fbpx

ვინ რას მალავს დეკლარაციებში? – ნაწილი 2

Screenshot 2020 12 23 at 09.51.52 2

“აი, ფაქტმა” ამჯერად ტყიბულში, ზესტაფონში, თერჯოლასა და ბაღდათში მოქმედი  საჯარო მოხელეების დეკლარაციები შეისწავლა. 

ჯამში, ოთხივე მუნიციპალიტეტში დეკლარაციის შევსების ვალდებულება 95 საჯარო მოხელეს აქვს. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული 24 ადამიანიდან დეკლარაცია არასწორად აქვს შევსებული მხოლოდ ორს. თერჯოლის 25 საჯარო მოხელიდან ხუთს, ზესტაფონის 24 საჯარო მოხელიდან მხოლოდ ერთს, ხოლო ბაღდათის მუნიციპალიტეტის 23 საჯარო მოხელიდან დეკლარაცია არასრულად ოთხ  ადამიანს აქვს შევსებული. ანუ შესწავლილი დეკლარაციებიდან 13 პროცენტია დარღვევებით შედგენილი.

დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვს მერს, მის მოადგილეებს, მერიის სამსახურების უფროსებს, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებსა და ფრაქციების თავმჯდომარეებს. 

დეკლარაციების არასწორად შევსება არის ადმინისტრაციული კანონდარღვევა და იწვევს პირის დაჯარიმებას. 

ტყიბულის საჯარო მოხელეები  

ვახტანგ გვენეტაძე ტყიბულის მუნიციპლაიტეტის მერიაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსია. მისი მეუღლე ქეთევან ჯანელიძე 2005 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა, თუმცა ვახტანგ გვენეტაძეს დეკლარაციაში ეს არ ჩაუწერია. 

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ოლეგი ქარქაშაძეს დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 6,102 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ქონების მფლობელი სწორედ ქარქაშაძეა. 

თერჯოლის საჯარო მოხელეები 

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, გურამ თურქაძის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სოფიო ბუსკივაძე მისი მეუღლეა. ბუსკივაძე ინდივიდუალური მეწარმეა, თუმცა ეს არც მას მიუთითებია დეკლარაციაში და არც მის მეუღლეს.

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, გოდერძი თურქაძე ინდივიდუალური მეწარმეა, თუმცა, ეს მის დეკლარაციაში არ აღუნიშნავს. 

ფრაქცია “ქართული ოცნება მრეწველების” თავმჯდომარეს, კონსტანტინე ამაშუკელს დეკლარაციაში არ ჩაუწერია რომ ინდივიდუალური მეწარმეა. 

ზესტაფონის საჯარო მოხელეები 

ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ერემია სალაძეს დეკლარაციაში არ შეუტანია  ზესტაფონის სოფელ ქვედა საქარაში მის სახელზე რეგისტრირებული 1 ჰა მიწის ნაკვეთი. 

ბაღდათის საჯარო მოხელეები

ბაღდათი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფირუზ ბურჯანაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ორ კომპანიაში წილების ნახევარსფლობს:  შპს “ჯორჯიან სედ კომპანისა” და შპს “ ჯორჯია სეთ კომპანი – 2”-ში.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ლერი გუმბერიძეს თავისი შვილის კომპანია დეკლარაციაში არ ჩაუწერია. აკაკი გუმბერიძე შპს “გუმბერიძის საკონსულტაციო კომპანიის” მფლობელია. 

ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის, ფრიდონ მაჩიტაძის დედა, ნუნუ მეფარიშვილი ინდივიდუალური მეწარმეა. მაჩიტაძეს დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერი აქვს ნათქვამი. 

ფრაქცია “ქართული ოცნება კონსერვატორების” თავმჯდომარეს, მამუკა გორგოძეს დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ მისი მამა, გრიმელი გიორგაძე ინდივიდუალური მეწარმეა. 

შენიშვნა: პირვანდელ ტექსტში ეწერა, რომ თერჯოლაში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს იმედა რობაქიძეს მისი ძმის, მინდია რობაქიძის უძრავი ქონება დეკლარაციაში სრულად არ აუსახავს. ჩვენს მიერ შემოწმებულ დეკლარაციაში იმედა რობაქიძეს ეწერა, რომ მისი ძმა ფლობდა 1500 კვ.მ. მიწას თერჯოლაში. როგორც აღმოჩნდა, მას მეტობით ჰქონდა შეტანილი მიწის ფართობი დეკლარაციაში და მინდია რობაქიძის სახელზე ქალაქ თერჯოლაში 1,101 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს გულისხმობდა, რომელიც ჩვენ გვეწერა სტატიაში. შესაბამისად, იმედა რობაქიძეს დეკლარაცია სრულად აქვს შევსებული. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“აქსისის” Სახლი, რომელიც იყიდე, მაგრამ არ გაქვს
aksisi

“აქსისის” Სახლი, რომელიც იყიდე, მაგრამ არ გაქვს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share