2025 წლის თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოს დიდთოვლობა დაატყდა თავს. სტიქიამ გადაუარა გურიას და იმერეთს, მათ შორის, ვანის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელს. სტიქიის ზონაში დარჩენილ მოსახლეობას კი ადგილობრივი მთავრობის ნაცვლად დიდი ქალაქებიდან ჩასული მოხალისეები შველოდნენ. ერთ-ერთი მათგანია გიორგი ენუქიძე, რომელმაც 1-2 მარტს ფეისბუქზე დაწერა, ვანის ორ სოფელში, ყუმურსა და ონჯოხეთში, თოვლის გამო ჩამოშლილ მიწას და ზვავის მასას წავაწყდიო.
“…რაც უფრო მეტად დამძიმდება თოვლი, მით მეტად გაიზრდება რისკები. ასეთი ზონები სამომავლოდ მეწყერსაშიშია. პლუს ამას, არის საშიშროება, რომ დაიკეტოს მდინარეების და ღელეების ხეობები, დაგროვდეს წყლის მასები და შემდეგ ერთიანად დაიძრას’’,- წერდა გიორგი ენუქიძე. ის გამოცდილი მთამსვლელია, ამიტომ რისკების შეფასებაშიც დაეჯერება.
თოვლი რომ დადნა, ვანის ბედით დავინტერესდი – სოფლებში სახიფათო ადგილები მოვიკვლიე და იქაურ მოსახლეობას დავუკავშირდი. გაირკვა, რომ გიორგი მართალი აღმოჩნდა.
სტიქიიდან ოთხი თვის თავზე ვანში მეწყერებმა იმატა – ძველი კერები გაღვივდა, არსებული ნაპრალები დაგრძელდა და გაფართოვდა.
ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, რა ხდება ვანის სოფელ ზედაგორაში, ფერეთასა სალომინაოში, რისი ეშინიათ ადგილობრივებს, როგორ რეაგირებს მათ პრობლემაზე როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. ანუ, რა მეთოდებით ამოწმებენ და აკონტროლებენ მეწყერსაშიშ ადგილებს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ იმერეთში ახლახანს ჰქონდათ ტრაგიკული გამოცდილება – ბაღდათის სოფელ ნერგეეთის მეწყერი, რომელმაც 2024 წელს 9 ადამიანი იმსხვერპლა.
ვანელების თანაცხოვრება მეწყერთან ერთად
ვანი, ისევე როგორც იმერეთის სხვა 11 მუნიციპალიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მაღალმთიანია, მეწყერსაშიში ტერიტორიების სიუხვით გამოირჩევა. ამას გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოველწლიური ბიულეტენიდან ვიგებთ.

ბიულეტენი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მეწყერსაშიში ზონები, კონკრეტული ქალაქების და სოფლების მიხედვით. მითითებულია ისიც, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამა თუ იმ მეწყრული კერის გასამაგრებლად და მოსახლეობის დასაცავად. ბიულეტენი მოიცავს მომავალი წლის პროგნოზს. მაგალითად, 2024 წლის ბიულეტენში წერია, სად არის მოსალოდნელი მეწყრის გააქტიურება 2025 წლის განმავლობაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 და 2025 წლების ბიულეტენების მიხედვით, ვანში მეწყერსაშიშ ზონად 15 სოფელი მიიჩნევა.
ამ ჩამონათვალშია სოფელი ზედაგორაც. აქ მეწყრული კერის ძიება და პოვნა არ გაგვჭირვებია. სოფელში შესვლისთანავე თვალში მოგვხვდა გზის სავალ ნაწილზე ჩამოშლილი ქვა-ღორღი, ჭიშკრებთან დაბზარული ბეტონი, ჩავარდნილი ღობე და კედელჩამონგრეული სახლი. მივხვდით, რომ ეს მეწყრის კვალი იყო.ქუჩაზე ორი ქალი დაგვხვდა და ორივემ გვთხოვა, სტატიაში ჩვენი სახელი და გვარი არ გაამხილოთო.
[ავტორის შენიშვნა: ასეთივე სიტუაცია იყო კიდევ სამ სოფელში. აღმოვაჩინეთ, რომ ხალხი მეწყერზე მეტად ჟურნალისტებს ერიდებოდა. რადგან ვინაობის გასაჯაროება არც ერთმა რესპონდენტმა არ ისურვა, მოგვიწია, ყველა მათგანს პირობითი სახელები დავარქვათ]ზედაგორას მკვიდრი, პირობითად, ნანა გვეუბნება, რომ ამ სოფელში 46 წელია ცხოვრობს და მიწის ასეთი მოძრაობა ან მეწყერი არასოდეს უნახავს:
“თითქმის ერთია წელია ასეა [ბზარი] და ამ დიდთოვლობამ მთლად მოუღო ბოლო, მოიმატა… რაც აქ ვცხოვრობ, საერთოდ არ მომხდარა არაფერი, არ განძრეულა მიწა… პირველად დაიწყო ამათი სახლით [მეზობელთან], ერთი წლის წინ. წელს ამბობენ, ზემოთაც ბევრი [მოსახლეა] ამნაირ დღეშიო. ამ დიდთოვლობამ მთლად მოუმატა, წყლები რომ შეუდგა დახეთქილ მიწას. ნერგეეთის ამბავიც მაშინებს ყოველდღე, რამე არ მოხდეს ცუდ ამინდებში… 1 მეტრია ჩაწეული, რომ ჩავვარდე მთლად, ამის შიში მაქ. ძალიან დასტრესილი ვიყავით ამ თოვლში”.
ზედაგორა ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, საიდანაც დიდთოვლობის დროს დაგვიკავშირდნენ და მათი ამბის გაშუქება გვთხოვეს. თებერვალში აქაურებმა გვითხრეს, რომ გზა საკუთარი ძალებით გაწმინდეს და მუნიციპალიტეტიდან დახმარებას უიმედოდ ელოდნენ. როგორც ჩანს, დახმარება მეწყრის დროსაც აგვიანებს.

ნანა გვიყვება, რომ მის ქუჩაზე დიდთოვლობის შემდეგ აღარავინ გამოჩენილა, მეწყრის მდგომარეობა რომ შეეფასებინა და მოსახლეობა დაემშვიდებინა. თუმცა, იმედს მაინც არ კარგავს და მერიის სახელზე განცხადება მაინც დაწერა. გაზაფხულზე გაგზავნილ წერილზე რეაგირებას დღემდე უშედეგოდ ელოდება.
ზედაგორას მეწყრულ უბანში 5 საცხოვრებელი სახლია. ნანას მარჯვენა მეზობლის სახლი ცარიელია. როგორც გვიყვება, იქაურობა რამდენიმე წლის წინ გაარემონტეს, ახალი ფანჯრები ჩასვეს, თუმცა კედლებმა დაშლა დაიწყო და სოფლიდან აყრა მოუწიათო.
ახლა, ეს ხუთივე ოჯახი გასასახლებელია. მათგან კომპენსაცია ჯერ მხოლოდ ერთმა მიიღო. ჩვენი რესპონდენტი, პირობითად, ნანა თანხის მიმღებთა სიაში ვერ მოხვდა. როგორც გვიყვება, ასე უთხრეს, შენი შვილები ქალაქში ცხოვრობენ და მათთან წადიო.
“სახლსაც ცოტ-ცოტა აქვს ბზარები, ეზოს არ ვჩივარ, სახლისკენ არ მოიწიოს ოღონდ…ვიღაც კი მომხედავს და მომივლიან შვილები, მაგრამ ძნელია ნაშრომის დატოვება… ”, – გვეუბნება ნანა სევდიანი ხმით და თან კარ-მიდამოს გვათვალიერებინებს.
ნანას შემდეგ მისი მეზობლის სახლს ვესტუმრეთ. სიტუაცია აქაც მძიმეა. ჭიშკართან უწყვიათ აივნის მოაჯირის რკინები, აგურები და სხვა მასალა, რომელიც ძველი სახლისგან შემორჩათ. ეზოში ერთსართულიანი, სახელდახელოდ აგებული შენობა უდგათ.
“აქ გვედგა ორსართულიანი დიდი სახლი, დიდი აივნებით და დაიხსნა ძალიან… დავშალეთ და ეს ავაშენეთ უცბად, გვეშინოდა არ ჩავარდნილიყო, მაგრამ რად გინდა, უკან მომდგარია ხრამი… ახლოს ძალიან… გვაძლევენ დახმარებას, მაგრამ ჯერ არ აგვიღია და რა ვიცი…”, – გვითხრა ზედაგორაში მცხოვრებმა თინამ.
ოჯახმა განცხადება ერთი წლის წინ დაწერა. უთხრეს, კომპენსაციას მიიღებთ, რომ ახალი საცხოვრებელი დროულად ნახოთო. გასასახლებლად რამდენიმე ვარიანტი უკვე აქვთ, მაგრამ თანხა ჯერ არ აუღიათ. არადა, ეჩქარებათ, რადგან თებერვლის დიდთოვლობამ სიტუაცია დაამძიმა. ეზოს უკანა მონაკვეთი, სადაც ვენახი და ბოსტანი ჰქონდათ, კიდევ უფრო ჩავარდა. წაქცეულია ტალავერის ბოძები [ფოტო ქვემოთ], ხოლო ბოსტნის მიწა, რომელზეც მწვანილი მოჰყავდათ, მეზობლის ეზოშია გადაცოცებული.


ბიულეტენის მიხედვით, მეწყერსაშიში სოფლების ჩამონათვალშია ფერეთაც. გეოლოგებმა ამ სოფლის დამეწყრილი უბნები 2023-2024 წლებში შეისწავლეს. ცნობილია, რომ მეწყერი საფრთხეს უქმნის როგორც საავტომობილო გზას, ისე ელექტროგადამცემ ბოძებს.
სახიფათო მონაკვეთს მარტივად მივაგენით. სოფელში შესვლითანავე შევნიშნეთ, რომ გზის სავალი ნაწილიდან მარცხნივ, ბეტონის ფენა და მიწა ფერდობისკენ იყო ჩაშლილი. გზიდანვე დავინახეთ გორაკზე, პირდაპირ მეწყერზე შემომდგარი მიტოვებული სახლიც.
ფერეთელებმა გვითხრეს, მეწყერი აქ სულ იყო, ჩვენი წინაპრები მისი შიშით ზემოთა ფერდობიდან ქვემოთ ჩამოსახლდნენო. სოფელში მეწყრული კერა ახლაცაა, თუმცა აღარ შიშობენ. როგორც ჩანს, ადგილობრივები მოძრავ მიწას შეგუებულები არიან,მეწყერზე მარტივად საუბრობენ.
“რამდენიმე წელია არის [გზაზე] მეწყერი, წელს გაამაგრეს. სადაც იყო მყარი ადგილი, იქ კი გაჩერდა, მაგრამ იქეთ მხარეს მაინც მიდის. ზოგ ადგილას [ისეთი ციცაბო და ჩავარდნილია], კიბე გინდა, რომ ჩახვიდე. გვაწუხებს რა… გზა თუ არ გვექნა, შეწუხებული არ ვართ? ისეა ზედა უბანიც, ალფაიძეების უბანს ვეძახით. ბეტონის გზა იყო გაკეთებული, მეწყერმა გამოაცალა ბეტონი და წაიღო, გზა დარჩა ჰაერში, მერე ხელახლა გააკეთეს”, – გვითხრეს ფერეთელებმა.
შეიძლება მოსახლეობა საფრთხეს სათანადოდ ვერ გრძნობდეს და სერიოზულობით არ ეკიდებოდეს, თუმცა ამაზე მთავრობამ უნდა მიუთითოს. ამ შემთხვევაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ვალდებულებაა, რომ ხალხი მოსალოდნელი სტიქიის შესახებ გააფრთხილოს და შეამზადოს. ამას ამინდის გაუარესების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით და ზემოთხსენებული ბიულეტენით აკეთებენ. დოკუმენტს საიტზე ტვირთავენ და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს ინფორმაცია ვანელებისთვის, თავად განსაჯეთ.

ფერეთას შემდეგ გზა სალომინაოსკენ განვაგრძეთ. გარემოს ეროვნული სააგენტოსგან ვიცოდით, რომ აქაურებმა საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების შეფასებისთვის ვანის მერიას 2024-25 წლებში მიმართეს. მერია გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა ეს სოფელი ბოლო ორი წლის ბიულეტენებში არ მოხვედრილა. საქმე ისაა, რომ მეწყრის საფრთხეზე რეაგირება დიდი და გაწელილი პროცესია.
როგორია მეწყერსაშიში ზონების კონტროლი
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირად, მიწა უფრო სწრაფად იძვრის, ვიდრე პასუხისმგებელი ორგანოები. ამას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი წერილიც ადასტურებს:
მეწყერსაშიშ ზონებზე რეაგირების ეტაპებია:
- მოქალაქეები მერიას წერილობით, ზარით ან მერის წარმომადგენლის გავლით ატყობინებენ მიწის მასის გადაადგილებაზე;
- მერიის წარმომადგენლები მიდიან ადგილზე, ათვალიერებენ და ასურათებენ ტერიტორიას, შემდეგ კი გარემოს ეროვნულ სააგენტოს უგზავნიან;
- მერია ურეკავს ან წერს თბილისში მდებარე გარემოს ეროვნულ სააგენტოს;
- სააგენტოში წერილებს ახარისხებენ, იკვლევენ გასული წლების მასალას და არკვევენ, უკვე ხომ არ იყვნენ იგივე სოფელში;
- შემდეგ, სწავლობენ ამ ადგილის შესახებ ისტორიულ (საფონდო) მასალებს;
- შემდეგ ყალიბდება სამივლინებო ჯგუფი, რომელიც თბილისიდან ვანში მიემგზავრება;
- ადგილზე ჩასულები აფასებენ გეოდინამიკურ პირობებს, იკვლევენ საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების დაზიანების მიზეზს;
- სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ პორტატული ჯიპიესით (GPS), ფოტოაპარატით, საველე ლეპტოპით, გეოლოგიური კომპასით და რელიეფის საჭიროების მიხედვით, დრონებსაც იყენებენ;
- მხოლოდ ამის შემდეგ წერენ რეკომენდაციას და უგზავნიან მერიებს. მათ, ძირითადად, მეწყერსაშიში უბნების ვიზუალურ მონიტორინგს ავალებენ.
ხშირად ეს პროცესი დროში იწელება. თუ სიტუაცია ფორს-მაჟორულია, რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება, თუმცა სხვა შემთხვევებში, საშუალოდ, 2 კვირიდან 1 თვემდე ინტერვალი სჭირდება.

პრობლემაა სპეციალისტების სიმწირეც. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩვენთან გამოგზავნილ წერილში, ფაქტობრივად, “დაიწუწუნა” – ბევრი სპეციალისტი არ გვყავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტიქიების შეფასებას გეოლოგიის დეპარტამენტის მხოლოდ 25 თანამშრომელი ემსახურებაო.
როგორც ჩანს, გეოლოგი არც ვანის მერიაში ჰყავთ. მოგვწერეს, რომ მეწყერების მონიტორინგის ჯგუფში მხოლოდ ორი ადამიანია დასაქმებული – სამთო და მშენებელი ინჟინერი. თანაც, მონიტორინგს მხოლოდ ვიზუალური დაკვირვებით ატარებენ.
ბუნდოვანია, ვინ და როგორ აკონტროლებს მერიების მიერ რეკომენდაციების შესრულებას. სააგენტო ბიულეტენის ბოლოს რეკომენდაციებს ჩაწერს და ეგაა.
“სააგენტოს მხრიდან არ ხდება გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსის გადამოწმება და არც შესრულების კონკრეტული ვადის განსაზღვრა”,- ვკითხულობთ “აი,ფაქტისთვის” გამოგზავნილ წერილში.
შესაბამისად, გამოდის რომ, მერიას ზემდგომ ორგანოსთან ვალდებულებები არ აკისრია, ის მხოლოდ ხალხისა და ბუნების წინაშეა პასუხისმგებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციაა ისიც, რომ მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდეს ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც თვეში მინიმუმ ორჯერ შემოივლიან სოფლებს და სახლების მიმდებარე ტერიტორიებს დაათვალიერებენ.
ადგილობრივი ძალებით მონიტორინგში ვიზუალური, მხოლოდ თვალით დაკვირვება იგულისხმება. ადგილობრივ ძალებში კი მოქალაქეები და მერიის წარმომადგენლები, რომლებსაც რისკების შეფასების სათანადო ცოდნა შეიძლება სულაც არ ჰქონდეთ.

რომელიც მეწყერმა ჩაანგრია. ფოტო: 12 ივნისი
ვანის მერიამ გვითხრა, მეწყერსაშიშ ადგილებს წელიწადში სამჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში მეტჯერაც ვამოწმებთო. ამას აკეთებს სოფლებში მერის წარმომადგენელი, ასევე მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლები. თუ ადგილზე მისვლისას, ერთი შეხედვით საშიშ სიტუაციას შეამჩნევენ, ასურათებენ და შეფასებისა და რეაგირებისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს უგზავნიან. შემდეგ, როგორც ზემოთ მოგიყევით, ისევ გრძელი და ჩახლართული ბიუროკრატია იწყება.
არადა, ვანის სოფლებში რომ მეწყერები მრავლადაა და ეფექტიანი რეაგირება სჭირდება, ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. 2024 წელს, ვანის მუნიციპალიტეტიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოში 28 შეტყობინება შევიდამ 2025 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით კი 9. ამ შეტყობინებების საფუძველზე მომზადდა ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები 258 ოჯახის (კომლის) შესახებ.
მთავრობას ბუნებრივი კატასტროფების ეფექტიანი კონტროლი რომ არ გამოსდის, ამას აუდიტის სამსახურის უახლესი დასკვნაც ადასტურებს. 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ამბობენ, რომ ქვეყანა ბუნებრივ კატასტროფებს ვერც პროგნოზირებს, ვერც მართავს და ვერც მოქალაქეებს იცავს. ეს სიტუაციაა არა მხოლოდ ვანში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები, რაც ნებისმიერი სახის სტიქიის პრევენციისა და მართვის საფუძველია.
კერძოდ, არ არსებობს/განახლებული არ არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ან სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა. არ არსებობს არც სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს, ვინ მოამზადებს და გაავრცელებს გაფრთხილების მესიჯებს.

“არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყება”,- ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა ამისა, აუდიტის მიხედვით, სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის ადგილობრივ თვითმმართველობებს არც ინსტრუმენტები გააჩნიათ და არც გეგმა…; ბუნდოვანი კანონმდებლობის გამო, თვითმმართველობებმა თვითონაც არ იციან, რა ვალდებულება აკისრიათ.
ამ ქაოსური მართვის ფონზე, რთულია პროგნოზი, როდის და როგორ მოიპოვებენ ჩვენი სტატიის გმირები სიმშვიდეს. თუმცა, იმედია, მეწყრის ჩამოწოლის შიშში აღარ დაიძინებენ და აღარ მოუწევთ ჟურნალისტებს მოგვწერონ – გვიშველეთ, უყურადღებოდ ვართ დარჩენილებიო.
ავტორის შენიშვნა: [ბუნებრივია, ვანის მერიაში მოვიკითხეთ, რამდენი მეწყერსაშიში ადგილი შეამოწმეს 2025 წლის თებერვლის დიდთოვლობის შემდეგ, რამდენი შეტყობინება მიიღეს სახიფათო უბნებზე და რომელი სოფლებიდან. გვაინტერესებდა ისიც, ხომ არ გამოუცხადებიათ შესყიდვა მეწყრული კერების გასამაგრებლად. ვანის მერიამ გვითხრა, ვიცით, რომ კანონით დადგენილ ვადებს გადავცდით, მაგრამ ვრცელი მასალაა და დრო გვჭირდებაო. თუ ინფორმაციას სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც მოგვაწვდიან, ტექსტს შესაბამისად განვაახლებთ]