fbpx
sergi

ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ზურაბ) ჩეკურიშვილი

🔍 #აიფაქტი: ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ზურაბ) ჩეკურიშვილი სინოდში რუსოფილობით გამორჩეულია. მონაწილეობს რუსულ კონცერტებში, მასპინძლობს და სტუმრობს რუს მღვდელმთავრებს. მეგობრობს ანტიდასავლელ სასულიერო პირებთან, რომლებიც ნატო-ს სისხლიან ალიანსს უწოდებენ და “აგვისტოს ომში” მხოლოდ საქართველოს ადანაშაულებენ.

2013 წელს მიტროპოლიტი სერგი ამბობდა, კომუნისტებმა ქართული ეკლესიები კი გაანადგურეს, მაგრამ ეს ღმერთის ნება იყოო:

“ამოდენა ეკლესია – მონასტრები დაანგრიეს, დალეწეს, გააუბედურეს. ერთმა წმინდანმა იტირა და ღმერთს ჰკითხა, ასეთი ნაშენები განა შეიძლებოდა ასე მოესპოთო? გამოეცხადა უფალი და უთხრა, მე ეს ტაძრები და მონასტრები იმისთვის მაქვს, რომ ადამიანებმა სულები იცხონონ, მაგრამ იქ ისეთი სული შევიდა, ცხონების შანსი აღარ იყოო. უფალმა არ დაინანა და მოკაშკაშე, მოელვარე ეკლესიებიც კი დაანგრევინა.”

სერგი ჩეკურიშვილი 2020 წლის თებერვალში პატრიარქზე ამბობდა, რომ ის მოციქულია და ახალი კანონების დადგენაც შეუძლიაო.

მიტროპოლიტმა 2010 წლის ოქტომბერში ნეკრესის ეპარქიაში უმასპინძლა ილარიონ ალფეევს. ის რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას ხელმძღვანელობს. ალფეევმა ნეკრესის ეპარქიაში ვიზიტისას თქვა: “ბევრი ადამიანი არის პროპაგანდის მსხვერპლი, რომელიც ორ ერს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს. თანაც ისინი ერთმანეთის მეზობლები, ერთი რწმენის მიმდევრები არიან. ამ ერების შერიგება სასულიერო პირების ვალია.”

მეუფე სერგი თავადაც სტუმრობს რუსეთის საპატრიარქოს კარს. 2010 წლის ნოემბერში ის მიტროპოლიტ ვლადიმირის იუბილეს დაესწრო. 2017 წლის მაისში, პატრიარქ კირილთან ერთად, მოსკოვში სადღესასწაულო წირვა ჩაატარა.

2013 წლის სექტემბერში მიტროპოლიტმა გრემის სემინარიის გუნდი კონცერტზე ჩაიყვანა რუსეთში, კალინინგრადსა და ფსკოვში. მანამდე გუნდმა კიევში, ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტ აგაფანგელთან სტუმრობისას იმღერა. აგაფანგელ სავინი ღიად პრო-რუსი სასულიერო პირია. ის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება. ამბობს, რომ ნატო არის “სისხლი, ომი და ცრემლები.” 2008 წლის სექტემბერში მიტროპოლიტმა სავინმა თქვა, რომ “აგვისტოს ომში” საქართველომ საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო:

“საქართველოს ხელისუფლება ჭკუიდან შეიშალა. მათი ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს ომი. ვლადიმერ პუტინმა სწორად უწოდა ამ ყველაფერს ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს ხალხის გადასარჩენად. ქართველი ხალხი, ალბათ, ხვდება, რომ მათმა ხელისუფლებამ ღვთის შიში და სინდისი დაკარგა, როგორ შეიძლება ესროლო ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს? ისინი ამას აკეთებენ ნატოს და აშშ-ის მმართველობის ქვეშ, რომელთაც არ სურთ მშვიდობა დედამიწაზე.”

მიტროპოლიტმა სერგიმ სასულიერო ცხოვრება რუსეთში დაიწყო. ამბობს, რომ ეკლესიას “კლინიკური სიკვდილით” დაუახლოვდა: “ხარკოვში ერთ ყბა-სახის ქირურგთან, ნარკოზის გაკეთება შემომთავაზეს, გავიკეთე და მოვკვდი. თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან. გამოფხიზლებული ისეთი შეშინებული გამოვვარდი, პირდაპირ ეკლესიაში წავედი”.

ზურაბ ჩეკურიშვილი ჯერ მორჩილი იყო მოსკოვის ლავრაში, 1987 წელს კი ბერად აღკვეცეს. სახელი რუსი წმინდანის, სერგი რადონეჟელის გამო შეურჩიეს. საქართველოში 1988 წელს ჩამოვიდა და საფარის მონასტრის წინამღძვარი გახდა. 1992 წელს, მეუფე სერგი ახალციხის სემინარიის რექტორად დაინიშნა, შემდეგ მთავარეპისკოპოსობა და მიტროპოლიტობა ებოძა. სერგი ჩეკურიშვილი ნეკრესის ეპარქიას 1997 წლიდან მართავს.

მიტროპოლიტი სერგი 1981 წლიდან ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, სასულიერო განათლება კი მოსკოვის სემინარიაში მიიღო. აბობს, რომ სემინარიაში ჩაბარებამდე, რჩევა ზაგორსკის სასწავლებლის ლექტორს, ნაუმ ბაიბოროდინს ჰკითხა.

“რუსეთში დავამთავრე და არ ვიცი, რატომ თვლიან რომ აგენტი ვარ ან რაღაცა… შეთხზეს, რომ თითქოს აგენტი ვარ. როგორც კი ჩამოვედი, იმ დღიდან მაქვს ბრძოლები. ხან ოსი ვიყავი, ხან სომეხი, ხან ებრაელი და ხან “კაგებეშნიკი”” , – ამბობს სერგი ჩეკურიშვილი.

მიტროპოლიტმა 33 წლის წინ, ბერად აღკვეცისას, უპოვარების აღთქმა დადო. ამ პირობით, ის ახლა არაფრის მქონე უნდა იყოს. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეუფე სერგის საკუთრებაა:

8,000 კვ.მ. მიწა ყვარელში, ყოფილი საავტომობილო სკოლის ტერიტორიაზე და მასზე არსებული შენობა – ნაგებობა. უძრავი ქონება 2006 წელს 13,815 ლარად შეიძინა.

993 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი თბილისში, ავჭალაში, რომელიც 2015 წელს ვაჟა ჩეკურიშვილმა აჩუქა. მან ქონება 2004 წელს 30,300 ლარად იყიდა.

მეუფე სერგი ბიზნესსაქმიანობაშიც არის ჩართული. მას ეკუთვნის რესტორანი ნეკრესის მონასტერთან ახლოს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რესტორანი მოქმედია, მას ძირითადად, ტაძრის მრევლი სტუმრობს და დაბადების დღეებს აღნიშნავენ. რესტორანი საჯარო რეესტრში შპს “ნეკრესის” სახელით არის რეგისტრირებული.

ნეკრესელი მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს 7 ორგანიზაციას:

1. ა(ა)იპ “საეკლესიო პროექტების განვითარების საქველმოქმედო ფონდი;”
2. ა(ა)იპ “ყვარლის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია;”
3. ა(ა)იპ “წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია;”
4. შპს “ყვარლის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია;”
5. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია;”
6. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს ნეკრესის ეპარქიის განვითარებისა და განათლების ცენტრი;”
7. ა(ა)იპ “ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის აღორძინების ფონდი.”

01 3

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი
fachuashvili

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share