fbpx
მურმან ტოგონიძე - ივანიშვილის ოჯახის ნათესავის ბიზნესი

როგორ ააწყო ბიზნესი ივანიშვილის ოჯახის საჩხერელმა ნათესავმა

საჩხერის მერიამ ბოლო ცხრა წელში მურმან ტოგონიძეს 123 ხელშეკრულება გაუფორმა და ჯამში 27 მილიონი ლარი გადაუხადა. იფიქრებთ, კი მაგრამ ვინ არის ასეთი ეს კაციო? გეტყვით – ჩვენი საჩხერელი ოლიგარქის ოჯახის ახლობელი. მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის მულის ქმარია.

ტოგონიძე ტენდერებში იმარჯვებს სამშენებლო კომპანიით და პირადად, ინდ.მეწარმის სტატუსითაც. თვითონ კი გვითხრა, საიდან მოიტანეთ, ივანიშვილი რა შუაშიაო, მაგრამ საქმე ისაა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2014 წლიდან ჩნდება, ანუ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში. იქამდე, მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. თავისი პირით გვითხრა, პენსიონერი ვიყავი და ჩემი ბიზნესები მქონდაო.

მურმან ტოგონიძე და წარმატებული ტენდერები

მურმან ტოგონიძე ინდ.მეწარმედ 2006 წელს დარეგისტრირდა, კომპანიები კი ივანიშვილის მთავრობის დროს, 2015 წელს დააფუძნა და სახელმწიფო შესყიდვებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა, ინდ.მეწარმის სტატუსით და კომპანია “მშენინვესტით” 2014-2023 წლებში მოიგო საჩხერის მერიის 120 ელექტრონული ტენდერი და ჯამში 27 მილიონ ლარამდე მიიღო. აქედან ნახევარში კონკურენტი არ ჰყოლია. პირდაპირი შესყიდვის გზით კი 208 ათასი ლარის სამი ხელშეკრულება გააფორმა.

მურმან ტოგონიძე სამშენებლო სამუშაოებზე
ფოტო ტოგონიძის ფეისბუქიდან

ტოგონიძე ქალაქ საჩხერეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში აგებს, რეაბილიტაციას უტარებს და დიდთოვლობისას წმენდს გზებს.

დავუკავშირდით ამ აწყობილი ბიზნესის მფლობელს, რომ მოგვესმინა, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და ხომ არ გრძნობს თავს უხერხულად, რომ მის მიმართ ეჭვები არსებობს, ივანიშვილთან ახლობლობის გამო.

მურმან ტოგონიძე ჯერ წყნარად გვესაუბრებოდა, ტენდერებში იმიტომ შევედი, რომ ვიმუშაო, ვამუშაო ხალხი და შევქმნა რაღაც დოვლათიო. თუმცა, შემდეგ ივანიშვილი რომ ვუხსენეთ, აყვირდა და აგრესიულად გვითხრა, რომც მქონდეს კავშირი, რა პრობლემაა, ხომ არ ვქურდობო?

“რას ლაპარაკობთ შვილო, რამ დაგაავადმყოფათ? რა გინდათ ამ ივანიშვილთან, დამანებეთ თავი, ვინ ხართ, რა ხალხი ხართ, სად გაჩნდით. მეორედ აღარ დარეკოთ აქ,” – გვითხრა ტოგონიძემ და მასთან საუბრის გაგრძელება ვეღარ შევძელით, რადგან ტელეფონი გაგვითიშა.

ივანიშვილის ოჯახის ახლობელი სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტითაც ხეირობს. 2015-2023 წლებში მან ჭიათურასა და ლენტეხში სამი მილიონი ლარის ხელშეკრულებები მიიღო. აქაც, ძირითადად, სოფლის გზების რეაბილიტაცია დაავალეს.

ტოგონიძის კავშირი ნოდარ ბუღაძესთან

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე მურმან ტოგონიძის საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულია შპს “მშენინვესტის” დირექტორის, ნოდარ ბუღაძის ელ.ფოსტა. ბუღაძე საჩხერის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატია. მან მმართველ პარტიას 2017 წელს 180 ლარიც შესწირა.

ბუღაძე თავად შვიდი კომპანიის მფლობელია. მათი სფეროა აავაჭრო კომერციული საქმიანობა და აუდიტორული მომსახურება.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს კორუფციის და ნეპოტიზმის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

“აი, ფაქტი” ნოდარ ბუღაძეზე ადრეც გიყვებოდათ. მისმა კომპანიამ საჩხერეში ქვიშის მოპოვების ლიცენზია გადასცა შპს “საჩხერის ქვიშას”. ეს კომპანია 2019 წლიდან სოფელ სავანის კარიერზე მუშაობს, რის გამოც ადგილობრივების სახლები ინგრევა და ზიანდება.

ადმინისტრაციული ერთეულის საუბნო გზა რომელიც ტოგონიძემ დააგო 1
ჩიხის თემში ტოგონიძის მიერ დაგებული გზა

ტოგონიძის ბიზნესსაქმიანობაში კორუფციის რისკები შენიშნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”. 2020 წელს ორგანიზაციის იურისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდეს, რომ საკითხი შეესწავლათ.

როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოებმა ამ ამბავში საეჭვო ვერაფერი ნახეს, რადგან ტოგონიძე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აგრძელებს. ბოლო ხელშეკრულება ლენტეხის მერიასთან 2023 წლის 2 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც 385 ათას ლარად სოფელ ჭველფისა და ლუჯის დამაკავშირებელი გზა უნდა დააგოს.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს კორუფციის და ნეპოტიზმის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
GIJN-ის სასწავლო მასალები აღმოსავლეთ ევროპულ და კავკასიურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი
gijn kartulad

GIJN-ის სასწავლო მასალები აღმოსავლეთ ევროპულ და კავკასიურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი

  “გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელი (GIJN),” EU4

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share