ავტორები: აიდან იუსიფი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, მანანა ღოღობერიძე
2023 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი, ე.წ. “სასამართლო კლანთან” დაახლოებული წევრებით შეივსო. ხელისუფლებას აწყობდა მათი არჩევა. “ქართულ ოცნებას” სასურველი კანდიდატების გაყვანაში საკუთარი ხმებით ოპოზიციაც მიეხმარა.
ჩვენმა ოთხთვიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ბიზნესმა ამ ხმის მიცემის შემდეგ სარგებელი მიიღო.
“გადაბირებული” ოპოზიცია – როგორ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები
2023 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრი აირჩია. ეს განსაკუთრებული კენჭისყრა იყო – მას უნდა ეჩვენებინა, როგორ ასრულებს საქართველო ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს და როგორ ვზრუნავთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს დამოუკიდებელი და არა მმართველი პარტიის თუ მოსამართლეთა “კლანის” ერთგული ორგანო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 27 წელია არსებობს. ის პასუხისმგებელია მოსამართლეთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, აორგანიზებს მათ გამოცდებს და გეგმავს რეფორმებს. ამიტომ, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობისთვის, საჭიროა, პირველ რიგში, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე.
ამ დღეს არავინ მოელოდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს “ქართული ოცნებისთვის” სასურველი ხალხი შეემატებოდა.
“ძალიან კარგად გვესმის, რომ როცა 90 ხმაა საჭირო, ოპოზიციის სასურველი ხუთივე კანდიდატი ვერ გავა. უმრავლესობასაც უნდა ესმოდეს, რომ უმრავლესობის სასურველი კანდიდატებიც ვერ გავლენ”, – ამბობდა კენჭისყრის დაწყებამდე პარტია “ლელოს” წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
მისი სიტყვები არ გამართლდა და პარლამენტის პლენარული სხდომა მმართველი გუნდისთვის სახარბიელო შედეგით დასრულდა.
კანონით, იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად, სულ ცოტა, 90 ხმაა საჭირო. უმრავლესობას, მათ თანამოაზრე “ხალხის ძალას” და “სოციალ-დემოკრატიულ” მოძრაობას, ერთობლივად, 88 დეპუტატი ჰყავდათ. ხმათა ამ რაოდენობით “ქართული ოცნების” სასურველი კანდიდატები ვერ მოიგებდნენ. მათ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციონერების ხმებიც სჭირდებოდათ და ეს ხმები მიიღეს კიდეც.
როცა ფარული კენჭისყრის შედეგები ტაბლოზე გამოჩნდა, გაირკვა, რომ იუსტიციის საბჭოს სამ არამოსამართლე წევრად, 93, 93 და 91-ხმით აირჩიეს ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა. ყველა მათგან ე.წ. “სასამართლოს კლანთან” არის დაკავშირებული.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სასამართლოს გუშაგმა” იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული წევრების ბიოგრაფიები შეისწავლეს და გამოკვეთეს, რომ ისინი დაკავშირებული არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან – მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან.
ამ კანდიდატებს პარლამენტში გასაუბრებებზე მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევებზე არ უსაუბრიათ – მათ სჯერათ, რომ დღევანდელი სასამართლო ძლიერი, სანდო და დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ ტექნიკურ თუ ლოგისტიკურ სისუსტეებზე – მაგალითად, სასამართლოს გადატვირთულობაზე, მოსამართლეების, სასამართლო დარბაზების თუ თარჯიმნების ნაკლებობაზე. პოლიტიზირებულ და მიკერძოებულ მართლმსაჯულებაზე კი სიტყვა არ დაუძრავთ.
“სასამართლოს მთავარი ფუნქცია მართლმსაჯულებაა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ სასამართლო იღებს კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას. ჩვენი სასამართლო რომ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, წვლილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიუძღვის. არაფერს ვამბობ პოლიტიკურ გავლენებზე, რომლის მთავარი დასაყრდენი ძალაც სწორედ ეს საბჭო და მისი წევრებია,” – ამბობს ამ საბჭოს ყოფილი წევრი და “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის საბჭოს დღეს 15 წევრი ჰყავს – ცხრა მოსამართლე, ექვსი კი არამოსამართლე. მოსამართლე წევრებს მოსამართლეთა კონფერენციაზე ირჩევენ, არამოსამართლე წევრებიდან კი ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, დანარჩენ ხუთს – პარლამენტი, დეპუტატთა 90 ხმით, ანუ სრული შემადგენლობის 3/5-ით.
“ხუთივე წევრი სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია ე.წ. “კლანთან”. ზოგი ახლობელია, ზოგი ყოფილი კოლეგა, ერთ-ერთი საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილია… ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. “კლანს” აურჩია არამოსამართლე წევრები,” – გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები შესაძლო “ღალატსა” და მმართველ გუნდთან კორუფციულ გარიგებაზე ალაპარაკდნენ. იმ დღესვე დაასახელეს “ეჭვმიტანილი დეპუტატებიც” – დილარ ხაბულიანი, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა, ნატო და როსტომ ჩხეიძეები. მოგვიანებით, “გადაბირებულთა” ნაწილმა “ოცნების” სასარგებლოდ ხმის მიცემა აღიარა.
ორ ნაწილად გაყოფილ სხდომათა დარბაზში, როგორც წესი, მარჯვნივ ოპოზიცია ზის, მარცხნივ – უმრავლესობა. ყველა დეპუტატს თავისი კუთვნილი სკამი არ აქვს, თუმცა, როგორც წესი, ერთსა და იმავე ადგილას სხდებიან. კენჭისყრის ვიდეოჩანაწერშიც ჩანს, როგორ აჭერენ პულტს ხელს დარბაზის მარჯვენა ფლანგზე მჯდომი ოპოზიციონერი დეპუტატები.
ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ როგორც პარლამენტის ოფიციალური ვიდეოჩანაწერი, ისე მედიების მიერ გავრცელებული, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული, კენჭისყრის ამსახველი კადრები. ვეცადეთ, ვიდეო ისე აგვეკინძა, რომ მოვლენების განვითარება ქრონოლოგიურად წარმოგვეჩინა და უცხო თვალისთვის ადვილად მისახვედრი მინიშნებებით გვეჩვენებინა, რა ხდებოდა ამ კანდიდატების კენჭისყრისას დარბაზში, სად იჯდა დილარ ხაბულიანი და როგორ მოქმედებდა.
ამ ბმულზე მოცემულია ვიდეოს შექმნის მეთოდოლოგია.
დილარ ხაბულიანს პირისპირ ინტერვიუსას ვკითხეთ, მისცა თუ არა ხმა სასამართლო “კლანთან” დაკავშირებულს კანდიდატებს, რაზეც გვიპასუხა – “აღარ მახსოვს, დეტალებში აღარ მახსოვს”. მხოლოდ ის გაგვიმეორა, მე წინასწარ შევათანხმე ფრაქციასთან, რომ ნინო ნიშნიანიძეს მივემხრობოდი და ასეც მოვიქეციო.
ჩვენს მიერ აკინძული დოკუმენტური ვიდეომასალა კი აჩვენებს, რომ ხაბულიანი ნიშნიანიძის კენჭისყრისას საკუთარ ადგილზე არ იჯდა და სამართავი პულტიდან ხმა არ მიუცია. თუმცა, კარგად ჩანს, როგორ აძლევს ის ხმას “ქართული ოცნების” ორ სხვა კანდიდატს. ეს ვიდეო დილარ ხაბულიანს ვაჩვენეთ და კენჭისყრის პროცესი გავახსენეთ:
“გულწრფელად, ძალიან გაკვირვებული დავრჩი”, “სხვა ასეთი ფაქტი არ მახსენდება”, “მტკივნეული და მოულოდნელი იყო…” ასე აღწერენ ოპოზიციონერები 2023 წლის 17 მაისს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.
კენჭისყრა ფარული იყო და მაშინვე არ გამჟღავნებულა, ვინ დააღალატა თანაგუნდელები. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის დიდი ნაწილი გაბრაზდა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. მათ მიჰყვა ის ხუთი “გადაბირებული” დეპუტატიც.
ოპოზიციის წევრები გვიყვებიან, რომ პარლამენტში სხვა მსგავსი შემთხვევა არ ახსენდებათ და ვერც იმას ხსნიან, რატომ შეეცვალა აზრი მათ თანამებრძოლებს.
“დაზღვევა არ არსებობს. პულტთან რომ ზის ვიღაც, შეუძლია ხმა ნებისმიერს მისცეს, მაგრამ ჩვენ ვმსჯელობდით წინასწარ… სხვა მე ასეთი მტკივნეული საკითხი არ მახსენდება,” – ამბობს პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე.
“ნაციონალურმა მოძრაობამ”, მმართველი გუნდის სასარგებლოდ ხმის მიცემის გამო, სამი დეპუტატი – ნატო ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და ნიკა მაჭუტაძე თავისი ფრაქციიდან გარიცხა. ნიკა მაჭუტაძის ქცევა სხდომაზევე შენიშნა ახლოს მჯდომმა ანა წითლიძემ და მასთან კამათი დაიწყო. ჩხეიძემ და ქარდავამ კი ეს ფაქტი მოგვიანებით აღიარეს.
ანა წითლიძის თქმით, დეპუტატებმა ამ საკითხზე, კენჭისყრის დაწყებამდე, ფრაქციის სხდომაზე იმსჯელეს. მართალია, მაშინ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, ვისთვის დაეჭირათ მხარი, თუმცა ყველამ ზუსტად იცოდა, რომ ხმა არ უნდა მიეცათ “კლანთან” დაახლოებული კანდიდატებისთვის.
“ლოგიკური ეჭვი მიჩნდება, რომ “ოცნების” საქმე გააკეთეს. ფაქტია, “კლანი” გააძლიერეს… მიზეზი თვითონ უნდა განმარტონ ცხადად, რომ ეჭვები არ დარჩეს. “ოცნებას” პარლამენტი სავაჭრო დახლად აქვს გადაქცეული, ცდილობს, ყველა დაიჭიროს, სუსტი წერტილი უპოვოს და მერე ეს წერტილი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. გადაბირება-გადმობირება შეუძლიათ, მაგრამ ასეთი ფაქტი სხვა არ მახსენდება,” – ამბობს ანა წითლიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს ფრაქციის წევრი.
“ისედაც ცოტა მომენტია, როცა პარლამენტში გადაწყვეტილებისთვის ოპოზიციის ხმაა საჭირო და ეს ფაქტი დამაზიანებელი იყო,” – გვითხრა “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ეს ამბავი მოულოდნელი არ ყოფილა უმრავლესობისთვის. “ქართული ოცნების” წევრმა ბეჟან წაქაძემ კენჭისყრიდან ოთხი დღის შემდეგ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი სასურველი შედეგისთვის ოპონენტებსაც ელაპარაკებოდა:
“აბსოლუტურად ყველასთან იყო მოლაპარაკებები და ამ ხუთმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება. კონსულტაციები იყო ხელმძღვანელების და პარლამენტარების მხრიდან.”
ჩვენ ვიკვლევდით, რა ბერკეტი შეიძლებოდა “ქართულ ოცნებას” ჰქონოდა პარლამენტარ დილარ ხაბულიანის გადასაბირებლად და რაზე შეიძლებოდა მოლაპარაკება გამართულიყო.
პარლამენტარი კი ამტკიცებს, რომ ყველაფერი დამთხვევაა და ეჭვები უსაფუძვლოა, თუმცა ფაქტები ამ ვერსიის სასარგებლოდ ვერ მეტყველებს.
ჩვენს კითხვებზე პასუხი საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში ვიპოვეთ. პარლამენტართან დაკავშირებული კომპანიებისთვის კენჭისყრის შემდგომი დღეები ნამდვილად სარგებლის მომტანი გამოდგა. აი, როგორ.
2023 წლის 19 მაისს თბილისის საკრებულოს ოქმს თუ ყურადღებით გაეცნობით, შეამჩნევთ, რომ საკრებულომ საპრივატიზაციო პირობების გაუქმების და სახელმწიფო ქონების დაბრუნების ჯამში სამი შემთხვევა განიხილა. სამივე ამბავი შევისწავლეთ, საჯარო რეესტრი და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბაზები შევამოწმეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სამივე ქონება ხაბულიანის სახელს უკავშირდებოდა, ზოგიც პირდაპირ, ზოგიც კი ირიბად.
სამივე შემთხვევაში დილარ ხაბულიანის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში ყოფნის დროს სახელმწიფო ქონებას ხან სიმბოლურ ფასად, ხან საბაზრო ღირებულებაზე იაფად ყიდულობდნენ და იღებდნენ სპორტული ობიექტის მოწყობის ვალდებულებას. ამ პირობას სრულყოფილად ვერ ან არ ასრულებდნენ, ამის გამო ქონების პირადი მიზნებისთვის განკარგვა უფერხდებოდათ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კენჭისყრიდან ორ დღეში კი, თბილისის საკრებულო ხაბულიანისთვის საინტერესო ორ ნაკვეთზე აუქმებს საპრივატიზაციო პირობებს, ერთს კი მის კომპანიას უბრუნებს. საქმე ეხება, ჯამში, ოთხ სხვადასხვა ადგილზე მდებარე უძრავ ქონებას მთელი თბილისის მასშტაბით.
ჩნდება არგუმენტირებული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილებები მთავრობაში სწორედ დილარ ხაბულიანის ხმის სანაცვლოდ მიიღეს. დეპუტატმაც დაგვიდასტურა, თქვენს ადგილას რომ ვიყო, იმავეს ვიეჭვებდიო:
“მე აუცილებლად გამიჩნდებოდა ეს კითხვა, რაც თქვენ გიჩნდებათ და ამ ნაწილში თავისთავად გეთანხმებით, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა… რა თქმა უნდა, მესმის თქვენი. არსებობს ეჭვის საფუძველი იმის გამო, რომ ეს ასე მოხდა. მაგრამ ეს ყველაფერი არის დამთხვევა”.
ვინ არის დილარ ხაბულიანი?
72 წლის დილარ ხაბულიანი წარმოშობით დაბა ლენტეხიდანაა. პროფესიით ფიზკულტურის სპეციალისტი და იურისტი, პოლიტიკაში მოსვლამდე, სპორტის სფეროში საქმიანობდა. 1974-2010 წლებში იყო ფეხბურთის მწვრთნელი, ჭიდაობის სკოლის დირექტორი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი. ის ძიუდოში ევროპის ჩემპიონიცაა.
ხაბულიანის პოლიტიკური კარიერა მრავალფეროვანია. მან 90-ანი წლებიდან დღემდე ოთხი პარტია გამოიცვალა. იყო ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, პარალელურად კი ბიზნესის მიმართ ინტერესი არასდროს განელებია.
1990 წელს დილარ ხაბულიანი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანაგუნდელი. მისი დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” საარჩევნო ბლოკში ირიცხებოდა.
1991-1992 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 1995 წლიდან დღემდე კი სამი მოწვევის პარლამენტი გამოიცვალა.
“მაგისთვის სულ ერთია ოცნება და ნაციონალები… ყველასთან ცდილობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. მაგისთვის არც პარტია არსებობს, არც სამშობლო, არც სახელმწიფო და არც პატრიოტიზმი… ყველაფერზე წამსვლელი კაცია. ხმების და პოზიციის გაყიდვა, ერთიდან მეორე ბანაკში გადასვლა… ფულს ვინც გადაუხდის, ხმასაც იმას მისცემს, კარგი ალღო აქვს. აკვირდება ვინ არის მთავრობაში მომსვლელ-წამსვლელი და ფიქრობს, როგორ გამოიყენოს ეს სათავისოდ,” – ასე ახასიათებს დილარ ხაბულიანს “აი, ფაქტის” ანონიმური წყარო ლენტეხიდან.
დილარ ხაბულიანის, როგორც პოლიტიკოსის დახასიათება 90-ან წლებში მის თანამედროვე პოლიტიკოსებს ვთხოვეთ.
“როცა “ზვიადისტების” დევნა დაიწყო, აქაურობას გაერიდა. როდის წავიდა არ ვიცი, მაგრამ რაღაც პერიოდით მოსკოვში იყო. 90-ანების შუა ხანებში ასლან აბაშიძესთანაც ჰქონდა კონტაქტი. კონფლიქტს ერიდებოდა, ყველა მხარესთან კომუნიკაბელურობას ცდილობდა. რა ბიზნესი ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ შეჭირვებული კაცი არ ყოფილა, ეს კი ჩანს,” – გვითხრა “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა.
“მინისტრ ხაბულიანზე მაღალი შეხედულება არავის ჰქონდა. ოპოზიციაშიც და ზოგადად საზოგადოებაშიც მიაჩნდათ, რომ არ იყო შესაფერისი ამ თანამდებობისათვის. კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება, ძირითადად, ეს იყო მიზეზი,” – ამბობს ვახტანგ ხმალაძე. ის 1991 წლიდან ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
დილარ ხაბულიანი 2012 წლიდან პოლიტიკას ჩამოშორდა და 2020 წელს ისევ პარლამენტში დაბრუნდა. ამ დროს ენმ-ს ბლოკ “ძალა ერთობაშია”-ს წევრი იყო, “პროგრესი და თავისუფლებას” პარტიული სიით. ეს პარტია 2020 წელს კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა დააფუძნეს. 2021 წელს ის “ლელოს” ფრაქციას შეუერთდა, ახლა კი უფრაქციო, დამოუკიდებელი დეპუტატია.
დღეს დილარ ხაბულიანი საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩართული არ არის. დეპუტატობის 12-წლიანი ისტორიის განმავლობაში მან მხოლოდ 109 კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, 3 901 საკითხის განხილვას კი არ დასწრებია. ასეთი პასიურობის გამო ის ე.წ “მდუმარე დეპუტატთა” სიაშიც მოხვდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევით, ხაბულიანი მოხვდა იმ 10 დეპუტატში, რომელსაც 2022 წელს არც საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონია და არც სიტყვით გამოსვლის უფლებით უსარგებლია.
“ცდილობს ყველასთან კარგად იყოს და ხალხის თვალში არ ჩანდეს. თავისთვის, ჩუმად, ზურგს უკან იყოს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს იმასთანაც, ამასთანაც და გააკეთოს ის, რაც მის პირად ინტერესს სჭირდება,” – გვეუბნება ანონიმური წყარო ლენტეხიდან.
ლენტეხში ყოფნისას, ზოგიერთმა ადგილობრივმა გვითხრა, დილარი ადრე ჩვენი დეპუტატი იყოო. ამიტომ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ პასიურობის გამო, მის ახლანდელ პოლიტიკურ საქმიანობაზე მის მშობლიურ მხარეშიც არაფერი იციან.
“აი, ფაქტთან” საუბარში ლენტეხელებმა ისიც აღნიშნეს, რომ ხაბულიანი იქ იშვიათად, მხოლოდ ზაფხულობით ჩადის და თავის სასტუმროში რჩება.
საკრებულომ ასე გადაწყვიტა – რა მოხდა კენჭისყრიდან ორი დღის შემდეგ?
ქონება #1 – შატილის ქუჩა 4
თბილისში, მეტროსადგურ სარაჯიშვილთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსებს შორის, ხუთი ჰექტარი გამწვანებული ტერიტორიაა. ეს ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 2008-დან 2020 წლამდე პარლამენტარ ხაბულიანის გარემოცვას ეკუთვნოდა. თუმცა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის გამო, მერიამ მას უძრავი ქონება 2020 წელს ჩამოართვა.
19 მაისს თბილისის საკრებულოს განკარგულებით, ნაკვეთი სიმბოლურ ფასად უკან დაუბრუნეს პარლამენტარის 20 წლის შვილის, გიორგი ხაბულიანის შპს “სპორტულ კლუბ დუჩის”. კომპანიას იქ 200 000 ლარის ინვესტირება და სპორტული კომპლექსის მოწყობა დაევალა. “სპორტულ კლუბ დუჩის” ასევე ევალება, ტერიტორია მხოლოდ სპორტული, საგანმანათლებლო ან სამედიცინო ფუნქციით გამოიყენოს, საფეხბურთო მოედნები კი მოსახლეობისთვის უფასო იყოს.
თბილისის მერიამ პირობები კომპანიას 2007 წელსაც დაუწესა, როცა 45 870 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 100 000 ლარად გადასცა. მაშინ მოთხოვნა იყო, რომ ამ ტერიტორიის განვითარებაში 2.2 მილიონი ლარი ჩაედოთ და 14 თვეში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი მოეწყოთ. სპორტულ ობიექტს სპორტული პროფილით 10 წლის განმავლობაში უნდა ემუშავა. გარდა ამისა, უნდა შემოეღოთ სპორტული ვაუჩერები და “გამაჯანსაღებელი პაკეტები” სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის.
იმ დროს შპს “სპორტული კლუბი დუჩი” გიორგი ხაბულიანის არ იყო. კომპანია ლენტეხის საკრებულოში “ოცნების” დეპუტატ მურად ჩანქსელიანის შვილს, ზეზვა ჩანქსელიანს ეკუთვნოდა. 2013 წელს კი “დუჩის” მფლობელი გახდა თავად დილარ ხაბულიანიც.
მას კომპანიის 50%-ანი წილი ზეზვა ჩანქსელიანმა 100 ლარად დაუთმო. 2015 წელს კი ზეზვამ და დილარმა თავიანთი წილები 11 წლის გიორგი ხაბულიანს აჩუქეს. რადგან ის არასრულწლოვანი იყო, დოკუმენტებს ხელს მისი მშობლები აწერდნენ.
ზეზვა ჩანქსელიანს ვკითხეთ, რატომ დათმო უსასყიდლოდ ასიათასობით ლარის ღირებულების უძრავი ქონება. გვიპასუხა, გიორგი ჩემი ბავშვის ნათლიააო.
“სპორტულმა კლუბმა დუჩიმ” მიღებული ქონების სანაცვლოდ გაცემული პირობების ნაწილი კი შეასრულა, მაგრამ ამავდროულად ხაბულიანებმა თავადაც იხეირეს. პარლამენტარის ოჯახისთვის შატილის 4 ნომერში მდებარე ნაკვეთი და შენობა შემოსავლის წყარო გახდა:
- სამსართულიანი შენობა ნაქირავები აქვს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, რომელმაც ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, 2013-2018 წლებში კომპანიას 520 000 ლარი გადაუხადა. 2020 წლის ხელშეკრულებით კი 2026 წლამდე დამატებით 11 ათას დოლარს გადაუხდის.
- ხაბულიანის ქონების ნაწილი, 6 000 კვ.მ საფეხბურთო მოედანი იჯარით აქვს აღებული ახალგაზრდულ საფეხბურთო კლუბს “ნორჩი დინამო მერანი”. მას 2013-2021 წლებში, კომპანიისთვის 75 000 ლარი აქვს გადახდილი. ამ გარიგებით ხაბულიანი, ფაქტობრივად, თავის თავს უხდის ფულს, რადგან “ნორჩი დინამო მერანი” 2011 წელს თავად დააარსა ირაკლი შენგელიასთან ერთად.
ახლა საკუთრება შემოღობილი არ არის და ერთი შეხედვით, შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ კერძო მფლობელის ხელშია. ნაკვეთის დიდი ნაწილი ფიჭვნარია, ნაწილი – მინდორი. იქაურობა მოუვლელია. გარემო დანაგვიანებული. ზოგან ბორდიურებიც ჩამოშლილია და ირგვლივ ბეტონის ნამსხვრევები ყრია. ტერიტორია არც უსაფრთხოდ გამოიყურება, რადგან ადგილ-ადგილ სამშენებლო მასალებია მიმოფანტული.
“მოდიოდნენ გულშემატკივრები, სულ იყო ხალხი. გვერდით პატარა სტადიონიც იყო. ჯერ პატარა გაფუჭდა, მერე დიდი. არავინ მიხედა და სულ განადგურდა,”- გვითხრა მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებელმა, ანონიმურად დარჩენის პირობით.
“ქალაქში ასეთი გარემო იშვიათად გვაქვს. ეს ადგილი ძალიან გვიყვარს, მაგრამ გაპარტახებულია. ინფრასტრუქტურა მოშლილია, ზაფხულში ყარს აქაურობა და შეუძლებელია გავლა. არც სისუფთავის შეგრძნებაა და არც უსაფრთხოების,”- გვითხრა შატილის ქუჩის მკვიდრმა, სამი შვილის დედამ, ლელა გიორგაძემ.
ხაბულიანებმა ტერიტორია მას შემდეგ მიატოვეს, რაც მერიამ 2020 წელს ნაკვეთი ჩამოართვათ. ოფიციალურ დოკუმენტებში მერიის გადაწყვეტილების მიზეზად წერია, რომ კომპანიამ პრივატიზების პირობები დაარღვია, იქ უნივერსიტეტი გახსნა და ხელშეკრულებაც ამიტომ შეუწყვიტეს.
დეპუტატი ხაბულიანი ფიქრობს, რომ თბილისის მერია “დუჩის” უსამართლოდ მოექცა. მისი თქმით, შატილის 4 ნომერში შენობის დიდი ნაწილი ცარიელი იყო, სპორტს არ ჰქონდა დაკავებული, ამიტომ იქ უნივერსიტეტის გახსნაში პრობლემა ვერ დაინახეს:
“დარბაზის აქეთ შენარჩუნებული იყო სპორტული ფუნქცია… თავისუფალ ტერიტორიაზე, რომელიც აბსოლუტურად ცარიელი იყო და არ იყო სპორტის ნაწილი, მერია არ გვიკრძალავდა საგანმანათლებლო-კულტურული სახის მოღვაწეობას… ის, რაც ხელშეკრულებაში წერია, ის არის სავალდებულო, და არა ის, რაც არ წერია… იქ დგას 3-სართულიანი შენობა, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, სადაც სტუდენტები არიან. სახლები არ აგვიშენებია და ბიზნესი არ დაგვიწყია. ცარიელი უნდა ყოფილიყო ეს 3 სართული იქ? უნივერსიტეტი გაიხსნა, სტუდენტები სწავლობენ და მომავალ თაობას ნორმალური ცხოვრების პირობები აქვს შექმნილი. რა იქნებოდა უკეთესი, რომ არ გაკეთებულიყო?”
გაუგებარია, რას ეფუძნება დილარ ხაბულიანის ეს არგუმენტი, რადგან ტერიტორია, რომელსაც ის “თავისუფალს” ეძახის და ფიქრობს, რომ “ყველაფრის უფლება ჰქონდათ”, იმ 5 ჰექტარის ნაწილია, რომელიც მერიისგან სპორტული ობიექტის მოსაწყობად გადაეცათ.
ბიზნესი არ დაგვიწყიაო კი ამბობს დილარ ხაბულიანი, მაგრამ უნივერსიტეტისგან იჯარით მიღებული შემოსავალი დაგვიდასტურა: “აბა ახლა გიჟი ვიყავი მე, რომ ფული ჩავდო და შემოსავალი არ მქონდეს? როგორ ფიქრობთ თქვენ?”
თბილისის მერიას იანვარში ვთხოვეთ, მოეწერათ, უნივერსიტეტის გახსნის გარდა კიდევ რა დარღვევების გამო გაუწყვიტეს “სპორტულ კლუბ დუჩის” ხელშეკრულება და გადაიხადა თუ არა ამის გამო რაიმე სახის პირგასამტეხლო ან ჯარიმა. კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა, მერიისგან კი პასუხი არ მიგვიღია.
მიუხედავად იმისა, რომ “სპორტულ კლუბ დუჩის” რეპუტაციის შესახებ თბილისის მთავრობამ ყველაფერი იცოდა, სამი წლის შემდეგ თავიდან ენდნენ და უძრავი ქონება უკან დაუბრუნეს.
“მერიას მივმართეთ წერილით, რომ ისევ მზად ვართ, დაგვიბრუნეთ… 2023 წელს მერიამ ისევ თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დაგვეთანხმა, რომ თუ ვალდებულებას ავიღებდით უკვე მუდმივად, იქ ვერაფერს გავაკეთებთ, გარდა სტადიონისა ან სპორტული ობიექტისა… ჩვენ, ფაქტობრივად, ისევ დავზარალდით… უნივერსიტეტი არ გავა, რადგანაც ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. უნივერსიტეტი რომ გავიდეს, ცარიელ კედლებს ვუყუროთ? ჩავაწერინე, აი, ეს – სპორტული, კულტურული და სამედიცინო ფუნქცია. დაგვეთანხმნენ…” – გვითხრა დილარ ხაბულიანმა.
შატილის ქუჩის მოსახლეობა შიშობს, რომ რადგან ტერიტორია კერძო პირს ჩაუვარდა ხელში, იქ კორპუსს ააშენებენ.
ნანა რამიშვილი აქ მეექვსე წელია ცხოვრობს. როგორც იხსენებს, ამ უბანში ბინა სუფთა ჰაერის ხათრით იყიდა. ახლა შიშობს, რომ ამ სიკეთეს დაკარგავს, რადგან “დუჩის” სამომავლო განზრახვები უცნობია. ნანა პროფესიით იურისტია, აქ გადმოსვლის წინ ნაკვეთის დოკუმენტაციაც შეამოწმა:
“დროდადრო თვალს ვადევნებდი, რაიმეს მშენებლობა არ დაწყებულიყო. 2020 წელს ტერიტორია მუნიციპალიტეტის ბალანსზე დაბრუნდა და ამოვისუნთქე. თუმცა, თურმე ჯერ სად ხარ… ამ ზაფხულს აღმოვაჩინე, რომ მერიამ მიწის ნაკვეთი კომპანიას საინვესტიციო პირობებით მიჰყიდა, თუმცა მესაკუთრე მას პირადი მიზნებისთვის იყენებს,” – გვითხრა ნანა რამიშვილმა.
მოსახლეობის შიში უსაფუძვლო არ არის, რადგან წარსულში ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენებას აპირებდნენ. 2016 წელს სამშენებლო კომპანია “ნიუ ბილდინგის” დირექტორმა პაატა კიკნაძემ მერიას მიმართა, რომ “სპორტულ კლუბ დუჩის” ნაკვეთიდან 2 000 კვ.მ-ის გამიჯვნა და იქ მრავალსართულიანი კორპუსის აგება სურდა.
მერიამ კიკნაძეს ამის უფლება არ მისცა, რადგან ტერიტორია სარეკრეაციო ზონაა და გამწვანებულ ტერიტორიას მოიცავსო. ლოგიკურია, რომ მერიამდე, დეველოპერულ კომპანიას ეს ამბავი “სპორტულ კლუბ დუჩისთან” უნდა შეეთანხმებინა. ქონება ხომ სპორტული მიზნით იყო გასხვისებული და როგორ მოხდა, რომ იქ კორპუსის აშენება განიზრახეს?
2017 წელს პაატა კიკნაძე “პატრიოტთა ალიანსიდან“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი იყო. მასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ჩვენს ზარებს არ პასუხობს. დილარ ხაბულიანმა კი გვითხრა: “პაატა პირველად მესმის… ვინ არის პაატა კიკნაძე? არ ვიცი… როგორ გეკადრებათ. რა მერია, რა კორპუსი? სანამ ვალდებულება არ გავიდოდა, იქ ჩვენ მშენებლობის უფლებას არავინ მოგვცემდა. ეს არის გამორიცხული.”
მართალია შპს “დუჩი” ოფიციალურად გიორგი ხაბულიანს ეკუთვნის, მაგრამ როცა დავურეკეთ და ვკითხეთ, რის საფუძველზე გადასცეს ნაკვეთი 1 ლარად, გვითხრა, “ვერ გეტყვით, ვერ გაგცემთ პასუხს, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვითო” და ტელეფონი გაგვითიშა. მისი ეს პასუხი კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ “დუჩის” საქმიანობას სწორედ მამამისი, დილარ ხაბულიანი განაგებს.
გიორგისთან დარეკვის გამო დეპუტატი დილარ ხაბულიანი გაგვინაწყენდა და ინტერვიუს ბოლოს გვითხრა: “ბავშვი ცუდად იყო და შეაწუხეთ, ახალი გამოსული იყო საავადმყოფოდან.”
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს კორუფციის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
ქონება #2 – როგორ აღმოჩნდა ხაბულიანების ქონება რუსეთის მოქალაქის ხელში
სამგორში, ყოფილ 31-ე ქარხანასთან, მტკვრის სანაპიროსთან ახლოს, თბილისისთვის იშვიათი, გამწვანებული უბანია, სადაც გზის ორივე მხარეს სკვერია გაშენებული. მშვიდმა გარეუბანმა დეველოპერების ყურადღება აქაც მიიპყრო და ბოლო წლებში პარკის ირგვლივ მრავალსართულიანი შენობების ჩადგმა დაიწყეს. ადგილობრივები წუხილით გვიყვებიან, კორპუსი კორპუსზე შენდება და ჩვენ არაფერს გვეკითხებიანო.
გოგოლაძის პარკის წინ ადრე დილარ ხაბულიანის შვილის, ანნა ხაბულიანის ფიტნეს-დარბაზი იყო. აქ მდებარე, ჯამში 8 539 კვ.მ. ორი ნაკვეთი ადრე ხაბულიანის კომპანიას ეკუთვნოდა. აქაურები იხსენებენ, რომ ხალხი დარბაზში სავარჯიშოდ აქტიურად დადიოდაო.
ახლა კი აქ რუსეთის მოქალაქე კახაბერ ჩიბიროვი მრავალფუნქციურ შენობას აშენებს, რომელსაც 3-სართულიანი სპორტული და 12-სართულიანი საცხოვრებელი ბლოკები ექნება. სპორტულ ბლოკში საცურაო აუზი, ფიტნესის და ძალოვანი სპორტის დარბაზები განთავსდება. კორპუსის აშენებას მომიჯნავე ნახევარ ჰექტარზე გეგმავს სამშენებლო კომპანია “ლუქს სითი ბილდინგიც”.
ორივე ნაკვეთი, სადაც ახლა კორპუსების აშენებას აპირებენ, 2021-2022 წლამდე დილარ ხაბულიანის ქალიშვილის კომპანიის, “ფიტნეს-31”-ის საკუთრება იყო. კომპანიას აქაც სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა განევითარებინა. ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, თუმცა საბოლოოდ ნაკვეთები უძრავი ქონების დეველოპერებზე სარფიან ფასად გაყიდა.
ნაკვეთ #1-სა და #2-ზე მოვლენები შემდეგი ქრონოლოგიით განვითარდა:
ნაკვეთი #1-ის ახალი მეპატრონის, ჩიბიროვის სურვილები ვერ ემთხვეოდა მერიის დავალებას, რომ მესაკუთრეებს ამ ადგილას მდებარე ობიექტი მხოლოდ სპორტული მიზნით უნდა გამოეყენებინათ. ამიტომ, 2023 წლის იანვარში, მისმა წარმომადგენელმა ერეკლე ჩიბირაშვილმა მერიას შეზღუდვის მოხსნა და იქ სპორტულ ობიექტთან ერთად, საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება სთხოვა. საქმე ჩიბიროვის სასარგებლოდ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც კენჭისყრაზე “ოცნების” სასურველი კანდიდატები აირჩიეს.
ერეკლე ჩიბირაშვილმა გვითხრა, მრავალსართულიანს არა, 10-სართულიან კორპუსს ავაშენებთ და მერიის მოთხოვნისამებრ, სპორტული კომპლექსიც იქნებაო. თან, იმაზე დიდი, ვიდრე ახლააო. კახაბერ ჩიბიროვზე გვითხრა, მეპატრონე ის არის, მაგრამ ვინ ააშენებს კორპუსს ჯერ უცნობიაო. როცა ვკითხეთ, ვისგან შეიძინეს ნაკვეთი, გვითხრა, შეხვედრაზე ვარ, აღარ მცალიაო და ზარი გაგვითიშა.
ინტერვიუსას პარლამენტარ ხაბულიანს ამ ნაკვეთზეც ვკითხეთ.თავიდან გვიპასუხა, “ფიტნეს-31”-ზე საქმის კურსში არ ვარ, ჩემი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია, არ ვიცი რა გაყიდა, კახაბერ ჩიბიროვზეც პირველად მესმის და იმაზეც, რომ 2023 წლის 19 მაისის განკარგულებით საპრივატიზებო პირობები შეცვალაო.
თუმცა, მოგვიანებით ანნა ხაბულიანის ბიზნესის დეტალებზე მაინც ალაპარაკდა და ბოგდან ხმელნიცკის 181-ში კორპუსის მშენებლობა ასე გაამართლა:
“სადაც სპორტული შენობა დგას, მისი ხელის ხლების უფლება არავის აქვს… კორპუსი შეიძლება სხვაგან შენდება და სპორტული რაც არის, ხომ ყველაფერი ჩვენი აშენებულია… თავისუფალი ნაწილი, სადაც ვალდებულება არ ჰქონდა, ის ნაწილი იქნა ალბათ გასხვისებული და არა დარბაზები, რომელიც აშენდა და გაკეთდა.”
თუმცა, დოკუმენტებით მტკიცდება, რომ 2022 წელს კახაბერ ჩიბიროვმა ის შენობაც შეისყიდა, სადაც ანნა ხაბულიანის ფიტნეს-დარბაზი იყო მოწყობილი. ახლა იქაურობის დემონტაჟი იგეგმება.
ანნა ხაბულიანის მიერ უძრავი ქონების სარფიანად გაყიდვას მამამისი დილარ ხაბულიანი ასე აფასებს: “რა თქმა უნდა, იქ დიდი ფული დაიხარჯა და მიიღებდა [სარგებელს], აბა გიჟები ხომ არ არიან, ფინანსური სარგებელი არ მიიღონ და თავისუფალ ტერიტორიაზე მიწის გადასახადი იხადოს მარტო?”
19 მაისს თბილისის საკრებულომ ჩიბიროვის მოთხოვნა ხმათა უმრავლესობით დააკმაყოფილა.
საკრებულოში ხმის მიცემისგან თავი შეიკავა ორმა ოპოზიციონერმა, ერთ-ერთი პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის” წევრი ნინო წულაძეა. მან გვითხრა, რომ საკრებულოზე პრივატიზაციის ვალდებულებების მოხსნა იშვიათად განიხილება და როცა ასეთი რამ ხდება, თითქმის ყოველთვის იკვეთება მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესი. ამიტომ, გამოცდილებამ უკარნახა, რომ კახაბერ ჩიბიროვის საქმეშიც ეჭვი უნდა შეეტანა.
“კითხვებს მიჩენდა, რომ მესაკუთრემ არ იკმარა ვალდებულებებისგან გათავისუფლება ერთ ნაკვეთზე და სხვა ქონებაზეც მოისურვა პრივატიზაციის პირობის შეცვლა – სპორტულ ობიექტთან ერთად, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის უფლება. ის, რომ მყიდველი აქ 100 000 ლარს დახარჯავს და არსებულზე დიდ სპორტულ ობიექტს მოაწყობს, ძალიან მცირე წვლილია სამომავლო მატერიალურ სარგებელთან შედარებით,” – გვეუბნება წულაძე.
საბოლოოდ, 19 მაისის გადაწყვეტილებით, ჩიბიროვი მერიას შეუთანხმდა, რომ ბოგდან ხმელნიცკის 181-ში 2 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს და სამ წელში მოაწყობს მინიმუმ 2 700 კვ.მ ფართის ახალ სპორტულ კომპლექსს, რომელსაც ექნება ადმინისტრაციული ფართი, ორი აუზი, ძიუდოს, სატრენაჟორო, ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლების დარბაზები. ჩიბიროვის გეგმით, სპორტულ ობიექტებს კორპუსის პირველი სამი სართული დაეთმობა.
ჩიბიროვისთვის არც ის აღმოჩნდა პრობლემა, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის განაშენიანება შეზღუდული იყო. 2023 წლის ივნისში მერიამ სპეციალური ზონალური შეთანხმებით, ჩიბიროვს მრავალფუნქციური სახლის აშენების უფლება მისცა. “…ფუნქციები შემდეგნაირად გადანაწილდება – საცხოვრებელი სახლი 75%, ხოლო სპორტული კომპლექსი და კომერციული 25%,” – ვკითხულობთ შეთანხმებაში.
არადა, 2021 წელს, თბილისის მერიამ, ამ ნაკვეთის მომიჯნავედ მშენებელს უარი ზუსტად იმ მიზეზით უთხრა, რომ მიმდებარედ დაბალი ინტენსივობის განაშენიანება იყო და ზონის ცვლილება სტრუქტურულ რღვევას გამოიწვევდა. ფაქტია, ორი წლის შემდეგ დედაქალაქის მთავრობამ აზრი შეიცვალა.
2023 წლის ოქტომბერში, ჩიბიროვის წარმომადგენელმა მერიასთან არქიტექტურული პროექტიც შეათანხმა და ახლა ის მშენებლობის ნებართვას ელის.
რუსეთის მოქალაქე კახაბერ ჩიბიროვი 46 წლისაა. დაიბადა ხაშურში, ახლა ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს და ბიზნესიც იქ აქვს. საქართველოში კომპანიები არ აქვს, რუსეთში კი სავაჭრო სახლ “chiba”-ს ფლობს.
ჩიბიროვის წარმომადგენელი ერეკლე ჩიბირაშვილი საქართველოში სამ კომპანიას ფლობს – “ჩიბო +”, რომელიც საკვები პროდუქტების რეალიზაცია-დისტრიბუციას ეწევა, კოსმეტიკის დისტრიბუტორი “ჯეო ქოლორი” და სამშენებლო კომპანია “მონოლითი”.
ანნა ხაბულიანთან დაკავშირება რამდენიმე გზით ვცადეთ. ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობდა და არც ელ.ფოსტით გაგზავნილ კითხვებზე მოუწერია პასუხი.
წერილობით გაგზავნილ კითხვებზე არც ქონების ეროვნულმა სააგენტომ გვიპასუხა და არც თბილისის მერიამ.
ქვემოთ მოცემულ გრაფაში ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და “აი, ფაქტის” ახალი გამოძიებები ავტომატურად გამოგეგზავნებათ:
ქონება #3 – ხაბულიანის ხმა “კაიძენ სპორტსაც” წაადგა
2010 წელს, მაშინ, როცა ხაბულიანი იმჟამად მმართველი პარტიის წევრი იყო, მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს “კაიძენ სპორტმა” 1 ლარად სახელმწიფოსგან მიიღო ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 421 650 ლარი იყო. კომპანიას გადაეცა “ზეემკაზე”, ნაკადულის ქუჩაზე მდებარე 3 782 კვ.მ ნაკვეთი (368 კვ.მ შენობა-ნაგებობით) და გორგასლის 4ა-ში – 2 260 კვ.მ ნაკვეთი (56 კვ.მ ფართის ორი შენობით).
სანაცვლოდ, “კაიძენ სპორტმა” აქაც აიღო საპრივატიზებო ვალდებულებები, რომ განავითარებდა და 10 წელი შეინარჩუნებდა სპორტულ ინფრასტრუქტურას:
- ხელოვნურსაფარიან და კომბინირებულ მოედნებს (არ მოუწყვია);
- საერთაშორისო სტანდარტის კრივის დარბაზს (მოაწყო, მაგრამ ადგილზე დასაქმებულმა გვითხრა, რემონტი მალევე გაფუჭდა და ინვენტარი არ მოუტანიათო. ჩვენც ვნახეთ, რომ შენობა სავარჯიშოდ გამოსადეგი ამ მდგომარეობით არ არის);
- ერთტატამიან ძიუდოს დარბაზს (მოწყობილია);
- ადმინისტრაციულ შენობას (მოწყობილია);
- 15-ტრენაჟორიან ტრენაჟორების დარბაზს (არ მოუწყვიათ).
ხაბულიანმა ერთმანეთისგან მოშორებით მყოფი ნაკვეთები ერთნაირად არ განავითარა და საპრივატიზებო პირობებიც სრულად არ შეუსრულებია. ზეემკაზე ინფრასტრუქტურა მეტადაა განვითარებული, გორგასალზე კი ნაკლებად.
“ზეემკაზე,” ნაკადულის ქუჩაზე მისულებმა ვნახეთ, რომ ახლა იქ კეთილმოწყობილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრია. სპორტისა და ხელოვნების წრეები აქვთ: ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, კარატე, ჭადრაკი, ფერწერა, ბალეტი, ქართული ცეკვები და სხვა. როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, თითოეული წრის საფასური თვეში 60-70 ლარია.
გამოდის, “კაიძენ სპორტმა” სახელმწიფოსგან 1 ლარად შეძენილ შენობაში კომერციული დაწესებულება გახსნა და ამ გზით შემოსავალს მომავალშიც მიიღებს.
გარდა ამ წრეებიდან შესული თანხისა, კომპანიას უძრავი ქონების გაქირავებით უკვე 233 644 ლარი აქვს მიღებული.
ის რომ ნაკადულის ქუჩაზე მდებარე სპორტული ცენტრი სინამდვილეში დილარ ხაბულიანისაა, “აი, ფაქტს” ადგილზეც დაუდასტურეს.
ორთაჭალაში კი, გორგასლის ქუჩის #4-ში კრწანისის სპორტული სკოლის ისტორიულ შენობაში ახლა “კაიძენ სპორტის” დარბაზია, სადაც საღამოობით mma-ს, ანუ “ბრძოლა წესების გარეშეს” ვარჯიშობენ.
ცივი, კედლებდანესტიანებული და საღებავაყრილი დარბაზის ცენტრში ერთი რინგია, რომლის თოკებიც ზოგან გაწყვეტილია; იატაკის ხე დაზიანებული, ჭერის ფილები კი ჩამოცვენილია, დამტვრეულია კედლებზე მიმაგრებული სარკეები, დარბაზში უფუნქციოდაა მიმოფანტული თითო-ოროლა ტრენაჟორიც.
თავად დეპუტატმაც დაგვიდასტურა, რომ დარბაზი სარემონტოა და გარემონტებას ამ წელს აპირებს. ისიც დააყოლა, რომ ვალდებულებაში რაც ეწერა, ყველაფერი შესრულებული აქვს და სამხარაულის დასკვნებიც არსებობს. დაგვპირდა, დასკვნებს მოგაწოდებთო, თუმცა ამ დრომდე არ მიგვიღია.
“ეს საკითხები, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, არ არის პრობლემა. მე, დილარ ხაბულიანმა, გავაკეთე ის, რაც უნდა გაეკეთებინა ქართველ ადამიანს და საქართველოს შევუნარჩუნე სპორტული ობიექტები, ის რასაც თქვენ დღეს ხედავთ,” – ამბობს დილარ ხაბულიანმა ჩვენთან საუბრისას.
თუმცა ადგილზე სტუმრობისას “აი, ფაქტს” გორგასალის ქუჩაზე უთხრეს, რომ აქაურობის კეთილმოწყობა, ჯერჯერობით, არ იგეგმება და უცნობია, რა ბედი ელის შენობას. ახლა მისი გარემონტებაც, დანგრევაც და გაყიდვაც დილარ ხაბულიანის გადასაწყვეტია და ფინანსურ სარგებელსაც ის მიიღებს.
2023 წლის 19 მაისს საკრებულომ ამ ნაკვეთებსაც მოუხსნა და შეუცვალა საპრივატიზებო პირობები.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, კომპანია დილარ ხაბულიანის ძმისშვილ მიხეილ ხაბულიანს ეკუთვნის, “კაიძენ სპორტთან” მომუშავე პირმა დაგვიდასტურა, რომ ბიზნესს პარლამენტარი განაგებს. როგორც “აი, ფაქტმა” გაარკვია, 2010 წელს დილარ ხაბულიანი პირადად მეთვალყურეობდა გორგასლის 4-ში დარბაზის რემონტს.
მიხეილ ხაბულიანს სატელეფონო საუბრისას ვკითხეთ, რა იგეგმება ახლა გორგასლის 4 ნომერში, მისი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე. მიხეილმა გვითხრა, არ ვიცი ჩემს ქონებებზე რა ხდება, საზღვარგარეთ ვიყავი, ახლა ჩამოვედი, გავარკვევ და ორ დღეში დამირეკეთო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ სიტყვა ჟურნალისტის გაგონებაზე ტელეფონი გაგვითიშა.
დილარ ხაბულიანს ვკითხეთ, რატომ არ იცოდა მისმა ძმისშვილმა, რა ხდებოდა საკუთარ უძრავ ქონებაზე. მან გვიპასუხა, რომ არაფერი ხდება და მაგიტომ არ გიპასუხებდათო. ისიც დაგვიდასტურა, რომ ობიექტის მშენებლობისას პროცესს თავად ზედამხედველობდა. “ჩემი ძმისშვილი ჩემი ოჯახის წევრია და ვინ იზამდა აბა, ახალგაზრდა კაცია…” – გვითხრა დეპუტატმა.
საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, დილარ ხაბულიანის შვილს, გიორგი ხაბულიანს სურს კომპანიის 100 პროცენტიანი წილის გადაფორმება. თუმცა, ამ ეტაპზე რეესტრს დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის მიზნით საქმის წარმოება შეწყვეტილი აქვს.
2023 წლის მარტში კომპანიამ მერიას წარუდგინა 2022 წლის იანვრის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ “კაიძენ სპორტმა” პირობები შეასრულა. რატომღაც კომპანიას დასკვნის მერიისთვის წარსადგენად ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ეს ამბავი დადებითად კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კენჭისყრიდან ორ დღეში, ხაბულიანების სასარგებლოდ გადაწყდა.
ხაბულიანების ქონება და ბიზნესები
დილარ ხაბულიანი და მისი ოჯახი წლებია ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. დეპუტატის სახელზეა ოთხი აქტიური კომპანია და ერთი ა(ა)იპ-ი. ხაბულიანი 2023 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ ეს კომპანიები სამართავად სხვებზეა გადაცემული, თუმცა საჯარო რეესტრის დოკუმენტებში წილების მმართველი არ ჩანს.
ხაბულიანის სამი აქტიური კომპანია სპორტის სფეროში საქმიანობს – შპს “სპორტული კლუბი მერანი”, შპს “საფეხბურთო კლუბი მერანი” და შპს “ნორჩი დინამო-მერანი”. მათ საკუთრებაშია საფეხბურთო გუნდები “ნორჩი დინამო-მერანი” და “თბილისის მერანი”. “ნორჩი დინამო” 2012-2015 წლებში შატილის ქუჩაზე, “დუჩის” კომპლექსში ვარჯიშობდა.
ლენტეხის ცენტრალურ მოედანთან, მერიის და კულტურის სახლის გვერდით სამსართულიანი სასტუმრო “სვანეთია”. ადგილობრივები მას “პარლამენტარის სასტუმროს” ეძახიან. როგორც ლენტეხში ყოფნისას გვითხრეს, მართალია, დაბაში ბევრი კარგი ღამის გასათევია, მაგრამ ეს სასტუმრო ყველაზე მდიდრულად და კომფორტულადაა მოწყობილიო.
სასტუმროს ბოლო სართულზე საკონფერენციო დარბაზია, პირველ სართულზე – კაფე-რესტორანი, რომელიც ზამთრის პერიოდში მხოლოდ კერძო შეკვეთებზე მუშაობს, გაზაფხულიდან კი სტუმრებს ყოველდღიურად მოემსახურებიან.
469 კვ.მ ტერიტორია, რომელზეც სასტუმროა განთავსებული, დილარ ხაბულიანს და მის 20 წლის ვაჟს, გიორგი ხაბულიანს ეკუთვნით. სასტუმროს 28 ოთახი აქვს და ერთი ღამის ფასი 80-170 ლარის ფარგლებში მერყეობს. სასტუმროს განაგებს გიორგი ხაბულიანზე რეგისტრირებული შპს “სვანეთი”, თუმცა კომპანიის დაფუძნების დოკუმენტებში, შვილის წარმომადგენლად თავად დილარ ხაბულიანია მითითებული. ამჟამად სასტუმროს ხაბულიანის ნათესავი, ლევან გაზდელიანი მართავს.
გაზდელიანის სახელი დოკუმენტებში არსად იკვეთება. როგორც ჩანს, ის ლენტეხში პარლამენტარის საქმეებს არაფორმალურად განაგებს. დილარ ხაბულიანმაც გვითხრა, მე არ ვარ ჩარეული, ლევანი ჩემი ნათესავია და ის უძღვებაო. შემდეგ დაამატა, ეს საქმე იმიტომ წამოვიწყეთ, ლენტეხში არაფერი იყო, არც სასტუმრო, არც რესტორანიო.
“აი, ფაქტის” წყაროს ინფორმაციით, სოფელ დევაში სახერხის ბიზნესსაც ლევან გაზდელიანი მართავს. სახერხე ოფიციალურად ხაბულიანის კომპანიას, შპს “არბოლს” ეკუთვნის და ეს თავად დეპუტატმაც დაგვიდასტურა.
დილარ ხაბულიანს რომ ვკითხეთ, ლენტეხში სასტუმროს გარდა კიდევ რა ბიზნესი გაქვთ-თქო, გვიპასუხა – მეტი არაფერიო. დავაზუსტებინეთ, აბა მდინარე დევასთან სახერხე ვისია-თქო? – ჩემი ნათესავებისაა და ხეს მოიპოვებენ კანონის შესაბამისადო. მაშინ გავახსენეთ, რომ საამქროს მფლობელ კომპანია “არბოლში” მას თავად აქვს წილები, რაზეც დაბნეულად გვიპასუხა – “მე მაქვს წილი? არბოლში? არ მახსოვს.”
კიდევ რას ფლობენ დილარ ხაბულიანის ოჯახის წევრები და რა ბიზნესში არიან ჩართული, ამას ვიზუალურად მოგითხრობთ:
ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ზოგჯერ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და გაჯანსაღების პროცესს დახურულ კარს მიღმა გარიგებები და ამა თუ იმ დეპუტატის ფინანსური ინტერესები აფერხებს. დილარ ხაბულიანი ამ მანკიერი პრაქტიკის მხოლოდ ერთი მაგალითია.
ჯერ კიდევ არ ვიცით, რით იხეირეს “ოცნების” მიერ გადაბირებულმა სხვა ოპოზიციონერებმა. თუმცა, ნათელია, რომ მათ მართლმსაჯულების სისტემაში “კლანი” გააძლიერეს, ამ ამბით დაზარალებული კი ისევ ქვეყნის საზოგადოება და ქართული დემოკრატია დარჩა.
დეპუტატ ხაბულიანთან ინტერვიუს სრული, დაუმონტაჟებელი ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ქვემო მოცემულ ბმულზე:
მასალაში გამოყენებული წყაროები
მასალაზე მუშაობდნენ: ნინო ბაქრაძე (რედაქტორი), რობი ზარიძე (ვიდეოგრაფი) და ნინო გაგუა (დიზაინერი).
მასალა მომზადებულია EU4IM პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კონტენტზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი" და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს ევროკავშირის ხედვას.