fbpx
akeliki

“აკელიკის” $55-მილიონიანი პროექტი და მოტყუებული მუშახელი

ფოტო ეკუთვნის რადიო “მარნეულს”

სამი წლის წინ აზერბაიჯანულმა კომპანიამ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო. მთავრობამ Akelik Group-ს მარნეულის წყალმომარაგებისა და ბოლნისის წყალარინების ქსელების მოსაწყობად სამი წელი და 55.9 მილიონი დოლარი მისცა. 

ქვემო ქართლში კომპანიას სამუშაოები მარტის ბოლოს უნდა დაესრულებინა. დღეს არც მარნეულს აქვს წყალი მუდმივად და არც ბოლნისს შემატებია წყალარინების მოწესრიგებული სისტემა. ამ პროექტით ვერ იხეირეს იმ მუშებმა, რომლებიც კომპანიას ჰყავდა დასაქმებული. თვეებია ამ ადამიანებს ხელფასი არ აუღიათ.

კომპანია აზერბაიჯანსა და ყირგიზეთშიც საქმიანობს იმავე პრაქტიკით, როგორც საქართველოში. მსოფლიო ბანკმა “აკელიკს” დოკუმენტების გაყალბების გამო სანქციებიც დაუწესა. 

2021 წლის 26 მარტს დასაქმებულები მარნეულის მერიასთან მეოთხედ შეიკრიბნენ და სამი თვის (დეკემბერი-თებერვალი) ხელფასის გადახდა მოითხოვეს. მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა. “რადიო მარნეულის” პირდაპირ ჩართვაში აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანება მნიშვნელოვანი პრობლემაა. 

ადილხან ჯალილოვი მარნეულის მკვიდრია და “აკელიკში” მძღოლად მუშაობს. “ნოემბერში აქცია გავმართეთ და იმ თვის ხელფასი ჩაგვირიცხეს. დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ისევ არ ჩაურიცხავთ. ამის გამო მარტში თანამშრომლების 80% არ გავიდა სამსახურში. ჩვენ დამატებითი შემოსავალი არ გვაქვს, ერთადერთი ამ სამსახურის იმედი გვაქვს და ესეც ასე გვექცევა. ავადმყოფი გვყავს, წამლები გვაქვს საყიდელი. გადასახადები გვაქვს, ყველაფერი დასაფარია,” – გვიყვება ჯალილოვი.  

ქამრან ქერიმოვი “აკელიკში” სანტექნიკად მუშაობს და ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია თითქმის ყოველთვის აგვიანებს ხელფასებს.

“ყოველთვე აქციებითაც დავიღალეთ. ახლა საერთოდ არ გვაძლევენ ხელფასს. ყოველ კვირას გვპირდებიან, ჩაგირიცხავთო. 300-მდე ადამიანი ვართ ამ დღეში. პროექტის ფარგლებში სამუშაოების 70-80 პროცენტი შესრულებულია, თანამშრომლებს ხელფასებს არ აძლევენ, ვინ უნდა დაასრულოს დანარჩენი სამუშაოები? არ გვაქვს სხვა შემოსავალი, პანდემიაა,” – გვეუბნება ქამრან ქერიმოვი.

29 მარტს ადგილობრივები ხელფასის მოთხოვნით “აკელიკის” ოფისთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. აქ ისინი კომპანიის ხელმძღვანელობას და დეპუტატ ზაურ დარგალს შეხვდნენ. თანამშრომლებს დაჰპირდნენ, რომ ხელფასებს 13 აპრილამდე ჩაურიცხავდნენ. დაპირება კვლავ შეუსრულებელია. 

გარდა თანამშრომლების ხელფასებისა, “აკელიკს” ადგილობრივი კომპანიის ვალიც აქვს. არზუ ქაზიმოვი შპს “არმუ გრუპის” მფლობელია და ამბობს, რომ “აკელიკისგან” გაყიდული მასალის თანხას თვეებია ვერ იღებს. 

“აკელიკს” სამშენებელო მასალები მივყიდე. 23 ათას ლარზე მეტი ვალი აქვთ ჩემი. დაგვტანჯა ამ აზერბაიჯანულმა კომპანიებმა. ჰგონიათ, რომ საქართველოშიც ყველაფერი ქრთამით გვარდება, როგორც აზერბაიჯანში. 6-7 თვეა მე ამ კომპანიისგან საქონლის საფასურს ვერ ვიღებ,” – გვიხსნის არზუ კაზიმოვი. 

“აკელიკს” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აზიის განვითარების ბანკიდან სესხად აღებული თანხა წყლის სისტემების მოსაწყობად მისცა. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია მუშებისთვის დაგვიანებული ხელფასების შესახებ. კომპანიისგან მიღებულ წერილში გვიდასტურებენ, რომ სამუშაოების შეფერხების მიზეზი არაერთხელ გამხდარა ხელფასების გადაუხდელობით გამოწვეული პროტესტი, რომლის გამოც საზედამხედველო კომპანიამ რამდენჯერმე გამაფრთხილებელი წერილიც გაუგზავნა. 

“აკელიკის” თანამშრომლები ამბობენ, რომ უკვე ერთი თვეა გაფიცულები არიან. 

19 აპრილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია სააქციო საზოგადოება „აკელიკ გრუპის” ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მოსთხოვეს დასაქმებულებისთვის შრომის ანაზღაურების გადახდა და სამუშაოების დასრულების ვადების შესახებ კონკრეტული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა

სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ „აკელიკ გრუპის“ მენეჯმენტმა პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში დაფარავენ სახელფასო დავალიანებებს, კვირის ბოლომდე კი წარმოადგენენ 12-თვიან გეგმა-გრაფიკს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროექტის ბოლომდე მიყვანის ვადები და პირობები. 

რას საქმიანობს “აკელიკი” ქვემო ქართლში?

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება, ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების (კანალიზაციის) სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35,200-მდე მაცხოვრებელს ხარისხიანი და სტაბილური წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ “აი, ფაქტისთვის” გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიას შესრულებული აქვს შემდეგი სამუშაოები:

  • სოფელ ჯანდარის რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოების 85 პროცენტი; 
  • ქალაქ მარნეულის რეზერვუარის 45 პროცენტი; 
  • კოლაგირის სატუმბო სადგურის 82 პროცენტი; 
  • წყლის გამანაწილებელი ქსელის 54 პროცენტი;
  • წყალარინების ქსელის 40 პროცენტი.  

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში თვლიან, რომ პროექტი covid-19-ით გამოწვეული პრობლემებისა და პროექტის კორექტირების გამო შეფერხდა და ახლა ვადის გახანგრძლივებაზე მსჯელობენ. 

“აკელიკის” წარსული 

ღია სააქციო საზოგადოება Alke Insaat Sanaye ve Ticaret საქართველოში 2016 წელს დაარსდა. 2019 წლის იანვარში კი შპს “აკელიკ გრუპ გეორგია” დარეგისტრირდა. შპს-ს დირექტორი და მფლობელი ღია სააქციო საზოგადოება “აკელიკ გრუპის” იურისტი ტოგო უჩაიძეა. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდიდან ირკვევა, უჩაიძე 2002-2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.  

აზერბაიჯანში კომპანიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქმე არის აღძრული. ეს მუხლი გადასახადების გადაუხდელობას გულისხმობს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს მონაცემებით, კომპანიას 5 მილიონ მანათზე მეტი საგადასახადო ვალი აქვს. 

როგორც აზერბაიჯანული მედიიდან ირკვევა, “აკელიკი” აზერბაიჯანშიც მსგავსი პრაქტიკით მუშაობს. 2019 წელს აზერბაიჯანულ მედიაში სარგული მუსაევას ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ის ამბობს, რომ კომპანიამ 2 წლის განმავლობაში მისი ოჯახის 4 წევრი შრომის ხელშეკრულების გარეშე ამუშავა, რის გამოც აზერბაიჯანის შრომის სახელმწიფო ინსპექციამ კომპანია დააჯარიმა. სარგულ მუსაევა ასევე ავრცელებდა ხმის ჩანაწერს, რომელშიც კომპანიის თანამშრომელი მისი მეუღლის ხელფასიდან 1000 მანათს აძლევს და მას წერილს აწერინებს შრომის ინსპექციის სახელზე, რომ კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი გააუქმონ.  

როგორც აზერბაიჯანული მედიიდან ირკვევა, ”აკელიკი” აზერბაიჯანის წყალმომარაგების კომპანიის, “აზერსუს” მთავარი პარტნიორია და ხშირად იგებს მის ტენდერებს. 

თურქეთის მოქალაქე, რამაზან ბიჩერი 2013-2018 წლებში აზერბაიჯანში “აკელიკის” ტოპოგრაფი იყო. მან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამბობს, რომ “აკელიკმა” აზერბაიჯანში სვადასხვა პროექტის განხორციელებისას დიდი ოდენობით თანხები მიითვისა. 

აზერბაიჯანული მედია წერს იმაზეც, რომ “აკელიკი” თანამშრომლებს ხელფასებს საკუთარ ქვეყანაშიც არ აძლევს. აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები “აკელიკის” იმ თანამშრომლებზე, რომლებიც კომპანიას ხელფასების გამო სასამართლოში უჩიოდნენ. კომპანიის დირექტორი, სულეიმან ბაბაევი მათ პირადად წერდა და მუქარით მათ გაჩუმებას ცდილობდა. 

2018 წლის აპრილში იმრან გურბანოვმა “აკელიკის” ოფისის წინ თავის დაწვა სცადა. როგორც რამაზან ბიჩერი ვიდეოჩანაწერში ამბობს, გურბანოვი კომპანიის თანამშრომელი იყო და ხელფასის გადახდას ითხოვდა. კომპანიის დირექტორმა კი მას უთხრა, წადი, სადაც გინდა იქ მიჩივლე, თუ გინდა თავი მოიკალი, ხელფასს მაინც ვერ მოგცემთო. 

კომპანია “აკელიკს” ყირგიზეთშიც მსგავსი თავგადასავალი აქვს. 2017-2020 წლებში ბატკენის რეგიონში 33 კმ სიგრძის გზას აშენებდა. “რადიო თავისუფლების” ყირგიზეთის ბიურომ 2018 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 40-მდე მუშა ხელფასების გამო გაიფიცა. 

2019 წლის მარტში “მსოფლიო ბანკმა” საბუთების გაყალბების გამო Akelik Group-ს სანქციები დაუწესა. “მსოფლიო ბანკის” სანქციების საბჭოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2016 წელს Akelik Group  უკრაინაში გზის მშენებლობის პროექტში ქვეკონტრაქტორი იყო და 48 სატრანსპორტო საშუალების ყალბი რეგისტრაციის მოწმობა შეადგინა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ცრუ სპორტული საიტები – ნაწილი II
videosports.ge

ცრუ სპორტული საიტები – ნაწილი II

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share