fbpx
რა არის ოფშორი

რა არის ოფშორი, როგორ მუშაობს და ვის აწყობს მისი არსებობა?

2024 წლის გაზაფხულზე, “რუსული კანონის” მიღებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ დაძაბულობის ფონზე, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 19 აპრილს საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღო “ოფშორების კანონი”. ის 4 ივნისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ამოქმედდა.

რა მოხდა? საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ ოფშორული ზონებიდან ნებისმიერი აქტივი (მაგალითად, წილები/აქციები) საქართველოში გადმოვა, ანუ ფიზიკური პირი/კომპანია თავის გადამალულ ქონებას საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადააფორმებს, ამ ტრანზაქციისას არ გადაიხდის არც საშემოსავლოს, არც მოგების და არც იმპორტის გადასახადს.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირებს აწყობთ. მაგალითად, ამით შეიძლება იხეირონ რუსმა ოლიგარქებმა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. ამით კი საქართველოში კრიმინალური კაპიტალის შემოდინების რისკი გაიზრდება.

ახალმა საკანონმდებლო ცვლილებამ ოფშორული ფინანსების თემა გააქტიურა. თუმცა, საერთოდ, რა არის “ოფშორი”? როგორ და როდის გაჩნდა ეს “სამოთხე” გაუმჭვირვალობის მოყვარული კომპანიებისთვის? ამ ბლოგში შევეცდებით ეს ყველაფერი ავხსნათ და ნათელი მოვფინოთ, რა როლი აქვს “ოფშორს” მსოფლიო ფინანსურ სისტემაში.

ოფშორული ზონა: არსი და მისი მახასიათებლები

ოფშორული ფინანსური ცენტრი, იგივე “საგადასახადო სამოთხე” არის ის ქვეყანა ან კონკრეტული ტერიტორია, სადაც დაბეგვრის რეჟიმი არ არსებობს.

 მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფშორის ოფიციალური, სტანდარტული განმარტება, მათ რამდენიმე მახასიათებელი აერთიანებთ:

  • დაბალი ან ნულოვანი საშემოსავლო გადასახადები არარეზიდენტი [უცხოელი] ინვესტორებისთვის;
  • საბანკო საიდუმლოების მკაცრი კანონები – როგორც წესი, დაფარულია კომპანიის მფლობელის ვინაობა;

გარდა ამისა, როგორც წესი, ოფშორული ზონაა მცირე ზომის და შედარებით მდიდარი, კუნძულოვანი სახელმწიფოები – მაგალითად, პანამის, ბაჰამის ან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები. ასეთ ადგილებში“არაოფშორულ” ქვეყნებთან შედარებით ბევრად ნაკლები ბუნებრივი რესურსი მოპოვება.

რა არის ოფშორული კომპანია და ოფშორული ქვეყნები

ოფშორი და მისი ისტორიული განვითარება

“ოფშორის” ფენომენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს სახელმწიფოების ამბიცია, მოეზიდათ მეტი უცხოური ინვესტიცია. ამ მიზნით, იქმნებოდა ნაკლებად რეგულირებადი და ნაკლებად კონტროლირებადი ეკონომიკური ზონები.

შესაბამისად, “ოფშორი” ჩამოყალიბდა, ბიზნესისთვის ერთგვარ პრაქტიკულ გამოსავლად. ასეთი ზონების საშუალებით, კომპანიები/ინვესტორები ახერხებდნენ თავი დაეღწიათ სახელმწიფო ბიუროკრატიის და კანონმდებლობის სირთულეებისთვის.

მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს ბრიტანეთის საგადასახადო კანონმდებლობაში გაჩნდა ახალი ნორმები საზღვარგარეთ მოქმედი კომპანიებისთვის. ამან ბრიტანეთი ერთგვარ “საგადასახადო თავშესაფრად” აქცია. კომპანიებს შეეძლოთ თავის დაღწევა საშემოსავლო გადასახადებისაგან, თუ დაამტკიცებდნენ, რომ მთელ საქმიანობას, მათ შორის, მენეჯმენტს, საზღვარგარეთ აწარმოებდნენ.

ამავე პერიოდში, იგივე ცვლილებები შვეიცარიასა და სხვა მცირე ევროპულ სახელმწიფოებში [ლიბანი, მონაკო] დაიწყო. გაჩნდა “თავშესაფარი” მდიდრებისთვის, რომლებმაც გადასახადების გაზრდასა და რეგულაციების გამკაცრებაზე უარი თქვეს. საბოლოოდ,“ოფშორის” ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი იყო – ნაკლები რეგულაციები მეტი კაპიტალის მოზიდვის მიზნით.

დროთა განმავლობაში, ამ კონცეფციამ ევოლუცია განიცადა და სახელმწიფოები სისტემატიზებულ, მიზანმიმართულ კანონების შექმნამდე მივიდნენ.

მაგალითად, 1934 წელს შვეიცარიამ მიიღო საბანკო კანონი, რომელმაც განამტკიცა საბანკო საიდუმლოება და დააწესა სისხლის სამართლებრივი სასჯელი ბანკის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მომხმარებლის ვინაობას გაამჟღავნებდნენ. ამან ქვეყანა მიმზიდველ ადგილად აქცია იმ უცხოელებისთვის, რომელთაც პირადი აქტივების გამჟღავნება არ სურდათ.

1950-ანი წლების ბოლოს, ირლანდიაში, შენონის თავისუფალი აეროპორტის ბაზაზე გაჩნდა თავისუფალი სავაჭრო ზონა, სადაც კომპანიებს დაბალი გადასახადები და სხვა სახის შეღავათები შესთავაზეს. ამ ადგილს გეოგრაფიული უპირატესობა ჰქონდა, რადგან იყო პირველი ხმელეთი აშშ-დან ევროპისკენ მფრინავი საჰაერო ხომალდებისთვის.

ოფშორები და ოფშორული ქვეყნები

ამგვარი იურიდიული თუ ინფრასტრუქტურული ინოვაციები აქტიურად იზიდავდა კაპიტალს, ამიტომ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და კონკურენციაც წარმოიშვა. 1960-ან წლებში მსგავსი შეღავათიანი საბანკო პირობები გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

საბოლოოდ, ამ ისტორიულმა პროცესმა ჩამოაყალიბა თანამედროვე ოფშორული ზონების სისტემა, რომელიც დღეს გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოფშორები: ლეგიტიმურობასა და მანიპულაციას შორის

ოფშორული ფინანსური ცენტრების არსებობას და გამოყენებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მათი როლი გლობალურ ეკონომიკაში ხშირად არის დისკუსიის საგანი, რადგან კორუფციის რისკებს წარმოშობს.

ერთი მხრივ, “ოფშორი” შეიძლება იყოს ერთგვარი ნეიტრალური ტერიტორია სხვადასხვა ქვეყანას შორის ტრანზაქციისთვის, რაც საერთაშორისო ვაჭრობას ამარტივებს. მაგალითად, ორ სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე კომპანიას შეუძლია გამოიყენოს “ოფშორი”, როგორც შუამავალი, რათა თავიდან აიცილონ ერთმანეთის იურისდიქციებში ოპერირების სირთულეები.

თუმცა, ამავდროულად, “ოფშორი” ხშირად საეჭვო და არალეგალური მიზნებისთვისაც გამოიყენება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდება. კომპანიები და ინდივიდები “ოფშორებს” თავიანთი საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად იყენებენ, რაც მათი ქვეყნების ბიუჯეტის შემოსავლებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

დიდი კორპორაციები კი ხშირად მიმართავენ რთულ სქემებს, რათა მოგება მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნებიდან დაბალი გადასახადების მქონე ტერიტორიებზე გადაიტანონ. შედეგად, არ იხდიან გადასახადებს იქ, სადაც რეალურად საქმიანობენ.

“ოფშორულ” ტერიტორიებზე არსებული მაღალი კონფიდენციალურობა და ნაკლები რეგულაცია ზოგჯერ ფულის გათეთრებისთვის და სხვა არალეგალური საქმიანობის დასაფარადაც გამოიყენება. მაგალითად, ევროპარლამენტის 2017 წლის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნიდერლანდელმა მკვლევარმა სავაჭრო პალატის მონაცემების შესწავლით დაადგინა შემდეგი: 741 კრიმინალურ საქმეში სხვადასხვა ოფშორული ცენტრი 3 434 ფინანსურ ტრანზაქციაში მონაწილეობდა. ამ ტრანზაქციების მოცულობა  14 წლის განმავლობაში 56 მილიარდი ევრო იყო.

ოფშორის კანონი საქართველოში

ოფშორული ქვეყნები, როგორც მდიდარი და ცნობილი აქტორების ინსტრუმენტი

“ოფშორული” ზონებით სარგებლობენ არა მხოლოდ კორპორაციები და მსხვილი კომპანიები, არამედ მდიდარი, გავლენიანი ინდივიდებიც. ამის ნათელი მაგალითია 2016 წელს გამოქვეყნებული “პანამის დოკუმენტები”, რომელიც იურიდიული ფირმა mossack fonseca-დან უპრეცედენტო მასშტაბის ინფორმაციის გაჟონვით გამოვლინდა.

გერმანული გაზეთის “süddeutsche zeitung” – ის მიერ მოპოვებული 11.5 მილიონი ფაილი ააშკარავებს, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები თუ სხვა ცნობილი ადამიანები საიდუმლო “ოფშორულ” რეჟიმებს ფინანსური ინტერესების დასაცავად.

დოკუმენტების მიხედვით, პანამური იურიდიული ფირმა კლიენტებს ფულის გათეთრებაში, სანქციებისა და გადასახადების თავიდან არიდებაში ეხმარებოდა, რაც ცალსახად ფინანსური დანაშაულია.

მათ შორის არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი გარემოცვა. ისინი მილიონობით დოლარის ღირებულების ფულის გათეთრების სქემაში არიან ეჭვმიტანილნი. აქვე, ნახსენები არიან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სიძე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პაკისტანის იმჟამინდელ პრემიერმინისტრ ნავაზ შარიფის სამი შვილი.

2016 წლის სკანდალი შეეხო ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას, fifa-საც. დოკუმენტები მიუთითებს, რომ fifa-ს ეთიკის კომიტეტის წევრი, ურუგვაელი იურისტი ხუან პედრო დამიანი, დაახლოებით, შვიდ “ოფშორულ” კომპანიას ემსახურებოდა.

გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ 500-ზე მეტმა ბანკმა, მათმა შვილობილმა კომპანიებმა და ფილიალებმა, mossack fonseca-ს დახმარებით დაარეგისტრირეს თითქმის 15 600 ფიქტიური კომპანია.

ურნალისტური გამოძიება ასევე ავლენს ინფორმაციას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაფარული ქონების შესახებ.

ივანიშვილის კომპანია შპს “ლინდენ მენეჯმენტი” რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, არ იყო აღრიცხული ოფიციალურ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც მან პრემიერმინისტრობის პერიოდში, 2012-2013 წლებში შეავსო.

ეს ფაქტი ეწინააღმდეგება “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონს, რომელიც მოითხოვს, რომ დეკლარაციაში ასახული იყოს “საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეობა.”

გამოძიების თანახმად, პანამური იურიდიული ფირმა mossack fonseca, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ცდილობდა ივანიშვილის პასპორტის ასლის მოპოვებას. ეს დოკუმენტი საჭირო იყო ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დასაკმაყოფილებლად.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, mossack fonseca-მ ივანიშვილის პასპორტის ასლი მხოლოდ 2015 წლის აგვისტოში მოიპოვა, ხოლო მისი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი 2015 წლის სექტემბრისთვისაც ვერ მიიღო.

ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს გამოწვევებს, რომლებიც ოფშორული კომპანიების რეალური მფლობელების იდენტიფიცირებასა და მათი ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხებში არსებობს.

საბოლოოდ, გამოდის, რომ ოფშორები ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციებს. თუმცა, ამავდროულად, ესაა ადგილი, სადაც მილიარდერები გადასახადებს “კანონიერად” ემალებიან, პოლიტიკოსები კი საეჭვო გარიგებებისთვის დებენ თანხებს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჩვენი პასუხი საპატრიარქოს
რეაბილიტაცია 1

ჩვენი პასუხი საპატრიარქოს

"აი, ფაქტის" ჟურნალისტურ გამოძიებას საპატრიარქო გამოეხმაურა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share