ავტორი: თამუნა ქიმაძე
გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზოში წყალი დგება. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი – ტაძრის დასავლეთით, ძველისძველი წყალმომარაგების თიხის მილები დაზიანებულია, მეორე – წვიმების დროს, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე ფერდობებიდან მიწისქვეშა წყლის ნაკადები ტაძრის ეზოში ჩამოედინება. წყლით გაჟღენთილი ნიადაგი კი საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობასაც და შესაძლოა მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის კონსტრუქციასაც.
გამოსავალი სადრენაჟო სისტემის მოწყობა და წყალმომარაგების მილის შეკეთებაა. თუმცა, ბუნდოვანია, რას აკეთებს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ამ მიმართულებით. ამ საკითხზე მათ არაფერი უხსენებიათ, არც საჯარო დოკუმენტებში და არც ინტერვიუებში.
არადა, დროთა განმავლობაში, მონასტრის ეზოში დაგროვილი გრუნტის წყლები კიდევ უფრო დააზიანებს კედლის მხატვრობას, როგორც მთავარ ტაძარში, ისე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ამ რისკებზე სტატია ორი თვის წინ გამოვაქვეყნეთ. მაშინ გეოფიზიკის სპეციალისტი მხოლოდ სავარაუდო დაშვებებით გვიხსნიდა, რა საფრთხე ემუქრებოდა გელათს გრუნტის წყლების გამო.
ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და დანამდვილებით ვიცით, რომ გელათის დაზიანებული მხატვრობის გადასარჩენად მხოლოდ დროებითი გადახურვის მოწყობა არ არის საკმარისი და გრუნტის წყლების პრობლემაც სასწრაფოდაა მისახედი. ეს უკვე კვლევებითაა დადასტურებული.
“დედამიწის ზედაპირზე მოსული ატმოსფერული ნალექის ნაწილი ნიაღვრების სახით ჩაედინება მდინარეებში და შემდეგ გროვდება ზღვებსა და ტბებში, მაგრამ ნაწილი გაიჟონება მიწის სიღრმეში, სადაც ქმნის წყლით გაჯერებულ ჰორიზონტს, რაც გრუნტის წყლის დონედ იწოდება. თუ ეს დონე ახლოსაა ნაგებობის ფუნდამეტთან, წყალი შეაღწევს საძირკველში, სადაინაც მოხდება მისი ინფილტრაცია ნაგებობის კედლებში. სისველე გამოიწვევს დაშლით პროცესებს: დაიწყება კედლების შელესილობის გაფხვიერება და მისი ზედაპირის გამომარილება. გრუნტის წყლები მეტ-ნაკლებ სიღრმეზე ფაქტიურად ყველგან გვხვდება”, – გვიხსნიდა 73 წლის ლადო მირიანაშვილი. ის ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია გეოფიზიკის სპეციალობით და სამი ათეული წლის განმავლობაში გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. გელათის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესს ისიც აქტიურად აკვირდება.
სწორედ მირიანაშვილის დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ახალი კვლევაც, რომელიც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის დაკვეთით, 2024 წლის ნოემბერში ჩატარდა. კომიტეტს გეოფიზიკური მეთოდებით კვლევის მომზადება მირიანაშვილმა ურჩია და მათაც გაითვალისწინეს.
სიტუაცია კი იკვლიეს და ანგარიშიც მოამზადეს, მაგრამ კომიტეტმა დოკუმენტი არ გაასაჯაროვა.
რა პრობლემა გამოიკვეთა გელათში გრუნტის წყლების გარშემო და რა არის გამოსავალი, ისევ სხვა წყაროსგან გავიგეთ და არა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტისგან.
ჩვენი ძალებით გამოვარკვიეთ. ლადო მირიანაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაკეთებელია წყალმომარაგების ისტორიული მილი და მოსაწყობია სადრენაჟო სისტემა.
[გრუნტის წყლების კვლევა გელათის მონასტრის მიმდებარედ, 2024 წლის აგვისტო, ფოტო: ქუთაის-გაენათის ეპარქიის ფეისბუქ გვერდი ]
“… კომიტეტს გადაეცა დასკვნა, რომლის თანახმად საკვლევი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი 6-8 მეტრის სიღრმემდე გაწყლიანებულია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გარშემო. ამ უბნის გაწყლიანებას იწვევს ტაძრის დასავლეთით არსებული წყალმომარაგების ისტორიული თიხის მილების დაზიანება და წვიმების დროს ამავე ტაძრის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ფერდობიდან ჩამომდინარე წყლის ნაკადები”, – წერდა ლადო მირიანაშვილი 2024 წლის 24 დეკემბრის ფეისბუქ პოსტში.
მეტი დეტალის გაგებას თავად კვლევის ავტორისგან, გია მელქაძისგან შევეცადეთ. თუმცა, მან ჩვენთან საუბარზე უარი თქვა და ბოდიშის მოხდით დაგვემშვიდობა. როგორც ჩანს, კომიტეტი მასაც დუმილისკენ მოუწოდებს, ისე როგორც ყველა სხვა ჩართულ კომპანიასა თუ ინდივიდუალურ პირს.
გრუნტის წყლის საკითხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე არათანმიმდევრულ მუშაობასთან გვაქვს. ფაქტია, რომ კვლევები იქამდე უნდა ჩაეტარებინათ, სანამ დროებითი გადახურვის კონსტრუქციას ააგებდნენ. ასე უფრო გამარტივდებოდა მისი შესწავლაც და შემდგომი ნაბიჯებიც – დრენაჟის მოწყობა და ძველი მილის შეკეთება.
საქმე ისაა, რომ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს სპეციალისტების ნაკლებობაც აქვს. ადრე გიყვებოდით, რომ გარემოს მართვის სპეციალისტი არ ჰყავთ, ახლა ჩანს, რომ სამუშაოებში არც გეოფიზიკოსი ჰყოლიათ ჩართული.
“გეოფიზიკური კვლევის შედეგების ანალიზის პროცესში ნათელი გახდა, რომ გელათის ნაგებობების რეაბილიტაციის თანამდევი სამუშაოების დაგეგმვის უზრუნველყოფაში მენეჯმენტის პრობლემა არსებობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გელათის სარეაბილიტაციო კომიტეტში არ ჰყავთ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. შეუძლებელია, რომ რესტავრატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა იცოდნენ ის ნიუანსები, რაც გეოფიზიკურ კვლევებს ახასიათებს. ამიტომ, აუცილებელია, რომ მიდგომა იყოს მულტიდისციპლინარული და კომიტეტის შემადგენლობაში რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების გარდა ჩართული იყვნენ არქეოლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოფიზიკოსი,….”, – გვითხრა ლადო მირიანაშვილმა.
რა თქმა უნდა, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ამჯერადაც მივწერეთ. ვთხოვეთ, რომ ჩვენთვის გაეზიარებინა ის ანგარიში, რომელიც სპეციალისტმა გია მელქაძემ გრუნტის წყლების შესწავლის შემდეგ მოამზადა. მათგან იმის გაგებაც გვსურდა, კონკრეტულად რა გეგმა აქვთ ახლა, როდის და ვის დაუკვეთავენ შესაბამის სამუშაოებს. კომიტეტისგან პასუხს ველოდებით და მათი რეაგირების შემთხვევაში, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ.