პრორუსული, პუტინისტური და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფა 2021 წლის 5 ივლისს, ერთ დღეში და მოულოდნელად არ დაწყებულა. ამისთვის ნიადაგი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.
ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ შეურაცხყოფასა და აგრესიას ორგანიზებული სახე აქვს. 2021 წლის 11 მარტს ჟურნალისტების “გასაშავებლად” ფეისბუქში ორი გვერდი შეიქმნა, “ჟჟურნალისტები” და fake დეტექტორი. თუ იმდროინდელ მოვლენებსა და ამ გვერდების პირველ პოსტებს გავიხსენებთ, დროში ემთხვევა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშილის (6 მარტი) ფარული ჩანაწერების გავრცელებას. სწორედ ამის შემდეგ იქმნება ეს გვერდები და პირველ სამიზნედ ტ/კ “პირველსა” და ნოდარ მელაძეს ირჩევენ.
მელაძის შემდეგ ამ გვერდებმა საქმიანობის ველი განავრცეს და სხვა მედიებსა და ჟურნალისტებსაც გადაწვდნენ. აქ ვრცელდება კონტექსტიდან ამოგლეჯილი პატარა ვიდეოები, ფოტოები ჟურნალისტებისა და ტელეწამყვანების პირადი გვერდებიდან. ორივე გვერდზე, უმეტესად, ერთი და იგივე მასალა ვრცელდება, ოღონდ გვერდის შესაბამისი ლოგოთი.
ამ ორი გვერდის მიერ გავრცელებული მასალის აქტიური მომხმარებლები არიან პრორუსი ბექა ვარდოსანიძე, ალტ-ინფოსა და ლევან ვასაძის მხარდამჭერები.
მარტიდან 5 ივლისამდე ამ გვერდებზე დაახლოებით კვირაში ერთი მასალა ქვეყნდებოდა ხოლმე. ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისა და ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ “ჟჟურნალისტების” გვერდი გააქტიურდა და კვირაში რამდენიმე მასალის გამოქვეყნება დაიწყო. თუ ადრე მხოლოდ ცნობილ ტელეწამყვანებსა და მედია მენეჯერებს ერჩოდნენ, 5 ივლისის შემდეგ აგრესია ყველა ჟურნალისტზე გადანაწილდა.
ზუსტად იმის თქმა, თუ ვინ მართავს ამ გვერდებს და ვინ დგას მათ უკან, რთულია და ამის დადგენა საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ. ჩვენ რაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მოვიკვლიეთ, გიზიარებთ.
“fake დეტექტორს” აქვს თავისი ჯგუფი, რომელიც 22 ივლისს შეიქმნა. ამ ჯგუფის შემქმნელი და ადმინები thornike zedelashvili, გიორგი ზედელაშვილი და fake დეტექტორია. თორნიკე ზედელაშილი კი ინტერნეტგამოცემა ლიდერის დამფუძნებელია. ამ ჯგუფში ხშირად ზიარდება პრორუსული, პროპაგანდისტული პლატფორმა “ალტ-ინფოს”, ბექა ვარდოსანიძის თუ რამინ აბესაძის მასალებიც.
“აი, ფაქტმა” “fake დეტექტორის” ადმინისტრაციას მიწერა. მოპასუხე გიორგი ზედელაშვილად გაგვეცნო. გვერდი ყალბი ანგარიშის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამაში თქვენც დარწმუნდებით, თუ მასზე გამოქვეყნებულ მასალას ყურადღებით გაეცნობით.
ამ მიმოწერისას გვერდის ადმინისტრატორმა გვითხრა, რომ ეს სივრცე არის კომედიური სახის და მისი მიზანი მხოლოდ შარჟია. ის არ მოუწოდებს არავის ძალადობისკენ და გვერდი მხოლოდ იუმორისტული ხასიათისაა. ეს ყველაფერი კი მისი ჰობია.
“არ ვარ კომპანია, არ მიხდიან ფულს ამაში, ეს ჩემი გასართობია და ჩემს გვერდზე რა კონტენტსაც მინდა, იმას დავაგდებ. ფბ-ის რეგულაციებს არ ვარღვევ და არც თუ ისე ბევრი მიმდევარი მყავს. მე მგონი ჯობია ცოტა დიდ ჯგუფებს მისწეროთ,” – გვიპასუხა “fake დეტექტორმა” ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ ავრცელებენ ამ სახის მასალებს ჟურნალისტების წინააღმდეგ.
კიდევ ერთი გვერდი, რომელიც ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს, “ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტებია”. ეს გვერდი 31 ივლისს შეიქმნა და უკვე 3,000 მომწონებელი ჰყავს. გვერდზე განთავსებული ყველა პოსტი დარეკლამებულია. რეკლამაში ფულს კი ვინმე ნათელა კილაძე იხდის. 31 ივლისის შემდეგ 11 პოსტის დარეკლამებაში მან 179 დოლარი დახარჯა.
“აი,ფაქტი” შეეეცადა, გაერკვია ვინ არის ნათელა კილაძე და რატომ ასპონსორებს ჟურნალისტების წინააღმდეგ პოსტებს. თუმცა, ჯერჯერობით, მის კვალს ვერ მივაგენით. კითხვები ნათელა კილაძის დასპონსორებულ გვერდებსაც მივწერეთ, ისევე როგორც სხვა დანარჩენს. კონტაქტზე არც ერთი მათგანი გამოსულა.
“ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტების” მიერ გავრცელებული პოსტების კონტექსტი კი ზუსტად იგივეა, რაც წინა ორი გვერდის შემთხვევაში.
ამ გვერდების კოორდინირებულ ქმედებას კიდევ ერთი ვიდეო ადასტურებს, რომელიც 7 აგვისტოს “ჟჟურნალისტებზე” 6:43-ზე გამოქვეყნდა, ხოლო “ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტებზე” 6:46 წუთზე. ვიდეოს დასათაურებაც კი ორივე შემთხვევაში მსგავსია. კოორდინირებულად რომ არ მუშაობდნენ, მაშინ “ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტების” ადმინისტრაციას წამებში უნდა ენახა “ჟჟურნალისტებზე” გამოქვეყნებული მასალა, ჩამოეტვირთა, სამონტაჟო პროგრამაში დაედო საკუთარი ლოგო ვიდეოზე და თავიდან აეტვირთა ფეისბუქის გვერდზე.