“აი, ფაქტმა” მაისში უსინათლოთა კავშირში არსებულ კორუფციულ სქემებზე გამოძიება – “უსინათლოთა ქონების მოურავი” – გამოაქვეყნა. სტატიაში, რომელზეც 8 თვე ვმუშაობდით, იკვეთებოდა კავშირის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელების მხრიდან საერთო ქონების გაფლანგვის ფაქტები და კავშირის წევრთა მიმართ უთანასწოროდ მოპყრობის შემთხვევები.
ამ საქმეზე, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პარალელურად, პროკურატურამაც დაიწყო მოკვლევა. უსინათლოთა კავშირის წევრები მანამდე 10 წელზე მეტი უშედეგოდ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას. პროკურატურამ გაიზიარა ჩვენი გამოძიების მიგნებებიც და კავშირის ამჟამინდელ და ყოფილ ხელმძღვანელებს ბრალი წარუდგინა.
9 ნოემბერს სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნის მიზნით სხდომაც გაიმართა და რევაზ მაისურაძესა და სოფიკო ხუციშვილს გირაო შეეფარდათ. სასამართლომ მაისურაძეს 35 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, სოფიკო ხუციშვილს კი 7 ათასი ლარის. ასევე მათ აეკრძალათ ქვეყნის დატოვება გამოძიების დასრულებამდე.
პროკურატურამ მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვისთვის წარუდგინა. სასჯელი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუციშვილსა და მაისურაძეს ბრალი 220-ე მუხლითაც წარედგინათ, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.
როგორც პროკურორკმა დავით კაპანაძემ სხომაზე განაცხადა, ხუციშვილისა და მაისურაძის ქმედებებით უსინათლოთა კავშირმა 3 მილიონ ლარზე მეტის ზიანი მიიღო, 450 ათასი ლარის ქონება კი გაიფლანგა. მისივე თქმით, საქმის მხოლოდ ეს მონაკვეთი 14 ტომისგან შედგება და დანაშაულის უტყუარ მტკიცებულებებს შეიცავს.
ეს პირველი საქმეა “აი, ფაქტისთვის”, როდესაც პროკურატურა იზიარებს ჩვენი საგამოძიებო მასალის მიგნებებს. ასევე პირველი საქმეა, რომელშიც შშმ პირს ფინანსური დანაშაულისთვის აქვს წარდგენილი ბრალი.