ჰომოფობიური, ქსენოფობიური, დისკრიმინაციული და ძალადობროვი მოწოდებებით გამორჩეულ, პრორუსულ პლატფორმა “ალტ-ინფოს” თავისი ვებგვერდი altinfo.net რუსულ სერვერზე აქვს განთავსებული და ჰოსტინგადაც რუსულ კომპანიას იყენებს.
Reg.ru არის კომპანია, რომელიც “ალტ-ინფოს” საიტზე ფაილების განსათავსებელ და შესანახ მომსახურებას, ანუ “ჰოსტინგს” უწევს.
“აი, ფაქტმა” ამის მტკიცებულება მოიპოვა whois პლატფორმიდან, რომელიც აგროვებს და ინახავს ინფორმაციას ყველა ვებგვერდის შესახებ. Მაგალითად, Whois-ზე მოიპოვება ინფორმაცია საიტის დამრეგისტრირებელზე, IP მისამართზე, საიდანაც ეს საიტი დარეგისტრირდა და საიტის ცვლილებების ისტორიაზეც. Მის ფასიან და უფასო ვერსიებში ნახავთ სრულ ინფორმაციას ნებისმიერ ქსელში არსებულ მოქმედ თუ უკვე გაუქმებულ ვებგვერდებზე.
ახალი საიტის რეგისტრაციისას მითითებული მონაცემების მიხედვით, საიტის ადმინის, დამრეგისტრირებლის და ტექნიკური პერსონის მისამართია მოსკოვი, რუსეთი.
Რუსულ Reg.ru-მდე “ალტ-ინფოს” ამერიკული სერვერი IPage.com ემსახურებოდა. ამ კომპანიასთან 2017 წლის 11 ივნისიდან 2021 წლის 11 ივლისამდე თანამშრომლობდნენ. Whois-ის მაშინდელი მონაცემებით, საიტის დამრეგისტრირებელი, ადმინი და ტექნიკური პერსონა ირაკლი ყიზილაშილი იყო. Რეგისტრაციის ქალაქად ბორჯომი, ქვეყანად კი საქართველო და ამერიკა იყო მითითებული.
2021 წლის 11 ივლისს პრორუსული “ალტ-ინფოს” ვებგვერდი გაითიშა. ამერიკულმა IPage.com-მა გვერდს ჰოსტინგ მომსახურება ფეისბუქ მომხმარებლის, როი შენგელიას მიმართვის შემდეგ შეუწყვიტა. როი შენგელია სოციალურ ქსელში წერდა, რომ ორგანიზაციამ ვებგვერდის მუშაობა მისი მიმართვიდან ნახევარ საათში შეაჩერა.
“ალტ-ინფოს” საიტმა მუშაობა იმ დღესვე შეწყვიტა და ძველი სახელითა და დომეინით აღარ აღდგენილა. იმავე დღეს კიდევ ერთხელ წაიშალა მათი ფეისბუქ გვერდიც. თუმცა, 13 ივლისს, ახალი საიტი უკვე რუსულ სერვერზე დაარეგისტრირეს.
9 სექტემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ალტ-ინფოს” მთელ საქართველოში მაუწყებლობის უფლება მისცა.
“ალტ-ინფო” და “ალტერნატივა საქართველოსთვის” 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ. Მათი ლიდერი ზურაბ მახარაძე ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდა. Მიუხედავად საზოგადოების მოთხოვნისა და სახალხო დამცველის მოწოდებისა, ორგანიზაციის ლიდერები დაკავებულები არ არიან.