fbpx

სოფელ ზოდის ჩუმი პროტესტი

Zodi cover

“დენი თუ არ იქნება, წყალი თუ არ იქნება… სოფელი დაცარიელდა. ახლა მე ვარ აქ მარტო, ჩემი შვილები წავიდნენ. ამ სახლში არავინ ცხოვრობს, იმ სახლში არავინ ცხოვრობს, აქაც მხოლოდ ცოლ-ქმარი ცხოვრობს. აი, იმ სახლში, იქეთ არავინ ცხოვრობს,’’ – მიგვითითებს ცარიელ სახლებზე ზოდში ჩასულებს ერთ-ერთი იქ მცხოვრები, რომელსაც არ უნდა მისი სახელის საჯაროდ ხსენება, მარტო ვარ და შური არავინ იძიოსო, ეშინია.  

ზოდი სოფელია ჭიათურის მუნიციპალიტეტში. აქ 600 ოჯახი შემორჩა. წლებთან ერთად სულ უფრო მეტი სახლი ცარიელდება. 

ზოდელებს ორი ძირითადი საწუხარი აქვთ: ბუნებრივი აირისა და წყლის უქონლობა. ამ ფონზე კი, სოფელში მერის ახლადდანიშნული წარმომადგენელი, ბესიკ ჭიღლაძე თვლის, რომ ადგილობრივებს მნიშვნელოვანი პრობლემები არ აქვთ.

ბუნებრივი აირის პრობლემა

‘’გაზი გაისად იქნებაო, ასე თქვეს, მაგრამ სამი წელია ასე იძახიან და ჯერ არაფერია. ველოდებით გაისადაც. ბევრ სოფელში შეიყვანეს, მაგრამ ბევრიც ისეა დარჩენილი. აქ ყველა ბალონებზეა დამოკიდებული,’’ – გვიყვება ანა სხირტლაძე.

მერის წარმომადგენელი ბესიკ ჭიღლაძე გვეუბნება, რომ ზოდის გაზიფიცირება 2021 წელს დაიწყება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი, გიორგი კაპანაძე კი ამბობს, რომ სოფელში გაზის შეყვანა 2023 წლამდე არაა დაგეგმილი.

რომელი სოფელი რომელ წელს გაზიფიცირდება, ამას საქართველოს მთავრობა შესაბამისი განკარგულებით წყვეტს. გაზიფიცირებისთვის აუცილებელ თანხებსაც ცენტრალური ბიუჯეტი იხდის. გაზიფიცირების დაწყებამდე ადგილზე ტარდება რამდენიმე კვლევა, ამის შემდეგ წყდება, სად და როდის შევა ბუნებრივი აირი.

ბუნებრივი აირის სოფელში შეყვანის თარიღის შესახებ არაფერი იცის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა გოცაძემაც.

‘’ვერ გეტყვით ზუსტად, აქვთ ჩამონათვალი [გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში]. წელს კეთდება სოფელ უსახელოში, სოფელ კაცხში, ამას რომ დაასრულებენ, იმის შემდეგ ჩვენ მოგვაწოდებენ პროექტს შესათანხმებლად, რომელ წელს გაკეთდება და გავაფორმებთ შეთანხმებას. ჯერჯერობით, ზოდზე არაფერი არ უთქვამთ ოფიციალურად, არც მოუწერიათ, არც შეთანხმება გვქონია. როგორი კომუნიკაციაც თქვენ გაქვთ მათთან [გაზის ტრანსპორტირების კომპანია] ისეთი გვაქვს ჩვენ, გააკეთებენ პროექტს და მერე ვხვდებით ერთმანეთს,’’– ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში.

მოსახლეობა ზამთარში გასათბობად შეშას იყენებს. წელს ზამთრის მარაგში 700 ლარი გადაიხადეს. ზამთრის მარაგი ჰქვია, მაგრამ თუ საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ, მთელი ზამთარი არც ჰყოფნით.

წყლის პრობლემა

ნატალი სხირტლაძე 40 წლისაა, მცირეწლოვანი შვილებით. მისთვის ამ პირობებში საოჯახო საქმის კეთება ორმაგად რთულია.

‘’გაზი საერთოდ არ არის. წყალი გრაფიკით გვაქვს მაგრამ მოდის დილის 8 საათზე და მიდის ათზე. ხანდახან საერთოდ არ მოდის ამ საათებში. ან თუ მოდის , სარეცხ მანქანას ვერ ვრთავ, რადგან წყალს წნევა არ აქვს. ხან ისე მოდის, რომ ჭურჭლის დარეცხვასაც ვერ ვახერხებთ.მილებია დახეთქილი, საშინელი სიბინძურეა. ზაფხულში ხომ საერთოდ უწყლოდ ვართ. მუდმივად თუ არა, გრაფიკით მაინც უნდა იყოს ისე, რომ მოვიხმაროთ. ზოგს ჭა აქვს ეზოში, წყაროებია სოფელში და ვეზიდებით ასე. უბრალოდ, ყველა ყველას იცნობს, ვიღაცას ვიღაცის ერიდება და ან რაღაცის შიში აქვს და ასე ვართ, ჩუმად ყველა საუბრობს ამაზე, მაგრამ ხმამაღლა არავინ.გაზზე ჯერ არავინ არაფერს ამბობს.’’

zodi 1

წყალმომარაგების მთავარი პრობლემა ძველი და დაზიანებული მილებია. ‘’წყალი ბევრია, მაგრამ გზადაგზა რომ მოდის, იქ იქცევა, აქ იქცევა. დახეთქილია მილები.’’- ამბობენ სოფლის მაღაზიაში საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ შეკრებილი ზოდელები.

წყალი სჭირდება არა მხოლოდ ხალხს, არამედ ადგილობრივ ამბულატორიასაც, რომელიც 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარემონტდა. გამოყოფილი 20 ათასი ლარიდან გარკვეული თანხა შენობის შეკეთებისათვის  დაიხარჯა, თუმცა სოფელში არსებული ძველი მილების გამო, წყალი იქამდე საერთოდ ვერ მიდის. 

წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად 2020 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შპს ‘’ჭიათურის წყალი’’ დააარსა. იმისთვის რომ ამ ორგანიზაციამ ეფექტიანად იმუშაოს და მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა გადაჭრას, ჯერ ის რეზერვუარები და ქსელები უნდა გადმოიბაროს, რომლებსაც “ჯორჯიან მანგანეზი” ფლობს. ახლა ზოდის რეზერვუარიც “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაა.

‘’სოფელ ზოდში ‘’ჯორჯიან მანგანეზი’’ ოპერირებს ამ ეტაპზე,’’– ადასტურებს შპს ‘’ჭიათურის წყლის’’ ხელმძღვანელი რიონ კუსიანი. ‘’ნაწილობრივ ვიცით სოფლის პრობლემის შესახებ. დავიწყეთ ერთობლივად მაგაზე მუშაობა,შიდა ქსელი რაც არის. ცენტრალურ მაგისტრალზე ‘ჯორჯიან მანგანეზია’’, ერთობლივად გავაკეთებთ, არის დღის წესრიგში, თუმცა, როდის, ზუსტად ვერ გეტყვით.’’

‘’ჯორჯიან მანგანეზსა’’ და შპს ‘’ჭიათურის წყალს’’ შორის არსებულ მოლაპარაკებებსა და სამომავლო გეგმებში უკეთ გასარკვევად ამ ორ ორგანიზაციას შორის არსებული მიმოწერა ჭიათურის მერიისაგან გამოვითხოვეთ. აღმოჩნდა რომ , ყველა მოლაპარაკება სიტყვიერად მიმდინარეობს და მათი საუბრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წერილობით არ არსებობს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, მერის წარმომადგენელი, ბესიკ ჭიღლაძე გვეუბნება: ‘’პრობლემები ყველას აქვს, ყველა სოფელშია პრობლემა. ზოდში, ახლა ისეთი არ არის არაფერი. გაზის შემოყვანა – მეტი არაფერი გვაქვს სხვა.’’

მერის წარმომადგენელს ზოდში წასვლამდე დავუკავშირდი და ვთხოვე, ჩემთან ერთად მოსახლეობას შეხვედროდა. ის დამპირდა, რომ თუ სხვა საქმე არ გამოუჩნდებოდა, წამოვიდოდა. მეორე დღეს, დილით, ჭიღლაძემ მითხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ზუმით ჩართვას მოახერხებდა. მერის წარმომადგენელს ჭიათურაში შესვლისთანავე დავურეკეთ. მან ტელეფონი საერთოდ გამორთო.

ჭიათურის 2021 წლის ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, ზოდელებს უგაზობა და უწყლობა კვლავ შეაწუხებთ. წელს ზოდში მხოლოდ გზების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 50,997 ლარით ქვედა და ზედა ზოდის შემაერთებელ გზას შეაკეთებენ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Ნამახვანი – რას გვაკარგვინებს და რას გვაძლევს?
Screenshot 2021 02 07 at 12.04.55

Ნამახვანი – რას გვაკარგვინებს და რას გვაძლევს?

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ ძლივს მოგვცა ნამახვანის

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share