როცა 2014 წელს რუსული არმია ყირიმში შეიჭრა, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დაარბიეს გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) წევრი ორგანიზაციის, ყირიმის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის ოფისი. პერსონალი იძულებული გახდა, კიევში გადასულიყო.
მასალის ინგლისურ ვერსიას იხილავთ ამ ბმულზე.
მუქარის შემცველი გზავნილის მიღებისთანავე, ჟურნალისტი, შეიძლება, იძულებული გახდეს რამდენიმე საათში დატოვოს საცხოვრებელი ადგილი. თუმცა, კონფლიქტები ხშირად პროგნოზირებადია და, ამიტომ, დაუცველ რეგიონებში მცხოვრებ ჟურნალისტებს ყოველთვის მზად უნდა ჰქონდეთ აუცილებელი დოკუმენტაცია და გაქცევის გეგმა.
ამ დოკუმენტების საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში, რეპორტიორი არამხოლოდ მგზავრობას, არამედ შედარებით უსაფრთხო რეგიონსა თუ ქვეყანაში გადასვლასაც შეძლებს. ქვემოთ ჩამოვთვალეთ ის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც თან უნდა იქონიოთ; ასევე, მოცემულია იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც ჟურნალისტებს გადაადგილებაში ეხმარებიან.
დოკუმენტები, რომლებიც მზად უნდა გვქონდეს
- უნდა იქონიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ორიგინალი ვერსია ან ფიზიკური ასლი.
- გადაუღეთ სურათები და ყველაფერი შეინახეთ ნებისმიერ სანდო დაშიფრულ ინტერნეტ-საცავში (მაგალითად, Dropbox, Sync.com) ან სხვა მოწყობილობაზე იმ შემთხვევისთვის, თუ სმარტფონს დაკარგავთ. ასევე, შეგიძლიათ, [დოკუმენტები] გაუგზავნოთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
- პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა.
- დააკვირდით ვადებს. თუ დოკუმენტს რამდენიმე თვეში გასდის ვადა, განაახლეთ იგი პირველივე შესაძლებლობისთანავე.
- თუ რამდენიმე საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გაქვთ, შეინახეთ სხვადასხვა ადგილას იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმეს დაკარგავთ.
- დაბადების მოწმობა (ან ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაბადების თარიღსა და ადგილს).
- სხვა დოკუმენტები: ქორწინების მოწმობა, აკადემიური ხარისხი (დიპლომები, მოსწრებისა და კურსის დასრულების დამადასტურებელი საბუთი, ნიშნების ფურცელი), პრეს-ბარათი, პროფესიული სერტიფიკატები, აცრების ცნობა, სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია.
ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები შეინახეთ ერთ, ინგლისურენოვან დოკუმენტად, ატვირთეთ ინტერნეტ-საცავში, ასევე, თქვენს სმარტფონზე, რათა ადრესატმა, ვისაც დოკუმენტს გაუგზავნით, მარტივად შეძლოს ტექსტის გადაწერა და ჩასმა:
- სრული ოფიციალური სახელი, დაბადების ადგილი და თარიღ;
- პასპორტის ნომერი, ასევე, გაცემის და ვადის ამოწურვის თარიღები;
- ამჟამინდელი ადგილმდებარეობა — თუმცა, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე ონლაინშეტყობინებებში ამ ინფორმაციის გაზიარებისას;
- ელ-ფოსტის მისამართი;
- ტელეფონის ნომერი და, თუ განსხვავებულია, WhatsApp-ისა და Signal-ის ნომრები;
- დასაქმების ადგილი/დასაქმების ცნობა ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებში.
თუ საზღვარგარეთ გყავთ სანდო მეგობარი ან საკონტაქტო პირი, ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვის მიზნით, შეგიძლიათ, მათაც გაუგზავნოთ რამდენიმე დოკუმენტის ციფრული ასლი,.
პერსონალური დოკუმენტები
- გადაიღეთ ფოტოების და სხვა ყველა საბუთის ციფრული ასლი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და რომლის შენახვაც გსურთ;
- შეინახეთ ყველაფერი თქვენთვის სანდო ინტერნეტ-საცავში (Google drive, dropbox და ა.შ.).
პრევენციული ზომები
- შეგიძლიათ, უსაფრთხო ქვეყნის ტურისტულ ვიზაზე განაცხადი წინსწრებით გააკეთოთ, თუ მარტივი, დროებითი გამოსავალი გჭირდებათ.
- დაუკავშირდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებთანაც წარსულში გიმუშავიათ (რედაქციებს, ონლაინჟურნალებს, რომლებთანაც ფრილანსერის ხელშეკრულებით მუშაობდით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც თანამშრომლობდით ან კონსულტაციას უწევდით).
- მოსთხოვეთ თქვენი მუშაობის დამადასტურებელი წერილობითი ცნობა ან ამონაწერი ინგლისურ ენაზე (მაგალითად, მთავარი რედაქტორის ან კადრების განყოფილების წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ამოწმებს თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს და ხელშეკრულების ფარგლებში/თავისუფალ კონტრაქტორად („ფრილანსერად“) მუშაობის ვადებს);
- ჰკითხეთ, აქვთ თუ არა კავშირები მთავრობაში და შეუძლიათ თუ არა, გიშუამდგომლონ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში;
- მოითხოვეთ ყველა აუცილებელი ელექტრონული დოკუმენტი ინგლისურ ენაზე და ორგანიზაციიდან იმ ადამიანის საკონტაქტო მონაცემები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სიტუაციის განვითარების შესაბამისად.
- დაუკავშირდით საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებს, რომელთა წევრიც ხართ და სთხოვეთ, მხარდაჭერის წერილი, ასევე, თქვენი წევრობის ან ჩართულობის მოწმობა ინგლისურ ენაზე.
- მოიძიეთ სხვა ქვეყნებში ლტოლვილის სტატუსის ან თავშესაფრის მოთხოვნის საშუალებები; დაიწყეთ იმ ქვეყნებით, რომლებშიც უშუალო ოჯახის წევრები გყავთ (მშობელი, ბებია-ბაბუა, და-ძმა, მეუღლე, შვილი).
- თუ არ იცით, რომლით დაიწყოთ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო ქვეყნების საელჩოებს და ჰკითხოთ შესაფერისი პროცედურების თაობაზე;
- ასევე შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ლტოლვილების დახმარების ორგანიზაციებს, რომლებიც აგიხსნიან სხვა ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურას და დეტალებს.
ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების ეტაპები
- “გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის” (GIJN) „ციფრული უსაფრთხოების რჩევების ფურცელი“ (Digital Safety tipsheet) მოიცავს საკვანძო პუნქტებს და იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომლებსაც ამ მხრივ დახმარება შეუძლიათ;
- გამოიყენეთ “გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის” (GIJN) „ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოების შეფასების ინსტრუმენტი“ (GIJN Journalism Security Assessment Tool);
- “გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის” (GIJN) „დაშიფრული აპლიკაციები და პროგრამები ჟურნალისტებისთვის“ (Encrypted Apps and Programs for Journalists);
- “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” (CPJ) ჟურნალისტებს სთავაზობს ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების, ასევე, იურიდიული დახმარების ძიებისთვის საჭირო ამომწურავ რეკომენდაციებს.
საკონტაქტო ორგანიზაციები
ქვემოთ მოცემულია იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ, გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ პროფესიული საქმიანობის მიზეზით საფრთხეში მყოფ ჟურნალისტებს:
Committee to Protect Journalists (ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი) (CPJ) „უზრუნველყოფს მხარდაჭერას წინა ხაზის ჟურნალისტებისთვის, ასევე, სწრაფი რეაგირების დახმარებას დაშავებული, დატყვევებული ან საცხოვრებელი ადგილიდან პროფესიული საქმიანობის გამო იძულებით გადაადგილებული ჟურნალისტებისთვის.“ ორგანიზაციასთან დაკავშირების ყველაზე სწრაფი საშუალებაა ელ-ფოსტაა (emergencies@cpj.org).
Canadian Journalists for Free Expression (კანადელი ჟურნალისტები თავისუფალი გამოხატვისთვის) (CJFE) სთავაზობს ფინანსურ დახმარებას [ჟურნალისტებს] შემდეგი პირობებით:
- „განმცხადებელი უნდა იყოს ჟურნალისტი, უდასტურდებოდეს IFEX-ის ან იმ ორგანიზაციის წევრობა, რომელიც გადაუდებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს;
- გაცემული თანხის ოდენობა, როგორც წესი, $500-დან $1,500-მდე კანადურ დოლარს შეადგენს ($400-$1,200 აშშ დოლარი);
- ჟურნალისტმა CJFE-ისგან, შეიძლება, მიიღოს მაქსიმუმ ორი გრანტი;
- CJFE-ში მიიღება მხოლოდ ინგლისურ ენაზე შევსებული განაცხადი.
CJFE-ის ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს იურიდიულ ხარჯების დაფარვასასც იმ შემთხვევაში, როცა ჟურნალისტი თავისუფლებაღკვეთილია, ასევე, სამედიცინო ხარჯს, უსაფრთხო გარემოში ტრანსპორტირებისა თუ უსაფრთხო ქვეყანაში დასახლების ხარჯს.
Free Press Unlimited (თავისუფალი პრესა შეზღუდვების გარეშე) (FPU) მოკლევადიან მხარდაჭერას სთავაზობს დროებით უმუშევარ ჟურნალისტებს, ასევე, შეიძლება, დაუფინანსოს საფრთხისგან ან დაუცველი მდგომარეობიდან დროებით თავის დაღწევის ხარჯი. შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ აქ. FPU-ს საიტის მიხედვით, მოთხოვნები შემდეგია:
- თქვენ ხართ მედიაორგანიზაცია ან მოქმედი ჟურნალისტი
- საგანგებო ვითარება, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენი, როგორც მედიის წარმომადგენლის საქმიანობიდან გამომდინარეობს.
- ადასტურებთ, რომ მხარდაჭერა არ არის მუდმივი და უზრუნველყოფილია მხოლოდ ერთჯერადად;
- ადასტურებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, განაგრძოთ მუშაობა მაქსიმალურად დროულად;
- თქვენს მდგომარეობას ადასტურებს, სულ მცირე, ორი სანდო წყარო თქვენ გარდა.
Freedom House-ს (თავისუფლების სახლი) აქვს გადაუდებელი დახმარების პროგრამა. განაცხადის გაკეთების თაობაზე შეკითხვებისთვის შემთხვევაში დაუკავშირდით ელ-ფოსტით (info@csolifeline.org).
International Federation of Journalists (ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაცია) (IFJ) [ჟურნალისტებს] სთავაზობს უსაფრთხოების ფონდს (Safety Fund), რომლით სარგებლობისთვისაც განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ აქ.
International Media Support (საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა) (IMS) ჟურნალისტებს სთავაზობს უსაფრთხოების პაკეტს, რომელიც მოიცავს “24/7 ცხელ ხაზს, დაცულ საცხოვრებლებს (სახლებს), უსაფრთხოების ფონდს, უსაფრთხოების აღჭურვილობას, იურიდიულ მხარდაჭერას, გადაუდებელ მხარდაჭერას“ და სხვა.
International Women’s Media Foundation-ს (ქალების საერთაშორისო მედიაფონდი) (IWMF) აქვს საგანგებო სიტუაციების ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას, დროებით გადაადგილებას (3 თვის ვადით) და იურიდიულ მხარდაჭერას. აქ შესაძლებელია ფინანსური დახმარებით სარგებლობისთვის განაცხადის გაკეთება. უნდა აკმაყოფილებდეთ ამ ბმულზე მოცემულ კრიტერიუმებს.
Journalisten helfen Journalisten (ჟურნალისტები ეხმარებიან ჟურნალისტებს) – იმისთვის, რომ ამ გერმანული ორგანიზაციისგან მოითხოვოთ უსაფრთხო ადგილას გამგზავრებაში მხარდაჭერა, საჭიროა, მისწეროთ ელ-ფოსტით (jhjgermany@t-online.de).
Reporters Without Borders (რეპორტიორები საზღვრებს გარეშე) (RSF) სთხოვს საფრთხეში მყოფ ჟურნალისტებს, დახმარებისთვის მიმართონ ელ-ფოსტით: assistance2@rsf.org, ან დარეკონ: +33 1 4483 8466.
- RSF-ის სახელმძღვანელო გადასახლებაში მყოფი ჟურნალისტებისთვის მოიცავს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის, აშშ-ისა და კანადის თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურებს.
- სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ RSF-ის სიახლეების რუსულენოვან სვეტს Twitter-ზე.
- RSF-ის გერმანულენოვანი ფილიალი Reporter Ohne Grenzen ჟურნალისტებს გადაადგილებაზე განაცხადის გაკეთებაში ეხმარება. დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: kontakt@reporter-ohne-grenzen.de
საერთაშორისო სტიპენდიები
თუ დრო შეზღუდული არ არის, ჟურნალისტებს, რომლებსაც სჭირდებათ ქვეყნის დატოვება დაძაბულობის განმუხტვამდე, შეუძლიათ, განაცხადი შეიტანონ ერთ-ერთი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც ხშირად აადვილებს სავიზო პროცედურას და უზრუნველყოფს სტიპენდიასა და საცხოვრებელს.