fbpx
gerasime

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (გიორგი შარაშენიძე)

🔍 #აიფაქტი: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (გიორგი შარაშენიძე) ცნობილია მისი პრო-რუსული განწყობებისა და ლევან ვასაძის გუნდის გულშემატკივრობის გამო.

გერასიმე წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. მისი კავშირი ეკლესიასთან 1992 წელს იწყება. 1992-1997 წლებში მოსკოვში სტიქაროსანი იყო. 1997 წლის მარტში, პატრიარქის კურთხევით, გიორგი შარაშენიძე საქართველოში დაბრუნდა. ივნისში ბერად აღიკვეცა. ივლისში მღვდლად აკურთხეს. ერთ წელში კი ეპისკოპოსობა ებოძა. მიტროპოლიტის ტიტული გერასიმეს 2007 წელს მიენიჭა.

მიტროპოლიტსა და სინოდის წევრს, გერასიმე შარაშენიძეს სასულიერო განათლება არ აქვს. იგი 1965-1975 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, 1975-1980 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1980-1992 წლებში, სპეციალობის მიხედვით მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თბილისსა და მოსკოვში.

მიტროპოლიტი გერასიმე საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარეა. ამ თანამდებობიდან გამომდინარე, იგი ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის პატრიარქს, კირილე მეორესაც სტუმრობს ხოლმე.

მიტროპოლიტი გერასიმე ლევან ვასაძის პრო-რუსულ გუნდს ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებებისთვის ხელმოწერების შეგროვებაშიც ეხმარებოდა, ბოლოს კი მონასტრის ეზოში სუფრა გაუშალა.

გერასიმეს მიერ ბერად ნაკურთხი სვიმონ (გიგა) ქავთარაძე 2019 წელს ნარკორეალიზატორობისთვის დააკავეს. თავდაპირველად, დაკავებულის ქართულ ეკლესიასთან კავშირს საპატრიაქო საერთოდ უარყოფდა და ამბობდნენ, რომ ქათამაძე ათონის მთაზე იყო აღკვეცილი და ქართულ მონასტერშიც არ ცხოვრობდა. თუმცა, ქათამაძე ხშირად გვხვდებოდა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტთან საერთო ფოტოებშიც, მათ შორის წირვის აღვლენის დროს.

რაც შეეხება მიტროპოლიტ გერასიმეს უძრავ ქონებას, რომელიც საჯარო რეესტრში მის სახელზეა გაფორმებული:

41,129 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა ზუგდიდში, სოფელ ინგირში. მიწა 2019 წელს 4,000 ლარად შეიძინა.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შესაძლებელია 41 ათასი კვ.მ. მიწის 4,000 ლარად ( 1 კვ.მ. 9 თეთრად) შეძენა იმავე სოფელში. ამისთვის საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ 2019-2020 წლებში სოფელში გაყიდული მიწების ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღმოჩნდა, რომ გერასიმეს მეზობლად ადამიანებს 1 კვ.მ. მიწაში, საშუალოდ, 4 ლარამდე აქვთ გადახდილი.

3,972 კვ.მ. ზუგდიდში, სოფელი ჭკადუაში 2016 წელს აჩუქეს.

225 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი მანსარდით თბილისში , ჭავჭავაძის გამზირზე – 2010 წელს 112,500 დოლარად შეიძინა. 2019 წლის ნოემბერში ეს ქონება ნინო იოსელიანს გადაუფორმა.

მიტროპოლიტი გერასიმე ხელმძღვანელობს ორ არაკომერციულ ორგანიზაციას:

1. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განვითარების ფონდი “საფარველი;”
2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მშენებლობის ფონდი.

საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1d-WK2jK5k_oAfZ9rf1LtXT3dkPNCK_wj?fbclid=IwAR2JSzIUeSk9_vJ-bJFKeSLAmcClhzQROHeZXylx1ieX3bDqm_nH8Fcen4g

06

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რას ფლობს აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოში?
Screenshot 2022 11 21 at 10.41.12

რას ფლობს აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოში?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share