სოციალური მედია პლატფორმა ტელეგრამი საქართველოში სულ უფრო პოპულარული და მიმზიდველი ხდება. განსაკუთრებით ახლა, აქციების პერიოდში ბევრი ადამიანი იყენებს მას სწრაფი კომუნიკაციისთვის. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რამდენადაა დაცული ეს არხი და რა ვიცით მის შესახებ?
ბევრმა არ იცის, რომ ტელეგრამი რუსმა მილიარდელმა, პაველ დუროვმა და მისმა ძმამ, ნიკოლაიმ 2013 წელს შექმნეს. პაველ დუროვმა რუსეთი, დაახლოებით, 10 წლის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც “ეფესბემ” უკრაინაში საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა პირადი მონაცემების გადაცემა მოსთხოვა. დუროვი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა და რუსეთიდან წავიდა.
ტელეგრამამდე გაცილებით ადრე, 2006 წელს დუროვმა შექმნა რუსული სოციალური ქსელი Vkontakte-ც. რუსეთიდან წასვლის შემდეგ, დუროვმა Vkontakte-ს წილები გაყიდა.
2018 წლიდან 2021 წლამდე ტელეგრამი რუსეთში აკრძალული იყო. ბოლო მონაცემებით, სოციალურ მედია პლატფორმა ტელეგრამს 950 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მხოლოდ რუსეთში – 35 მილიონი.
ტელეგრამს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მის სივრცეში ადვილად ვრცელდება დეზინფორმაცია, პროპაგანდა, სიძულვილის ენა, მცდარი ინფორმაცია და დანაშაულის შემცველი საქმიანობისთვისაც გამოიყენება, მაგალითად, მას ხშირად იყენებენ ნარკოდანაშაულისთვის. თუ “ფეისბუქი” ან “ინსტაგრამი” საინფორმაციო მანიპულაციების წინააღმდეგ ღონისძიებებს ატარებს, ტელეგრამზე დეზინფორმაციისა და მანიპულაციური კამპანიების გავრცელება თავისუფლად შეიძლება.
პოტენციური რისკები, რაც ტელეგრამის გამოყენებას შეიძლება ახლდეს:
ღრუბლოვანი წვდომა: არასაიდუმლო ჩატებისთვის ტელეგრამის სერვერები ინახავენ მონაცემებს. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამ მონაცემებზე წვდომას არავის უზიარებენ, ეს გარემოება მაინც თეორიულ რისკს ქმნის.
მეტამონაცემები: ტელეგრამი აგროვებს მეტამონაცემებს (მაგ., IP მისამართები, მოწყობილობები და მომხმარებლის ID-ები), რაც შეიძლება სამომავლოდ მომხმარებელზე თვალ-ყურის სადევნებლად გამოიყენონ.
მთავრობის ზეწოლა: ტელეგრამი გარკვეულ ქვეყნებში წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, მისგან მომხმარებლის მონაცემების გაზიარებას მთავრობები ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტელეგრამის ადმინისტრაცია ამბობს, ასეთ მოთხოვნებს არ ვაკმაყოფილებთო, ეს გარემოებაც არის საყურადღებო.
სრულიად ღია წყარო არ არის: მომხმარებლის აპლიკაციის კოდი ღიაა, სერვერის კოდი კი სრულიად ღია არ არის. ამის გამოც შეაქვთ კრიტიკოსებს მის სანდოობაში ეჭვი. წარსულში ტელეგრამისგან მონაცემების გაზიარებას ან დაშიფვრის შესუსტებას ითხოვდნენ რუსეთისა და ირანის მთავრობები. კოდების სრული გამჭვირვალობისა და ღიაობის გარეშე შეუძლებელია მომხმარებელმა გადაამოწმოს, ტელეგრამის ადმინისტრაცია ამგვარ ზეწოლას მთავრობების მხრიდან მართლა უარით პასუხობს, თუ გარკვეული მონაცემები ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში ხვდება.
ტელეგრამი, როგორც რუსული დეზინფორმაცია-პროპაგანდის გამტარი
ტელეგრამის საშუალებით რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა საქართველოშიც წარმატებით ვრცელდება. შეზღუდვებისგან თავის ასარიდებლად და ახალი აუდიტორიის მოსაზიდად, “ტელეგრამზე” კიდევ უფრო გააქტიურდნენ მავნე აქტორები: პრორუსული და ულტრამემარჯვენე ჯგუფები.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდანვე ტელეგრამზე ოპერირებდნენ ქართულენოვანი პრორუსული არხები. მათი ნაწილი „ალტ-ინფოსთან“, ამასთანავე, აქტივისტ ბექა ვარდოსანიძესთან თუ სხვა პრორუსულ აქტორებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული არხები პრორუსულ, ანტიდასავლურ და უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდნენ. მათ შორის, ვრცელდებოდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებული გაყალბებული პროპაგანდისტული ვიდეოები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კონტენტის გავრცელება შეზღუდული არ იყო.
ჩვენ ISFED-ის მკვლევარს, ეკატერინე ჯანიაშვილსაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, ტელეგრამზე “ალტ ინფოს” გარდა, სხვა პრორუსული თუ რუსული აქტორებიც მოქმედებენ. მაგალითად, კრემლისტურ სააგენტო “ნიუს-ფრონტთან” დაკავშირებული არხი: „არჩევნები-2024: ცვლილებები თუ ლიბერალური ჭაობი?“
„სამართლიანი არჩევნები“ ტელეგრამს 2024 წელს, ოფიციალური საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც დააკვირდა. “ტელეგრამი ნაკლებად გამოიყენებოდა პარტიების მხრიდან ოფიციალური კამპანიების საწარმოებლად, უმეტესად, „კონსერვატიული მოძრაობის“ კანდიდატების არხები იყო აქტიური, რომლებიც არჩევნებში კენჭს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიით იყრიდნენ. ასეთი 6 არხი მოქმედებდა. ამასთანავე, საკმაოდ აქტიური იყო „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 2 არხი, რომელთა პოსტების ნახვების ჯამურმა რაოდენობამ ოფიციალური კამპანიის პერიოდში 5 მილიონს გადააჭარბა”, – გვეუბნება ეკატერინე ჯანიაშვილი.
2024 წლის აგვისტოში ტელეგრამის შემქმნელს, პაველ დუროვს საფრანგეთის სასამართლომ ამ პლატფორმაზე დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის ბრალი წაუყენა.
დუროვის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შორის იყო არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში და ნარკოტიკებით ვაჭრობაში თანამონაწილეობა, არაკანონიერი ტრანზაქციების გატარების მიზნით ონლაინ პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება, ასევე სამართალდამცავებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა. დუროვი 28 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, დუროვის დაკავების შემდეგ, ტელეგრამზე გარკვეული ტექნიკური საკითხები შეიცვალა. ადრე თუ დუროვის პოლიტიკა არცერთ ხელისუფლებასთან თანამშრომლებას არ მოიაზრებდა, ახლა კომპანიამ საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყო.