fbpx
fachuashvili

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

🔍 #აიფაქტი: ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამ ბოლო ხანებში ეკრანებზე ხშირად ჩანს. ის განსაკუთრებით აქტიურია გარდაცვლილი ბავშვებისთვის წესის აგების საკითხზე. თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობისას, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ მათთვის ადამიანების აზრი და დამოკიდებულება მეორეხარისხოვანია და მთავარია ღვთის სწორად მსახურება.

რამდენიმე თვის წინ კი ამბობდა, რომ თუ 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი არ შეწყვეტდა თვითმკვლელობაზე საუბარს, მაშინ ეკლესია გარდაცვლილის სულისთვის ლოცვას შეწყვეტდა. მიტროპოლიტს ეკუთვნის მარიანა ჩოლოიანის დასაცავად გამიზნული სიტყვებიც, რომ თუ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა არ მტკიცდება, მაშინ ამ ქალის დასჯა არასწორია და რომ სისტემის ჯოხი ერთ ადამიანზე არ უნდა გადატყდეს.

2013 წელს მიტროპოლიტი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ზრუნავდა ეთნიკურ უმცირესობებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

2019 წელს გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესთვის” მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტი ამბობდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თითქმის მიტოვებული სოფლის, ასფარას ნახევარი უკვე იყიდა. სრულად შეძენის შემდეგ კი გალავანს შემოარტყამს, სახლებს ააშენებს, კამერებს დააყენებს, გათბობას ქარსა და მზეზე მოაწყობს და შემდეგ ამ სახლებს გაყიდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახლები იაფი არ იქნება. მისივე თქმით, ისინი ამ სახლებს ეპარქიის ფულითა და შემოწირულობებით ყიდულობენ, თითოეულს 2,500-დან 8,000 დოლარამდე. მიტროპოლიტი ამ ინტერვიუში ამბობს, რომ ადგილზე მცხოვრები უკანასკნელი მოსახლის სახლის შეძენაც სურთ, თუმცა მეპატრონე ქონებას ძვირად აფასებს. სახლის მფლობელი კი ამბობს, რომ შეთავაზებულ 3,000 დოლარად სხვაგან ვერაფერს იყიდის. სოფელ ასფარაში მიწები ა(ა)იპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრის საკუთრებაა. ორგანიზაციას მიტროპოლიტი ნიკოლოზი ხელმძღვანელობს.

მიტროპოლიტმა სასულიერო აკადემიაში 1988 წელს ჩააბარა. 1991 წელს მღვდლად ეკურთხა, 1996 წლის მარტში ჯერ ბერად აღიკვეცა, რამდენიმე დღეში კი ეპისკოპოსად აკურთხეს. მიტროპოლიტის სტატუსი 2006 წლის სექტემბერში უბოძეს. სასულიერო აკადემიამდე ის საქართველოსა და მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ კი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფიზიკის პედაგოგად და კინოსტუდია ქართულ ფილმში. სასულიერო საქმიანობის გარდა, პარალელურად, ის საპატრიარქოს ტელევიზიისთვის დოკუმენტურ ფილმებსაც ქმნის.

Სჯულის კანონის თანახმად, სასულიერო პირმა ბერად კურთხევისას მის საკუთრებაში არსებული ქონება სხვებზე უნდა გასცეს. Მიტროპოლიტის შემთხვევაში კი პირიქით ხდება, ბერად კურთხევის შემდეგ ჩუქნიან ქონებას.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ფლობს 65 კვ.მ. ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 1992 წელს პრივატიზაციის ხელშეკრულებით გაიფორმა 309 მანეთად. 2011 წელს მისმა 19 წლის შვილმა იმავე კორპუსში მომიჯნავე ბინა 30 ათას დოლარად იყიდა.

აეროპორტის დასახლებაში, რკინიგზის ჩიხში 89.9 კვ.მ. ფართის ბინა ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მისმა შვილმა, სალომე ფაჩუაშვილმა 2014 წელს აჩუქა. Მანამდე, 2010 წელს, ეს ბინა მიტროპოლიტის მეორე შვილმა, ანა ფაჩუაშვილმა 20 ათას ლარად შეიძინა, შემდეგ კი მისმა დამ, სალომე ფაჩუაშვილმა, როგორც ანა ფაჩუაშვილის წარმომადგენელმა აჩუქა მიტროპოლიტს.

ფაჩუაშვილი ფლობს შპს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ”კუმურდოს,” რომელიც 2010 წელს დააარსა. კომპანიის საქმიანობა ფილმების წარმოება და მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინემატოგრაფიის ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

მიტროპოლიტი ასევე ხელმძღვანელობს სამ არაკომერციულ ორგანიზაციას:

1. წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი;
2. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “აპრილი;”
3. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი.

Საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/u/1/folders/1n5xob8m_cqtzj1f00gugzxasc5lgmecr

niko

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა თანხა გადაურიცხა ადგილობრივმა მთავრობებმა საპატრიარქოს ეპარქიებს
eparqiebi

რა თანხა გადაურიცხა ადგილობრივმა მთავრობებმა საპატრიარქოს ეპარქიებს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share