fbpx
სოფელში მერის წარმომადგენლები

სოფელში მერის წარმომადგენლები – ხალხის თუ სისტემის მსახური?

ავტორი: თამუნა ქიმაძე და ნინო აფაქიძე

“აი, ფაქტი” იმერეთის ამბებს 2020 წლის შემოდგომიდან აშუქებს. ამ ოთხ წელში თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა სოფლებში მერების წარმომადგენლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს. სამაგიეროდ, ბევრჯერ გვინახავს მერის წარმომადგენელი, რომელიც საჯარო მოხელე კი არა, პარტიული მოხელეა და მმართველი პარტიის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს.

წინასაარჩევნოდ “აი, ფაქტმა” მოამზადა ვრცელი მასალა იმაზე, თუ როგორ იყენებდა მმართველი პარტია მერის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ექსპერიმენტში მერის წარმომადგენლები თავისი პირით ადასტურებენ, რომ პარტიული პროპაგანდა-აგიტაციისთვის ძალისხმევას არ იშურებენ და ეს ეამაყებათ კიდეც.

მერების წარმომადგენლების საქმიანობის უფრო სიღრმისეულად შესწავლის საჭიროებაც მაშინ დავინახეთ, როცა ამ ექსპერიმენტის შედეგები გავაანალიზეთ. 

იმერეთში 529 სოფელია. ჯამში, მერებს ამ სოფლებში 186 წარმომადგენელი ჰყავთ. თავის მხრივ, წარმომადგენლებს ჰყავთ ასისტენტები. იმერეთის სოფლებში მათი რიცხვი 278-ა. 10 მუნიციპალიტეტის სოფლებში მერიის წარმომადგენლების და მათი ასისტენტების ანაზღაურებაზე 2023 წელს 6.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სამტრედიისა და თერჯოლის მერიებმა ამ ხარჯებზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენლის ხელფასი საშუალოდ  1 800 ლარია, მისი ასისტენტის კი – 900 ლარი.

იმერეთის სოფლებში ჩასულებს მოსახლეობა მუდმივად იმაზე შემოგვჩივის, რომ არ აქვთ გზა, წყალი, ბაღი, ტრანსპორტი და ა.შ. ამ მასალის მომზადებისას, ჯამში, 60-მდე ადამიანს ვესაუბრეთ სამი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ხარაგაულიდან, ვანიდან და ჭიათურიდან.

ვეკითხებოდით, რამდენად კარგად მუშაობს მათი მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და თუ ახსენდებათ რაიმე პრობლემა, რომელიც მისი მონაწილეობით გადაწყდა ამ ბოლო წლებში. უმეტესად ასეთი ვერაფერი გაიხსენეს. მეტიც, ხშირად ისიც კი არ იცოდნენ, მერის წარმომადგენელი მათ სოფელში ვინაა.

შენიშვნა: ჟურნალისტური გამოძიებისთვის ის მუნიციპალიტეტები შევარჩიეთ, სადაც ყველაზე მეტი მერის წარმომადგენელი ჰყავთ და შესაბამისად, მათ ანაზღაურებაზეც მეტი ფული იხარჯება. 

ხარაგაულის ამბავი

ხუნევი სოფელია ხარაგულის მუნიციპალიტეტში. ხარაგაულს კიდევ 77 სოფელი აქვს, რომელშიც მერს 20 წარმომადგენელი ჰყავს. ამ 20 წარმომადგენელს კი 28 ასისტენტი. მათ ხელფასებზე 2023 წელს 760 000 ლარი დაიხარჯა.

ხუნევი რიკოთზე გაკეთებულ ახალ მაგისტრალს ესაზღვრება. იქაურები დაგვიკავშირდნენ, ავტობანი რომ გაკეთდა, ჩვენ გარესამყაროს მოვწყდითო, მოდით და ჩვენს გასაჭირზე დაწერეთო. ნოემბერში ჩასულებს სოფლის ცენტრში 50-მდე ადამიანი გველოდა.

ხუნევის მოსახლეობა
ხუნევში გზის პრობლემით შეწუხებული ხალხი

წელიწადზე მეტია, ადგილობრივები მაგისტრალთან პირდაპირ დამაკავშირებელი გზის მოწყობას ითხოვენ. ამბობენ, რომ ავტობანის მშენებლობის პერიოდში ასეთი გზა არსებობდა, ხოლო როცა სამუშაოები მორჩა, გაუქმდა.

სოფელს მერის წარმომადგენელი იმიტომ ჰყავს, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს და მერიას ინფორმაცია მიაწოდოს. “როცა არ უნდა დაურეკო წარმომადგენელს, არასდროს არ მოვა. ერთხელ არ მოსულა არავინ, მე დაგიდგებით გვერდშიო”, – შემოგვჩივლეს სოფლის ცენტრში შეკრებილებმა.

ამ სოფელში მერის წარმომადგენელი დავით ლომიძეა. მას ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 1 815 ლარს ვუხდით იმისთვის, რომ სოფლის მცხოვრებთა პრობლემები მოაგვაროს ან სულ მცირე, მერიამდე მაინც მიიტანოს მათი გასაჭირი.

დავით ლომიძეს ხუნევიდან, ხალხის თანდასწრებით დავურეკეთ. “მე სოფლის პრობლემები ვიცი კარგად, მაგრამ სოფელში არ ვარ ახლა. გასული ვარ სოფლიდან. ვერ გეტყვით ზუსტ დროს, [როდის დავბრუნდები]”. ვთხოვეთ, იქნებ ტელეფონით გაგვესაუბროთ და გვითხრათ რამე ამ ხალხის პრობლემაზეთქო. “საჭესთან ვარ, დრო არ მაქვს”, – მივიღეთ პასუხად და ზარიც გაითიშა.

იქვე ხალხმა გვითხრა, მართვის მოწმობა მაგას არ აქვს და ტარებაც არ იცის. საჭესთან რა უნდაო. დავით ლომიძესთან დაკავშირება ისევ ვცადეთ, დავურეკეთ, მაგრამ აღარ გვიპასუხა.

ხუნევიდან ხარაგაულის ცენტრში ჩავედით და ათ ადამიანს ვესაუბრეთ, შემთხვევით გამვლელებს. მათ ვეკითხებოდით, თუ იციან, ვინაა დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენელი და რა ინფორმაცია აქვთ მის საქმიანობაზე. წარმომადგენლის საქმიანობაზე არაფერი იცოდნენ. ალექსანდრე ტაბატაძე დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენლად 2018 წლიდან მუშაობს. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1 815 ლარია.

ავტომაგისტრალი ხუნევის თავზე
ავტომაგისტრალი სოფელ ხუნევის თავზე

ჩვენ მასთან გასაუბრება ვცადეთ. ვუთხარით, რომ მისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხი გვჭირდებოდა. გჭირდებათ – კარგი საქმეაო და გაგვითშა. მოგვიანებით ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

“ალექსანდრე ტაბატაძეს ვერ ვიტყვი, რომ ვინმე არ იცნობს, ძალიან პატარა მუნიციპალიტეტია ხარაგაული. გამიჭირდება გახსენება, თუ რა მოგვარდა მისი ჩართულობით”, – გვეუბნება ხარაგაულის მკვიდრი, ინგა მაღრაძე.

ინგა საკრებულოს წევრია პარტია “ლელოდან”. იგი რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობასაც აკვირდება. მიიჩნევს, რომ მერის წარმომადგენლები პოლიტიკური დატვირთვის მქონე ადამიანები არიან, “რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკას და დირექტივებს.”

ხარაგაულის მერის წარმომადგენელს ახლოს იცნობს ადგილობრივი გაზეთის, “ჩემი ხარაგაულის” რედაქტორი, ლაურა გოგოლაძეც. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მას მერის წარმომადგენლებთან და მერიასთან საქმიანი ურთიერთობა ყოველდღიურად აქვს. “ვინც ნიშნავს, მის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები”, – ასე აფასებს ლაურა მერის წარმომადგენლების მუშაობას. “ჩვენ როცა გვჭირდება წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ზოგი ტელეფონზე არ გვცემს პასუხს, იმიტომ რომ მერზე არიან დამოკიდებულები, უნდა შეათანხმონ ყველაფერი”.

როგორ კონტროლდება მერის წარმომადგენლების საქმიანობა?

მერის წარმომადგენელი საჯარო სამსახურში ადმინისტარციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. კანონი ითხოვს, რომ ხელშეკრულებაში კონკრეტულად იყოს გაწერილი ამ თანამდებობის პირის უფლებამოსილებები, ხოლო მიღებული გასამრჯელოს ოდენობა გამჭვირვალე.

ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ იმერეთის თორმეტივე მუნიცპალიტეტის მერიას. მათგან ვითხოვდით შემდეგ ინფორმაციას: რის მიხედვით ირჩევენ მერის წარმომადგენლებს, რა ვალდებულებები აქვთ მათ და აბარებენ თუ არა მერს ანგარიშებს. თერთმეტმა მათგანმა გვიპასუხა. თუმცა, სრულყოფილად არცერთმა. მოგვწერეს, რომ “საჯარო სამსახურის კანონის” მიხედვით მოქმედებენ. დეტალები არ უთქვამთ. ასევე, ვერ მივიღეთ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლების კოპეტენციაზე.

კანონში “საჯარო სამსახურის შესახებ” არაა ჩანაწერი იმაზე, რამდენჯერ ან რა ტიპის ანგარიშს უნდა აბარებდეს მერის წარმომადგენელი მერიას. ამგვარი ჩანაწერი ვერც იმ ხელშეკრულების შაბლონურ ფორმაში ვიპოვეთ, რომელიც მერის წარმომადგენელსა და მერიას შორის ფორმდება. ხელშეკრულების ეს შაბლონური ფორმები ჩვენ მხოლოდ ვანისა და ტყიბულის მერიებმა მოგვაწოდეს.

კითხვაზე, თუ როგორ აბარებენ მერის წარმომადგენლები ანგარიშს შესრულებული საქმის შესახებ, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხარაგაულის მერიებიდან მოგვწერეს, რომ მერი ყოველ კვირაში ხვდება წარმომადგენლებს. ამ დროს განიხილავენ აქტივობებს და სამომავლო გეგმებსაც სახავენ.

რამდენად ხშირად ხდება ამგვარი შეხვედრა სინამდვილეში და რამდენად საქმიანად განიხილავენ საკითხებს, უცნობია, რადგან ამ შეხვედრების ამსახველი არც ოქმი არსებობს და არც სხვა რაიმე დოკუმენტი.

თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერიას ვთხოვეთ, რომ მათი წარმომადგენლების შესრულებული საქმეების ამსახველი დოკუმენტები მოეწოდებინათ. თუმცა, არც ერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ მოუცია.

თათბირი ხარაგაულის მერიაში
თათბირი ხარაგაულის მერიაში. ფოტო აღებულია მერიის ვებ-გვერდიდან

სოფლებში ჩვენი თვალით ნანახი პრობლემები და ათეულობით მცხოვრების მონათხრობი კი აჩვენებს, რომ მერის წარმომადგენლების საქმიანობა არც ისეთი შედეგიანია, როგორც თავად უნდათ რომ წარმოაჩინონ.

იმის გასარკვევად, თუ რა ფორმით აბარებენ ანგარიშს მერს ან რამდენად სიღრმისეულად განიხილავენ თავიანთ სოფლებში არსებულ პრობლემებს, სხვადასხვა სოფელში მოქმედ წარმომადგენლებს დავურეკეთ.

ვანის შვიდი სოფლის წარმომადგენელთან ვცდილობდით სატალეფონო კომუნიკაციას, მათგან არც ერთმა გვიპასუხა. ჭიათურის 6 სოფლის წარმომადგენლიდან სამმა გვიპასუხა. მათ პასუხებს აქვე გთავაზობთ:

“[თათბირი] კონკრეტულად რომელიმე დღეს არაა, შეიძლება ორშაბათს იყოს, შეიძლება ოთხშაბათს. ბატონი გივი (ავტ. შენიშვნა: იგულისხმება ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე) როცა გადაწყვიტავს. თვეში ერთხელ ან შეიძლება თვეში ორჯერაც იყოს. საჭიროების მიხედვით წყდება”, – ნიგოზეთის მერის წარმომადგენელი გელა ტაბატაძე.

“ჩვენ საქმიანობაზე წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ რა გავაკეთეთ, რამდენი ცნობა გავეცით. მონიტორინგს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ სამსახურში, რომელიც შემდეგ უნდა წარვუდგინოთ მერს. ჩათვალეთ, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს მერიის სხვადასხვა სამსახურებთან წარმოშობილ პრობლემთან დაკავშირებით, რომ მოგვარდეს და მოსახლეობას რაიმე პრობლემა და გასაჭირი არ შეექმნას. თათბირი ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მერთან და სხვადასხვა სამსახურთანაა და გავდივართ შესაბამის საკითხებს ხოლმე. ზუსტი დრო არ გვაქვს. საჭიროებისამებრ. შეიძლება თვეში ან თვენახევარში ერთხელ გვქონდეს”, – სოფელ რგანში მერის წარმომადგენელი, რევაზ ხვედელიძე.

“ანგარიშები რა შუაშია. ჩვენ ჩვენი საქმე ვიცით და მერი გვავალებს თავის საქმეს თავისთავად. ხო არის ურთიერთობა, თათბირები გვაქვს და ისა გვაქვს, ყველაფერი ისე როგორც წესი და რიგია. ასეთ პერიოდში თათბირობისთვის არ გვცალია ნამდვილად. მოსახლეობაში ვტრიალებთ ჩვენ ქალბატონო ყოველ წუთში. ახლა გზებს ვთოვლი და მოსახლეობაში ვართ თითქმის ყოველ დღეს”, – სოფელ მანდაეთში მერის წარმომადგენელი, იოსებ ნოზაძე.

მაგდა პოპიაშვილი უკვე 15 წელია თვითმმართველობის საკითხებს სწავლობს და საინფორმაციო ვებგვერდის, “თვითმმართველობის დროა”-ს რედაქტორია. მისი შეფასებით, რადგან მუნიციპალურ ცენტრთან სოფლის მოსახლეობაცაა დაკავშირებული, მათ შორის შუამავალი რგოლის არსებობა საჭიროა. სამართლებრივად ეს როლი სწორედ მერის წარმომადგენელს აკისრია. თუმცა, პოპიაშვილი ფიქრობს, რომ განსხვავებულია ის, თუ რა ევალება მერის წარმომადგენელს კანონის მიხედვით და როგორია მისი არაოფიციალური ფუნქციები.

“ნორმატიული აქტებით, მათი მოვალეობაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლის მხარდაჭერის და მუნიციპალურ პროგრამებზე ინფორმაციის მიწოდება, საერთო კრებების ჩატარება და პირიქით, ადგილობრივების პრობლემების მიტანა მერიის სტრუქტურებში. გარდა ამისა, არის არაფორმალური ნაწილი და ეს ემყარება [სამთავრობო] პარტიულ ვერტიკალს. არც ერთი მერის წარმომადგენელი არ არის რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი [გარდა მმართველი პარტიისა], ან ნეიტრალური, ყველანი არიან ამ ერთიანი სისტემის ჭანჭიკი”. 

პოპიაშვილის შეფასებით, ეს პრობლემა სისტემურია და ბოლო 30 წელია, სახეზეა. “[მერის წარმომადგენლები] ჩართულები არიან როგორც მუქარის, შანტაჟის, ასევე თხოვნის, ინფორმაციის შეგროვების და პარტიისთვის მიწოდების ნაწილში. არჩევნებზე ხალხის მობილიზება, საარჩევნო ადმინისტრაციის გამართულად მუშაობა, გაყალბება – მეტწილად დგას ამ ადამიანებზე”, – გვიყვება იგი.

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან წერილობით გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოვალეობები აკისრიათ მერის წარმომადგენლებს ოფიციალურად. თერთმეტი მუნიციპალიტეტის მერიამ ამ კითხვას არ უპასუხა. მხოლოდ ვანისა და ტყიბულის მერიებმა გაგვიზიარეს ხელშეკრულების შაბლონური ფორმა, თუმცა, აქაც არ წერია, კონკრეტულად რა უნდა აკეთოს მოხელემ.

სამაგიეროდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში მერის წარმომადგენელმა, ბესო გრიგალაშვილმა გვიპასუხა. ის ამ თანამდებობაზე ორი წლის წინ, კონკურსის მეშვეობით,  დაინიშნა. თავის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს კი ასე განმარტავს: “რასაც გამგეობა დამავალებს, ყველაფერი მევალება”. საქმიანობის ანგარიშების წარდგენაზე რომ ვკითხეთ, ასე გვითხრა, როცა საქმეს მოვრჩები, მაშინ ვაბარებ მერიას ანგარიშსო.

ჭიათურის ამბავი

ჭიათურის მუნიციპალიტეტს 48 სოფელი მიეკუთვნება. ამ სოფლებში მერს 16 წარმომადგენელი ჰყავს. 16 წარმომადგენელს კი – 53 ასისტენტი. აქ წარმომადგენლებისა და ასისტენტების ხელფასებზე 2023 წელს მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ჭიათურის სოფლებში ხალხს მრავალგვარი პრობლემა აქვთ: არ აქვთ წყალი, სკოლა, ბაღი, ტრანსპორტი, ბუნებრივი აირი და ამას ემატება ეკოლოგიური პრობლემები, რომელსაც მუნიციპალიტეტში მარგანეცის მოპოვების გამო სახელმწიფო თავად ქმნის.

იმის საჩვენებლად, თუ რაში სჭირდება სოფელს მერის წარმომადგენელი და რას უნდა აკეთებდეს ის, სოფელი ზედა ბერეთისა შევარჩიეთ. ამ სოფელს რამდენიმე პრობლემა აქვს.

პირველი და ყველაზე მწვავეა უწყლობა. ორმოცდაათამდე ოჯახი ზაფხულში წყლის გარეშე რჩება. მათ შორისაა თავად სოფლის წარმომადგენელიც, გელა ტაბატაძე. ისე “გაგვიმართლა”, რომ პირდაპირ მის ჭიშკართან შევხვდით მოსახლეობას. აქვეა წყაროც, საიდანაც გაჭირვების დროს ადგილობრივები წყალს ეზიდებიან.

“ეს კომუნისტების დროინდელი წყალია და არ კმარა მერე ზაფხულობით. მილები შესაცვლელია, დაწყვეტილია. ზაფხულზე წყალი იკლებს და აღარ გვყოფნის. ამ წყალს 50 ოჯახი მოვიხმართ.  დანარჩენს ჭა აქვს”, – გვითხრა ბერეთისას მცხოვრებმა, მარიამ გრიგალაშვილმა.

ზედა ბერეთისას ხიდი
ზედა ბერეთისას ხიდი

ამ სოფლის ხიდიც დაზიანებულია. არადა ზედა და ქვედა ბერეთისას მოსახლოებას, ჯამში,  500-მდე ოჯახს, სახლში მისასვლელად, მისი გადავლა უწევს. სოფელი გარესამყაროს წყდება, როცა მდინარე დიდდება და ხიდზე გადმოდის.

“რას ვშვებით და ვართ მოწყვეტილი ყველაფერს. რამდენიმე წელია გვპირდებიან, გავაკეთებთო, მარა გამკეთებელი არავინ არაა. ორი სოფელია მაგ ხიდზე დამოკიდებული”, – გვიყვება დიჟონი გრიგალაშვილი.

დიდთოვლობაში სოფელი ხშირად დენის გარეშეც რჩება. “დენი სამი დღე არ გვქონდა. სტოლბები იყო წაქცეული და ხაზები დაწყვეტილი. დიდთოვლობის გამო. ძველი ხის სტოლბებია და მალე ფუჭდება, ტყდება. გზაც არ იყო, მოწყვეტილი ვიყავით სამი დღე ყველაფერს. ბევრი იწვალა ამ ჩვენმა გამგებელმა, მარა არ არის ტრაქტორი და რა ვქნაო”, – გვეუბნება მარიამ გრიგალაშვილი.

მერიამდე კი მიაქვს ამბავი [წარმომადგენელს], მარა გაკეთებული მაინც არაფერი ჩანს მერე. გვპირდებიან ყველაფერს. მარტო ჩვენ კიარა, ყველა სოფელში ასეა”, – გვეუბნებიან ადგილობრივები.

ზედა ბერეთისა ნიგოზეთის თემს მიეკუთვნება. სოფლის წარმომადგენელი, გელა ტაბატაძე ახალი დანიშნულია, იანვარში წელიწადი გამიხდებაო. მას ჩვენ 17 დეკემბერს, ტელეფონით ვესაუბრეთ, ვუთხარით, რომ მერის წარმომადგენლების საქმიანობაზე კვლევას ვატარებდით.

როგორც მისგან გავიგეთ, ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამო შეირჩა, რომ 2012 წლიდან აქტიურად იყო ჩართული არჩევნებში. ხან საარჩევნო კომისიის წევრი იყო და ხან აგიტატორი. 

“არავითარი კონკურსი არ გამივლია, უბრალოდ, 2012 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული. ხან საარჩევნო კომისიაში, მერე უბნის უფროსად ვიყავი, აგიტატორიც ვიყავი. სკოლაშიც ვმუშაობდი და ამნაირებში ვმონაწილეობდი”, – გვეუბნება ტაბატაძე.

რაც შეეხება ბერეთისას პრობლემებს, გვითხრა, რომ მერიამდე ინფორმაცია მიტანილი აქვს და რა თქმა უნდა, მოგვარდებაო.

წყალი, გზა და დენი პრობლემაა ჭიათურის კიდევ ერთ სოფელში, მანდაეთში. “არც წყალი გვაქვს, არც გზა გვაქვს, არაფერი ჩვენ არ გვაქვს თოვლის გარდა. ეს მოდის ბარაქიანად”, – გვითხრა ადგილობრივმა გაბრიელ მუმლაძემ.

ადგილობრივებს ვკითხეთ, დახმარებია თუ არა აქამდე მათი წარმომადგენელი რაიმეში. “ის ჩვენზე გლახათ არის, რა უნდა გაგვიკეთოს იმან. ზევიდან თუ არ წამოვიდა, აქ არაფერი არ იქნება. რა ქნას იმ გაჭირვებულმა?” – კითხვითვე გვპასუხობს მუმლაძე.

მანდაეთში მერის წარმომადგენელი იოსებ ნოზაძეა. მას მობილურით ვესაუბრეთ. ამ შემთხვევაშიც გვინდოდა, გაგვეგო როგორ ზრუნავს სოფლის მოსახლეობაზე და საერთოდ, როგორ დაინიშნა ამ თანამდებობაზე. როგორც აღმოჩნდა, ჭიათურის მერიას გამგებლების მისაღებად ერთი და იგივე სქემა არ აქვთ. ამ შემთხვევაში ნოზაძე გვიყვება, რომ კონკურსით შეირჩა. გაიარა გამოცდა და სამი კაციდან ის აიყვანეს.

“ადრეც მქონდა ნამუშევარი ამ საჯარო საქმეებში. განათლება, გამოცდილება, თავისთავად ყველაფერი გათვალისწინებულია. დამთავრებული მაქვს ხარკოვის სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი”, – გვითხრა ნოზაძემ.

ისიც დაამატა, რომ მისი ჩართულობით ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდა მანდაეთში. მათ შორის ინფრასტრუქტურა. წყლის პრობლემას რაც შეეხება, წელს დავიწყეთ რეაბილიტაცია და მომავალ წელს დასრულდებაო.

რა უნდა შეიცვალოს, რომ მერის წარმომადგენელი უფრო ქმედითი გახდეს?

იმერეთის სოფლებში არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მერის წარმომადგენელი,  სურვილის შემთხვევაშიც კი, მოკლებულია შესაძლებლობას, რამე გააკეთოს სოფელში. რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ სოფლებში მერების წარმომადგენლებმა რეალურად მეტი ფუნქცია შეიძინოს და ხალხის პრობლემებიც უკეთ მოაგვარონ.           

ამ თემაზე თვითმმართველობის საკითხების ორ სპეციალისტს, დავით ლოსაბერიძეს და მაგდა პოპიაშვილს ვესაუბრეთ.

დავით ლოსაბერიძე გვიყვება, რომ მერის წარმომადგენლების ინსტიტუტი იმიტომ შეიქმნა, რომ სოფლებთან გარკვეული კავშირის ქონა საჭირო იყო, ამ თანამდებობის პირებს კი მერებთან მოსახლეობის ინტერესები უნდა მიეტანათ.

“სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ წავედით ავტორიტარული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი გზით და გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი ცენტრიდან უნდა იმართებოდეს. ნებისმიერი ავტორიტარული ხელისუფლების თვისებაა, არ დაუშვან ადგილობრივი ინიციატივა”, – გვეუბნება ლოსაბერიძე. “ყველა ხელისუფლება ფიქრობს, რა დროს დემოკრატია ახლა, ასე ხომ შეიძლება არჩევნები წავაგო. სჯობს, რომ იყოს ერთიანი კონტროლი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხება. რაც უფრო ღარიბი იქნება ხალხი, უკეთესი, გადავუგდებთ რაღაც საარსებო შემწეობას. გადასახადებით წავართმევთ ათას ლარს და მერე ორმოცდაათ ლარს გადავუგდებთ”.

სპეციალისტები ამ სიტუაციიდან რეალურ გამოსავალს დეცენტრალიზაციაში ხედავენ. დეცენტრალიზაციის პირობებში სახელმწიფოც უფრო ძლიერია და მოქალაქეთა ინტერესებიც უფრო კმაყოფილდება. სოფელში გზა როგორი იქნება, ბაზრობა როგორ მოეწყოს, ავტობუსის გრაფიკი და ა.შ. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

“რაც შეიძლება, გადაწყდეს ქვედა დონეზე, არ შეიძლება სამართავად გადაეცეს ზედა დონეს, საზოგადოების ყველაზე მთავარი პრინციპია ეს და ამ სისტემით მუშაობს დასავლეთ ევროპა, აშშ. ხოლო მეორე უკიდურესობაა, მაქსიმალური ცენტრალიზაცია, რაც დაკანონებულია საქართველოში, ბელარუსში, უგანდაში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში”, – გვეუბნება ლოსაბერიძე.

თვითმმართველობის მკვლევარი, მაგდა პოპიაშვილიც ფიქრობს, რომ თვითმმართველობის დეცენტრალიზაციაზე “ქართულმა ოცნებამ” უარი სწორედ იმიტომ თქვა, რომ ავტორიტარული და ერთპიროვნული მმართველობის გზა აირჩია. “ყველა ხელისუფლება უშვებს ამ დრამატულ შეცდომას, როცა ჰგონია, რომ ერთ მუჭში მოქცეული ძალაუფლებით გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას”.

თათბირი ჭიათურის მერიაში
თათბირი ჭიათურის მერიაში. ფოტო აღებულია მერიის ვებ გვერდიდან

მისი აზრით, არსებული სისტემის ალტერნატივა იქნება უფრო პატარა ზომის და მეტი მუნიციპალიტეტის ქონა, სადაც მერის წარმომადგენელი საჭირო საერთოდ აღარ იქნება და სადაც ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ მოქალაქეებთან უფრო მჭიდრო ბმა ექნება. “სასოფლო ტიპის მუნიციპალიტეტები უნდა გაიყოს სხვადასხვა ზომის მუნიციპალიტეტებად, ეს გამოიწვევს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება უფრო მოქნილი, ფინანსურად უზრუნველყოფილი და უკეთ გადაწყვეტს პატარა დასახლების საჭიროებებს”.

ხარაგაულში მოქმედი ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი, ლაურა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობა რაიონული მმართველობიდან სოფლის დონეზე უნდა გადავიდეს, ხოლო მერის წარმომადგენელებს უშუალოდ ხალხი ირჩევდეს. ასე უფრო ქმედითი გახდება ეს სამსახური. “ისინი უნდა დაეხმარონ სოფლის მოსახლეობას კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაში. ახლა, უფუნქციოები არიან ფაქტობრივად, ესე იგი, ამბის მიმტან-მომტანები. და რამდენად სრულყოფილად შეუძლიათ ამბის მიტანა და მოტანა…”- გვეუბნება გოგოლაძე.

“გოუგებელი გამგებელი” სულორში

ვანის მუნიციპალიტეტში 42 სოფელი შედის. აქ მერს 21 წარმომადგენელი ჰყავს. წარმომადგენლებს კი, ჯამში, 39 ასისტენტი. წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების ყოველწლიური ანაზღაურება, სულ მცირე, ნახევარ მილიონს აღწევს.

ამ სტატიაზე მუშაობისას ვანის სამ სოფელში ვიყავით. პრობლემები აქაც ერთმანეთის მსგავსია – უმუშევრობა, ახალგაზრდების გადინება, საგზაო საფარი, მეწყერი და ა.შ. ის, რაც საქართველოს ყველა მხარეში ადამიანებს სოფელში დარჩენაში უშლის ხელს.

სოფელ დიხაშხოში 77 წლის ლამარა გაბუნიას ვესაუბრეთ. გვიყვება, რომ მთავარი პრობლემა სოფელში უმუშევრობა და ამით გამოწვეული ემიგრაციაა. სოფლის წარმომადგენელი, ივანე დვალიშვილი კი ხალხს იშვიათად ხვდება. “[დვალიშვილი] მე პირადად არაფერში დამხმარებია. ერთი ვთხოვ ყველას, რომ სასაფლაოს შეღობვა გვინდა. ასე მოღიაღებულია და ვთხოვე იმას, ჭუბაბრიას, გამგებლის მოადგილეა და კიო, გავაკეთებო. უკაცრავად და არ მსიამოვნებს, საქონელი შედის იქ, სამი სოფლის სასაფლაო, ეს მინდა ჩემს სიცოცხლეში რომ მოვაგვარო”. ლამარა გვეუბნება, რომ ამ თხოვნაზე სოფლის მერს ან წარმომადგენელს რეაგირება არ ჰქონია.

sulori 1
სოფელი სულორი, ვანის მუნიციპალიტეტი

სოფელი სულორი საკურორტო ზონა და გამაჯანსაღებელი წყლებითაა ცნობილი. სოფლის ცენტრში შეკრებილი კაცები ინტერვიუზე უარს ამბობენ, იმ მიზეზით, რომ “ყველას ეშინია, ზეწოლა არის, ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს, უკვე კომუნისტური წყობა მოდის”. კითხვაზე, თუ რას აკეთებენ მერის წარმომადგენლები, გვაპსუხობენ: “ცნობებს გასცემენ, დროდადრო”. რა ცნობებს, არ დაგვიკონკრეტეს.

დავინტერესდით, კიდევ რა ფორმით მონაწილეობს მერის წარმომადგენელი სოფლის ცხოვრებაში. ირმა ხურციძეს, რომელიც სოფლის ცენტრში, მაღაზიაში მუშაობს, არ მოსწონს, რომ გამგებელი გოგიტა დვალიშვილი ხშირად იმეორებს სიტყვებს: “მე ვერაფრით მოგეხმარები, ჩადი რაიონში”.

“რასაც რაიონის გამგებლობა დააფინანსებს ცოტ-ცოტას, იმას აკეთებს, ცდილობს, ხალხი აწუხებს და იმიტომ. ცოტა წუწუნა არის”, – გვიყვება ირმა, რომელსაც გამგებლის შესაწუხებლად მიზეზი ნამდვილად აქვს.

“მე მეწყრულ ზონაში ვცხოვრობ, მიწა დაძრულია. სულ 5 ოჯახი ვცხოვრობთ. პრეტენზიები რომ ვთქვი, მიმაწებეს იარლიყი, რომ ოპოზიცია ვიყავი. მენგრევა სახლი, გახსნილია კედლები, რა შუაშია ოპოზიცია. მოიყვანეს ამათმა გეოლოგები, 5 ოჯახს დაუწერეს გასახლება, მე – გამაგრებითი სამუშაობი. მე მიმეტებენ, მწირავენ.”

ჩვენ გოგიტა დვალიშვილთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ ზარებს არასდროს უპასუხა.

“სოფლის გამგებელი კი არა, იგია გოუგებელი, მაგის წინაც რომ იყო, იგიც გოუგებარი იყო. ყველა იყო თანამდებობას შეუფერებელი”, – გვეუბნება ფოთოლა ხურციძე, რომელიც ოქტომბრის პროპორციულ არჩევნებში ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.

ამ სტატიაზე მუშაობისას სხვადასხვა სოფელში მერის 20 წარმომადგენელს დავურეკეთ. მათგან მარტივ კითხვებზე გვინდოდა პასუხი. მაგალითად, გვაინტერესებდა რა გამოცდილება ჰქონდათ, ვიდრე ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, რას აკეთებენ ყოველდღიურად, რამდენად ხშირად აბარებენ ანგარიშს მერიას და ა.შ. მათგან რვამ ზარი გაგვითიშა, როცა გაიგო რომ ჟურნალისტი ესაუბრებოდა, ორმა გვითხრა, რომ პიარისთვის მიგვემართა. ხუთმა კი საერთოდ არ უპასუხა ჩვენს ზარებს.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები 

EU Project Georgien logos NARROW GE
მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური
სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი "აი, ფაქტის"
პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის
ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს
.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა – მახე თუ სარგებელი 
საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა – მახე თუ სარგებელი 

გიყვებით, რას გვიქადის ჩინეთთან დაახლოება?

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share