fbpx

ტაქსის მძღოლები ქართულ კლინიკებს აზერბაიჯანელი პაციენტების მოზიდვაში ეხმარებიან

“გასულ წელს აზერბაიჯანში 5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა უფასო სამედიცინო შემოწმება. როგორც ვიცი, მსოფლიოში მსგავსი რამ არ ხდება,” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 29 იანვარს გამართულ კონფერენციაზე, სადაც რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ოთხწლიანი პროგრამა შეაჯამა.

ალიევის განცხადებიდან ორ კვირაში, 12 თებერვალს ერთი დღის მანძილზე 120-ზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, თბილისში, “თოდუას კლინიკაში” მკურნალობის ფასიანი კურსის ჩასატარებლად.

“თოდუას კლინიკა” არ არის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება საქართველოში, რომელიც აზერბაიჯანელ პაციენტებს ემსახურება. “ნიუ ჰოსპიტალსის” დირექტორმა, ნიკა ოქრიაშვილმა 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ “განჯაში არსებობს ავტობუსის გაჩერება, სადაც ტაქსის მძღოლები პაციენტებს ელოდებიან. ისინი ჩვენთან მუშაობენ და ყოველწლიურად 8,000-მდე აზერბაიჯანელი პაციენტი მოყავთ” (განჯა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია და თბილისიდან 170 კილომეტრითაა დაშორებული).

“ტაქსის მძღოლები პროფესიონალები არიან. მათ სამედიცინო ტერმინოლოგიაც კი იციან. პაციენტს ეკითხებიან რა აწუხებს და შემდეგ, სანამ კლინიკაში მოიყვანენ, ტელეფონზე შეტყობინებას მიგზავნიან. აზერბაიჯანელებს ბევრი ფული და უზარმაზარი საავადმყოფოები აქვთ. თუმცა, სამკურნალოდ მაინც თბილისში ჩამოდიან,” – აცხადებდა ოქრიაშვილი.

პრეზიდენტ ალიევს კი მიაჩნია, რომ მათთან უკვე არსებობს კარგად აღჭურვილი, თანამედროვე საავადმყოფოები და მოქალაქეებს შეუძლიათ ამ შესაძლებლობების გამოყენება, “რათა მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიიღონ.”

ფიქრათ მუსაევი “თოდუას კლინიკის” ტაქსის მძღოლად მუშაობს. მისი მოვალეობაა “წითელი ხიდიდან” (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან) პაციენტების კლინიკამდე მიყვანა. ასევე სამედიცინო დოკუმენტების ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა.

მუსაევი ამბობს, რომ აზერბაიჯანში კარგად იცნობენ. თუ ვინმეს თბილისში სამკურნალოდ ჩამოსვლა უნდა, მას ურეკავენ, შემდეგ საზღვართან ხვდება და “თოდუას კლინიკაში” მოყავს.
“ფულს პაციენტები მიხდიან (დაახლოებით 30-32 ლარს), რომ კლინიკაში წავიყვანო,” – ამბობს მუსაევი. “თარგმანისთვის დამატებით ანაზღაურებას არ ვიღებ. კლინიკაც მიხდის გარკვეულ თანხას სამუშაოს შესრულებისთვის.”

1.Fikrat Musayev
მძღოლი ფიქრათ მუსაევი

“ამჟამად ჩვენს საავადმყოფოში 50-ზე მეტი აზერბაიჯანელი პაციენტი მკურნალობს. უმეტესობას C ჰეპატიტი აქვს, რისი მკურნალობაც საქართველოში უფასოა. სხვა დაავადებების შემთხვევაში აზერბაიჯანელებიც იმავე თანხას იხდიან მკურნალობისთვის, რასაც ქართველები.” საქართველოს სხვა კლინიკებში, როგორც წესი, სხვა ეროვნების პაციენტებს მეტი თანხის გადახდა უწევთ ვიდრე ქართველებს.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს 435 ადამიანს დაუსვეს C ჰეპატიტის დიაგნოზი. მონაცემები მომდევნო წლებში არ განახლებულა.

მუსაევი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოში დასმული დიაგნოზი განსხვავდება იმისგან, რაც პაციენტს აზერბაიჯანში უთხრეს. “მყავს ერთი პაციენტი აზერბაიჯანიდან. უთხრეს, რომ მკერდის კიბო ჰქონდა და უნდა მოეკვეთათ. თუმცა, აქ სრულიად სხვა დიაგნოზი დაუსვეს და აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა სულაც არ აწუხებდა.”

“ჯამში 15 მძღოლი ვართ და სხვადასხვა საავადმყოფოებს ვემსახურებით. ერთმანეთს მუდმივად ვეკონტაქტებით და ექიმებისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ვცვლით.”

მუსაევი ამბობს, რომ 2015 წელს მანათის 50 პროცენტით გაუფასურების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდა. “ახლა მოდიან არა იმიტომ, რომ მკურნალობა უფრო იაფია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში უფრო მაღალი ხარისხია.”

რუსტამ მამადოვი ტაქსის მძღოლი-კონსულტანტია, რომელიც “ნიუ ჰოსპიტალსისთვის” მისი გახსნის დღიდან მუშაობს. “წითელი ხიდიდან პაციენტები კლინიკაში მიგვყავს და თუ დასჭირდათ, ყველაფერში ვეხმარებით. ზოგჯერ დღეში 2-3 პაციენტი მყავს, ზოგჯერ ნაკლები. წინათ დღეში 6-7 პაციენტს ვემსახურებოდი.”

2. Rustam Mammadov
მძღოლი რუსტამ მამადოვი

მამადოვი ამბობს, რომ “ნიუ ჰოსპიტალსს” განჯაში 4 მძღოლი ჰყავს. მისი თქმით, პაციენტების ნახევარს თვალის პრობლემა აქვს. ამბობს, რომ ბევრი ქალი აზერბაიჯანიდან მკერდის კიბოს დიაგნოზით მოდის და საქართველოში სულ სხვა პასუხს იღებს. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს 1,563 ქალს დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი და იმ დროისთვის 9,712 ქალი ამ დაავადებას ებრძოდა.

მამადოვი ამბობს, რომ “ნიუ ჰოსპიტალში” წაყვანისთვის პაციენტები ფულს უხდიან. თითოეულ პაციენტზე დამატებით ანაზღაურებას კლინიკაც აძლევს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მუხთარლის საქმის განხილვა აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო
mukhtarli 2

მუხთარლის საქმის განხილვა აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share