fbpx

რა არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა

public information access

საგამოძიებო ჟურნალისტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმდინარეობაა. შეიძლება, მის განმარტებაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, მაგრამ ყველა პროფესიონალი  თანხმდება იმაზე, რომ ესაა სისტემური, სიღრმისეული და ორიგინალური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს გასაიდუმლოებული ფაქტებისა და ამბების გამოაშკარავებას.

ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას, უმეტესად თვეები, ხან კი წლებიც შეიძლება დასჭირდეს. მაგალითად, „აი, ფაქტის“ მიერ მომზადებულ მასალაზე, რომელიც სასულიერო პირის ოჯახის წევრის მიერ სახელმწიფო რესურსის მიტაცებას ეხება, ჩვენი ჟურნალისტები 10 თვე მუშაობდნენ.

მუშაობის პროცესში რეპორტიორების გუნდი იკვლევს დიდი მოცულობის მასალას, მათ შორისაა ბიუროკრატიული დოკუმენტები, სხვადასხვა სახის არქივები, სტატისტიკური და გეოგრაფიული მონაცემები, ოფიციალური მიმოწერები სამთავრობო სტრუქტურებთან, მედიის მასალები, ადამიანური წყაროების მონათხრობი და ა.შ.

რა არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა

ჟურნალისტური გამოძიება აქცენტს აკეთებს ისეთ თემებზე, რომელიც სოციალურ უთანასწორობას, უსამართლობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, კანონდარღვევას, ორგანიზებულ კრიმინალსა და კორუფციას ეხება.

ყველაზე ცნობილი გამოძიება ჟურნალისტიკის ისტორიაში ე.წ. ვოთერგეითის საქმეა, რომელიც 1970-ან წლებში გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა. გამოძიებამ გამოავლინა, როგორ ბოროტად იყენებდა პრეზიდენტი ნიქსონი თავის ძალაუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ. გამოძიების შედეგად პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა.

მსოფლიოში ვერ იპოვით საგამოძიებო მედიას, რომელიც იმაზე წერს, თუ რა კარგი მთავრობა ჰყავთ და რა შესანიშნავადაა ყველაფერი გარშემო. საგამოძიებო ჟურნალისტიკა უნდა იკვლევდეს სწორედ იმას, რაც შესანიშნავად არაა და რაც ხალხს აზიანებს. გამომძიებელ ჟურნალისტებს ხან მოდარაჯე ძაღლსაც ადარებენ, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესსა და საკუთრებას იცავს.

მეშვიდე წელია, „აი, ფაქტი“ საქართველოში იკვლევს ნეპოტიზმის, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სოციალური უთანასწორობის ფაქტებს.

ვხედავთ, რომ სიტუაცია როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეებზე მძიმეა, არაპროფესიონალიზმი და ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა სამთავრობო სექტორში გამეფებულია.

ჩვენს მასალებში ხშირად იპოვით რეგიონებიდან ისეთ ამბებს, სადაც გიყვებით, როგორ გაფლანგეს მთავრობის წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან თქვენი ფული, დაირღვა კანონი და ამაზე პასუხი არავინ აგო, დაიჩაგრნენ ძალაუფლების არმქონე პირები – უბრალო მოქალაქეები.

ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში

ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ხშირად საგამოძიებო ჟურნალისტიკა სხვადასხვაგვარად ესმით. ამას განაპირობებს საბჭოთა წარსული, რომელშიც დამოუკიდებელი მედია არ არსებობდა და დაბალი ხარისხის სასკოლო განათლების სისტემა, რომელიც ბავშვებს არ ასწავლის, თუ რა როლს თამაშობს თავისუფალი და ხარისხიანი მედია საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში.

ჩვენს მსგავს ქვეყნებში საგამოძიებო ჟურნალისტური ნამუშევარი შეიძლება უწოდონ ისეთ  მასალებსაც, რომელიც უბრალოდ კრიტიკულია ან კრიმინალსა და კორუფციაზე გვიამბობს. ხანდახან, მხოლოდ მოსაზრებებზე აგებულ მასალასაც კი საგამოძიებო ჟურნალისტიკას უწოდებენ ხოლმე.

სინამდვილეში კი საგამოძიებო ჟურნალისტიკა უმაღლეს სტანდარტებს ეფუძნება. ამბავზე მუშაობისას ჟურნალისტი თავად ქმნის ახალ მეთოდოლოგიას, იკვლევს პირველად წყაროებს, ამუშავებს დიდი მოცულობის მასალას და ამით ან ადასტურებს ან უარჰყოფს ჰიიპოთეზას. საგამოძიებო სტატია ან ვიდეოსიუჟეტი ერთ ან ორ დღეში არ მზადდება.  

მაგალითად, „აი, ფაქტის“ სამუშაო პროცესი ამ ღირებულებებზე დგას:

  1. დამოუკიდებლობა – ჩვენ პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან დამოუკიდებელი ვართ სარედაქციო გადაწყვეტილებებში. ვიძიებთ იმ ამბებს, რომელიც სხვა მედიების ყურადღების მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემები მოსახლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
  2. პატიოსნება, მიუკერძოებლობა, სანდოობა – ჩვენი გამოძიებები ემყარება გადამოწმებულ ფაქტებს, დაბალანსებულია და არსებული პრობლემის ყველა მხარეს გთავაზობთ.
  3. სიცხადე – ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ რთული, ჩახლართული, უსასრულო ამბების მარტივად და ყველასთვის გასაგებ ენაზე მოსათხრობად.  
  4.  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაეს გვეხმარება დავრჩეთ გულანთებულ, ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალებად და კარგი მაგალითი ვიყოთ ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. 
  5. რესპონდენტის საუკეთესო ინტერესი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტებთან ვიყოთ გულწრფელი, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ და ასევე საჭიროების შემთხვევაში ბოლომდე დავიცვათ ანონიმური წყაროების ვინაობა.
  6. კარგი მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა – ჩვენ გვჯერა, რომ კარგი მმართველობა მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესის დასაცავად, ამიტომ, ჩვენ ვიცავთ კარგი მმართველობის პრინციპს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე ხელს ვუწყობთ კარგი კანონის უზენაესობის ხელშეწყობას სახელმწიფოს მმართველობაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ადგენს, რომ ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. საგამოძიებო ჟურნალისტიკაც სწორედ ამ პრინციპზე დგას და ჩვენ არასდროს ვავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

ჩვენი ყველა სტატია გამოქვეყნებამდე სპეციალურად მოწმდება. ვამოწმებთ ყველა გამოყენებული ინფორმაციის წყაროს სიზუსტეს, სახელებს, რიცხვებს, დოკუმენტებს, ვუსმენთ ინტერვიუებს, რომ არ მოხდეს რესპონდენტის ნათქვამის ინტერპრეტირება ან უადგილოდ გამოყენება. ეს გვიცავს იმისგან, რომ თქვენამდე გადაუმოწმებელი მასალა მოვიტანოთ და შემდეგ ვინმემ გვიჩივლოს ან ეთიკის ქარტიაში ან კიდევ სასამართლოში.

ქართველი ჟურნალისტები

თუ შეცდომა მაინც დავუშვით, მისი გამოვლენისთანავე ვასწორებთ მას შესაბამისი ახსნა -განმარტებით. ჟურნალისტის მხრიდან შეცდომის მიჩქმალვა დიდი დანაშაულია.

პროფესიონალი გამომძიებელი ჟურნალისტები არიან მამაცი და მებრძოლი ადამიანები, რომელთათვისაც ადამიანის უფლება, იცოდეს სიმართლე, ყველაზე დიდი ღირებულებაა.

გამომძიებელ ჟურნალისტს აქვს ცნობისმოყვარეობა, სხარტი, კრიტიკული  და ლოგიკური აზროვნება, რომლის საშუალებითაც უცებ მოეგება გონს და სიღრმისეულად გაცნობიერდება ამბავში. გაიგებს ყველაფერს ზუსტად და ასევე ზუსტად მიაწვდის აუდიტორიას, თავისი ემოციებისა და ინტერპრეტაციების გარეშე.

ამასთან ერთად, კარგი ჟურნალისტი კარგი მოქალაქე უნდა იყოს, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს საკუთარ ინტერესზე წინ აყენებდეს ყოველთვის. უნდა ჰქონდეს მყარი მორალური ღერძი, პატიოსნება, პრინციპები და ადამიანური ეთიკა, რომელსაც არ უღალატებს არც ერთ შემთხვევაში.

ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში ჯერ ისეთი პოპულარული არაა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში. ამას ბევრი მიზეზი აქვს, პირველი კი ისაა, რომ მედიაგარემო პოლარიზებული და ღარიბია. ამას ემატება პოლიტიკური ელიტების მიერ წლების განმავლობაში მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და საზოგადოების მიერ მთავრობის მაკონტროლებლის როლის უგულებელყოფა.

ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ორი საგამოძიებო მედია არსებობს, ჩვენ და სტუდია „მონიტორი“ ორივე ორგანიზაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელების წევრია (OCCRP, GIJN) და პროფესიულ წრეებში სანდო რეპუტაციით სარგებლობს. 

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში წნეხის ქვეშაა

ახლა საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა განსაკუთრებული წნეხის ქვეშაა. მთავრობა აპირებს შემოიღოს რუსული კანონი, რომლითაც ნელ-ნელა გააქრობენ კრიტიკულ და თავისუფალ მედიას. ამ რუსული კანონის თანახმად, ჩვენნაირი მედიები, რომელიც დაფინანსებას ევროკავშირსა და ამერიკაში მოქმედი ფონდებისგან იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოეთის გავლენის მქონე აგენტთა ბაზაში.

შემდეგ ეტაპზე მთავრობა ეცდება, აგენტობის ბრალდებით დახუროს მედიასაშუალებები, როგორც ეს რუსეთში მოხდა. „აი, ფაქტი“ ასეთ ბაზაში რეგისტრაციას არ აპირებს, რადგან ჩვენ დღიდან დაფუძნებისა, ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს, ვიცავთ მათ უფლებას, რომ იცოდნენ ყველაზე დაფარული ამბები და თვალ-ყური ადევნონ მთავრობის საქმიანობას. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ სწორედ ეს აღიზიანებს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ეკა სეფაშვილი
ეკა სეფაშვილი - რუსული კანონის ხელმომწერი

ეკა სეფაშვილი

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share