დილის 10 საათისთვის ბაქოს ცენტრალურ საავადმყოფოსთან, ექიმ მირჯალალ ქაზიმის ოფისის წინ პაციენტები იკრიბებიან. უმეტესობა მას ტელევიზიიდან იცნობს.
“იმიტომ მოდიხართ, რომ ხოშგადამ ბახშალიევას გადაცემა ნახეთ?” – ერთმანეთს ეკითხებიან ცნობილი თოქ-შოუს შესახებ. “ის ყოველთვის აქებს მირჯალალს და ამბობს, რომ კარგი ექიმია.”
ქაზიმის სპეციალობა ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. ის იმდენად წამყვამი ფიგურაა ამ სფეროში, რომ როდესაც “აი, ფაქტის” ჟურნალისტმა აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციაზე ინფორმაცია მოსთხოვა, მათ ქაზიმის საკონტაქტო ინფორმაცია მისცეს და უთხრეს: “მას ჰკითხეთ.”
ქაზიმი თავისუფლად საუბრობდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებზე, მანამ, სანამ
ჟურნალისტმა ლანცეტის სამედიცინო ცენტრზე არ დაუსვა შეკითხვა. ცენტრი საქართველოში, კერძოდ თბილისში მდებარეობს. “ამ თემაზე არ ვისაუბრებ,” – განაცხადა ხმამაღალი ტონით და ინტერვიუც მალევე დაასრულა.
2016 წლის მარტში, ლანცეტის კლინიკაში ქაზიმმა ერთ კვირაში ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩაატარა. 64 წლის კარლო კეკელიძე და 41 წლის გიორგი ჩუბინიძე მისი პაციენტები იყვნენ. ორივე მათგანი ოპერაციიდან 7 დღეში გარდაიცვალა.
ახლა ქაზიმსა და სამ სხვა ექიმს ბაქოს ტრანსპლანტაციის ჯგუფიდან, კამრან ბეიდულაევს, გულამ რუსტამ ზადესს და მაილ სადიევს ბრალად ედებათ თაღლითობა და საქართველოში ოპერაციების ლიცენზიის გარეშე ჩატარება. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაზიმმა ოპერაციისთვის 35 ათასი ლარი მიიღო. ეს თანხა ერთ-ერთი პაციენტის ოჯახმა კლინიკა ლანცეტს გადაუხადა.
ქაზიმი 15 თვის განმავლობაში ეცნობოდა ლანცეტის სამედიცინო ცენტრის საქმიანობას. ორი გარდაცვლილი პაციენტის გარდა მას სხვა პაციენტები ღვიძლის გადანერგვისთვის არ ჰყოლია. ისინი კაზიმთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ლანცეტმა სარეკლამო კამპანია დაიწყო – “ცნობილი თურქი ექიმები” თბილისში იმყოფებიან და გადანერგვის ოპერაციებს აკეთებენ.
ერთ-ერთი პაციენტი პალატიდან ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიყვანეს, რათა ხელი მოეწერა 40,000 აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებისთვის, რაც პროცედურის საფასურის გადახდას გულისხმობდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ გაუცია თანხმობა არც ერთი ტრანსპლანტაციისთვის და ერთის შესახებ ინფორმაციც კი არ ჰქონდა. ახლახანს ლანცეტის დამფუძნებელს თაღლითობისთვის 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
პაციენტები
კარლო კეკელიძემ სხვა კლინიკების ექიმებთან კონსულტაცია გაიარა, სანამ მისი ოჯახი ლანცეტის კლინიკას 40,000 აშშ დოლარს გადაუხდიდა. ექიმებმა უთხრეს, რომ ტრანსპლანტაცია სასწრაფო იყო.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კი არ ჩქარობდა. ადამიანთა უფლებების ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე ორივე პაციენტის ოჯახთან მუშაობდა. მისი თქმით სამინისტროსთან არსებულ საბჭოს ოპერაციების გაკეთების ნებართვა არ გაუცია.
კეკელიძე ოპერაციიდან 7 დღის შემდეგ გარდაიცვალა. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მან ოპერაციის შესახებ მხოლოდ მისი ჩატარებიდან 2 დღის შემდეგ გაიგო.
ლონდარიძე ამბობს, რომ ლანცეტის დამფუძნებლის, ფარმან ჯეირანლის სასამართლო პროცესზე ტრანსპლანტაციის ექსპერტმა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ არ არსებობდა ოპერაციის სასწრაფოდ ჩატარების აუცილებლობა.
დონორი იყო ლეანა დოლორენტი, კეკელიძის ქალიშვილი. ექიმი გია თომაძე, რომელიც საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ოჯახის წევრები საუკეთესო დონორები არიან.
თუმცა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მიღებული დოკუმენტებით ვერ დასტურდებოდა მათი სისხლით ნათესაობა. ნათია ნოღაიდელი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, ამბობს, რომ სამინისტრო ითხოვს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს დონორისა და მიმღების ნათესაურ კავშირს. ასევე, თანხმობის დოკუმენტს, ხელმოწერილს ორივე მხარის მიერ, დოკუმენტებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სისხლის ანალიზის დოკუმენტს, რომელიც მიუთითებს, პაციენტის ორგანიზმი სავარაუდოდ მიიღებს თუ უარყოფს ახალი ღვიძლის ქსოვილს.
კომისია ყველა აღნიშნულ დოკუმენტს განიხილავს, სანამ ოპერაციაზე თანხმობას გასცემს. როგორც ნოღაიდელი ამბობს, დოკუმენტების მიწოდება ონლაინ ხდება და კომისიას 48 საათი აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.
სანამ ოჯახი დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენდა, ქაზიმმა 11 საათიანი ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაატარა. პაციენტის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოპერაციის შემდეგ მას (პაციენტს) შავი ფერის ფეკალიები ჰქონდა. ლანცეტის დირექტორის, ფარმან ჯეირანლის სასამართლოზე გამოვლენილი გარემოებების თანახმად, პაციენტი, შესაძლოა, შინაგანი სისხლდენისგან გარდაიცვალა.
2016 წლის 7 მარტს, კეკელიძის ოპერაციიდან 4 დღეში და გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე, ტელეკომპანია GDS-ის შუადღის თოქ-შოუში ლანცეტის კლინიკისა და ქაზიმის ოპერაციების შესახებ ისაუბრეს. კლინიკა პაციენტებს ღვიძლის გადანერგვის წარმატებულ ოპერაციებს ჰპირდებოდა და ამ მიმართულებით სკოლის დაარსებაზეც საუბრობდა.
სიუჟეტში ჩანს კეკელიძეც ქალიშვილთან ერთად. “ოპერაციის შემდეგ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს, თავიდან დავიბადე,” – ამბობს ის ჟურნალისტთან საუბრისას.
როგორც იურისტი ლონდარიძე ამბობს, გიორგი ჩუბინიძე ღვიძლზე რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანეთში მკურნალობდა (პაციენტის ოჯახის წევრებმა “აი ფაქტის” ჟურნალისტთან პირისპირ საუბარი არ ისურვეს).
“ჩვენ გვაქვს დასკვნა ესპანელი ექიმებისგან, რომ მას არ სჭირდებოდა ტრანსპლანტი,” – აღნიშნავს ლონდარიძე. “მხოლოდ მონიტორინგი 6 თვეში ერთხელ. დასკვნაში მითითებულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უარესდებოდა.”
ესპანეთიდან დაბრუნებიდან 3 თვის შემდეგ, ჩუბინიძის ოჯახმა ლანცეტის რეკლამა ნახა და კიდევ ერთი კონსულტაციის გავლა გადაწყვიტა.
ლონდარიძე ამბობს, რომ ლანცეტის ექიმების გადაწყვეტილებით ჩუბინიძეს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ტრანსპლანტაცია. ოჯახს სამკურნალოდ ისევ ესპანეთში წასვლა სურდა. თუმცა, ლანცეტის ექიმებმა დაარწმუნეს, რომ ფრენას შესაძლოა სისხლზე თრომბის წარმოქმნა გამოეწვია და ამის გამო, შეიძლებოდა, პაციენტი გარდაცვლილიყო.
ჯეირანლის სასამართლო პროცესზე სამედიცინო ექსპერტებმა ჩვენება მისცეს, რომლის თანახმადაც ჩუბინიძეს სისხლში თრომბის წარმოქმნის არანაირი ნიშანი არ ჰქონდა.
ლონდარიძე ამბობს, რომ ლანცეტმა ანალიზები კონსულტაციისთვის გერმანიის კლინიკაში გააგზავნა. მაგრამ ქაზიმმა ოპერაცია გერმანიიდან პასუხის მოსვლამდე ჩაატარა. დონორი ჩუბინიძის ბიძაშვილი, იონა შენგელია იყო. 7 დღის შემდეგ ჩუბინიძე გარდაიცვალა.
ჩუბინიძის ოჯახს არ ჰქონდა 40,000 აშშ დოლარი ტრანსპლანტაციისთვის. მათ თანხის შეგროვებისთვის რამდენიმე დღე ითხოვეს. ლანცეტის კლინიკამ ოჯახს უთხრა, რომ პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია.
მოგვიანებით კლნიკამ ოჯახს აცნობა, რომ მათ შეეძლოთ ფულის სესხება. ლონდარიძე ამბობს, რომ ჩუბინიძე პალატიდან შუაღამისას წაიყვანეს ნოტარიუსთან დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად. მის ცოლს ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა, რადგან მის სახელზე ქონება არ ირიცხებოდა.
ორი ადამიანი ვინც სესხის დოკუმენტს ხელი მოაწერა იყვნენ ჩუბინიძე და გიორგი არჩბაძე – ლანცეტის იურისტი. დოკუმენტში არ არის ნახსენები არც ლანცეტი და არც თანხის დანიშნულება. 40,000 აშშ დოლარი ოჯახს ერთი თვის განმავლობაში უნდა დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე 1% დაირიცხებოდა.
ჩუბინიძის გარდაცვალების შემდეგ კლინიკა ოჯახს სესხის გადახდისთვის დაუკავშირდა. ოჯახმა უარი განაცხადა.
ღვიძლის უკმარისობა, შინაგანი სისხლდენა, თირკმლის უკმარისობა და ფილტვის უკმარისობა – ამ ყველაფერმა ჩუბინიძის გარდაცვალება გამოიწვია. თომაძის განცხადებით, სამინისტროს საბჭო ოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
ქაზიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ორივე ოპერაციაზე გასცა თანხმობა.
“პროცედურა განსხვავდება აზერბაიჯანში,” – ამბობს ის. “პაციენტი მოდის ნათესავთან ერთად, რომელიც იქნება დონორი. თუ ისინი მიესადაგებიან ერთამენთს, კლინიკა წყვეტს გააკეთოს თუ არა ოპერაცია.”
“მე ვარ ერთადერთი ექიმი აზერბაიჯანში, რომელიც აკეთებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას. თურქი ექიმები ჩამოვიდნენ და ჩაატარეს სამი ოპერაცია, ყველა დანარჩენი მე ჩავატარე. ჩვენ ყველა პაციენტს ვაცნობთ ოპერაციის შესაძლო რისკებს. საქართველოში პროცედურა სხვანაირია. დონორი და მიმღები მიდიან ჯანდაცვის სამინისტროში და კომისია წყვეტს უნდა ჩატარდეს თუ არა ოპერაცია.”
“ბევრი შემთხვევაა, როდესაც ისინი არ მიესადაგებიან ერთმანეთს. აზერბაიჯანში ჩვენ ვეუბნებით პაციენტს, რომ დონორი არ გამოდგება. თუ მიესადაგებიან, მაშინ უკვე ოპერაციის თარიღს ვნიშნავთ.”
ქაზიმი ამბობს, რომ აზერბაიჯანში 2008 წლიდან ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის 117 ოპერაციიდან 114 მისი გაკეთებულია. მისი თქმით, აზერბაიჯანში ამ ოპერაციების შედეგად 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კლინიკა ლანცეტში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ორივე პაციენტი გარდაიცვალა. 2014 წლიდან საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის 33 ოპერაცია ჩატარდა და აქედან 5 პაციენტი გარდაიცვალა. ღვიძლის გადანერგვა თბილისში ავერსისა და ინგოროყვას კლინიკებშია შესაძლებელი, ბათუმში კი – ევექსის კლინიკაში.
თომაძე ამბობს, რომ უცხოელ ექიმებს საქართველოში სამედიცინო საქმიანობისთვის ლიცენზია სჭირდებათ. ქაზიმმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 1 წლიანი ლიცენზია აიღო, რომელსაც მოქმედების ვადა იმ ორი ოპერაციის ჩატარებამდე გაუვიდა. ორივე პაციენტის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ ლიცენზია განააახლეს. მისი გუნდის 3 აზერბაიჯანელ ექიმს საქართველოში ლიცენზია არასდროს მიუღიათ.
“იმისთვის, რომ უცხოელ ექიმს მივცეთ ლიცენზია, ჩვენ ვამოწმებთ მის მოქალაქეობას, განათლებას, რეზიუმეს, ლიცენზიას მის სამშობლოში და ჩატარებულ ოპერაციებს,” – ამბობს თომაძე. “ჩვენ ვაძლევთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება.”
თომაძე ამბობს, რომ შესაძლოა ქაზიმს ლიცენზიის განახლება დაავიწყდა. “პირადად ვიცნობ და კარგი პიროვნებაა. პირადად მივეცი რეკომენდაცია ლიცენზიის ასაღებად. გვინდოდა, რომ აქაც გაეკეთებინა ტრანსპლანტაციის ოპერაციები.”
როდესაც ვკითხეთ, რატომ იყო რეკლამაში მითითებული, რომ ქაზიმი თურქი ექიმია, თომაძემ გვიპასუხა: “ალბათ შეცდომაა. არ ვიცი გამიზნულად მოხდა, თუ შემთხვევით. ქაზიმმა სამედიცინო განათლება ნაწილობრივ თურქეთში მიიღო.”
საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ ლანცეტის კლინიკამ როგორც სატელევიზიო, ისე სოციალურ მედიაში განთავსებულ რეკლამებში მიუთითა, რომ მოწვეული ექიმი თურქეთიდან ჩამოვიდა. ის ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებდა.
ლანცეტის დირექტორი ჯეირანლი ამტკიცებს, რომ მას აზერბაიჯანში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო სჯიან. მთავრობის მომხრე მედიამ ის პოლიტიკური დისიდენტების მხარდაჭერასა და მათ დაფინანსებაში დაადანაშაულა. ისინი ამბობენ, რომ ლანცეტის კლინიკაში უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ვიდრე აზერბაიჯანში.
ლანცეტის კლინიკა დაიკეტა და ხელახლა გაიხსნა ვივა მედის სახელით.
ქაზიმმა აზერბაიჯანის პრეს სააგენტოს (APA) უთხრა, რომ ჯეირანლი ცდილობს პაციენტების გარდაცვალებაში ის დაადანაშაულოს: “სამედიცინო ექსპერტმა ჯეირანლის სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ სამედიცინო კუთხით შეცდომა არ ყოფილა. გამოდის, რომ ჯეირანლის მიმართ ბრალდებები ჩემს ოპერაციებთან კავშირში არაა. სასამართლო პროცესის მთავარი თემა იყო პაციენტების ოჯახებისთვის ფინანსური კომპენსაცია. მე განვაცხადე, რომ ამ ოჯახებისგან არაფერი ამიღია.”
ქაზიმი საქართველოში სასამართლო პროცესებზე ჩამოსვლას აღარ აპირებს. მან “აი ფაქტის” ჟურნალისტს უთხრა: “ჩვენ გამამართლებელ განაჩენს მივიღებთ.”