fbpx
თოვლისგან გაუწმენდავი გზები იმერეთში

თოვლისგან გაუწმენდავი და ჩაკეტილი გზები იმერეთში

ავტორი: შორენა ლაღაძე 

მაღალმთიანი სოფელი მუხურა ტყიბულში, რაჭის ქედის კალთაზეა გაშენებული და  მკაცრი ზამთარი ახასიათებს. აქაურობა თოვლში კი ლამაზია, მაგრამ რთული კლიმატური პირობები სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის – თოვლის მაღალი საფარი სოფლამდე მისასვლელ მთავარ გზას ხერგავს და მოსახლეობა იზოლაციაში რჩება. ალტერნატიული გზა დაზიანებულია, ნალექიან ამინდებში ტალახიანდება და გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. შედეგად, ადგილობრივები ვერც ბაზარში მიდიან, ვერც – აფთიაქში. 

გამონაკლისი არც წლევანდელი დეკემბერია. მუხურაში გასული კვირის განმავლობაში ძლიერად თოვდა. უახლოესი ქალაქიდან, ანუ ტყიბულიდან სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზა ჩაიკეტა, მერიამ კი პრობლემა დროულად ვერ მოაგვარა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ქალაქის მერს საჯაროდ, ფეისბუქიდანაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. 

“მუხურა-მუჯირეთის მიმართულებით ისეთი ცუდი გზაა, პრაქტიკულად გაუსაძლისია გადაადგილება[…]წარმოიდგინეთ, ამ ხალხს პროდუქტების, მედიკამენტების ყიდვა რომ დასჭირდება, ავადმყოფს სასწრაფო რომ დასჭირდება, ტყიბულის ე.წ მერი მოემსახურება? რა თქმა უნდა, არა. […] ხომ იცოდით, რომ ზამთარი მუხურლებისთვის რთული და პრობლემურია? გზა გაგეკეთებინათ ან ახალი საწმენდი ტექნიკა შეგეძინათ” – წერდა მუხურელი თემურ ქურციკიძე ფეისბუქ პოსტში 16 დეკემბერს. პირადად მონიშნა მერი დავით ჩერქეზიშვილიც, თუმცა ფაქტია, არავინ გამოეხმაურა. 

თემურ ქურციკიძე არ არის ერთადერთი, ვისაც ეს ამბავი აწუხებს. ჩვენ მუხურაში ჩავედით, რომ ადგილობრივებისგან გაგვეგო, რა პირობებში უწევთ გამოზამთრება და რას (არ) აკეთებს ხელისუფლება მათ დასახმარებლად.

მუხურა ჩაკეტილი გზის პირობებში 

სოფელი მუხურა
სოფელი მუხურა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი

სოფელს 19 დეკემბერს, შუადღისას ვესტუმრეთ, მუხურა-მუჯირეთის დამაკავშირებელი გზიდან, რომელიც, წესით, დათოვლილი მთავარი გზის ალტერნატივა უნდა იყოს. სავალ ნაწილზე დიდი თოვლი არ იდო, მაგრამ გზა იმდენად იყო დაზიანებული, დაბალი გამავლობის მანქანით გავლა მაინც ვერ შევძელით. ავტომობილი აღმართის ასასვლელში გავაჩერეთ, სადაც ჩვენს დღეში მყოფი სხვა მანქანა უკვე იდგა.  ამის შემდეგ სოფლამდე დარჩენილი 1 კილომეტრი თოვლში, ყინვასა და ტალახში ფეხით ვიარეთ.

მუხურა დიდი სოფელია და 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 1400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჩვენ მოვიარეთ ე.წ. “ტელმანის უბანი”, სადაც 40-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქაურებმა ზამთრის ყოფა ასე აღგვიწერეს: დიდთოვლობისას, ძირითადად, სახლში ვართ, უახლოესი ბაზარი 9 კილომეტრში, ქალაქ ტყიბულშია, რადგან გადაადგილება გვიჭირს, ვცდილობთ, ყველაფერი წინასწარ მოვიმარაგოთო. წინსწრებით ყიდულობენ წამალსაც, რადგან უგზოობის გამო სოფლის ერთადერთი აფთიაქიც იკეტება –  თანამშრომლები ტყიბულიდან ვერ ამოდიან. 

ჭირს სასწრაფო დახმარების დროულად მოსვლაც. წესით, პირდაპირ ტყიბულიდან უნდა მოდიოდეს, მაგრამ როცა ტრასა გათოვლილი არ არის, უწევს თერჯოლის შემოვლა და მუხურა-მუჯირეთის უვარგისი გზის გავლა. 

“გზა არ არის გათოვლილი 10 დღეა. თუ მომარაგებული ხარ, თოვლის არ უნდა შეგეშინდეს, მაგრამ გზა არაა, რომ დაგჭირდეს რაიმე… მე ახლა ვეხვეწები იღბალს, რომ სასწრაფო არ დამჭირდეს. სად წავალ? 10 დღე გზის დაკეტვა? დავბერდი კაცი, 75 წლის ვხდები და ასეთი არ მინახავს”, – გვითხრა ჯანგულა ბარბაქაძემ, რომელსაც სახლთან მივაკითხეთ და ჭიშკართან ვესაუბრეთ. 

მუხურა მუჯირეთის გზა
მუხურა-მუჯირეთის გზა, 19 დეკემბრის მდგომარეობით

“ამ გზას, მუხურა-მუჯირეთს არ თოვლიან, ვერ უმკლავდებიან. გაწმინდავენ, ისევ თოვლი და ბუქია. ბოლოს ორი კვირის წინ იყო გახსნილი გზა, 10 დღე იქნება ვერ გადადიან მანქანები. სასწრაფო რომ დაგვჭირდეს, თერჯოლიდან უნდა ამოვიდეს. ტყიბულიდან წამოვა სასწრაფო, გამოივლის თერჯოლას, ალისუბანს, სკანდეს და აქამდე მოსვლას დასჭირდება 2 საათი”, – გვითხრა როლანდ ყვავაძემ, თუმცა ისიც დააყოლა, “ვერ დაძრახავ [მთავრობას], მაღალმთიანია და უჭირთო”. 

ასე, უპრეტენზიოდ და სიტუაციას შეგუებული იყო მისი რამდენიმე თანასოფლელიც. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ 21-ე საუკუნეში მკაცრი ზამთრის გამო გზის ჩაკეტვა თოვლივით ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ. 

გვესმოდა ფრაზები: “ეს პრობლემა არი ასე ოდითგანვე”; “მარტო ჩვენთან კიარ არი ზამთარში პრობლემები, სხვაგანაც არი… განა მარტო ჩვენ ვართ ჩაკეტილები”;

როგორც ჩანს,  მოქალაქეებმა არ იციან, რომ გზების გაწმენდა ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამისთვის ბიუჯეტიდან ფულიც აქვთ გამოყოფილი.

როგორ პასუხობს ადგილობრივი მთავრობა მუხურას პრობლემას? 2024 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული იყო 650,000 ლარი. ამ პროგრამის აღწერასა და მიზნებში ვკითხულობთ:

მეწყერის, ძლიერი  ნალექის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდა -შეკეთება , ორმოული შეკეთება[….]პროგრამის მიზანია მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის  გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, გადაადგილების გამარტივება, გამტარიანობის ზრდა[…]”

მუხურა ტყიბულის გზა
მუხურა-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, 2021 წელი, ფოტო: ტყიბულის მერიის ფეისბუქ გვერდი

გარდა ამისა, 2023 წლის ბოლოს ტყიბულის მერიამ დაგეგმა, რომ 2024 წელს თოვლის გამწმენდ სპეციალურ ტექნიკას შეიძენდა. ამისთვის, 757,000 ლარი ჰქონდათ განსაზღვრული.

“ტყიბულის მუნიციპალიტეტს აქვს მაღალმთიანი ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც მოსალოდნელია დიდთოვლობა, რისთვისაც სპეციალური ტექნიკა მზადყოფნაში უნდა იყოს, რასაც მოძველებული ტექნიკური საშუალებები ვერ უზრუნველყოფს”,  – ვკითხულობთ ბიუჯეტის დოკუმენტში.

ამ გეგმიდან ერთი წლის თავზე კი სპეცტექნიკა არ ჩანს. შევამოწმეთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ წელს გამოცხადებული ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები. ტრაქტორები, და სპეციალური სამთო მანქანები ვეძებეთ ყველა შესაბამისი კოდით. საბოლოოდ, მივაკვლიედ, რომ თოვლის გამწმენდი მანქანა, გზის გრეიდერი ბოლოს 2014 წელს უყიდიათ. თანაც, მხოლოდ ერთი ცალი. 

არადა, მუხურას 2018 წლიდან მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს და ტყიბულის მერიისთვის დიდთოვლობა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ფაქტია, ზამთრისთვის შესაბამისად არ მომზადებულან. 

28 ნოემბერს, ტყიბულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტეს, რომ აქტიურად მიმდინარეობს თოვლიანი გზების გაწმენდითი სამუშაოები. თუმცა, მუხურა-მუჯირეთის გზა არ უხსენებიათ.

რას უპირებენ მუხურას მოსახლეობას, როდემდე უნდა შეაგუონ თოვლის გამო იზოლირებაში ყოფნას, ვკითხეთ გიორგი ცქიფურიშვილს. ის ტყიბულის მერიის ა(ა)იპ კომუნალური გაერთიანების დირექტორია. თოვლით დაფარული გზების გაწმენდა სწორედ მისი სამსახურის მოვალეობაა. გვითხრა, პრობლემა რომ არის, მეც ვიცი, მაგრამ თუ მერია ფულს არ მომცემს და არ დამავალებს, ვერაფერს ვიზამო:

გზის გაწმენდა ტყიბულში
გზის გაწმენდითი სამუშაოები ქალაქ ტყიბულში, ფოტო: მერიის ფეისბუქი, 28 ნოემბერი

“ქალაქისთვის გვყავს გრეიდერი და მძიმე ტექნიკა, DT75 ტიპის სამი ცალი ტრაქტორი და მუშაობენ ქალაქის პირობებში. მუხურის მიმართულებით, ესეიგი, გვქონდა პრობლემები… 4 მეტრი თოვლია თვითონ უღელტეხილზე და იქ მუშაობს T170 ტიპის ტრაქტორი, რომლითაც მოვახერხეთ სამ დღეში გზის გახსნა. სოფლებისთვის ტრაქტორებს ვქირაობთ მაცხოვრებლებისგან და ვამუშავებთ როცა გვჭირდება“.

ცქიფურიშვილმა გვითხრა, მუხურას გზა ჩაკეტილი იყო მხოლოდ სამი დღე, 16-19 დეკემბრის პერიოდში, მერე სამი დღე ვწმენდდით და  22 დეკემბერს საბოლოოდ გავხსენითო. არადა, ჩვენ მუხურაში რომ ვიყავით, ადგილობრივებმა გვითხრეს, გზა 10 დღეა ჩაკეტილიაო.

რაც შეეხება დაპირებულ სპეცტექნიკას, მერიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ ის წელს არ შეუძენიათ და მომავალში რა იქნება, ზუსტად არ იცის. 

“წელს რაღას ვაპირებთ, დამთავრდა წელი და… მომავალი წლისთვის ვაპირებთ ახალი ტექნიკის ყიდვას, თუ შეგვიწყობს ხელს მერია… ბიუჯეტი შეგვიწყობს ხელს, რა თქმა უნდა მარა პრობლემა ისიცააა, რომ არავის უნდა მუშაობა ამ ტექნიკაზე, კვალიფიციური ოპერატორები არ ჩერდებიან რაიონებში…”, – გვითხრა ა(ა)იპ კომუნალური გაერთიანების დირექტორმა.

მუხურლებისთვის დიდთოვლობის პრობლემას ამწვავებს მოუწესრიგებელი გზაც. როცა ნაქერალას ქედის ძირში გამავალი ტყიბული-მუხურას ცენტრალური გზა იკეტება, უნდა იარონ შემოვლით – თერჯოლის სოფელ მუჯირეთიდან.

მუხირეთი მუხურას დამაკავშირებელი გზა
მუჯირეთი-მუხურას დამაკავშირებელი გზა, 19 დეკემბერი

თუმცა, ვერც ამ ალტერნატივას იყენებენ – გზა დაზიანებულია, სავალ ნაწილზე კლდის ნატეხებია ჩამოყრილი, ნალექიან ამინდში კი ტალახიც რომ ემატება, გადაადგილება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

როდის აპირებენ მუხურა-მუჯირეთის  გზის რეაბილიტაციას, ეს ტყიბულის და თერჯოლის მერიებში ვიკითხეთ, რადგან  მუხურა ტყიბულის სოფელია, მუჯირეთი კი თერჯოლის. როგორც ჩანს, ამ გზას არც მომავალ წელს ეშველება. 

ტყიბულის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზოსიაშვილმა გვითხრა, არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია 2025-ში რა დაიგეგმებაო. 

თერჯოლის მერიაში სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გოდერძი თურქაძემ კი გვითხრა:

“მუხურა – მუჯირეთის გზის ნაწილი თერჯოლისაა, უფრო დიდი ნაწილი ტყიბულს ეკუთვნის. სამწუხაროდ, 2025-ში ამას ვერ მოვახერხებთ, თორემ გასაკეთებელი ნამდვილად არის”. 

ჩვენ თვალს მივადევნებთ, როდის მოიცლის ამ ორი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხურლების პრობლემებისთვის.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როდის გაკეთდება გზა თუზის მეწყრულ ზონაში?
როდის გაკეთდება გზა თუზის მეწყრულ ზონაში?

როდის გაკეთდება გზა თუზის მეწყრულ ზონაში?

თავასა-თუზის გზის პრობლემა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share