ჰიბრიდული ომი არის შერეული მოდელი, როდესაც თავდამსხმელი მხარე ერთდროულად იყენებს მის ხელთ არსებულ ბევრ კომპონენტს, მაგალითად ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ და დიპლომატიურ გავლენებს, ისტორიის გაყალბებას, სამხედრო ელემენტებს, საინფორმაციო საშუალებებს და ა.შ.
ანუ ესაა ის, რასაც რუსეთი 1990-ანი წლებიდან საქართველოში აკეთებს. გვიტევს ხან სამხედრო გზით, ხან ჩვენს მცირე და მოწყვლად ეკონომიკას აზანზარებს, ხან ენერგორესურსების მოწოდებით გვაშანტაჟებს, გვიხსნის პრო-რუსული გავლენის მედიებს ქვეყანაში და ავრცელებს საკუთარ პროპაგანდას, იყენებს ქართულ საპატრიარქოს თავისი გზავნილების და გავლენების გასამყარებლად, ამ ბოლოს კი ვხედავთ, რომ მთავრობაც მის დაკრულზე ცეკვავს.
რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ
“რონდელის ფონდის” მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი ამბობს, რომ რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი ამოცანაა შეასუსტოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ამის ფონზე გააძლიეროს პრორუსული სენტიმენტები: “რუსეთი ასე მუშაობს, ცდილობს თავისი მოწინააღმდეგე მოაჩვენოს, როგორც ცუდი და ამ ფონზე გახდეს თვითონ უკეთესი.”
ჰიბრიდული ომის კომპონენტების სრულმასშტაბიანი გამოცდა რუსეთმა პირველად საქართველოში 2000-ან წლებში დაიწყო. სწორედ იმ დროიდან მოყოლებული, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ რუსული ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეები დღითიდღე უფრო ძლიერდება.
მაგალითად, 2018 წელს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისათვის მომზადებულ მოხსენებაში წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აქტიურ სამხედრო შეტაკებებთან ერთად ჰიბრიდული ომითაც იბრძოდა. მოგვიანებით, იმავე მეთოდს უკრაინასა და სირიაშიც მიმართა.
“2008 წლის შემდეგ, საქართველოში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება რუსული პროპაგანდა და რუსეთის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის დემოკრატიული ძალები დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციას ცდილობენ,” – წერია ანგარიშში.
ვის იყენებს რუსეთი საქართველოში ჰიბრიდული ომის იარაღად?
რუსული ჰიბრიდული ომის მკვლევარი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ რუსი პოლიტოლოგების თეორიების მიხედვით, არსებობს სამი სოციალური ჯგუფი: პოლიტიკური ელიტა და სასულიერო პირები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მესამე, ოჯახები. იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ანუ პირველმა ჯგუფმა რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს, კარგად დამუშავებული უნდა იყოს მეორე და მესამე ჯგუფები, ანუ ხალხი.
ვინ მოქმედებს ხალხზე საქართველოში? მედია, საპატრიარქო, სკოლა და სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა. რუსეთს ყველა ამ ინსტიტუციაში საკუთარი ხალხი ჰყავს. განვიხილოთ ცალ-ცალკე, ქრონოლოგიურად.
ყველაზე ძლიერი გავლენის მქონე ინსტიტუცია, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ძველიცაა, საპატრიარქოა. “აი, ფაქტი” 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “პატრიარქის ფერისცვალება” გიყვებოდათ, როგორ წაართვა საბჭოთა კავშირის მმართველობამ დამოუკიდებლობა საქართველოს საპატრიარქოს და ის რუსული პროპაგანდის სამსახურში ჩააყენაა.
ბოლო პატრიარქი, რომელიც რუსულ იმპერიას და საბჭოთა კავშირს წინააღმდეგობას უწევდა, ამბროსი ხელაია იყო. ის საქართველოს ეკლესიას 1921-27 წლებში მართავდა. ხელაია რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური მთავრობის მიერ.
ხელაიას გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქოს სათავეში ქრისტეფორე მე-3 ჩაუდგა. მას სურდა საბჭოთა ხელისუფლებას ეკლესიასთან საერთო ენა გამოენახა. 1927 წელს მიტროპოლიტმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა განცხადებით, სადაც წერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს აცხადებდა საბჭოთა ხელისუფლებასთან კონფრონტაციაზე და მხარს უჭერდა მასთან თანამშრომლობას.
ამის შემდეგ ქართული ეკლესია რუსულის გავლენისგან ვერ გათავისუფლდა. ამის მიზეზს საბჭოთა ხელისუფლების მაღალჩინოსანი და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე კარგად ხსნიდა. მისი თქმით, მაშინ კომუნისტური პარტია წყვეტდა, ვინ დაინიშნებოდა პატრიარქად. ამიტომ, პატრიარქების კეთილგანწყობა მაშინდელი მთავრობის მიმართ გასაკვირი არც უნდა იყოს.
კომუნისტური პარტიის მიერაა დანიშნული საქართველოს მოქმედი პატრიარქი, ილია II, რომელიც რუსეთისა და თავად პუტინის მიმართაც კი მეტად კეთილგანწყობილია. მისი წარმოთქმული სიტყვა ამის ცხადი მაგალითია.
“მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ ალბათ ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შეიქმნა მტრობა. მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება რაც გამოიჩინა პრეზიდენტმა პუტინმა, იყო განსაკუთრებული და იმედისმომცველი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში და გამთლიანდება საქართველო,” – ამბობდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთში ვიზიტისას, 2013 წელს.
რუსი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქსელური ომის თეორიის მიხედვით, რუსულ ჰიბრიდულ ომში რელიგია მასებზე ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთ საშუალებადაა მიჩნეული. ამ კონტექსტიდან გამომდინარე კი, ცხადია, რუსეთი ქართულ ეკლესიას დიდი წარმატებით იყენებს: დაბალი თუ მაღალი წოდების მღვდლები ავრცელებენ პრო-რუსულ გზავნილებს, მასებში დასავლეთის მიმართ შიშს თესავენ და ქართულ ეკლესიაში რუსული ფულიც მოედინება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსული ფულის ეკლესიაში შემოდინება ხალხში რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის მოპოვების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს. რუსული ფული კი ეკლესიაში ნამდვილად შემოდის ხან რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენების ხელით, ხან კი რუსი ეროვნების ბიზნესმენების ჯიბიდან.
2022 წელს გამოქვეყნებულ გამოძიებაში გიყვებოდით რუსეთში გამდიდრებულ ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში არიან და პარალელურად, საქართველოში ტაძრებს აშენებენ.
მედია და არასამთავრობო სექტორი – რუსული საინფორმაციო ომის იარაღები
საინფორმაციო ომში მედიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი საშუალებით მასებთან სასურველი გზავნილების მიტანა უფრო მარტივია. საქართველოში რუსეთს ამ მხრივ მოქმედების სრული თავისუფლება აქვს. გარდა იმისა, რომ პრორუსული განწყობის მქონე გვერდები ფეისბუქის სივრცეში მრავლადაა წარმოდგენილი, ჩვენთან მოქმედებს სპუტნიკი და რუსეთის სამთავრობო ტელევიზიების სიგნალიც თავისუფლად გადაიცემა.
კიდევ ერთი ონლაინმედია, რომელზეც “აი, ფაქტი” შარშან გიყვებოდათ, მარშალპრესია.
მათ სათაურებში ამოიკითხავთ, რომ დასავლეთი ცინიზმთან და ეგოიზმთან ასოცირდება, აშშ-ში კანონის უზენაესობა არ არსებობს და შერჩევითი სამართალი მახინჯ მოვლენად იქცა, დასავლეთი საქართველოს სჯის იმისთვის, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსნა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის ქმედება კი კრემლისგან ნაკარნახევს ჰგავს. ეს გამოცემა 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გაშავებაშიც მონაწილეობდა.
მარშალპრესს ბიუჯეტის ფულს ვუხდით. 2020-2022 წლებში სხვადასხვა საჯარო უწყებამ ამ ვებ-გვერდს 44 ათასი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა. თანაც, უკონკურსოდ, გამარტივებული შესყიდვის ფორმით. ამ თანხით მარშალპრესს რეკლამის განთავსება და მთავრობის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ანუ სტატიების, ნიუსების და პრესრელიზების გავრცელება დაუკვეთეს.
მედიის პარალელურად, საქართველოში მოქმედებს პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელიც დაფინანსებას პირდაპირ რუსეთიდან იღებს.
საქართველოში დაფუძნებული 76 ორგანიზაცია ცდილობდა და დღესაც ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ურთიერთგაგებასა და კეთილმეზობლურ ცხოვრებას ხელი შეუწყოს. როგორ? – სახალხო დიპლომატიით, ვაჭრობის ხელშეწყობით, რუსული კულტურის, ლიტერატურისა და ენის პოპულარიზაციით.
76-დან 43 ორგანიზაცია “აგვისტოს ომის” შემდეგ შეიქმნა. როგორც ჩანს, მათ ვერც საკუთარ ომში ისწავლეს რამე, ვერც სხვის ომში და რუსეთთან მეგობრობის ისევ სჯერათ.
ამ ორგანიზაციების ზოგ სულისჩამდგმელს საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულად სულაც არ მიაჩნია.
“არ ვთვლი, რომ ოკუპირებულია. უბრალოდ ვერ ვპატრონობთ, არც ჩვენ გვაქვს თავი და არც მათ. ეს არის ამერიკის ჭკუაზე გაყიდული და განიავებული… შეიძლება, იქ ერთი-ორს ჰქონდეს ინტერესი, დანარჩენი მასიურად რუსეთი მაგას არ იკადრებს,” – ამბობს “საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის” დამფუძნებელი გიორგი ბიჭაშვილი, რომლის ორგანიზაციაც თბილისში 2007 წლიდან საქმიანობს.
“აი, ფაქტმა” შეისწავლა ამგვარი ორგანიზაციების აქტივობა სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში, ვნახეთ რას აკეთებენ და რა იცის მათზე ხალხმა თბილისსა და რეგიონებში, ვესაუბრეთ მათ ხელმძღვანელებს და გიყვებით, რა ვითარებაა იმ ქსელში, რომელიც საქართველოსა და რუსეთის დაახლოებას ისახავს მიზნად.
ვრცლად შეიტყობთ 2022 წელს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან პრორუსული ორგანიზაციების შესახებ.
თავიდან არასამთავრობო ორგანიზაციად დარეგისტრირდა რუსული გავლენის კიდევ ერთი აგენტი სახელწოდებით ალტ-ინფო. “აი, ფაქტი” ამ ორგანიზაციას დაარსების დღიდან აკვირდებოდა და მასალებსაც შესაბამისად ვაქვეყნებდით.
“ალტ-ინფოს” მიერ გაჟღერებული იდეები ხშირად ერთი-ერთში ემთხვევა საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის გზავნილებს. Მკვლევრები, რომლებიც სოციალურ ქსელში “ალტ-ინფოს” მისი დაარსების დღიდან აკვირდებიან, იხსენებენ მოვლენებს, როცა მათი “მესიჯები” ზუსტად იმეორებდა რუსული პროპაგანდის თემებს. Მმათი თქმით, “ალტ-ინფო” ნიღბად იყენებს კონსერვატულ იდეოლოგიას, თითქოს მათი მთავარი პრინციპი ესაა, სინამდვილეში კი კრემლის ინტერესებს ატარებენ.
“ალტ-ინფოს” წარმოშობისა და საქმიანობის შესახებ ვრცლად 2021 წელს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალიდან შეიტყობთ.
ეს ჯგუფი წვავს ევროპის დროშებს პარლამენტის წინ და სწორედ ამ ჯგუფის ორგანიზებით დაიგეგმა 5 ივლისის ძალადობრივი აქცია, რა დროსაც 53 ჟურნალისტი ფიზიკურად დაშავდა. ტ/კ “პირველის” ოპერატორი კი მძიმე დაზიანებების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა.
“ალტ-ინფო” რომ კრემლის იდეების მატარებელი და გამავრცელებელია, ნათლად დადასტურდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ვინც მათ გამოსვლებსა და ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტებს აკვირდებოდა, კითხვა აღარ დარჩებოდა რუსეთის მიმართ ამ ჯგუფის განწყობებზე.
ქართული მთავრობა – რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი
ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ საქართველოში ცოტაღა დარჩა ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან მართული არაა. ამ ბოლო თვეებში მომხდარი რამდენიმე შემთხვევაც კი ცხადი დასტურია იმისა, თუ ვის წისქვილზე ასხამს წყალს თავად პრემიერი ღარიბაშვილი და მისი გუნდი.
საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ ევროკავშირისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველო შემოდგომაზე გადამწყვეტ პასუხს ელის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.
მარტო განცხადებებს ვინღა დაეძებს, როცა, ფაქტია, რომ მთავრობა საქმითაც ანტიერვოპულ გეზს აჩვენებს. გავიხსენოთ, ვითომ “ქართული ოცნებისგან” განდეგილი ჯგუფის, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “რუსული კანონი“, შემდეგ რუსეთის მხრიდან უვიზო რეჟიმის აღდგენა საქართველოს მოქალაქეებისთვის და კიდევ უფრო კარგი ქცევისთვის, პირდაპირი ფრენების ზედ დაყოლებაც. ამას დაემთხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის სანქცირებული შვილის ოჯახის წევრების ქორწილი ყვარელში.
მთავრობის პრო-რუსულობა განსაკუთრებით ნათელი უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან გახდა. 25 თებერვალს პრემიერმა ღარიბაშვილმა გაიმეორა ის გზავნილები, რომელიც თავდაპირველად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია რია ნოვოსტმა გაავრცელა.
“ამ ომით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები,” – ამბობდა ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს.
“აი, ფაქტმა” გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია იმაზე, თუ როგორ ავრცელებდა საქართველოს მთავრობა ამ ომთან დაკავშირებით რუსულ გზავნილებს და ამით ირიბ მხარდაჭერას სწორედ ოკუპანტს უცხადებდა.
ვინ უნდა იბრძოლოს საქართველოში ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ?
“საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის” თანადამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ძებისაშვილი “აი, ფაქტთან” საუბრისას ამბობს, რომ 2008 წლის ომი ჯერ არ დასრულებულა, რადგან გვაქვს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი ხელშეკრულება, რომლის პუნქტები რუსეთმა უკვე დაარღვია. სხვა შემაკავებელი დოკუმენტი არ გვაქვს. შესაბამისად, შეიძლება ცეცხლი განახლდეს და ჩვენ დე ფაქტო ომის სიტუაციაში ვიმყოფებით.
“ოკუპანტს შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს სამხედრო მოქმედებები, რომელსაც წინ უნდა უსწრებდეს საინფორმაციო ოპერაციები. როცა სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, წესით, უნდა აცნობიერებდეს, ამ საფრთხეს. შესაბამისად, მისი ამოცანა არის მოსახლეობა დაიცვას მოწინააღმდეგის საინფორმაციო შეტევებისგან, სანამ სამხედრო მოქმედებები დაიწყება,” – ამბობს ძებისაშვილი.
“რონდელის ფონდის” მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი ამბობს, რომ ისევე როგორც ნებისმიერ საფრთხეს, ამ პრობლემასთან ბრძოლასაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება და “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბევრი სამუშაოს შესრულება მოდის.”
ბოლო ხუთი წელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურ ანგარიშებში ჰიბრიდულ ომს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს. თუმცა, მათი საქმიანობა ამ საფრთხეს სათანადოდ ვერ პასუხობს და ეს მათ საქმიანობაშიც ჩანს.
ჩვენ შევისწავლეთ სუს-ის ყველა საჯარო განცხადება, რომელიც 2016-2021 წლებში გამოქვეყნდა ფეისბუქში, მათ ოფიციალურ გვერდზე. ამ პოსტებში საუბარია იმაზე, თუ რას აკეთებს სუს ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების გასანეიტრალებლად. პოსტებში ტერმინი “ჰიბრიდული ომი” 2017 წელს 2-ჯერ, 2018 და 2019 წლებში კი თითო-თითოჯერაა ნახსენები. სხვა წლებში გამოქვეყნებულ პოსტებში კი არცერთხელ.
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე არ წერია არც იმ ანგარიშებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს. წესით, ანგარიშები უნდა უხსნიდეს საზოგადოებას, რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა, რა შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს. ჩვენ სტატიაში, რომელიც 2021 წელს გამოვაქვეყნეთ, ვაანალიზებდით ამ ანგარიშების შინაარსს და სუს-ის საქმიანობის სხვა ასპექტებსაც.
ლაშა ძებისაშვილის თქმით “თუ სახელმწიფო ვიღაცას აღიქვამს საფრთხედ, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომ მოემზადოს ამ საფრთხისთვის. მაგრამ, არის მეორე ვარიანტიც, თუ საფრთხედ არ აღიქვამს, ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება.”
ახლა ვხედავთ, რომ მთავრობა რუსეთის ჰიბრიდულ ომს საფრთხედ არ აღიქვამს, შესაბამისად, ლოგიკურ ქმედებებს მათგან არ უნდა ველოდოთ.