fbpx
arashenda

მეგრული “არაშენდა”

წალენჯიხის სოფელ მიქავაში საბავშვო ბაღი მეოთხე წელია ვერ აშენდა. “თბილისში რომ არის “არაშენდა” კორპუსი, ისეთია ესეც.  “არაშენდა” დავარქვი ამას,” – ხუმრობით გვითხრა სოფლის მკვიდრმა, გურგენ ჯოლოხავამ.

მიქავასა და ჯგალში ადგილობრივმა მთავრობამ ბაღების აშენება ოთხი წლის წინ განიზრახა. მას შემდეგ ოთხი ტენდერიც გამოცხადდა ამ საქმის დასასრულებლად. ჯგალში ბაღი უკვე აქვთ, მიქავაში კი მშენებლობა ისევ მიდის. უკვე დაიხარჯა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და მიქავას ბაღზე კიდევ დაიხარჯება 200 ათასი. 

წესით, მიქავას ბაღის მშენებლობა აპრილში უნდა დასრულდეს. თუმცა, მოსახლეობას ამის იმედი აღარ აქვს. “ძალიან კარგად დაიწყეს, მერე ჩავარდა, გაქვავებულია,” გვეუბნება ადგილობრივი ლუიზა შონავა. 

2016 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ ბაღების მშენებლობაზე გამოცხადებულ პირველი ტენდერში შპს “თელამ” გაიმარჯვა. სამუშაოების დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ მერიამ შპს “თელასთან” ხელშეკრულება შეწყვიტა, რადგან კომპანია სამუშაოების ჩაბარებას აგვიანებდა.

შპს “თელას” დირექტორმა, შოთა გიორგაძემ გვითხრა, რომ მშენებლობის დასრულება ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლეს. პირობის დარღვევის გამო მუნიციპალიტეტმა კომპანიას 80,728 ლარიანი ჯარიმაც დააკისრა. “ჯარიმა კი გადავიხადეთ, ზუსტად არ მახსოვს,”- ასე გვიპასუხა კომპანიის დირექტორმა.  მუნიციპალიტეტმა კი წერილობით გვიპასუხა, რომ ჯარიმა შესრულებულ სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავეს. 

მუნიციპალიტეტმა “თელასთან” კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში შეტანა თხოვა. თუმცა, სააგენტომ მერიის მიმართვას დადებითად არ უპასუხა. 

წალენჯიხის მერიამ ბაღების დასასრულებლად ახალი ტენდერი 7 თვის შემდეგ,  2018 წლის თებერვალში გამოაცხადა. ამჯერად ტენდერში შპს “ენკიმ” გაიმარჯვა.  მშენებლობის დასასრულების ვადად 2019 წლის ოქტომბერი დასახელდა. მაგრამ 19 ოქტომბრისთვის კომპანიას სამუშაოების ნახევარი ჰქონდა შესრულებული. ამაში 312 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ოქტომბრის ბოლოს მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და პირგასამტეხლოს სახით 7,354 ლარი დააკისრა.

ამ საკითხზე შპს “ენკის” დირექტორს ვესაუბრეთ. რევაზ ნაჭყებიამ გვითხრა, რომ დროში ვერ ჩაეტია: “ხის მასალა ვერ ვიშოვეთ თავის დროზე. ჯგალში არჩევნები ჩატარდა და იმანაც შეგვეშალა ხელი. საარჩევნო უბანი იყო ორ ოთახში. მე დავწერე, რომ არ მეყოფა დრო და ვთხოვე ვადის დამატება. არ დამიმატეს და შემიწყვიტეს ხელშეკრულება.” 

კომპანიამ  მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და დავა დღემდე გრძელდება.  

მერიამ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო ამ კომპანიის შავ სიაში შეტანაც მოითხოვა, რაც შესყიდვების სააგნტომ არ დაუკმაყოფილა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება მერიას აღარ გაუსაჩივრებია. 

ჯგალი და  მიქავა ზუგდიდან 30 კილომეტრში მდეობარეობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერისას მიქავაში 393 ადამიანი ცხოვრობდა, ჯგალში კი – 1,022. 2002 წლის შემდეგ ორივე სოფელში მოსახლეობა მცირდება.

მიქავაში მშენებარე ბაღი 70 ბავშვზეა გათვლილი, თუმცა მუნიციპალიტეტის მიერ ჩვენთან გამოგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ ამ სოფელში სულ 19 ბავშვია რეგისტრირებული.  “რაც კეთდება კარგია, მაგრამ იმხელა არის, თიქმის სკოლაა. არც იყო იმდენად [საჭირო]. რა ვიცი, თუ იმდენად მდიდრები ვართ, იყოს. შეეძლოთ ნახევარი გაეკეთებინათ,”- გვითხრა ადგილობრივმა სოსლან კვარაცხელიამ. 

ამაზე პასუხად წალენჯიხის მერის მოადგილემ, ცოტნე შონიამ გვითხრა, რომ, შესაძლოა, მომავალში სოფლის მოსახლეობა გაიზარდოს და ბაღი ისეთი რამაა, ერთ და ორ წელში ახალი ვეღარ აშენდება. 

ვიდრე მიქავაში მშენებლობა დასრულდება, ბავშვები სახელდახელოდ მოწყობილ ბაღში დადიან. ბაღის გამგე, ნინო ალანიძე ამბობს, რომ მერია ამ ნაქირავებ სახლში თვიურად 300 ლარს იხდის. 

კერძო სახლში ბაღისთვის სამი ოთახია გამოყოფილი, სადაც 2-დან 6 წლამდე ასაკის 19 ბავშვი ერთ ჯგუფშია. საცხოვრებელი პირობებით ეს ბაღი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის: 19 ბავშვი ერთ საწოლს იზიარებს; სახლს სველი წერტილები გარეთ აქვს; გათბობა ამ სამი ოთახიდან მხოლოდ ერთშია და ისიც შეშის ღუმელი. მერის მოადგილემ, ცოტნე შონიამ გვითხრა, რომ ამ მდგომარეობის შესახებ იციან და არსებული პირობები თავადაც არ მოსწონთ. 

სტატია მომზადებულია აიდან იუსიფის, მარიამ ავალიშვილისა და ნესტან ზოიძის მიერ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჩოხატაურში “დასანგრევად განწირული” შენობის რემონტისთვის 280 ათასი დაიხარჯა
chokhatauri 1

ჩოხატაურში “დასანგრევად განწირული” შენობის რემონტისთვის 280 ათასი დაიხარჯა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share