fbpx

რომელი იდეა მოსწონს ტყიბულის მერიას?

tkibuli 3

ტყიბულის მერია მეორე წელია იდეების კონკურსს აცხადებს და ორივე წელს გამარჯვებული მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებია. იდეაში, გამარჯვებული პროექტები ორიენტირებული უნდა იყოს ქალების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერაზე. ფაქტობრივად კი გამარჯვებული პროექტები ამ მიზანს პირდაპირ არ ემსახურებიან. 

2020 წელს კონკურსში ა(ა)იპ “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ” გაიმარჯვა. ღია საკონფერენციო სივრცის მოსაწყობად 34 ათას ლარამდე თანხაც გამოეყოთ. ხოლო მიმდინარე წელს გამარჯვებული იდეები ა(ა)იპ “კულტურის ობეიქტების გაერთიანებასა” და ა(ა)იპ “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანებას” ეკუთვნის.

იდეების კონკურსი ტყიბულში მუნიციპალიტეტის მერიისა და ევროკავშირის წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიზანი მოსახლეობის სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებაა. 

კონკურსის გამარჯვებულს სპეციალურად შექმნილი 9 ადამიანისგან შემდგარი კომისია ირჩევს. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ტყიბულის მერი, თემურ ჩუბინიძეა. 7 წევრი მერიის თანამშრომლები არიან, ერთი კი შპს “საქნახშირის” სტრატეგიული პროექტების განვითარების გაყოფილების უფროსია. 

იდეების კონკურსის პირველი წელი  

2020 წელს კონკურსში სულ ექვსი იდეა იყო წარმოდგენილი: 

  • “ღია საკონფერენციო სივრცე, ყველასთვის მისაწვდომი შეხვედრების ოთახი”
  • “სოციალურად მოწყვლადი მოქალაქეების თვითდასაქმებისათვის ხელშეწყობა” 
  • “მინი სამკერვალო სალონი”
  • Wedding Accessories Tkibuli 
  • მშვიდობის პარკის ახალი სიცოცხლე 
  • Art-კაფე

“ღია საკონფერენციო სივრცე, ყველასთვის მისაწვდომი შეხვედრების ოთახი” – ეს ის იდეაა რომელიც მერიის თანმშრომლებისგან შემდგარმა ჟიურიმ აირჩია.  პროექტის ავტორი ააიპ “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებაა”. 30-ადგილიანი საკონფერენციო სივრცე თეატრის შენობაში მოეწყო, რისთვისაც 32 ათას ლარამდე თანხა გამოიყო. აქედან 5 ათასი ლარი ადგილობრივმა ბიუჯეტმა, დანარჩენი კი ევროკავშირმა დააფინანსა. 

tkibuli 2 scaled
საკონფერენციო სივრცე

საკონფერენციო სივრცე სხვადასხვა ტრენინგებისა და შეხვედრებისთვის მოეწყო. ა(ა)იპ “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ხეთერელი გვეუბნება, რომ ამ დონის ოთახი ქალაქში არ ჰქონდათ. მანამდე მსგავსი შეხვედრების მოსაწყობად მერიის შენობაში არსებული ოთახით სარგებლობდნენ. 

ნათია ხეთერელს ვკითხეთ, აუცილებელი იყო თუ არა ამ სივრცის მოწყობა კონკურსის საშუალებით, მაშინ როდესაც ააიპი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც იღებს სუბსიდიას და საკუთარი შემოსავლებიც აქვს. გვითხრა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ტექნიკურ ხარჯებს ვერ აუდის. 

“ამ პროექტმა ნამდვილად სულზე მოგვისწროო, რომ იტყვიან. ყოველთვის არ არის იმის შესაძლებლობა, რომ შენ აკმაყოფილებდე მოთხოვნას, რასაც ითხოვს ევროკავშირი. ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ, რომ გაკეთებულიყო ის, რაც გაკეთდა დღეს,” – გვეუბნება ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 

რამდენად ეხმიანება უკვე განხორციელებული იდეა კონკურსის მიზნებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს ვკითხეთ. თემურ ჩუბინიძემ გვითხრა, რომ სამეწარმეო შესაძლებლობების განსავითარებლად თეორიული მომზადებაა საჭირო და ამისთვის ტრენინგებიც უნდა ჩატარდეს. 

“რა თქმა უნდა, მეწარმეობაზე მანდ ლაპარაკი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს პროექტები მოგებაზე არაა ორიენტირებული. იგივე ბიზნესია, როცა ტრენინგები ტარდება სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის”, – გვეუბნება თემურ ჩუბინიძე. 

საკონფერენციო სივრცე 2020 წელს მოეწყო. ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილემ გვითხრა, რომ პანდემიამ ხელი შეუშალა ხალხს ამ ოთახის გამოყენებაში, თუმცა ვიზიტორები რამდენჯერმე ჰყავდათ. ამ ოთახით მოსახლეობას ჯერ არ უსარგებლია. 

იდეების კონკურსის მეორე წელი

იდეების კონკურსი ტყიბულში წელსაც ჩატარდა. ამჯერად, ოთხი იდეა იყო წარმოდგენილი: 

  • „ახალი სიცოცხლე ძველ ტყიბულს“ 
  • „ტყიბულში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვა” 
  • „ძველი ტყიბულის ახალი სიცოცხლე“ 
  • „მცირე სკვერის განახლება ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ“

კონკურსს ორი გამარჯვებული ჰყავს. ერთ-ერთი იდეა ისევ  ა(ა)იპ “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებას” ეკუთვნის. ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ არსებული სკვერის განსაახლებლად 20 ათასი ლარია გამოყოფილი. ნათია ხეთერელმა გვითხრა, რომ ამ პროექტის განხორციელება პანდემიამ განაპირობა. 

tkibuli 1
ტყიბულის მერიის პოსტი ფეისბუქის გვერდზე

“გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ღია სივრცე, სამკითხველო დარბაზის სტილში, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ მოვიდეს მკითხველი, დაჯდეს სკვერში და დაისვენოს. თან, პარალელურად, წაიკითხოს,” – გვეუბნება ხეთერელი. 

მეორე გამარჯვებული იდეა ა(ა)იპ “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას” ეკუთვნის. ეს ორგანიზაციაც მერიის დაქვემდებარებაშია და სუბსიდიის სახით 2020 წელს 927,000  ლარი აიღო, გარდა ამისა, 53 ათასი ლარი საკუთარი შემოსავალი ჰქონდა. 

“ძველი ტყიბულის ახალი სიცოცხლე” – ასეთია “კომუნალური გაერთიანების” მიერ წარმოდგენილი იდეა კონკურსზე. რას მოიცავს და რა იგეგმება ამ პროექტის ფარგლებში, ამაზე სასაუბროდ ჩვენ თავად ორგანიზაციის  შესყიდვების კოორდინატორს დავუკავშირდით. 

ირაკლი ფირცხალავა გვიყვება, რომ ეს იდეა “9 აპრილის” სკვერის რეაბილიტაციას გულისხმობს და ამისთვის 80 ათასი ლარია გამოყოფილი. მისი აზრით, ეს თანხა ხარჯებს სრულად ვერ გაწვდება და ისინი ფინანსურ თანამონაწილეობას მიიღებენ.  

როგორც უკვე გითხარით, კონკურსის მიზანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაა. ირაკლი ფირცხალავას ვკითხეთ, რამდენად ამართლებს ამ მიზანს მათი იდეა. ამბობს, რომ ამ სკვერის მოწყობით სტიმულს მისცემს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამეწარმეო ობიექტებს. 

“სამეწარმეო საქმიანობას რაც შეეხება, მარკეტს სტიმულს მივცემთ, იმისთვის რომ თავისი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მოახდინოს. მიმდებარე ტერიტორიაზე საქნახშირის კერძო ობიექტი გახლავთ, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, არანაირი ინფრასტრუქტურა შიგნით არ არსებობს და ამასაც სტიმულს მისცემს, რომ საქნახშირმა შემდგომში შეძლოს ამ შენობის რეაბილიტაცია”. 

პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  28 ათას ლარზე მეტი გამოიყო. გამარჯვებულებმა წარმოდგენილი იდეები 6 თვეში უნდა დაასრულონ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია კი მსგავსი კონკურსის გამოცხადებას, იმავე მიზნებითა და ამოცანებით მომავალ წელსაც გეგმავს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“სახურავი ცოცავს და ხტის” – ნახევარი მილიონის პროექტები ტყიბულში
sakhuravi tkibuli

“სახურავი ცოცავს და ხტის” – ნახევარი მილიონის პროექტები ტყიბულში

ტყიბულში კორპუსების სახურავების შეკეთებაზე 2019-2020 წლებში 550 ათას ლარამდე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share