან აქვთ. მას შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში დაახლოებით 2 მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელეს. ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, საქართველომ აიღო ვალდებულებები, რომლებიც მოიცავს სავიზო და საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას. 

კომენტარები
Total
0
Shares
თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share