ახალი წლიდან საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზების უფლებას ახალი კომპანია მიიღებს. ფინანსთა სამინისტრომ ლიცენზიის გასასხვისებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა და მსურველთა წინადადებებს 12 დეკემბრამდე დაელოდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 10 წლიანი ლიცენზიის მისაღებად საჭიროა იურიდიული პირი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახდელად შესთავაზოს ყველაზე მეტი ოდენობის თანხა, მაგრამ არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარი;
2. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ლატარიის გამართვის გამოცდილება და ამ საქმიანობიდან მისი შემოსავალი ბოლო 5 წლის მანძილზე არ უნდა იყოს 350 მილიონ ლარზე ნაკლები.
2016 წლის 8 ივნისს საქართველოს კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის მინიმალურ ოდენობას და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველ კვარტალურად გადასახდელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით.
ამ შემთხვევაში მესამე პირი აღმოჩნდა „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი-ს ფილიალი საქართველოში,“ რომლისგანაც სამინისტრომ შესაბამის კვლევა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 74,340 აშშ დოლარად შეიძინა. კომპანია დაახლოებით ორი თის მანძილზე იკვლევდა საკითხს და სექტემბრის დასაწყისში სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციაც წარუდგინა.
ჩვენ ფინანსთა სამინისტროს ვთხოვეთ, განემარტათ რატომ შეისყიდეს აღნიშნული მომსახურება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი-ს ფილიალი საქართველოში“-გან და რა მიზეზების გამო შეირჩა აღნიშნული კომპანია. მათგან მიღებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
“იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი-ს ფილიალი საქართველოში“-ს უკვე დაწყებული ჰქონდა შესაბამისი კვლევები, რაც თავისი არსით გულისხმობს ლატარიის ბაზრის სფეროს გაცნობა-შესწავლას, მიზანშეწონილად ჩაითვალა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ზემოაღნიშნული საკონსულტაციო/საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაც განხორციელებულიყო „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი-ს ფილიალი საქართველოში“-გან.”
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი-ს ფილიალი საქართველოში“-ს კვლევის საფუძველზე მომზადდა, სამინისტროს უფლება აქვს დაასახელოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც საქართველოში ეროვნული ლატარიის გასამართად საჭირო ლიცენზიის მისაღებად იბრძოლებენ. ინფორმაცია მათი შეთავაზებისა და სხვა დეტალების შესახებ კი კონფიდენციალური იქნება.
„ფრაისვოთერჰაუსკუპერის” მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ ლატარიის მომავალმა ორგანიზატორმა სახლემწიფო ბიუჯეტს კვარტალში ერთხელ უნდა გადაუხადოს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხის 8 პროცენტი.
აღნიშნული პუნქტი განსხვავდება იმ პირობისგან, რომელიც ლატარიის დღევანდელმა ორგანიზატორმა 2010 წელს მიიღო. მაშინდელი შეთანხმების თანახმად, შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიას” სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ლიცენზიის მოსაკრებელის სახით ყოველწლიურად ათობით მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. ფინანსთა სამინისტროს მიერ “აი, ფაქტისთვის” მოწოდებული კონტრაქტიდან ირკვევა, რომ კომპანიას 15 წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებელის სახით სულ 1.5 მილიარდი ლარი უნდა შეეტანა.
შპს “საქართველოს ლატარიის კომპანია” საქართველოში 2009 წელს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების (BVI) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა შპს “ლექსორ კაპიტალმა” დააარსა. “პანამის დოკუმენტების” თანახმად, ოფშორული კომპანია იმ დროისთვის ოფიციალურად დავით კეზერაშვილის ცოლისძმას, 23 წლის დიმიტრი ჩიქოვანს ეკუთვნოდა.
2011 წლის აგვისტოში კომპანიის 70%-ანი წილის სახელმწიფოს გადასცეს. ამ თემაზე იხილეთ “აი, ფაქტის” მიერ მომზადებული გამოძიება.
2010 წელს სახელმწიფოსა და შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, კომპანიას ამ თანხის დაფარვა არ შეეძლო. გიგლა მიქაუტაძე, “გადასახადის გადამხდელთა კავშირის” ხელმძღვანელი და თავად შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის” მოქმედი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანხმდებიან იმ აზრზე, რომ 2009 წელს სალიცენზიო პირობების დამუშავებისას კომპანიის მიერ გადასახდელი თანხა არასწორად დათვალეს და ეს არ იყო შესაბამისი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის.
შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიას” დღეს სალიცენზიო მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში სულ მცირე 216 მილიონი ლარი აქვს შესატანი, რომლის დაფარვა კომპანიის საერთო შემოსავლების გათვალისწინებით შეუძლებელია. ფინანსთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ამ ვალის ჩამოწერის საკითხი არ განიხილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიას არსებულ ლიცენზიას ჩამოართმევენ და მას ტენდერით გამოვლენილ ახალ მფლობელს გადასცემენ.