fbpx
ganakhlebuli regionebis programa

რას აკეთებს “საბა კონსთრაქშენი” რეგიონებში?

ტყიბულის მთავარ ქუჩაზე გარემონტებულ ფასადებს შვეიცარიას ადარებდნენ. თავიდან ხალხიც ბედნიერი იყო და ადგილობრივი მთავრობაც. მაგრამ კედლებზე აკრულმა პანელებმა წყალი მალევე გაატარა და იქ მცხოვრებთა სახლებში ნესტმაც იმატა.

ამ რემონტის შემდეგ რომ მოსახლეობას პრობლემები მოემატა, კარგად იცის ადგილობრივმა მთავრობამაც და ცენტრალურმაც, კერძოდ მუნიციპალური განვითარების ფონდმაც. თუმცა, მოგვარებაზე ჯერ თავი არავის შეუწუხებია.

ტყიბულში ბოლო ორ წელში 37 შენობა გაარემონტეს. ზესტაფონში, ჩვენი დათვლით, 6. ორივე პროექტი “განახლებული რეგიონების” პროგრამის ნაწილია. პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წელს დაიწყო, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

საკითხავი ისაა, ამ სახელმწიფო პროგრამით “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმა უფრო იხეირა თუ რეგიონების მოსახლეობამ.

ჩვენ 2 თვე ვიკვლევდით ამ ამბავს, ვესაუბრეთ 20-მდე ადგილობრივს, რომელთა საცხოვრებელს ფასადები კი გაუკეთეს, მაგრამ შიგნით არავის შეუხედავს. თან ამ ფასადებმა წყალი გაატარა და ბინებში ნესტმა იმატა. ზოგ შენობაში კი წყალი სახურავიდანაც ჩადის.

ამ მასალაზე მუშაობისას ერთ საგანგაშო ამბავს წავაწყდით. ამ 20 ადამიანიდან ერთი იყო ისეთი, რომელსაც შენობის და მისი საცხოვრებლის პრობლემებზე ღიად ლაპარაკი უნდოდა, სახელისა და გვარის დაფარვის გარეშე. დანარჩენები გვთხოვდნენ, არსად გამომაჩინოთო. ამაშიც ჩანს, როგორი გასაოცარი დემოკრატია დაამყარა “ქართულმა ოცნებამ.” 

ტენდერებში რომ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები მილიონობით ლარს შოულობენ, ახალი ამბავი არავისთვისაა. ზესტაფონისა და ტყიბულის შემთხვევაშიც ტენდერები შპს “საბა კონსთრაქშენმა” მიიღო, ჯამში 32.5 მილიონი ლარი.

კომპანიის მფლობელი ქართლელი ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილია. შიდა ქართლში მოქმედი ადგილობრივი მედია “მოზაიკა” არჩევნებამდე წერდა, რომ შერაზადიშვილი “ოცნების” ხმების მოსაზიდად ათიათასობით ლარს ხარჯავდა ქარელში. ამასთან ერთად, კომპანია ხშირად უკონკურენტო გარემოში იღებს ტენდერებს.

როგორც  ტყიბულისა და ზესტაფონის შენობები აჩვენებს,  ქართლელი კაცის კომპანია იმერეთში შესასრულებელ სამუშაოს დიდი გულისყურით არ მოეკიდა. შედეგად მივიღეთ ერთკედელშელამაზებული შენობები, რომელშიც წყალიც ჩადის და უკანა ფასადიც ისევ ისე დარჩა, როგორც იყო. ფოტოებს ხედავთ ახლა თქვენი თვალითაც.

ახლა “საბა კონსტრაქშენს” შეუძლია საგარანტიო ვადა გამოიყენოს და დარჩენილი ხარვეზები გაასწოროს. მაგრამ ეს მისგან დამკვეთმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა მოითხოვოს. ფონდს კითხვებიც გავუგზავნეთ, ინტერვიუც ვთხოვეთ, მაგრამ პასუხისმგებლობას თავს არიდებენ და არაფერს გვპასუხობენ.

ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვე გიტოვებთ.

EU Project Georgien logos NARROW GE
მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური
სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი "აი, ფაქტის"
პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის
ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს
.
კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ მართავს სოფელს?
სოფელში მერის წარმომადგენლები

ვინ მართავს სოფელს?

იცით, ვის უნდა მიაკითხოთ, როცა სოფელში გზა გაფუჭდება, წყალი არ გექნებათ, ბავშვს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share