fbpx
სატელიტური მონაცემების მიგნებისა და გამოყენებისათვის საჭირო რესურსები

სატელიტური მონაცემების მიგნებისა და გამოყენებისათვის საჭირო რესურსები

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე.

თანამგზავრი მძლავრი საგამოძიებო ინსტრუმენტია. ჟურნალისტები დიდი მონდომებით აგროვებენ სატელიტურ გამოსახულებებსა და დისტანციურ სენსორულ მონაცემებს, რომელიც მათ ჟურნალისტურ გამოძიებაში, შესაბამისად სხვადასხვა პრობლემის მხილებაში ეხმარება: ხეების გაჩეხა და ტყის ხანძრები, პანდემიის რისკი და კლიმატის ცვლილება, მონობა და მასობრივი დაპატიმრებები.

სარჩევი Hide
  1. შთაგონებისთვის: სიუჟეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
  2. სად მოვიძიოთ ჰაერიდან მოპოვებული გამოსახულებები და მონაცემები
    1. წამყვანი პროვაიდერები – Google, Bing, Yandex და სხვები
  3. სამთავრობო რესურსები
    1. აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA)
    2. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA)
    3. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური (USGS)
  4. კომერციული მომწოდებლები
  5. არაკომერციული წყაროები
  6. კომპიუტერული პროგრამები
    1. ინსტრუქციები, პრაქტიკული გზამკვლევები და რჩევების ფურცელი
  7. რესურსების თემატური ჩამონათვალი:
    1. კონფლიქტი
    2. კლიმატური ცვლილებები და გარემო
      1. ადამიანის უფლებები
      2. მონობა და იძულებითი შრომა
      3. შემოწმება

ამ სახელმძღვანელოს წინა გამოცემის შემდეგ სხვადასხვა მთავრობამ თუ კერძო კომპანიამ ბევრი ახალი თანამგზავრის შექმნა დაგეგმა და გაუშვა კიდეც. ამასთან, ჟურნალისტები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ სინთეტიკური აპერტურის რადარს (SAR), რომელიც დედამიწის ზედაპირიდან მიკროტალღურ სიგნალებს სატელიტზე დამონტაჟებული ანტენის საშუალებით ირეკლავს. ასეთ სიგნალებს ღრუბლების საფარში გაღწევაც შეუძლია.

თანამგზავრების დახმარებით გამომძიებელმა რეპორტიორებმა მიაგნეს მეთანის გაზით დაბინძურების შემთხვევებს, დაასაბუთეს ნავთობის გაჟონვა, მიაკვლიეს მასობრივ სასაფლაოებს და ფაქტებით გააბათილეს ომის პროპაგანდა

შეუძლებელია GIJN-ის ამ მოკლე სახელმძღვანელოში დეტალურად აღვწეროთ ყველანაირი ტექნოლოგია და მათი გამოყენების არეალი. თუმცა, სახელმძღვანელო გთავაზობთ სატელიტური გამოსახულებებისა და მონაცემების მოპოვების, ანალიზისა და გადმოცემის შესახებ სასტარტო ცოდნას, ასევე, მიგითითებთ, სად მოიძიოთ ექსპერტების დახმარება. სახელმძღვანელოს სტრუქტურა შემდეგნაირია:

  1. შთაგონებისთვის: სიუჟეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან;
  2. სად მოვიძიოთ თანამგზავრული გამოსახულებები;
  3. კომპიუტერული პროგრამები;
  4. ინსტრუქციები, გზამკვლევები და რჩევების ფურცლები.

შთაგონებისთვის: სიუჟეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

ქვემოთ მოცემულია სატელიტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნილი რამდენიმე რჩეული სიუჟეტის ჩამონათვალი, ჩინეთის ინტერნირებულთა ბანაკების შესახებ პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რეპორტაჟებით დაწყებული, ამაზონში ადამიანების მიერ გაჩენილი ხანძრის გამოძიების ჩათვლით:

სად მოვიძიოთ ჰაერიდან მოპოვებული გამოსახულებები და მონაცემები

მაღალხარისხიან გამოსახულებებსა და მონაცემებს ბევრი სხვადასხვა წყარო გვთავაზობს. დავიწყოთ ჟურნალისტებისათვის ყველაზე გამოსადეგით. 

  1. კარტოგრაფიული რესურსების არქივები – ჟურნალისტის ხელსაწყოების ნაკრები, რუკებთან დაკავშირებული რესურსების ვრცელი ჩამონათვალი, შეერთებული შტატების პროფესიონალი ჟურნალისტების საზოგადოება.
  1. Bellingcat-ის ონლაინგამოძიების ინსტრუმენტთა ნაკრები ელექტრონული ცხრილია,  რომელშიც მოცემულია კარტოგრაფიული, სატელიტური, ადგილმდებარეობასა და ქუჩის ხედთან დაკავშირებული ინფორმაციის  70-ზე მეტი წყარო.
  1. სატელიტური გამოსახულების მონაცემთა 15 უფასო წყარო, რომელთაც ახლავს კომენტარები ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ; ასევე, GISGeography-ის ღია წყაროებში ხელმისაწვდომი დისტანციური სენსორული პროგრამების 13 პაკეტი.
  1. SkyWatch-ის, სატელიტური მონაცემების შემგროვებელი კომერციული კომპანიის მიერ შედგენილი ჩამონათვალი, „სატელიტური მონაცემების 10 საუკეთესო უფასო წყარო, გვთავაზობს სატელიტური მონაცემების თითოეული უფასო მომსახურების შემაჯამებელ მიმოხილვას, დადებით და უარყოფით მხარეებს.
  1. უფასო სატელიტური გამოსახულებები: მონაცემთა მომწოდებლები და წყაროები სხვადასხვა საჭიროებისთვის” სასოფლო-სამეურნეო დარგზე ორიენტირებული კომერციული სატელიტური კომპანიის, EOS Data Analytics-ის მიერ მომზადებული მიმოხილვაა, რომელშიც დეტალურადაა შედარებული თანამგზავრული გამოსახულებების წამყვანი წყაროები. შესანიშნავი სახელმძღვანელოა, რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რომელი უფასო მომსახურება შეესაბამება თქვენს უნარებსა და საჭიროებებს; იქვე, რჩევების კვალდაკვალ, საკუთარ ფასიან მომსახურებასაც გთავაზობთ.

წამყვანი პროვაიდერებიGoogle, Bing, Yandex და სხვები

ძიების დაწყება ყოველთვის უმჯობესია ისეთი კომპანიების კარტოგრაფიული პროდუქტების (რუკები) საშუალებით მოპოვებული სატელიტური გამოსახულებებით, როგორიცაა Google, Bing, Yandex და სხვები.

ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჟურნალისტის ხელსაწყოების ნაკრებს და კონკრეტული ტერიტორიის შესწავლის საშუალებას აძლევს, განსაკუთრებით, თუ ქუჩის ხედის ფოტოინსტრუმენტიც ხელმისაწვდომია.

ამრიგად, ეს შესანიშნავი ინსტრუმენტები ძირითადი საყრდენია იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ფოტოებისა და ვიდეოების გეოლოკაციის დადგენას ცდილობენ.

ეს საძიებო სისტემები იყენებენ ისეთი კომერციული მომწოდებლების მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებს, როგორებიცაა Maxar ან Airbus. მიუხედავად ამისა, ხშირად გამოსახულებები მაინც რამდენიმე თვის წინანდელი ან უფრო ძველია. შედარებით ახალ, მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებზე წვდომისათვის უშუალოდ ამ კომპანიებთან მოგიწევთ თანამშრომლობა (იხ. ქვემოთ).

გაფრთხილება: ხანდახან ხდება გამოსახულების ცენზურა სხვადასხვა მიზეზით, შესაბამისად, გონივრულია მონაცემების შედარება. ამასთან, როგორც BuzzFeed News-მა აჩვენა, ამ ცენზურამ შეიძლება სენსაციურ სიუჟეტებამდეც მიგიყვანოთ.

მომწოდებლების სიის თავშია მოქცეული Google-ის რამდენიმე პროდუქტი.

Google Earth Pro საკვანძო მნიშვნელობის რესურსია. შესაძლებელია ძველი, ხშირად, მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების დათვალიერება, ახალი მონაცემების ატვირთვა და მათი შედარება ადრინდელ გამოსახულებებთან. სახაზავის ხელსაწყო აადვილებს ობიექტებს შორის მანძილის გამოთვლას. იგი, ასევე, მოიცავს Google-ის ქუჩის ხედის გამოსახულებებს, სადაც შესაძლებელია.

Google Maps წარმოადგენს Google Earth Pro-ს აპლიკაციის სასარგებლო კომპანიონს, რადგან აქვს ქუჩის ხედების ფოტოების ისტორიული კატალოგი, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ ღია წყაროებით გამოძიებისა და სატელიტური გამოსახულებების ნამდვილობის გადამოწმებისათვის.

Google Earth Engine-ს (GEE) აქვს სატელიტური გამოსახულებების, დისტანციური სენსორული მონაცემებისა და სამეცნიერო მონაცემთა ნაკრებების უზარმაზარი ბიბლიოთეკა; ამ ინფორმაციის გამოყენება შეიძლება დროთა განმავლობაში დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე გლობალური, რეგიონული თუ ადგილობრივი პროცესების მისაკვლევად, შესაფასებლად და შესაჯერებლად. თუმცა, სხვა რესურსებთან შედარებით, GEE-ის სწავლის მრუდი უფრო ციცაბოა. მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ, „კომპიუტერული პროგრამების“ ნაწილში.

Google-ის სერვისების გარდა, კარტოგრაფიული პროდუქტების ფარგლებში შემოთავაზებული სატელიტური გამოსახულებების სხვა მნიშვნელოვანი წყაროებია:

სამთავრობო რესურსები

ჟურნალისტებისთვის ნაცნობია Landsat და Sentinel-2, დედამიწაზე დაკვირვების ეს ორი პროგრამა, რომლებიც ეკუთვნის აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურსა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოს. ეს თანამგზავრები მცირე ობიექტების დასანახად არ გამოდგება, თუმცა, არაჩვეულებრივია რეგიონში მსხვილმასშტაბიან გარდაქმნებზე დასაკვირვებლად.

1972 წლიდან მოყოლებული Landsat-ის სხვადასხვა თანამგზავრი დედამიწას გარს უვლის და გამოსახულებებს აგროვებს.  Landsat 8 და Landsat 9 30 მეტრის გარჩევადობის მქონე უახლესი ვერსიებია.

Sentinel-2-ის პირველი სატელიტი 2015-ში, შემდეგი კი 2017 წელს გაუშვეს. Sentinel-2-ის თანამგზავრების გამოსახულების გარჩევადობა 10 მეტრია.

ერთობლივად, Landsat და Sentinel გვთავაზობს გამოსახულებების საკმაოდ ვრცელ სპექტრს, რომელიც დედამიწაზე დიდი ხნის განმავლობაში მომხდარი რეგიონული ცვლილებების შესწავლაში გვეხმარება.

არსებობს რამდენიმე საიტი, სადაც შეგძლიათ ამ გამოსახულებების დათვალიერება. მაგალითად, შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურს (USGS) აქვს LandsatLook, ხოლო Sentinel-ის გამოსახულებების ნახვა შეიძლება ევროკავშირის კოპერნიკუსის მონაცემთა სივრცის ეკოსისტემაში.

კიდევ ერთი სასარგებლო საიტია SentinelHub-ის EO Browser, სადაც შეგიძლიათ იხილოთ როგორც Landsat-ის, ისე Sentinel-2-ის გამოსახულებები. EO Browser-ს, ასევე, თითოეული გამოსახულებისათვის აქვს ფსევდოფერების კომბინაციათა მზა წყება, რომლებიც გამოკვეთს მცენარეული საფარის სიჯანსაღეს, ურბანულ ზონას, წყალს, თოვლს.  Sentinel Hub არის Planet Labs-ის მიერ ახლახან შესყიდული კერძო კომპანია Sinergise-ის პროდუქტი.

EO Browser აგროვებს მონაცემებს რამდენიმე სხვა სატელიტური პროგრამიდანაც. მაგალითად, შეგიძლიათ იხილოთ Sentinel-1-ის (რომელიც იყენებს სინთეტიკური აპერტურის რადარს) ან Sentinel-5-ის (ჰაერის დაბინძურების შეფასება) მონაცემები. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სამთავრობო წყაროებიდან ხელმისაწვდომი მონაცემების ფართო სპექტრს.

აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA)

NASA EarthData: აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია ფლობს სატელიტური მონაცემების ნაკრებებისა და მონაცემთა ანალიზის შედეგების დიდ კოლექციას.

NASA Worldview ინტერაქციული ხელსაწყოა, რომელიც გვთავაზობს უამრავი სხვადასხვა სატელიტიდან თითქმის რეალურ დროში მიღებულ სრული გარჩევადობის გამოსახულებებს, მათ შორის, გეოსტაციონარული თანამგზავრებიდანაც, რომლებიც ფოკუსირებულია დედამიწის ერთ წერტილზე და პლანეტის ბრუნვის პროცესში მუდმივად აკვირდება, მაგალითად, ამინდის ცვლილებასა თუ ტყის ხანძრების განვითარებას.

Worldview, ასევე, გვთავაზობს ისეთი სპეციალიზებული კარტოგრაფიული და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ბმულებს, როგორებიცა FIRMS (ხანძრებისათვის) და EMIT (მეთანის ღრუბლებისთვის); ასევე, წვდომას NASA-ს ათზე მეტ მონაცემთა ცენტრსა და სატელიტური მონაცემების ანალიზის შესაბამის პროდუქტზე.

 NASA Earth Observations კიდევ ერთი პორტალია, რომელსაც აქვს ატმოსფეროზე, ხმელეთზე, ოკეანეებზე, ენერგორესურსებზე, გარემოზე და ა.შ., ორიენტირებული 50-ზე მეტი მონაცემთა ნაკრები. ნავიგაციაში დაგეხმარებათ სააგენტოს მონაცემთა ხელსაწყოების თემატური კომპლექტები, მაგალითად: კატასტროფები, ტყის ხანძრები თუ ბიომრავალფეროვნება.

ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA)

NOAA-ს გარემოსთან დაკავშირებული თანამგზავრების, მონაცემთა და ინფორმაციის ეროვნული სამსახური: ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაცია მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე ტიპის მომსახურებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჰაერიდან გადაღებულ (მათ შორის, კლიმატზე, ამინდსა და გარემოზე ორიენტირებულ) გამოსახულებებსა და მონაცემებზე წვდომის საშუალებას იძლევა.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური (USGS)

USGS Earth Explorer: გარდა ზემოაღნიშნული LandsatLook ინტერფეისისა, USGS-ს, ასევე, Earth Explorer-ის ინტერფეისის საშუალებით უკავშირდება სხვადასხვა მონაცემთა ნაკრებს. GISGeography-ის სახელმძღვანელოს შეუძლია დაგეხმაროთ Earth Explorer-ის ნავიგაციაში.

კომერციული მომწოდებლები

Landsat-ისა და Sentinel-ის მონაცემები კარგია მსხვილმასშტაბიან ცვლილებებზე დასაკვირვებლად, თუმცა უფრო დეტალური ანალიზი მოითხოვს ერთ-ერთი კომერციული მომწოდებლის გამოსახულებებზე წვდომას. ასე მოიქცა Associated Press-იც, როცა 2015 წელს იკვლევდა მონების მიერ დაჭერილი თევზის გადამზიდი ტრაილერების მოძრაობას პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან; ასევე, Reuters-მაც კომერციული მომსახურების საშუალებით გადაამოწმა თვითმხილველთა მიერ აღწერილი არაადამიანური პირობების არსებობა ეთიოპიაში მდებარე დროებით იზოლატორებში, რომლებშიც ათასობით ეთნიკური ტიგრაი იყო დატყვევებული 2022 წელს.

დღეის მდგომარეობით, Maxar Technologies და Airbus ფლობენ ყველაზე მაღალ, 30 სმ-ის გარჩევადობის თანამგზავრებს. თითოეულ მათგანს აქვს ხელმისაწვდომ გამოსახულებათა პორტალი, თუმცა ეს გამოსახულებები აუცილებლად უნდა გამოითხოვოთ კომპანიის პრესწარმომადგენლის ან ერთ-ერთი გადამყიდველისაგან.

Planet Labs იყენებს თავისი 3.7 მ-იანი გარჩევადობის თანამგზავრების თანავარსკვლავედს, რომლებიც მთელ დედამიწას ფარავს თითქმის ყოველ დღე. კომპანიას, ასევე, აქვს რამდენიმე 50 სმ-ის გარჩევადობის სატელიტიც, თუმცა საჭიროა მათთვის სპეციფიკური ამოცანის განსაზღვრა.

Capella Space მაღალი გარჩევადობის SAR-გამოსახულებებს იღებს. გარჩევადობა 50 სმ-ზე ნაკლებია.

BlackSky-ის შეუძლია, თანამგზავრებს დაავალოს და მოიპოვოს მონაცემები 90 წუთის ფარგლებში.

გამოსახულებები შეიძლება, ასევე, შეისყიდოთ შემდეგი გადამყიდველებისგანაც:

Shadowbreak; EOS Data Analytics; Descartes Labs; EarthRise Media; Image Hunter; SkyWatch.

არაკომერციული წყაროები

ინფორმაციის მდგრადობის ცენტრი (CIR) თანამშრომლობს სიახლეების მაუწყებელ მედიაორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების შელახვის, ომის დანაშაულებების, დეზინფორმაციისა და ონლაინშევიწროების შემთხვევების გამოსააშკარავებლად. მისი სპეციალური პროექტის, Eyes on Russia Map-ის (რუკა „მზერა რუსეთზე“), საშუალებით შესაძლებელია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე დაკვირვება.

თევზაობის გლობალური დამკვირვებელი (Global Fishing Watch) მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს სატელიტურ გამოსახულებებს, მონაცემთა ნაკრებებსა და კოდს ოკეანეებზე ადამიანის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე დაკვირვების მიზნით.

ტყეების გლობალური დამკვირვებელი (Global Forest Watch) მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს სატელიტური გამოსახულებების მონაცემებსა და ანალიზს ხეების ჩეხვასა და გაუტყეურებაზე დაკვირვების მიზნით; ასევე, საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თქვენთვის საინტერესო არეალისათვის სპეციფიკური შეტყობინების სისტემა.

Radiant Earth Foundation მომხმარებელს სთავაზობს ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ გზამკვლევებს, რომლებიც გეხმარებათ კლიმატის ცვლილებასა და კონსერვაციასთან დაკავშირებული (სატელიტით, დრონით თუ ჰაერიდან სხვაგვარად გადაღებული) გამოსახულებების მოპოვებაში.

რესურსებზე დამკვირვებელი (Resource Watch) მომხმარებელს უფასოდ აწვდის ჩამოტვირთვად მონაცემთა ნაკრებებსა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების ფართო-სპექტრზე დაკვირვება, მათ შორის: კლიმატის ცვლილება, წყალთან დაკავშირებული რისკი, დაბინძურება, სიღარიბე, მიგრაცია და სახელმწიფოს არასტაბილურობა. წყაროს დამფინანსებელია მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები.

SkyTruth წარმოადგენს კონსერვაციაზე ფოკუსირებულ ორგანიზაციას, რომელიც ყოველთვის მზადაა, ჩაერთოს საგამოძიებო პროექტებში. ელ-ფოსტით მისწერეთ შემდეგ მისამართზე: media@skytruth.org. SkyTruth აღრიცხავს ჟურნალისტებთან ერთად განხორციელებულ პროექტებს.

კომპიუტერული პროგრამები

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) პროგრამის შესწავლა საშუალებას მოგცემთ, უფრო ეფექტურად გამოიყენოთ სატელიტური გამოსახულებები და დისტანციური სენსორული მონაცემები. ქვემოთ ჩამოთვლილია GIS-ის სხვადასხვა გარემო, რომლებიც დაგეხმარებათ სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შრეების შეჯერებასა და ამ შრეების სივრცულ ანალიზში. 

გამომძიებელი ჟურნალისტების გლობალურ ქსელთან გულუხვი შეთანხმების საფუძველზე, Esri (გარემოს სისტემების კვლევის ინსტიტუტი) ქსელის წევრ ორგანიზაციებს სთავაზობს ArcGIS-ის კომპიუტერული პროგრამის უფასო ლიცენზიას, რომელიც გამოსახულებებზე სამუშაოდ და რუკების შესაქმნელად გამოიყენება. მეტი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით GIJN-ს.

QGIS წარმოადგენს GIS-ის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დესკტოპ-პროგრამას.

R და Python პროგრამირების ენებია, რომლებსაც ვექტორული ანალიზისათვის საჭირო ბიბლიოთეკების ფართო სპექტრი აქვს. 

Google Earth Engine-ს (GEE) (ზემოთ უკვე ნახსენები) ფლობს პეტაბაიტობით მზა გამოსახულებასა და დისტანციურ სენსორულ მონაცემს. შეგიძლიათ, ასევე, ატვირთოთ თქვენს ხელთ არსებული გამოსახულებები და ვექტორული ფაილებიც. დაბოლოს, Google Earth Engine წარმოადგენს სრულად გამართულ GIS-გარემოს, რომელიც კოლოსალური მოცულობის მონაცემების ანალიზის საშუალებას იძლევა. თუმცა, ასეთი შესაძლებლობები ნიშნავს, რომ სწავლის მრუდიც უფრო ციცაბოა.

​​Google News Initiative-მა შეიმუშავა ჟურნალისტებზე მორგებული პრაქტიკული გზამკვლევების სერია, რომელიც ეხება GEE-ის არაერთ ფუნქციას, მაგალითად: როგორ შევქმნათ ცაიტრაფერული ვიდეო, დავაკვირდეთ მწვანე საფარის ცვლილებას და თვალი ვადევნოთ სათევზაო ფლოტს. Google-მა, ასევე, გამოაქვეყნა განმარტებები და პრაქტიკული გზამკვლევები.

გაითვალისწინეთ, რომ GEE-ის კოდის რედაქტორი მოითხოვს JavaScript-ის ცოდნას. ასევე, შესაძლებელია GEE-სთან ინტერაქციისათვის R-ისა და Python-ის გამოყენება.

ინსტრუქციები, პრაქტიკული გზამკვლევები და რჩევების ფურცელი

„Google Earth Engine: მოკლე სახელმძღვანელო დამწყებთათვის”, GIS Geography-ის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ზოგად მიმოხილვასა და ეტაპობრივ გზამკვლევს.

“Bellingcat-ის ონლაინ საგამოძიებო ხელსაწყოების კომპლექტი” მოიცავს ღია წყაროებით კვლევისათვის საჭირო რესურსების შთამბეჭდავ სპექტრს, მათ შორის – კოსმოსური ჟურნალისტიკის უამრავ რესურსს.

„ღრუბლოვან მომსახურებაზე დაფუძნებული დისტანციური სენსორული მონაცემების შეგროვება Google Earth Engine-ის საშუალებით“, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერებების პროფესორისა და გეოსივრცული ანალიზის ლაბორატორიის დირექტორის, დევიდ ზაას (David Saah) მიერ შემუშავებული უფასო ონლაინსახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ დამწყებიდან ექსპერტის დონეს მიაღწიოთ.

„როგორია სინამდვილეში რეალურ დროში მოგროვებული თანამგზავრული მონაცემები?“ – საკმაოდ ბაზისური მიმოხილვა, რომელიც ასახავს, რამდენი და რა ტიპის თანამგზავრი მოძრაობს დედამიწის ორბიტაზე, როგორ გადაიცემა და მუშავდება მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია; მიმოხილვა ეკუთვნის Skywatch-ს, სატელიტური მონაცემების შემგროვებელ კომერციულ კომპანიას.

“როგორ გავაანალიზოთ სატელიტური გამოსახულება“, Al Jazeera-ს მედიაინსტიტუტის ილუსტრირებული გზამკვლევი, რომელიც განმარტავს გამოსახულებების გამოყენების მეთოდებს რეპორტაჟის მომზადების პროცესის დახვეწის მიზნით.

„უხილავის მხილება – კომპლექტი“, Tactical Tech-ის საგამოძიებო მეთოდების სახელმძღვანელო ჟურნალისტების, მკვლევრებისა და აქტივისტებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა: „სატელიტური გამოძიების დაწყება“; ასევე, არქიტექტორისა და პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტის, ელისონ კილინგის (Alison Killing) „რუკის გამოყენება ხილულს მიღმა გასახედად“ და „გეოლოკაციის მეთოდები: ეტაპობრივი სახელმძღვანელო“.

„კრიმინალისტიკურ გამოძიებაში სატელიტური გამოსახულებების გამოყენებასთან დაკავშირებული რჩევები Amnesty International-ის სამხილების ლაბორატორიისაგან“ (GIJN) ჟურნალისტიკის საერთაშორისო ფესტივალზე (2022) Amnesty International-ის მიერ წარდგენილი პრეზენტაციის შეჯამებაა.

Apollo Mapping-ის „ჰაერიდან გადაღებული – სატელიტური გამოსახულებები & GIS Viewer-ები“ მოიცავს ორი წამყვანი უფასო გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემისა და გამოსახულების გამომტანის, QGIS და Google Earth-ის, მიმოხილვას, ჩამოტვირთვის ბმულებსა და მათში გამოსახულების ატვირთვის ინსტრუქციებს.

„გამოძიების ხელშეწყობისთვის გეოლოკაციისა და ღია წყაროებში ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული 10 რჩევა“ (GIJN), ჟურნალისტიკის საერთაშორისო ფესტივალზე (2022) ინფორმაციის მდგრადობის ცენტრის მიერ გამოსახულებების ანალიზის შესახებ წარდგენილი პრეზენტაციის შეჯამება.

„როგორ ვამხილოთ ციდან ტყუილები სატელიტებისა და დრონების გამოყენებით“ (GIJN) გვთავაზობს ჰაერიდან მიღებული გამოსახულებების გამოყენებასთან დაკავშირებულ იდეებსა და რჩევებს, რომლებიც გაჟღერდა გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონფერენციაზე 2021 წელს.

„ჟურნალისტის სახელმძღვანელო: ხელოვნურ ინტელექტს + სატელიტური გამოსახულებების გამოყენება სიუჟეტის მომზადებისას“ გვთავაზობს JournalismAI-ის თანამშრომლობის გამოწვევების (2021) პროგრამის შედეგად შემუშავებული პროექტიდან აღებულ პრაქტიკულ ნაბიჯებსა და სამუშაო პროცესის სქემას, რომლებიც საჭიროა ხელოვნური ინტელექტისა და სატელიტური გამოსახულებების კომბინირებისათვის.

„შესავალი: ღრუბლოვან მომსახურებაზე დაფუძნებული გეოსივრცული ანალიზი Earth Engine-ისა და Geemap-ის გამოყენებით“ გვთავაზობს ქიუშენგ ვუსა (Qiusheng Wu) და სტივ გრინბერგის (Steve Greenberg) მიერ მომზადებული უფრო პროფესიონალური, შვიდი სესიის მომცველი გზამკვლევისა და დამხმარე მასალების ბმულებს, ასევე, თქვენთვის საინტერესო კოორდინატებზე სატელიტური მონაცემების ავტომატური შეგროვებისათვის Streamlit-ინსტრუმენტის გამოყენების ინსტრუქციასაც.

„ჩემი საყვარელი ხელსაწყოები: გეოჟურნალისტი გუსტავო ფალეიროსი“ (GIJN) – საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალურ ქსელთან (GIJN) ინტერვიუში (2021) ბრაზილიელი ჟურნალისტი და გარემოსთან დაკავშირებული საგამოძიებო სიუჟეტების რედაქტორი, გუსტავო ფალეიროსი მიმოიხილავს თანამგზავრული გამოსახულებებისა და მონაცემების მოპოვების, რუკაზე გამოსახვისა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებს.

რესურსების თემატური ჩამონათვალი:

კონფლიქტი

რეპორტიორის სახელმძღვანელო: ომის დანაშაულის გამოძიება ღია წყაროების კვლევის საშუალებით“, გამომძიებელი ჟურნალისტების გლობალური ქსელი (GIJN)

გადამწვარი დედამიწა: NASA-ს ხანძართან დაკავშირებული მონაცემების გამოყენება ომის ზონების მონიტორინგისათვის“, Bellingcat

კლიმატური ცვლილებები და გარემო

როგორ შეუძლიათ გარემოს საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს NASA-ს ახალი თანამგზავრის, Landsat 9-ის გამოყენება“, გამომძიებელი ჟურნალისტების გლობალური ქსელი (GIJN)

Google News Initiative: გარემოს საკითხების ჟურნალისტიკა 

„გამოჩნდა თანამგზავრების საშუალებით მეთანის გამონაბოლქვზე დაკვირვების ახალი წყაროები“, GIJN

„როგორ აკეთებენ ამას: ვენესუელაში წიაღისეულის უკანონო მოპოვების უზარმაზარი ქსელის მხილება“, GIJN (El País და Armando.info)

„ტროპიკული ტყეების განადგურების გამოძიება: მანქანური სწავლების საშუალებით უკანონო ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების მიკვლევა“, პულიცერის ცენტრი

ადამიანის უფლებები

„როგორ გამოვიყენოთ სატელიტური გამოსახულებები კრიმინალისტიკურ გამოძიებაში, Amnesty International-ის სამხილების ლაბორატორია“, GIJN

„თანამგზავრული გამოსახულებების როლი ადამიანის უფლებების მონიტორინგში“, Engine Room

მონობა და იძულებითი შრომა

გარეკანის სიუჟეტი: „თანამგზავრებით შესაძლებელია მსოფლიოს სათევზაო ფლოტში იძულებითი შრომის გლობალური მასშტაბის გამოვლენა“, ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომები

შემოწმება

„ნაყალბევი („დიპფეიკი“) გეოგრაფია: როგორ აყალბებს ხელოვნური ინტელექტი თანამგზავრულ გამოსახულებებს“, GIJN.

„უკრაინაში მიმდინარე ომის გამოსახულებების შემოწმება”, New York Times.

„მოჩვენება მანქანაში: ჩადიში მომხდარი შემთხვევის ანალიზი იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა ენდოთ ტექნოლოგიას ბრმად”, Bellingcat.

ამ სახელმძღვანელოს ავტორები არიან: რაიან მაკნილი, Reuters-ის მონაცემთა (საგამოძიებო) ჟურნალისტიკის რედაქტორის მოადგილე; დებორა ნელსონი, მერილენდის უნივერსიტეტის ფილიპ მერილის ჟურნალისტიკის კოლეჯის საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროფესორი და ტობი მაკინტოში, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და GIJN-ის რესურსცენტრის ყოფილი დირექტორი.

Screenshot 2024 01 18 at 09.58.31
კომენტარები
Total
0
Shares
Next
“კონსერვატიული მოძრაობა” – ვინ და საიდან სწირავს ფულს?
qaveri alt-info

“კონსერვატიული მოძრაობა” – ვინ და საიდან სწირავს ფულს?

პარტიას მისი რეგიონული ოფისის ხელმძღვანელები აფინანსებენ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share